წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 77

მაგალითი მდიდარ კაცზე

მაგალითი მდიდარ კაცზე

ლუკა 12:1—34

  • იესოს მაგალითი მოჰყავს მდიდარ კაცზე

  • იესოს ყორნების და შროშანების მაგალითი მოჰყავს

  • სამეფოს „მცირე სამწყსო“ დაიმკვიდრებს

როცა იესო ერთი ფარისევლის სახლში სადილობს, გარეთ მის სანახავად მოსული ათასობით ადამიანი იყრის თავს. მსგავსი რამ გალილეაში მსახურების დროსაც ხდებოდა (მარკოზი 1:33; 2:2; 3:9). აქ, იუდეაში ბევრს სურს მისი ნახვა და მოსმენა. მათ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და არ ჰგვანან იმ ფარისევლებს, რომლებმაც იესოსთან ერთად ისადილეს.

ფარისევლის სახლიდან გამოსვლის შემდეგ იესო ისეთ რამეს ამბობს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი მოწაფეებისთვის: „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს — თვალთმაქცობას“. იესომ ეს რჩევა მანამდეც მისცა მოწაფეებს, მაგრამ ახლა ფარისეველთან სტუმრობის დროს დარწმუნდა, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს მართლაც დროული რჩევაა (ლუკა 12:1; მარკოზი 8:15). ფარისევლები შეიძლება ცდილობენ, ღვთისმოსაობის საბურველში გახვიონ საკუთარი ბოროტება, მაგრამ მათ მანკიერებას აუცილებლად უნდა აეხადოს ფარდა, რადგან ხალხს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. იესო უხსნის მსმენელს: „არაფერია საგულდაგულოდ დამალული, რაც არ გამოაშკარავდება, და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება“ (ლუკა 12:2).

როგორც ჩანს, იესოს გარშემო თავმოყრილი ხალხის უმეტესობა იუდეიდანაა, რომელთაც არ მოუსმენიათ გალილეაში მისი ქადაგებისთვის. ამიტომ ის იმეორებს იმ მნიშვნელოვან აზრებს, რომლებსაც ადრე უკვე გაუსვა ხაზი. იგი მოუწოდებს ყველა იქ მყოფს: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს და მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია“ (ლუკა 12:4). როგორც ადრე, ისე ახლაც იესო აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია, მის მიმდევრებს იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეეპაროთ იმაში, რომ ღმერთი იზრუნებს მათზე. აგრეთვე მათ უნდა მიიღონ „კაცის ძე“ და გააცნობიერონ, რომ ღმერთს მათთვის დახმარების აღმოჩენის ძალა შესწევს (მათე 10:19, 20, 26—33; 12:31, 32).

ამის შემდეგ შეკრებილთა შორის ერთი კაცი თავის საწუხარს გამოთქვამს და იესოს სთხოვს: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“ (ლუკა 12:13). კანონის თანახმად, მემკვიდრეობის ორმაგ წილს პირმშო იღებდა; ამიტომ სადავო აქ არაფერია (კანონი 21:17). თუმცა, როგორც ჩანს, ამ კაცს იმაზე მეტის მიღება სურს, ვიდრე კანონით ეკუთვნის. იესო გონივრულად იქცევა და არც ერთის მხარეს არ იკავებს. ის ეკითხება კაცს: „ადამიანო, ვინ დამნიშნა თქვენს მოსამართლედ ანდა გამნაწილებლად?“ (ლუკა 12:14).

იესო შემდეგ ასეთ გაფრთხილებას აძლევს მსმენელს: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). რამხელა ქონებასაც არ უნდა ფლობდეს კაცი, ერთ დღეს მაინც დაუდგება სიკვდილის დღე და ყველაფერი ოხრად დარჩება. შემდეგ იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ადამიანს ღვთის თვალში კარგი სახელი ჰქონდეს, იესოს ისეთი მაგალითი მოჰყავს, რაც ძნელად თუ დაავიწყდება ვინმეს:

«ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. თავისთვის ფიქრობდა: „რა ვქნა, ადგილი არა მაქვს მოსავლის დასაბინავებლად?“ თქვა: „აი, რას ვიზამ, ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. შემდეგ ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“. მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“ ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი» (ლუკა 12:16—21).

თავისუფლად შეიძლებოდა როგორც იესოს მოწაფეები, ისე სხვები სიმდიდრისა და ქონების დაგროვების მახეში გაბმულიყვნენ, ან ცხოვრებისეულ საზრუნავს ისე შთაენთქა, რომ ღვთის მსახურება უმნიშვნელო გამხდარიყო მათთვის. ამიტომ იესო უმეორებს იმ რჩევას, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა:

„ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ . . . დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ. თქვენ კი რამდენად უფრო ძვირფასები ხართ ფრინველებზე? . . დაუკვირდით, როგორ იზრდებიან შროშანები: არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით: დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი . . . ამიტომ ნუღარ დაუწყებთ ძებნას, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუღარ წუხხართ . . . თქვენმა მამამ კი იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე . . . ეძებეთ მისი სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ“ (ლუკა 12:22—31; მათე 6:25—33).

ვინ იქნება მათ შორის, ვინც, ასე ვთქვათ, ძებნას დაუწყებს ღვთის სამეფოს? იესოს სიტყვების თანახმად, მათი რიცხვი საკმაოდ მცირე იქნება, რადგან „მცირე სამწყსო“ ეწოდებათ. ესენი არიან ერთგული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი. მოგვიანებით მათი რიცხვიც გამოიკვეთა — 144 000. რა ელის მათ? იესო არწმუნებს: „თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დედამიწაზე დააგროვებენ ქონებას, რისი მოპარვაც ქურდებს შეუძლიათ. სინამდვილეში მათი გული იქ იქნება, სადაც „ულევ განძს“ დააგროვებენ ანუ ზეცაში, სადაც ქრისტესთან ერთად იმეფებენ (ლუკა 12:32—34).