წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 66

იესო იერუსალიმში კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩადის

იესო იერუსალიმში კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩადის

იოანე 7:11—32

  • იესო ტაძარში ასწავლის

რამდენიმე წელია, რაც იესო მოინათლა; მას უკვე ყველა კარგად იცნობს. ათასობით იუდეველი თავად გახდა მისი სასწაულების მოწმე, ბევრმა მის შესახებ სხვებისგან მოისმინა. ამგვარად იესოზე ცნობები მთელ იმ მიწაზე გავრცელდა. ახლა, იერუსალიმში, კარვობის დღესასწაულზე ბევრი ეძებს მას.

იესოზე ხალხის აზრი იყოფა. ზოგი ფიქრობს, რომ ის „კარგი კაცია“, ზოგი კი ამბობს, „არ არის კარგი, ხალხი შეცდომაში შეჰყავსო“ (იოანე 7:12). ასეთი მითქმა-მოთქმაა ხალხში დღესასწაულის პირველ დღეებში. თუმცა არავის ჰყოფნის გამბედაობა, იესოს დასაცავად ხმა აღიმაღლოს, რადგან ყველას აშინებს, რა რეაგირება მოჰყვება ამას უფროსი მღვდლებისა და ფარისევლების მხრიდან.

შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში ადის და ასწავლის. ბევრი გაოცებას ვერ მალავს, როცა უსმენს მას და აღფრთოვანებულია მისი სწავლებით. იესოს ხომ რაბინთა სკოლებში არ უსწავლია, ამიტომ უკვირთ: „საიდანა აქვს მას ცოდნა უსწავლელად?“ (იოანე 7:15).

იესო ხსნის: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა. ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება თუ ჩემით ვლაპარაკობ“ (იოანე 7:16, 17). ის, რასაც იესო ასწავლის, სრულ თანხმობაშია ღვთის კანონთან, ამიტომ ნამდვილად არ არის რთული იმის დანახვა, რომ იესოს ღვთის განდიდება სურს და არა საკუთარი თავის.

იესო კითხვით მიმართავს მათ: „განა არ მოგცათ მოსემ კანონი? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ემორჩილება კანონს. რატომ მიპირებთ მოკვლას?“. ზოგს იქ შეკრებილთაგან, რომლებიც, როგორც ჩანს, არ არიან იერუსალიმიდან, წარმოდგენა არა აქვს, რაზე ლაპარაკობს იესო. მათთვის, ალბათ, დაუჯერებელია, რომ ვინმემ ასეთი ადამიანის მოკვლა განიზრახოს. სწორედ ამიტომ ასკვნიან, რომ იესოს აშკარად რაღაც სჭირს, თორემ ასეთ სიტყვებს არ იტყოდა. ისინი ეუბნებიან: „შენ დემონი გყავს. ვინ გიპირებს მოკვლას?“ (იოანე 7:19, 20).

რეალობა კი სრულიად განსხვავებულია — წელიწად-ნახევრის წინ, როცა იესომ შაბათს ავადმყოფი განკურნა, იუდეველები მას მოსაკლავად დაეძებდნენ. ახლა იესო თავისი საფუძვლიანი მსჯელობით ფარდას ხდის იმას, რომ ეს ხალხი სრულიად უსაფუძვლოდ სდებს მას ბრალს. იგი შეახსენებს მათ, რომ ღვთის კანონის თანახმად, ახალდაბადებული ბიჭი მერვე დღეს იმ შემთხვევაშიც კი უნდა წინადაეცვითათ, თუ ეს შაბათ დღეს მოუწევდა. ამის შემდეგ ის ეკითხება: „თუ კაცს წინადაცვეთთ შაბათს, რათა მოსეს კანონი არ დაირღვეს, მე რაღად მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი სრულად განვკურნე? ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაასამართლეთ“ (იოანე 7:23, 24).

იერუსალიმელები, რომლებმაც კარგად უწყიან საქმის ვითარება, ამბობენ: „ეს ის არ არის, მოკვლას რომ უპირებენ? მაგრამ ნახეთ! დაუფარავად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მმართველები, რომ ნამდვილად ქრისტეა?“. საინტერესოა, რატომ არ სწამს ამ ხალხს, რომ იესო ქრისტეა? ისინი ამბობენ: „ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს კაცი, ხოლო როცა ქრისტე მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის იგი“ (იოანე 7:25—27).

იესო მათ ტაძარშივე სცემს პასუხს: „მეც მიცნობთ და ისიც იცით, საიდანა ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ მას. მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან გამომგზავნა“ (იოანე 7:28, 29). ამ სიტყვების მიუხედავად, იუდეველები შემთხვევის ძებნას იწყებენ, რომ შეიპყრონ იგი ან მოკლან. თუმცა ვერაფერს ხდებიან, რადგან იესოს სიკვდილის დრო ჯერ არ დამდგარა.

და მაინც, ბევრი ავლენს იესოსადმი რწმენას, რაც არც არის გასაკვირი. იესომ ხომ არაერთი სასწაული მოახდინა: წყალზე გაიარა, ქარიშხალი დააცხრო, ათასობით კაცი რამდენიმე პურითა და თევზით დააპურა, კეთროვნები და ხეიბრები განკურნა, უსინათლოებს თვალისჩინი დაუბრუნა და მკვდრებიც კი აღადგინა! ამიტომ საფუძველს მოკლებული არაა მათ მიერ დასმული კითხვა: „როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ ნიშანს მოახდენს?“ (იოანე 7:31).

როცა ფარისევლები ხალხის ნათქვამს იგებენ, ისინი და უფროსი მღვდლები მცველებს გზავნიან იესოს შესაპყრობად.