წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 73

ვინ არის ნამდვილი მოყვასი

ვინ არის ნამდვილი მოყვასი

ლუკა 10:25—37

  • როგორ არის შესაძლებელი მარადიული სიცოცხლის მიღება

  • იესოს მოჰყავს იგავი კეთილ სამარიელზე

იესო ჯერ კიდევ იერუსალიმის მახლობლადაა, როცა რამდენიმე იუდეველი მიდის მასთან. ზოგ მათგანს სურს, ისწავლოს მისგან, ზოგს კი, უბრალოდ, მისი გამოცდა უნდა. ერთ-ერთი კანონის მცოდნე იუდეველი ეკითხება იესოს: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ (ლუკა 10:25).

იესო ხვდება, რომ ეს კაცი მხოლოდ მეტის გაგების მიზნით არ უსვამს ამ კითხვას. როგორც ჩანს, მას სურს, ისეთი რამ ათქმევინოს იესოს, რაც იუდეველების გაღიზიანებას გამოიწვევს. იესო ხედავს, რომ ამ კაცს უკვე აქვს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული აზრი. ამიტომ გონივრულად უდგება მას და ისე წარმართავს საუბარს, რომ თვითონ ამ კაცს უწევს იმის თქმა, სინამდვილეში თავად რას ფიქრობს ამ საკითხზე.

იესო ეკითხება: „კანონში რა წერია? რას კითხულობ?“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს კაცი კანონში კარგადაა ჩახედული, ამიტომ სწორედ კანონის საფუძველზე სცემს იესოს პასუხს. იგი ციტირებს იმ სიტყვებს, რომელიც კანონის 6:5-სა და ლევიანების 19:18-შია ჩაწერილი: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ძალითა და მთელი გონებით“ და „გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით“» (ლუკა 10:26, 27). სწორად სცემს ეს კაცი პასუხს?

იესო ეუბნება მას: „სწორია. ასე მოიქეცი და სიცოცხლეს მიიღებ“. საინტერესოა, მთავრდება კი ამით საუბარი. კაცს ასეთი პასუხი არ აკმაყოფილებს. სინამდვილეში ის „თავის გამართლებას“ ცდილობს და უნდა, დაამტკიცოს, რომ სწორი ხედვა აქვს და სხვებს სამართლიანად ექცევა. ამიტომ იესოს ეკითხება: „კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?“ (ლუკა 10:28, 29). ეს, თითქოსდა, მარტივი კითხვა საკმაოდ ღრმა მნიშვნელობისაა.

იუდეველების აზრით, მოყვასი მხოლოდ ის არის, ვინც იუდაურ ადათ-წესებს იცავს; ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ ლევიანების 19:18 ამ შეხედულებას უჭერს მხარს. სინამდვილეში ნებისმიერ იუდეველს შეეძლო დაეწყო იმის მტკიცება, რომ არაიუდეველთან ურთიერთობა კანონის დარღვევა იყო (საქმეები 10:28). ამიტომ ეს კაცი და შესაძლოა იესოს ზოგი მოწაფეც კი საკუთარ თავს მართლებად მიიჩნევენ იმის გამო, რომ იუდეველების მიმართ სიკეთეს ავლენენ. ამავდროულად ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ, არ გაუკეთონ სიკეთე არაიუდეველებს, რადგან მათ არ მიიჩნევენ თავიანთ მოყვასად.

როგორ უსწორებს იესო ამ კაცს თვალსაზრისს ისე, რომ არც მისი და არც სხვა იუდეველების გულისწყრომა არ გამოიწვიოს? ის ერთ იგავს ჰყვება: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში. ტანსაცმელი გახადეს, სცემეს, წავიდნენ და ცოცხალმკვდარი დატოვეს“. შემდეგ იესო განაგრძობს: „შემთხვევით იმ გზაზე ერთმა მღვდელმა ჩაიარა, დაინახა იგი და გზის მეორე მხარეს გადავიდა. იმ ადგილას ლევიანმაც ჩაიარა და, როცა დაინახა, ისიც გზის მეორე მხარეს გადავიდა. მაგრამ გზად მიმავალმა ერთმა სამარიელმა დაინახა იგი და გული დაეწვა“ (ლუკა 10:30—33).

კაცმა, რომელსაც იესო ამ შემთხვევას უყვება, ეჭვგარეშეა, იცის, რომ ბევრი მღვდელი და ზოგი ის ლევიანი, რომლებიც ტაძარში სხვადასხვა საქმეს ასრულებენ, იერიხონში ცხოვრობენ. ტაძრიდან სახლში დასაბრუნებლად მათ დაახლოებით 23 კილომეტრის გავლა უწევთ. ეს გზა საკმაოდ სახიფათოა, რადგან შეიძლება ყაჩაღები დაესხან თავს. ნუთუ არაფერს იღონებს ამ გზაზე მიმავალი მღვდელი ან ლევიანი, თუ გასაჭირში მყოფ იუდეველს დაინახავს? იესოს მონათხრობიდან ჩანს, რომ ისინი ასე არ იქცევიან და გასაჭირში მყოფ კაცს მხოლოდ სამარიელი ეხმარება, იმ ხალხის წარმომადგენელი, რომლებიც სძულთ იუდეველებს (იოანე 8:48).

რას აკეთებს სამარიელი ამ კაცის დასახმარებლად? იესო განაგრძობს თხრობას: „მივიდა, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, თავის პირუტყვზე შესვა ის კაცი, სასტუმროში მიიყვანა და მოუარა. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, სასტუმროს პატრონს მისცა და უთხრა: ამ კაცს მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო“ (ლუკა 10:34, 35).

თხრობის დასასრულს იესო, რომელიც დახელოვნებული მასწავლებელია, კაცს საკმაოდ დამაფიქრებელ კითხვას უსვამს: „როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“. როგორც ჩანს, კაცს ეუხერხულება პირდაპირ თქვას, სამარიელიო, ამიტომ ამბობს: „ის, ვინც გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ“. შემდეგ იესო ისეთი რამისკენ მოუწოდებს კაცს, საიდანაც კარგად ჩანს, სინამდვილეში რის სწავლება სურს მისთვის: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10:36, 37).

სწავლების რა საოცარი მეთოდი გამოიყენა იესომ, ამ დიდებულმა მასწავლებელმა! დაუჯერებდნენ ეს კაცი და სხვა იუდეველები იესოს, თუ პირდაპირ ეტყოდა, რომ არაიუდეველიც მათი მოყვასია? საეჭვოა. მაგრამ იესო მათ ერთ უბრალო შემთხვევას მოუყვა და ისეთი დეტალები მოიხსენია, რაც მათთვის ნამდვილად არ იყო უცხო; ამგვარად პასუხი კითხვაზე — „ვინ არის ჩემი მოყვასი?“, ყველასთვის ნათელი გახდა. ასე რომ, ნამდვილი მოყვასი ისაა, ვინც ისე ავლენს სიყვარულს და სიკეთეს, როგორც ამას წმინდა წერილები გვასწავლის.

გაიგეთ მეტი

„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“

რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, რომ მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გვიყვარდეს? როგორ შევიყვაროთ მოყვასი?