არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 70

იესო დაბადებიდან უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებს

იესო დაბადებიდან უსინათლოს თვალისჩინს უბრუნებს

იოანე 9:1—18

  • იესო თვალისჩინს უბრუნებს კაცს, რომელიც დაბადებიდან ბრმაა

შაბათი დღეა. იესო კვლავ იერუსალიმშია. ის და მისი მოწაფეები ქალაქში ერთ მათხოვარს ხვდებიან, რომელიც დაბადებიდან ბრმაა. მის დანახვაზე მოწაფეები ეკითხებიან იესოს: „რაბი, ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა, უსინათლო რატომ დაიბადა?“ (იოანე 9:2).

მოწაფეებმა იციან, რომ ადამიანს არა აქვს არანაირი სული, რომელიც მის დაბადებამდე არსებობს, ამიტომ შესაძლოა აინტერესებთ, მუცლადყოფნის დროს ხომ არ შესცოდა ამ კაცმა. იესო პასუხობს: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო“ (იოანე 9:3). ასე რომ, არც ამ კაცს და არც მის მშობლებს ისეთი არაფერი ჩაუდენიათ ან შეუცოდავთ, რაც მის სიბრმავეს გამოიწვევდა. სინამდვილეში ადამის ცოდვის შედეგია, ყველა არასრულყოფილი რომ ვიბადებით და სხვადასხვა სნეულებით ვიტანჯებით, თუნდაც ისეთით, როგორიცაა სიბრმავე. მაგრამ ახლა იესოს შესაძლებლობა ეძლევა, თვალი აუხილოს ამ კაცს და ღვთის დიდებული საქმეები ყველასთვის აშკარა გახადოს, როგორც ეს სხვა ავადმყოფების განკურნების შემთხვევაში გააკეთა.

იესო ხაზგასმით ამბობს, რომ ეს საქმეები გადაუდებელია: „სანამ დღეა, ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ“ (იოანე 9:4, 5). მალე იესოს სიკვდილის წყვდიადი მოიცავს და, ასე ვთქვათ, ხელფეხშებორკილი იქნება. სანამ ეს დრო დადგება, სწორედ ის არის ქვეყნიერებაში სულიერი სინათლის წყარო.

საინტერესოა, განკურნავს იესო ამ კაცს? იგი მიწაზე აფურთხებს, ნერწყვით თიხას ზელს, კაცს თვალებზე ადებს და ეუბნება: „წადი, მოიბანე სილოამის აუზში“ (იოანე 9:7). ის ასეც იქცევა, რის შემდეგაც თვალისჩინი უბრუნდება. წარმოიდგინეთ, რა ბედნიერი წუთები დგება მის ცხოვრებაში! მან ხომ პირველად დაინახა?!

მეზობლები და ის ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს კაცი ბრმაა, განცვიფრებულები არიან. ისინი კითხულობენ: „ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“. ერთნი ამბობენ, „ის არისო“, მეორენი კი ვერ იჯერებენ და ამბობენ, „ის არ არის, მაგრამ ჰგავსო“, თვითონ კი ამბობს, „ისა ვარო“ (იოანე 9:8, 9).

ამის მოსმენაზე ეკითხებიან: „როგორ აგეხილა თვალი?“. იგი პასუხობს: „კაცმა, რომელსაც იესო ჰქვია, თიხა მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი და სილოამში მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და თვალი ამეხილა“. შემდეგ ასეთ კითხვას უსვამენ: „სად არის ის კაცი?“. ის ეუბნება: „არ ვიცი“ (იოანე 9:10—12).

ხალხს ეს კაცი ფარისევლებთან მიჰყავთ, რომელთაც სხვების მსგავსად აინტერესებთ, როგორ დაუბრუნდა მას მხედველობა. კაცი ეუბნება მათ: „თიხა დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“. წესით ფარისევლებს უნდა გაუხარდეთ, რომ ეს უსინათლო კაცი განიკურნა. მაგრამ ნაცვლად ამისა, ზოგი მათგანი განსჯის იესოს. ისინი აცხადებენ: „ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავს“. მაგრამ ზოგი ასეთ რამეს ამბობს:  „განა ცოდვილი კაცი ასეთ ნიშნებს მოახდენს?“ (იოანე 9:15, 16). ასე რომ, მათი აზრი იყოფა.

როცა ხედავენ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი აქვთ, კვლავ ეკითხებიან უსინათლოს: „შენ რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა?“. მას ეჭვი არ ეპარება იესოში და ამიტომ პასუხად ეუბნება: „წინასწარმეტყველია“ (იოანე 9:17).

იუდეველებს მაინც არ სჯერათ, რომ მას თვალი აეხილა. ისინი, ალბათ, ფიქრობენ, რომ იესომ და ამ კაცმა წინასწარ მოილაპარაკეს, ხალხი რომ გაებრიყვებინათ და შეცდომაში შეეყვანათ. ამიტომ გადაწყვეტენ, მათხოვრის მშობლებს ჰკითხონ, მართლა ბრმა იყო თუ არა მათი ვაჟი.