წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 74

გაკვეთილი გამასპინძლებასა და ლოცვაზე

გაკვეთილი გამასპინძლებასა და ლოცვაზე

ლუკა 10:38—11:13

  • იესო მართასა და მარიამს სტუმრობს

  • იესო დაჟინებით ლოცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს

იესო სოფელ ბეთანიისკენ იღებს გეზს, რომელიც იერუსალიმიდან დაახლოებით 3 კილომეტრით დაშორებულ ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზეა გაშენებული (იოანე 11:18). ის იქ ლაზარეს დებთან, მართასთან და მარიამთან მიდის სტუმრად. ისინი იესოს მეგობრები არიან, რომლებიც თბილად იღებენ მას.

მართლაც დიდი პატივია მესიის სტუმრობა! მართას მთელი გულით სურს, საუკეთესოდ გაუმასპინძლდეს იესოს, ამიტომ განსაკუთრებულ სამზადისს იწყებს. იმ დროს, როცა მართა სამზარეულოში ფუსფუსებს, მარიამი იესოს ფეხებთან ზის და უსმენს მას. ცოტა ხანში მართა იესოს ეუბნება: „უფალო, ნუთუ შენთვის სულერთია, ჩემმა დამ რომ მე შემომატოვა ყველაფერი? უთხარი, მომეხმაროს“ (ლუკა 10:40).

იმის მაგივრად, რომ მარიამს უსაყვედუროს, იესო მართას ეუბნება, რომ მეტისმეტადაა ყოფითი საზრუნავით მოცული: „მართა, მართა, შენ ბევრ რამეზე წუხხარ და ზრუნავ. საჭირო კი სულ ცოტაა ან მხოლოდ ერთი. მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“ (ლუკა 10:41, 42). იესოს იმის თქმა სურს, რომ აუცილებელი არ არის, ნაირ-ნაირი კერძების მომზადებას დიდი დრო დავუთმოთ; ერთი უბრალო კერძიც სავსებით საკმარისია.

მართას კარგის გაკეთება უნდა. ის სტუმართმოყვარეობას ავლენს. მაგრამ იმდენად ბევრს ფიქრობს საჭმელ-სასმელზე, რომ გაცილებით მნიშვნელოვანს აკლდება — ვერ ისმენს ღვთის ძის ფასდაუდებელ რჩევა-დარიგებებს. იესო აღნიშნავს, რომ მარიამმა ბრძნული არჩევანი გააკეთა და ის აირჩია, რაც მის მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება. მართლაც ყურადსაღები გაკვეთილია თითოეული ჩვენგანისთვის!

სხვა დროს იესომ სრულიად განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ ასწავლა თავის მიმდევრებს. ერთმა მოწაფემ მას ჰკითხა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს“ (ლუკა 11:1). იესომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მთაზე ქადაგების დროს მათ უკვე ასწავლა, როგორ ელოცათ (მათე 6:9—13). თუმცა ეს მოწაფე შესაძლოა იმ დროს იქ არ იყო, ამიტომ იესო მას მთავარ აზრებს უმეორებს. შემდეგ კი მაგალითი მოჰყავს, საიდანაც კარგად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანია დაჟინებით ლოცვა:

„რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მიადგეს მას და უთხრას, მეგობარო, სამი პური მასესხე, მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი მაქვს, რომ სუფრა გავუშალოო, მან კი შიგნიდან გამოსძახოს, ნუ მაწუხებ, კარი ჩაკეტილია, ბავშვები ლოგინში მიწვანან, ვერ წამოვდგები, ვერაფერს მოგცემო, გეუბნებით: თუმცა მეგობარია, შეიძლება არ ადგეს და არაფერი მისცეს, მაგრამ თუ დაიჟინებს, უეჭველად ადგება და მისცემს მას ყველაფერს, რაც სჭირდება“ (ლუკა 11:5—8).

იესოს ამით იმის დანახვება არ სურს, რომ ამ მაგალითში მოყვანილი მეგობრის მსგავსად, არც იეჰოვას აქვს სურვილი, თხოვნა შეგვისრულოს. პირიქით, მას იმის ჩვენება უნდა, რომ თუ ასეთი ადამიანიც კი უსრულებს მეგობარს სურვილს, რომელიც დაჟინებით სთხოვს დახმარებას, მით უმეტეს ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა არ დატოვებს უპასუხოდ თავის ერთგულ მსახურთა გულწრფელ ვედრებას! იესო განაგრძობს: „გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (ლუკა 11:9, 10).

შემდეგ იესოს მთავარი აზრის გამოსაკვეთად ასეთი შედარება მოჰყავს: „რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს? ამიტომ, თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:11—13). რა მანუგეშებელია, რომ ჩვენი მამა მზადაა, მოგვისმინოს და იზრუნოს ჩვენს საჭიროებებზე!

გაიგეთ მეტი

რაზე შეგვიძლია ვილოცოთ?

რატომ არ იქნებოდა სწორი, გვეფიქრა, რომ თუ ყოველდღიურ საზრუნავზე ვილოცებდით, ღმერთს შევაწუხებდით?