წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 81

ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი

ერთნი, მაგრამ არა თანასწორნი

იოანე 10:22—42

  • „მე და მამა ერთნი ვართ“

  • იესოს იმაში სდებენ ბრალს, რომ ღმერთად მოაქვს თავი, მაგრამ ის უარყოფს ამ ბრალდებას

იესო იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაულზე (ხანუკა) ჩადის. ეს დღესასწაული იერუსალიმის ტაძრის ხელახლა მიძღვნის აღსანიშნავად იმართებოდა. როგორც ცნობილია, საუკუნეზე მეტი ხნით ადრე სირიის მეფე ანტიოქე IV ეპიფანემ იერუსალიმის ტაძარში დიდ სამსხვერპლოს ზემოდან სხვა სამსხვერპლო დააშენა. მოგვიანებით ერთი იუდეველი მღვდლის ვაჟებმა იერუსალიმი ისევ დაიბრუნეს და იეჰოვას ხელახლა მიუძღვნეს ტაძარი. მას შემდეგ ყოველწლიურად, 25 ქისლევს (ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი) აღნიშნავენ ამ დღესასწაულს.

ახლა ზამთარი დგას; გარეთ საკმაოდ ცივა. იესო ტაძარში სოლომონის კოლონადაში დადის. იუდეველები გარს ეხვევიან და ეკითხებიან: „როდემდე უნდა გყავდეს გაურკვევლობაში ჩვენი სულები? თუ ქრისტე ხარ, პირდაპირ გვითხარი“ (იოანე 10:22—24). საინტერესოა, რას პასუხობს იესო: „გითხარით და არა გწამთ“. იესოს პირდაპირ არ უთქვამს მათთვის, რომ ქრისტეა, როგორც ეს ჭასთან, სამარიელ ქალთან საუბრის დროს აღნიშნა (იოანე 4:25, 26). თუმცა ვინ არის ის სინამდვილეში, კარგად გამოჩნდა ცოტა ხნის წინ ნათქვამი მისივე სიტყვებიდან: „სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი“ (იოანე 8:58).

იესოს სურს, ხალხი თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე — დაუფიქრდეს მის საქმეებს და შეადაროს იმ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ქრისტეზე წარმოითქვა. სწორედ ამიტომ ეუბნებოდა ზოგჯერ იესო თავის მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის მესია იყო. მაგრამ ახლა იესო მტრულად განწყობილ იუდეველებს პირდაპირ ეუბნება: „საქმეები, რომლებსაც მამაჩემის სახელით ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე, მაგრამ თქვენ არ გწამთ“ (იოანე 10:25, 26).

რატომ არ სჯერათ მათ, რომ იესო ქრისტეა? ის ამბობს: „თქვენ არ გწამთ, რადგან ჩემი ცხვარი არა ხართ. ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვაძლევ და არასოდეს დაიღუპებიან; მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან. ის, რაც მამაჩემმა მომცა, ყველაფერზე მეტია“. შემდეგ იესო ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ ახლო ურთიერთობა აქვს თავის მამასთან: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე 10:26—30). ახლა იესო დედამიწაზეა, მისი მამა კი ზეცაში, ამიტომ შეუძლებელია იესო იმას გულისხმობდეს, რომ ის და მამა პირდაპირი გაგებით ერთნი არიან. სინამდვილეში იმას გულისხმობს, რომ ისინი ყოველმხრივ შეთანხმებულნი არიან და ერთი მიზნისთვის იღწვიან.

იესოს სიტყვები იმდენად აღაშფოთებს იუდეველებს, რომ ქვებს იღებენ მის ჩასაქოლად. მაგრამ ეს არ აშინებს მას. „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, — ეუბნება მათ. — რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“. ისინი პასუხობენ: „კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ მკრეხელობისთვის, იმისთვის, რომ . . . ღმერთად მოგაქვს თავი“ (იოანე 10:31—33). იესოს არასდროს უთქვამს, რომ ის ღმერთია. მაშ, რატომ სდებენ ამაში ბრალს?

სინამდვილეში იესო ამბობს, რომ მას იმის გაკეთების ძალა შესწევს, რაც იუდეველთა აზრით, მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება. მაგალითად იესომ თქვა, რომ შეუძლია ცხვარს „მარადიული სიცოცხლე“ მისცეს, რაც არც ერთ ადამიანს არ ძალუძს (იოანე 10:28). იუდეველებს მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რაც იესომ დაუფარავად აღიარა — მას ძალაუფლება მამამ უბოძა.

მათი ცრუ ბრალდება რომ გააბათილოს, იესო ასეთ კითხვას სვამს: «განა თქვენს კანონში [ფსალმუნის 82:6-ში] არ წერია: „მე ვთქვი: თქვენა ხართ ღმერთები“? თუ მან ღმერთები უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა . . . ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?» (იოანე 10:34—36).

დიახ, წმინდა წერილებში თვით უსამართლო მოსამართლეებსაც კი ეწოდებათ „ღმერთები“. მაშინ, როგორ შეუძლიათ იუდეველებმა იესოს იმის გამო დასდონ ბრალი, რომ საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს? იესო ახლა ისეთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც წესით უნდა დაარწმუნოს ისინი მის სიმართლეში: „თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით, მაგრამ თუ ვაკეთებ, მე თუ არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან“ (იოანე 10:37, 38).

იუდეველები კვლავ ცდილობენ მის შეპყრობას, მაგრამ ის ამჯერადაც ხელიდან უსხლტება მათ. იესო ტოვებს იერუსალიმს და მდინარე იორდანეს გაღმა, იმ ადგილას მიდის, სადაც თითქმის ოთხი წლის წინ იოანე ხალხს ნათლავდა. ეს ადგილი, როგორც ჩანს, გალილეის ზღვის სამხრეთი სანაპიროდან არც ისე შორს მდებარეობს.

იესოს გარშემო ბევრი ხალხი იყრის თავს. ისინი ამბობენ: „იოანეს ერთი ნიშანიც არ მოუხდენია, მაგრამ რაც ამ კაცზე უთქვამს, ყველაფერი მართალია“ (იოანე 10:41). ასე რომ, ბევრი იუდეველი რწმენას ავლენს იესოს მიმართ.

გაიგეთ მეტი

ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ

ბევრი ფიქრობს, რომ სამება ბიბლიური სწავლებაა. მართლა ასეა ეს?