წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 53

მმართველი, რომელსაც ბუნების ძალები ემორჩილება

მმართველი, რომელსაც ბუნების ძალები ემორჩილება

მათე 14:22—36; მარკოზი 6:45—56; იოანე 6:14—25

  • ხალხს იესოს გამეფება სურს

  • იესო წყალდაწყალ მიდის მოწაფეებთან და ქარიშხალს აცხრობს

ხალხზე წარუშლელ კვალს ტოვებს ის ფაქტი, რომ იესო სასწაულებრივად აპურებს ათასობით ადამიანს. ისინი ფიქრობენ, რომ იესო „ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო“ — აღთქმული მესია, რომელიც, მათი აზრით, უდავოდ, საუკეთესო მმართველი იქნება (იოანე 6:14; კანონი 18:18). ამიტომ გადაწყვეტენ, შეიპყრონ იგი და გაამეფონ.

მაგრამ იესო ხვდება, რა აქვს ხალხს ჩაფიქრებული. ის ემშვიდობება იქ შეკრებილთ და მოწაფეებს ეუბნება, ნავში ჩასხდნენ. საინტერესოა, ამჯერად საით უნდა წავიდნენ ისინი? თავიდან ბეთსაიდაში, ხოლო შემდეგ კაპერნაუმში. თავად იესო კი მთაში ბრუნდება, რათა ღამე ლოცვაში გაატაროს.

მთვარის შუქზე, განთიადის დადგომამდე, მთაზე მყოფი იესო ხედავს, რომ ზღვაზე ამოვარდნილი ძლიერი ქარიშხლის შედეგად აზვირთებული ტალღები ნავს აქეთ-იქით ათამაშებს; პირქარის გამო მოციქულებს უჭირთ ცურვა (მარკოზი 6:48). იესო მთიდან ეშვება და აღელვებულ ზღვაში წყალდაწყალ მიდის მოწაფეებისკენ. ამ დროისთვის მათ უკვე ხუთი-ექვსი კილომეტრი აქვთ გავლილი (იოანე 6:19). მოწაფეები ამჩნევენ მათკენ მიმავალ იესოს და შეშინებულები ყვირიან, მოჩვენებააო (მარკოზი 6:49).

იესო ამშვიდებს მათ და ეუბნება: „გამაგრდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“. პეტრე ამბობს: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“. იესო ეუბნება: „მოდი!“. პეტრე ნავიდან გადმოდის და იესოსკენ მიდის, მაგრამ ქარიშხალი აშინებს და ჩაძირვას იწყებს. ის ყვირის: „უფალო, მიხსენი!“. იესო მაშინვე ხელს უწვდის, მაგრად სჭიდებს და ეუბნება: „მცირე რწმენის მქონევ, რატომ დაეჭვდი?“ (მათე 14:27—31).

პეტრე და იესო ნავში სხდებიან და ქარიც ცხრება. მოწაფეები მომხდარით გაოგნებულები არიან. მაგრამ საინტერესოა, რატომ. მათ ხომ, სულ რაღაც, რამდენიმე საათის წინ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ დააპურა იესომ ათასობით ადამიანი?! როგორც ჩანს, ისინი ვერ ჩასწვდნენ „პურების მნიშვნელობას“, თორემ არ გაუკვირდებოდათ წყალზე მომავალი იესოს დანახვა, რომელმაც ქარიც დააცხრო. მოწაფეები მდაბლად თაყვანს სცემენ თავიანთ მოძღვარს და ეუბნებიან: „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“ (მარკოზი 6:52; მათე 14:33).

ცოტა ხანში ისინი კაპერნაუმის სამხრეთით, ლამაზ და ნაყოფიერ ადგილას, გენესარეთის ველზე მიდიან. ისინი ნავიდან ნაპირზე გადმოდიან. იქაურები ცნობენ იესოს და მთელ იმ შემოგარენში მცხოვრებ ხალხთან ერთად მასთან თავიანთი ავადმყოფები მიჰყავთ. ვინც იესოს მოსასხამის ფოჩს ეხება, მაშინვე იკურნება.

ამასობაში კი, ის ხალხი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ საკუთარი თვალით იხილა, რა სასწაულებრივად დააპურა იესომ ათასობით კაცი, ხედავს, რომ იესო მათთან აღარ არის. ამიტომ როცა ტიბერიიდან ჩამოსული პატარა ნავები ნაპირზე ჩამოდგებიან, ხალხი ნავებში ჯდება და კაპერნაუმისკენ იღებს გეზს, რათა როგორმე იპოვონ იესო. როდესაც პოულობენ, ეკითხებიან: „რაბი, აქ როდის მოხვედი?“ (იოანე 6:25). იესო საყვედურობს მათ და, როგორც შემდგომში დავინახავთ, სრულიად სამართლიანადაც.

გაიგეთ მეტი

ქრისტე ღვთის ძალაა!

იესოს სასწაულებმა არა მარტო უწინ მცხოვრებთ მოუტანა სიკეთე, არამედ ეს სასწაულები იმაზე მიგვანიშნებს, თუ რას მოიმოქმედებს იესო უახლოეს მომავალში მთელი კაცობრიობისთვის.