წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 44

იესო ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს აწყნარებს

იესო ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს აწყნარებს

მათე 8:18, 23—27; მარკოზი 4:35—41; ლუკა 8:22—25

  • იესო გალილეის ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს აცხრობს

კაპერნაუმში გადატვირთული და დამქანცველი დღის ბოლოს, მოსაღამოებისას, იესო თავის მოწაფეებს ეუბნება: „გაღმა გავიდეთ“ (მარკოზი 4:35).

გალილეის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს გერასელთა მხარე, რომელსაც დეკაპოლისსაც უწოდებენ. დეკაპოლისი ბერძნული კულტურის კერაა, თუმცა იქ ბევრი იუდეველიც ცხოვრობს.

კაპერნაუმიდან იესოს გამგზავრება ხალხს შეუმჩნეველი არ რჩება, ამიტომ ისინიც ნავებში სხდებიან და მას მიჰყვებიან (მარკოზი 4:36). გაღმა ნაპირი შორს არ არის, რადგან გალილეის ზღვა სინამდვილეში დიდი ტბაა. ამ მტკნარი ტბის სიგრძე დაახლოებით 21 კილომეტრია, სიგანე კი სადღაც 12 კილომეტრი, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ტბა საკმაოდ ღრმაა.

მართალია, იესო სრულყოფილია, მაგრამ ახლა, ალბათ, ისიც დაღლილია, რადგან მთელი დღე დაუღალავად მსახურობდა. ამიტომ მას შემდეგ, რაც ის და მისი მოწაფეები ზღვაში ნავით შეცურავენ, იესო კიჩოზე წვება, თავს სასთუმალზე დებს და იძინებს.

მოწაფეებიდან ზოგი საკმაოდ გამოცდილი მესაჭეა, თუმცა, როგორც დავინახავთ, ამჯერად მათ წინ იოლი მგზავრობა არ ელით. გალილეის ზღვას, რომლის ზედაპირზეც წყალი ხშირ შემთხვევაში თბილია, გარშემო მთები აკრავს. ამ მთებიდან წამოსული ცივი ჰაერისა და ზღვის ზედაპირზე თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად აქ ხშირად მოულოდნელად ამოვარდება ხოლმე ძლიერი ქარიშხალი. ახლაც სწორედ ასე ხდება. ცოტა ხანში აზვირთებული ტალღები ნავს ეხეთქება. ნავი წყლით ივსება და მასზე მყოფთ აშკარად საფრთხე ექმნებათ (ლუკა 8:23). მიუხედავად ამისა, იესოს მშვიდად სძინავს!

გემზე მყოფი გამოცდილი მეზღვაურები ცდილობენ, ნავი როგორმე დაიმორჩილონ, თუმცა ამაოდ. ამჯერად ისინი ვერაფერს ხდებიან. მოწაფეები ფიქრობენ, რომ მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ამიტომ იესოს აღვიძებენ და ევედრებიან: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით!“ (მათე 8:25). მათ ეშინიათ, რომ ნავი შეიძლება ჩაიძიროს.

როცა იესო იღვიძებს, მოწაფეებს ეუბნება: „რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?“ (მათე 8:26). შემდეგ ქარიშხალს უბრძანებს „დაწყნარდი! ჩაცხრი!“ (მარკოზი 4:39). მძვინვარე ქარიშხალი ცხრება, ზღვა წყნარდება და ირგვლივ სიმშვიდე ისადგურებს (მარკოზი და ლუკა ამ გასაოცარი შემთხვევის აღწერისას, პირველ ყოვლისა, იმას აღნიშნავენ, რომ იესომ სასწაულებრივად დააცხრო ქარიშხალი. მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსენიებენ, რომ მოწაფეებმა რწმენის ნაკლებობა გამოავლინეს).

წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებულები არიან მოწაფეები! ისინი პირველად გახდნენ იმის თვითმხილველები, თუ მყისიერად როგორ ჩაწყნარდა საშინელი ქარიშხალი. ისინი ერთმანეთში ამბობენ: „ნეტავ ეს ვინ არის, რომ ქარიცა და ზღვაც მას ემორჩილება?“. საბოლოოდ ისინი უსაფრთხოდ აღწევენ მეორე ნაპირს (მარკოზი 4:41—5:1). ალბათ, ის ხალხიც, რომლებიც იესოს ნავებით მიჰყვებოდნენ, მშვიდობიანად დაბრუნდნენ დასავლეთ სანაპიროზე.

ზემოთ აღწერილი შემთხვევა მართლაც გვანუგეშებს და გვარწმუნებს, რომ ღვთის ძეს, იესოს თავისუფლად შეუძლია დაიმორჩილოს ბუნების ძალები! როდესაც იესო მთელი კაცობრიობის მეფე გახდება, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს — არავის აღარასდროს მოუწევს სტიქიასთან ბრძოლა და აღარც არავის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე!

გაიგეთ მეტი

რა არის ღვთის სამეფო?

ვინ არის მეფე ღვთის სამეფოში და რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

ქრისტეა „ღვთის ძალა“

რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ იესოს სასწაულებიდან და სწავლებებიდან?