წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 24

იესო გალილეაში განაგრძობს ქადაგებას

იესო გალილეაში განაგრძობს ქადაგებას

მათე 4:23—25; მარკოზი 1:35—39; ლუკა 4:42, 43

  • სამქადაგებლო მოგზაურობა გალილეაში ოთხ მოწაფესთან ერთად

  • იესოს სიტყვები და საქმეები საქვეყნოდ ხდება ცნობილი

იესოს და მის მოწაფეებს საკმაოდ გადატვირთული დღე ჰქონდათ, საღამოს კი უამრავი ხალხი მიაწყდა პეტრეს სახლს, რათა იესოს განეკურნა მათ მიერ მოყვანილი ავადმყოფები. შეიძლება ითქვას, რომ მას მთელი დღის მანძილზე განმარტოების საშუალებაც კი არ მიეცა.

მეორე დღეს იესო ადრიანად, ჯერ კიდევ დილის ბინდბუნდში დგება; ის გარეთ გადის და ისეთ ადგილს პოულობს, სადაც მარტო მყოფი გულს უღვრის მამას. მაგრამ განმარტოების ეს წუთები დიდხანს არ გრძელდება. როდესაც პეტრე და მასთან მყოფნი ამჩნევენ, რომ იესო მათ გვერდით არ არის, უმალვე მის ძებნას იწყებენ; სავარაუდოდ, ეს პეტრეს თაოსნობით ხდება, რადგან იესო სწორედ მისი სტუმარია (მარკოზი 1:36; ლუკა 4:38).

როდესაც ისინი იესოს პოულობენ, პეტრე ეუბნება მას: „ყველა შენ გეძებს“ (მარკოზი 1:37). კაპერნაუმში მცხოვრებ ხალხს მთელი გულით სურს, რომ იესო მათთან დარჩეს. ისინი უსაზღვროდ მადლიერნი არიან მისი; მან ხომ მათთვის ამდენი სასწაული მოახდინა?! ამიტომ „აკავებენ, რომ არ წავიდეს“ (ლუკა 4:42). მაგრამ საინტერესოა, არის თუ არა იესოს დედამიწაზე მოსვლის მთავარი მიზანი სასწაულების მოხდენა? ან მხოლოდ კაპერნაუმში მცხოვრები ხალხის დასახმარებლადაა მოვლენილი? საგულისხმოა, თუ რას ამბობს თავად იესო ამის შესახებ.

იესო მოწაფეებს მიმართავს: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის ვარ მოსული“. იმ ხალხს, რომელთაც სურთ, რომ იესო მათთან დარჩეს, ის ასეთ სიტყვებს ეუბნება: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (მარკოზი 1:38; ლუკა 4:43).

დიახ, იესოს დედამიწაზე მოსვლის მთავარი მიზანი ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება იყო. სწორედ ამ სამეფოს მეშვეობით განიწმინდება იესოს ზეციერი მამის სახელი და სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს ყველანაირი დაავადება. როცა იესო სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს, ამით ყველასთვის ცხადი ხდებოდა, რომ ის ნამდვილად ღვთის ძე იყო. მსგავსად, საუკუნეებით ადრე, მოსეც ახდენდა სასწაულებს იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ღვთისგან იყო წარგზავნილი (გამოსვლა 4:1—9, 30, 31).

ვინაიდან იესომ კარგად იცის, რა მიზნითაა დედამიწაზე გამოგზავნილი, ტოვებს კაპერნაუმს და თავისი დავალების შესასრულებლად სხვა ქალაქებისკენ მიემართება ოთხ მოწაფესთან ერთად. ესენი არიან პეტრე, მისი ძმა ანდრია, იოანე და მისი ძმა იაკობი; სწორედ მათ შესთავაზა იესომ ერთი კვირის წინ, რომ მასთან ერთად ექადაგათ. ისინი პირველები იყვნენ იმ მოწაფეებს შორის, რომლებიც ყველგან თან დაჰყვებოდნენ თავიანთ მოძღვარს.

გალილეაში იესოსა და მისი მოწაფეების ქადაგებას შესანიშნავი შედეგები მოაქვს! იესოს შესახებ ყველა კუთხე-კუნჭულში იგებენ. „მისი ამბავი მთელ სირიაში“, მდინარე იორდანის გაღმა და იმ ათ ქალაქშიც ვრცელდება, რომლის გაერთიანებასაც დეკაპოლისს უწოდებენ (მათე 4:24, 25). როგორც ამ მხარეებიდან, ისე იუდეიდან დიდძალი ხალხი მიჰყვება იესოსა და მის მოწაფეებს. მასთან კვლავაც ბევრი დასნეულებული მიჰყავთ. იესო არავის წყვეტს გულს — კურნავს ავადმყოფებს და დემონთა ტყვეობისგან ათავისუფლებს ადამიანებს.

გაიგეთ მეტი

რა არის ღვთის სამეფო?

გაეცანი, რატომ არის ღვთის სამეფო სხვა ყველა მთავრობებზე აღმატებული