წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 34

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელმა ხალხის წინაშე დაამოწმა, რომ იესო ღვთის კრავი იყო. როცა იესომ მსახურება დაიწყო, ბევრი სუფთა გულის ადამიანი მისი მოწაფე გახდა; მათ შორის იყვნენ ანდრია, სიმონ-პეტრე, იოანე, შესაძლოა იაკობი (იოანეს ძმა), ფილიპე და ბართლომე (აგრეთვე ეძახდნენ ნათანაელს). დროთა განმავლობაში ბევრი სხვაც გახდა იესოს მიმდევარი (იოანე 1:45—47).

ახლა კი იესო მზადაა, რომ მოციქულები აირჩიოს. იესოს მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა ექნება და განსაკუთრებული სახით მოამზადებს. მაგრამ მოციქულების არჩევამდე იესო მთაზე ადის; ეს შესაძლოა ის მთაა, რომელიც გალილეის ზღვასთან ახლოს, კაპერნაუმიდან არც ისე შორს მდებარეობს. იქ ის მთელ ღამეს ლოცვაში ატარებს — როგორც ჩანს, სიბრძნესა და ხელმძღვანელობას სთხოვს ღმერთს. მეორე დღეს იესო თავის მოწაფეებს უხმობს და მათგან თორმეტს მოციქულებად ირჩევს.

ამ თორმეტს შორის არის ექვსი მოწაფე, რომელთა სახელებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, და აგრეთვე მათე, რომელსაც იესომ მაშინ მოუხმო, როცა ის საგადასახადოში იჯდა. დანარჩენი ხუთის სახელებია იუდა (აგრეთვე ეძახდნენ თადეოზსს და „იაკობის ვაჟს“), სიმონ კანანელი, თომა, ალფეს ვაჟი იაკობი და იუდა ისკარიოტელი (მათე 10:2—4; ლუკა 6:16).

იესო კარგად იცნობს ამ 12 მამაკაცს, რადგან უკვე გარკვეული ხანია მას დაჰყვებიან. რამდენიმე მათგანი იესოს ნათესავია. მაგალითად, ალფე, როგორც ზოგი ფიქრობს, იოსების, იესოს მამობილის, ძმა იყო. თუ ასეა, გამოდის, რომ მისი ვაჟი, მოციქული იაკობი, იესოს ბიძაშვილია. ძმები იაკობი და იოანე კი, როგორც ჩანს, იესოს დეიდაშვილები არიან.

იესოსთვის, რა თქმა უნდა, რთული არ არის თავისი მოციქულების სახელების დამახსოვრება. თქვენ თუ გახსოვთ მათი სახელები? შეგიძლიათ ასე დაიმახსოვროთ: ორ მათგანს სიმონი ჰქვია, ორს — იაკობი, ორსაც — იუდა. სიმონს (პეტრე) ჰყავს ძმა ანდრია, ხოლო იაკობის (ზებედეს ვაჟი) ძმას იოანე ჰქვია. ასე დაიმახსოვრებ რვა მოციქულის სახელს. დანარჩენი ოთხის სახელებია მათე (გადასახადების ამკრეფი), თომა (რომელიც მოგვიანებით დაეჭვდა), ნათანაელი (რომელიც იესომ ლეღვის ხის ქვეშ დაინახა) და ფილიპე (ნათანაელის მეგობარი).

თორმეტი მოციქულიდან თერთმეტი გალილეიდანაა, იესოს მშობლიური მხარედან. ნათანაელი კანიდანაა. ფილიპე, პეტრე და ანდრია წარმოშობით ბეთსაიდიდან არიან. თუმცა მოგვიანებით პეტრე და ანდრია კაპერნაუმში გადავიდნენ, სადაც, სავარაუდოდ, მათე ცხოვრობდა. იაკობი და იოანეც შესაძლოა კაპერნაუმში ან მასთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთ დროს მეთევზეობას მისდევდნენ. იუდა ისკარიოტელი კი, რომელიც მოგვიანებით გასცემს იესოს, როგორც ჩანს, მოციქულებს შორის ერთადერთია, ვინც იუდეიდანაა.