არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 46

ქალი ეხება იესოს სამოსს და უმალვე იკურნება

ქალი ეხება იესოს სამოსს და უმალვე იკურნება

მათე 9:18—22; მარკოზი 5:21—34; ლუკა 8:40—48

  • ქალი, რომელიც იესოს სამოსს ეხება, უმალვე იკურნება

იესო დეკაპოლისიდან თავის მშობლიურ მხარეში ბრუნდება, რის შესახებაც უმალვე იგებენ გალილეის ზღვის მთელ ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები იუდეველები. როგორც ჩანს, უკვე ბევრმა იცის, როგორ დააცხრო მან მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალი და დაამშვიდა აბობოქრებული ზღვა. ხალხმა, ალბათ, ისიც გაიგო, რომ იესომ დემონების ტყვეობისგანაც გაათავისუფლა ადამიანები. ამიტომ ზღვის სანაპიროზე, სავარაუდოდ, კაპერნაუმში იესოს დასახვედრად „დიდძალი ხალხი“ იკრიბება (მარკოზი 5:21). მათ ერთი სული აქვთ, როდის მოუახლოვდება იესო ნაპირს. და აი, ისიც ნავიდან გადმოდის.

განსაკუთრებით ერთი კაცი ელოდება იესოსთან შეხვედრას. ამ კაცს იაიროსი ჰქვია; ის, როგორც ჩანს, კაპერნაუმის ერთ-ერთი სინაგოგის წინამძღვარია. იგი იესოს უახლოვდება, მის ფეხებთან ეცემა და ევედრება: „გოგო ძალიან ცუდად მყავს. წამოდი, ხელი დაადე, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“ (მარკოზი 5:23). როგორ რეაგირებს იესო სასოწარკვეთილი მამის მუდარაზე, რომელსაც ერთადერთი შვილი, 12 წლის გოგონა ხელიდან ეცლება? (ლუკა 8:42).

იესო იაიროსს მიჰყვება. გზად მიმავალი კიდევ ერთი გულის ამაჩუყებელი სურათის შემსწრე ხდება. ბევრს, ვინც იესოს მიჰყვება, აინტერესებს, ამჯერადაც გახდებიან თუ არა მისი სასწაულის მოწმენი. თუმცა ამ ხალხს შორის ერთი მძიმედ დასნეულებული ქალიცაა, რომელსაც უფრო მეტად საკუთარი მდგომარეობა აფიქრებს.

ეს იუდეველი ქალი უკვე 12 წელია სისხლდენით იტანჯება. რომელ ექიმს აღარ მიმართა და რა სახსრები არ გაიღო მკურნალობისთვის, მაგრამ უშედეგოდ. მეტიც, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება (მარკოზი 5:26).

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას ნიშნავს ამ ქალისთვის ასეთ საშინელ სნეულებასთან ბრძოლა; ის მხოლოდ ფიზიკურ სისუსტეს კი არ გრძნობს, არამედ თავისი დაავადების გამო მეტად დამამცირებელ და უხერხულ მდგომარეობაშიცაა. ჩვეულებრივ, ასეთ დაავადებაზე ხმამაღლა ლაპარაკს ყველა გაურბოდა. უფრო მეტიც, მოსეს კანონის თანახმად, ქალი, რომელსაც სისხლდენა ჰქონდა, რიტუალური თვალსაზრისით უწმინდურად ითვლებოდა. ნებისმიერს, ვინც ასეთ დაავადებულს ან მის ტანსაცმელს შეეხებოდა, წყლით უნდა დაებანა და საღამომდე უწმინდურად ჩაითვლებოდა (ლევიანები 15:25—27).

იესოს ამბავი ამ ქალის ყურსაც მისწვდა და სწორედ ამიტომ უნდა მასთან ახლოს მისვლა. ვინაიდან ის უწმინდურად ითვლება, ცდილობს ხალხისთვის შეუმჩნევლად მიუახლოვდეს იესოს. იგი გულში ფიქრობს: „ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდები“. ქალი უახლოვდება იესოს, ეხება მისი სამოსის ფოჩს და გრძნობს, რომ სისხლდენა მაშინვე უჩერდება. წლების მანძილზე ამ საშინელი სენით გატანჯული ქალი, როგორც იქნა, „მძიმე დაავადებისგან განიკურნა“ (მარკოზი 5:27—29).

იესო კითხულობს: „ვინ შემეხო?“. როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდა ქალი ამ სიტყვების მოსმენაზე? პეტრე გაკვირვებული პასუხობს იესოს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება“. როგორც ჩანს, პეტრესთვის გაუგებარია, რატომ სვამს იესო ამ კითხვას. იესო ამბობს: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან“ (ლუკა 8:45, 46). იესოს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ქალის განკურნების შედეგად მან ენერგია დაკარგა.

ქალი ხვდება, რომ შეუმჩნეველი ვერ დარჩება, ამიტომ შიშითა და კანკალით იესოს წინაშე ემხობა და ყველას თვალწინ აღიარებს, რა დაავადება სტანჯავდა და როგორ განიკურნა რამდენი წუთის წინ. იესო თბილად მიმართავს მას და ანუგეშებს: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარკოზი 5:34).

აშკარაა, რომ იესო, რომელიც ღმერთმა კაცობრიობის მმართველად აირჩია, საოცრად თბილი და თანამგრძნობი პიროვნებაა, რომელსაც არა მხოლოდ აღელვებს ადამიანთა მდგომარეობა, არამედ მათი დახმარების ძალაც შესწევს!

გაიგეთ მეტი

წიგნები და ბროშურები

დასრულდება ოდესმე ტანჯვა?

ბიბლიაში წერია, რომ ღმერთს სძულს უსამართლობა და ნამდვილად ზრუნავს თავის ხალხზე. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

დაუახლოვდი იეჰოვას

„ქრისტეს სიყვარულის“ შეცნობა

იესოს მიერ გამოვლენილი სიყვარულის სამი მხარე სრულყოფილად ირეკლავს იეჰოვას სიყვარულს.