წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 41

ვისი ძალით ახდენს იესო სასწაულებს

ვისი ძალით ახდენს იესო სასწაულებს

მათე 12:22—32; მარკოზი 3:19—30; ლუკა 8:1—3

  • იესო მეორე სამქადაგებლო მოგზაურობას იწყებს გალილეაში

  • იესო დევნის დემონებს და მიუტევებელ ცოდვაზე საუბრობს

მას შემდეგ მალევე, რაც იესომ ფარისეველი კაცის, სიმონის სახლში შეკრებილთ დაანახვა, რას ნიშნავს ნამდვილი პატიება, კიდევ ერთი სამქადაგებლო მოგზაურობა დაიწყო გალილეაში. უკვე მეორე წელია, რაც იგი მთელ თავის ძალას მსახურებას ახმარს. ის 12 მოციქულთან ერთადაა. მათ ის ქალებიც ახლავთ, რომლებიც იესომ ბოროტ სულთა ტყვეობისგან გაათავისუფლა და სხვადასხვა სნეულებისგან განკურნა (ლუკა 8:2). ამ ქალებს შორის არიან მარიამ მაგდალელი, სუსანა და იოანა, მეფე ჰეროდე ანტიპას სახლთუხუცესის ცოლი.

იესოს შესახებ დავა კიდევ უფრო მწვავდება მას მერე, რაც მრავალი ადამიანის ყურამდე აღწევს ცნობები მის შესახებ. ეს ცხადი ხდება, როცა იესოსთან დემონით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი მიჰყავთ განსაკურნავად. იესო ამ მამაკაცს დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს და მეტყველებისა და მხედველობის უნარს უბრუნებს. აღფრთოვანებული ხალხი იესოზე ამბობს: „ეს ხომ არ არის დავითის ძე?“ (მათე 12:23).

იმ სახლთან, სადაც იესოა გაჩერებული, იმდენი ხალხი იყრის თავს, რომ ის და მისი მოწაფეები ჭამასაც კი ვერ ახერხებენ. სამწუხაროა, რომ იქ მყოფთაგან ყველა არ მიიჩნევს იესოს დავითის აღთქმულ ძედ. ზოგი მწიგნობარი და ფარისეველი იერუსალიმიდანაა ჩამოსული, თუმცა მათ სულაც არ სურთ იესოს მოსმენა ან მისი მხარდაჭერა. ეს კაცები ცრუ ხმებს ავრცელებენ იესოზე და ამბობენ: „ბელზებელი ჰყავს და დემონების მმართველის დახმარებით დევნის დემონებს“ (მარკოზი 3:22). როცა იესოს ნათესავები ამ ყოველივეს შესახებ იგებენ, მის წასაყვანად ჩამოდიან. რატომ იქცევიან ასე?

ეს ის დროა, როცა იესოს ძმებსაც კი არ სჯერათ, რომ მათი ძმა ღვთის ძეა (იოანე 7:5). ის კაცი, რომელიც, მათი აზრით, ამხელა აჟიოტაჟს იწვევს ხალხში, სულაც არ ჰგავს იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ნაზარეთში იზრდებოდნენ; ამიტომ ფიქრობენ, იესო, „ჭკუაზე შეიშალაო“ (მარკოზი 3:21).

მაგრამ იესოს საქმეები საპირისპიროს მოწმობს. სულ ცოტა ხნის წინ მან დემონით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი განკურნა. ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს. ამიტომ მწიგნობრები და ფარისევლები გადაწყვეტენ, ხალხში ეჭვი ჩათესონ და ბრალს სდებენ იესოს, თითქოს ის ბელზებელის ძალით ახდენს სასწაულებს. „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის დახმარების გარეშე“, — ამბობენ ისინი (მათე 12:24).

იესომ იცის, რას ფიქრობენ მწიგნობრები და ფარისევლები, და ეუბნება: „თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს. თუ სატანა სატანას დევნის, თავისივე წინააღმდეგ გაყოფილა. როგორღა გაძლებს მისი სამეფო?“ (მათე 12:25, 26).

მართლაც რა ლოგიკურად და დამაჯერებლად მსჯელობს იესო! ფარისევლებმა იციან, რომ იუდეველთა შორისაც არიან ისეთები, ვისაც დემონების განდევნის ძალა შესწევს (საქმეები 19:13). ამიტომ იესო ეკითხება მათ: „თუ მე ბელზებელის დახმარებით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები ვიღას დახმარებით დევნიან?“. იესოს იმის თქმა უნდა, რომ, თუ ფარისეველთა ბრალდება სიმართლეა, მაშინ ისიც უნდა აღიარონ, რომ იუდეველებიც სატანის ძალით დევნიან დემონებს. იესო განაგრძობს: „მაგრამ თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო“ (მათე 12:27, 28).

იესოს სურს, დაანახვოს მათ, რომ გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე სატანას და ამიტომ შეუძლია დემონების განდევნა. მას ასეთი მაგალითი მოჰყავს: „როგორ შეიჭრები ძლიერი კაცის სახლში და გაიტაცებ მის ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავ? მერე კი გაუძარცვავ სახლს. ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს“ (მათე 12:29, 30). მწიგნობრები და ფარისევლები კი აშკარაა, რომ იესოს უპირისპირდებიან და ამით აჩვენებენ, რომ სატანის მხარეს იკავებენ. ისინი ცდილობენ, ჩამოაშორონ ხალხი ღვთის ძეს, რომელიც თავისი მამის, იეჰოვას სულით მოქმედებს.

იესო აფრთხილებს სატანის გავლენაში მყოფ ამ ცრუ ბრალმდებლებს: „ადამიანის შვილებს ყველანაირი ცოდვა, მკრეხელობა და გმობა ეპატიებათ, მაგრამ ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“ (მარკოზი 3:28, 29). დაფიქრდით, რას ნიშნავს იესოს ეს სიტყვები მათთვის, ვინც სატანის ძალას აწერს იმას, რაც ღვთის სულით კეთდება!

გაიგეთ მეტი

ქრისტე ღვთის ძალაა!

იესოს სასწაულებმა არა მარტო უწინ მცხოვრებთ მოუტანა სიკეთე, არამედ ეს სასწაულები იმაზე მიგვანიშნებს, თუ რას მოიმოქმედებს იესო უახლოეს მომავალში მთელი კაცობრიობისთვის.