წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 32

რის კეთებაა ნებადართული შაბათ დღეს

რის კეთებაა ნებადართული შაბათ დღეს

მათე 12:9—14; მარკოზი 3:1—6; ლუკა 6:6—11

  • იესო შაბათს ხელგამხმარ კაცს კურნავს

ერთ შაბათს იესო სინაგოგაში მიდის; როგორც ჩანს, ის ახლა გალილეაში იმყოფება. სინაგოგაში იგი ერთ ხელგამხმარ კაცს ხედავს (ლუკა 6:6). ცნობისმოყვარე მწიგნობრებსა და ფარისევლებს აინტერესებთ, როგორ მოიქცევა იესო. ისინი ისეთ კითხვას უსვამენ მას, საიდანაც კარგად ჩანს, სინამდვილეში რა აქვთ გულში: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“ (მათე 12:10).

ამ იუდეველი რელიგიური წინამძღოლების მტკიცებით, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული შაბათს ვინმეს განკურნება, თუ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. მაგალითად, ისინი ასწავლიან, რომ ამოვარდნილი ძვლის ჩასმა ან ნაღრძობი ადგილის გადახვევა შაბათს კანონით ნებადართული არ არის, რადგან ასეთ დროს საფრთხე არ ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. მწიგნობრებისა და ფარისევლების მიერ დასმული კითხვიდან აშკარად ჩანს, რომ სულაც არ შესტკივათ გული ამ ხელგამხმარ კაცზე; სინამდვილეში მათ სულ სხვა რამ აინტერესებთ — საბაბი იპოვონ იესოს დასადანაშაულებლად.

მაგრამ იესომ კარგად უწყის, რა აქვთ ამ თვალთმაქცებს გულში. ის ხედავს, რომ მათ ღვთის თვალსაზრისისგან განსხვავებული, უკიდურესად რადიკალური შეხედულება აქვთ იმის თაობაზე, თუ როგორი სამუშაოს შესრულება ითვლება შაბათის დარღვევად (გამოსვლა 20:8—10). იესო ხომ თავად გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო, რომ შაბათს სიკეთე გააკეთა. იგი არც ახლა ერიდება ფარისევლებთან დაპირისპირებას და ხელგამხმარ კაცს ყველას გასაგონად მიმართავს: „ადექი, შუაში გამოდი“ (მარკოზი 3:3).

შემდეგ მწიგნობრებსა და ფარისევლებს ეკითხება: „რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ მოჰკიდებს ხელს და არ ამოიყვანს?“ (მათე 12:11). ვინაიდან ცხვარს გარკვეული მოგება მოაქვს პატრონისთვის, ის მას არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს მეორე დღემდე ორმოში, რადგან ცხვარი შეიძლება მოკვდეს და პატრონი აზარალოს. გარდა ამისა, წმინდა წერილებში ნათქვამია: „მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს“ (იგავები 12:10).

ამის შემდგომ იესო ასეთ პარალელს ავლებს: „ადამიანი კი რამდენად უფრო ძვირფასია ცხვარზე! ასე რომ, შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია“ (მათე 12:12). აქედან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იესოს არ დაურღვევია შაბათი, როცა ხელგამხმარი კაცი განკურნა. ასე რომ, რელიგიურ წინამძღოლებს არაფერი ეთქმით; მათ არ შეუძლიათ დაუპირისპირდნენ ასეთ ძლიერ ლოგიკასა და თანაგრძნობით განმსჭვალულ შედარებას.

მათი დამახინჯებული აზროვნებით აღშფოთებული და, ამავდროულად, მათი გულქვაობით დამწუხრებული იესო იქაურობას მოავლებს თვალს, შემდეგ კი ხელგამხმარ კაცს ეუბნება: „გაიწოდე ხელი!“ (მათე 12:13). გაწვდენისთანავე მას ხელი მყისვე საღი უხდება. ეს მართლაც დიდი სიხარულის მიზეზია ამ კაცისთვის, მაგრამ უხარიათ კი ამ დროს მათ, ვინც იესოს დადანაშაულებას ცდილობს?

იმის მაგივრად, რომ განკურნებული კაცის სიხარული გაიზიარონ, ეს უგულო ფარისევლები მაშინვე მიდიან ჰეროდეს მომხრეებთან, მის პოლიტიკურ თანამოაზრეებთან, და იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ მოკლან იესო (მარკოზი 3:6). ჰეროდეს თანამოაზრეებს შორის, როგორც ჩანს, სადუკეველებად წოდებული რელიგიური ჯგუფის წევრებიც არიან. ჩვეულებრივ, სადუკეველები და ფარისევლები ერთმანეთს მტრობენ, მაგრამ ამჯერად ერთიანდებიან და იესოს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ.

გაიგეთ მეტი

უნდა იცავდნენ ქრისტიანები შაბათს?

თუ არ მოეთხოვებათ, მაშინ რატომ წერია ბიბლიაში, რომ ეს სამარადისო, მარადიული აღთქმაა?