წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 40

რას ნიშნავს ნამდვილი გულმოწყალება

რას ნიშნავს ნამდვილი გულმოწყალება

ლუკა 7:36—50

  • ერთი ქალი, რომელსაც ცოდვილის სახელი აქვს, იესოს ფეხებზე ნელსაცხებელს სცხებს

  • იესო სიტყვით და საქმით აჩვენებს, რას ნიშნავს ნამდვილი გულმოწყალება

თითოეულ ადამიანს განსხვავებული გულის მდგომარეობა აქვს, ამიტომ ყველა ერთნაირად როდი რეაგირებს იესოს სიტყვებსა და საქმეებზე. ეს კიდევ ერთხელ ხდება ცხადი იესოს გალილეაში ყოფნის დროს. ერთი ფარისეველი, სიმონი იესოს სადილად ეპატიჟება. მას, ალბათ, სურს, უკეთ გაიცნოს ის, ვინც ამხელა სასწაულებს ახდენს. იესო თანხმდება, რადგან, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ იქ შეკრებილთათვის ქადაგების შესაძლებლობა მიეცემა, როგორც მაშინ, როცა მათეს ესტუმრა და მებაჟეებსა და ცოდვილებს უქადაგა.

თუმცა სიმონის სახლში იესოს ისე არ ხვდებიან, როგორც ეს მათ მხარეშია მიღებული. პალესტინაში, სადაც ძალიან მტვრიანი ქუჩები იყო, სანდლებში კაცს ფეხები ემტვერებოდა და უხურდა, ამიტომ, ჩვეულებისამებრ, სტუმართმოყვარეობის მაჩვენებელი იყო, თუ მასპინძელი სტუმარს ცივი წყლით ჰბანდა ფეხებს. მაგრამ იესოს ფეხებს არავინ ჰბანს; სტუმრად მისულს არც არავინ კოცნის, რაც ადგილობრივ ჩვეულებად ითვლება. სტუმართმოყვარეობისა და კეთილგანწყობის ნიშნად მას არც ზეთს სცხებენ თავზე. ამიტომ ჩნდება კითხვა: ნამდვილად სასურველი სტუმარია იესო სიმონის სახლში?

უკვე ყველა სუფრასთანაა. ამ დროს ერთი ქალი უხმოდ შემოდის ოთახში. ის არავის მიუპატიჟებია; ამ ქალს „ქალაქში ცოდვილის სახელი აქვს“ (ლუკა 7:37). მართალია, ყველა არასრულყოფილი ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ამ ქალს ცოდვილის სახელი იმიტომ აქვს, რომ უზნეო ცხოვრებით ცხოვრობს და შეიძლება მეძავიც კია. მას, ალბათ, სმენია, რის შესახებ ქადაგებს იესო და, უდავოდ, მისი მოწოდებაც მოსმენილი აქვს: „მოდით ჩემთან . . . ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28, 29). როგორც ჩანს, ეს ქალი გულგრილი არ დატოვა იესოს სიტყვებმა თუ საქმეებმა და სწორედ ამიტომ მოძებნა იგი.

ქალი ზურგიდან უახლოვდება იესოს და მის ფერხთით ჯდება; მას ხელში ნელსაცხებელი უჭირავს. ატირებული თავისი ცრემლით ფეხებს უსველებს იესოს და თმით უმშრალებს, თან ფეხებს ნაზად უკოცნის და ნელსაცხებლით უზელს. ამის დანახვაზე სიმონი, რომელიც აშკარად უკმაყოფილოა, ფიქრობს: „ეს კაცი რომ წინასწარმეტყველი იყოს, ეცოდინებოდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას, ის ხომ ცოდვილია“ (ლუკა 7:39).

იესო ხვდება, რას ფიქრობს სიმონი და ეუბნება: „სიმონ, რაღაც მინდა გითხრა“. სიმონი პასუხობს: „ბრძანე, მოძღვარო!“. იესოც არ აყოვნებს და ამბობს: „ერთ გამსესხებელს ორი მოვალე ჰყავდა. ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს — ორმოცდაათი. ვინაიდან გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, მან მთელი გულით აპატია ორივეს. მითხარი, ვინ უფრო მეტად შეიყვარებს მას?“. სიმონი ცალყბად პასუხობს: „ჩემი აზრით, ის, ვისაც უფრო მეტი აპატია“ (ლუკა 7:40—43).

იესო ეთანხმება, შემდეგ ქალისკენ ბრუნდება და ეუბნება სიმონს: „ხედავ ამ ქალს? მე შენს სახლში შემოვედი, შენ წყალიც არ მომეცი ფეხების დასაბანად, ამ ქალმა კი ფეხები ცრემლებით დამისველა და თავისი თმით შემიმშრალა. შენ არც მაკოცე, ეს ქალი კი იმ საათიდან, რაც შემოვედი, ნაზად მიკოცნის ფეხებს. შენ ზეთიც არ გიცხია ჩემთვის თავზე, ამ ქალმა კი ნელსაცხებელი მცხო ფეხებზე“. იესო ხედავს, რომ ეს ქალი ნამდვილად გულწრფელად ინანიებს თავის ცოდვებს, ამიტომ დასასრულს ამბობს: „გეუბნები, თუმცა ბევრი ცოდვა აქვს, ეპატია, რადგან მეტად შეიყვარა. ვისაც ცოტა ეპატიება, ცოტათი უყვარს“ (ლუკა 7:44—47).

რა თქმა უნდა, იესო არ იწყნარებს უზნეობას, მაგრამ მისი მოქმედებიდან იმას ვხედავთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას მომნანიე შემცოდველების მიმართ — იგი თანაუგრძნობს მათ, თუ ისინი ინანიებენ და მას თავიანთ მხსნელად აღიარებენ. წარმოიდგინეთ, როგორ შვებას გრძნობს ეს ქალი, როცა ისმენს იესოს სიტყვებს: „გეპატია ცოდვები . . . შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით“ (ლუკა 7:48, 50).

გაიგეთ მეტი

გვპატიობს ღმერთი ცოდვებს?

გვპატიობს ღმერთი სერიოზულ ცოდვებს? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ღვთის კეთილგანწყობილება მოვიპოვოთ?

„იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით“

ღმერთი მზად არის, აპატიოს მომნანიე შემცოდველებს. როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე, როცა საქმე სხვების პატიებას ეხება? რატომ არის პატიება ძალიან მნიშვნელოვანი?

მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს

დაფიქრდით, როგორ შეიძლება მივბაძოთ იეჰოვას და ვაპატიოთ მზადყოფნით.