წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 30

იესო ღვთის ძეა

იესო ღვთის ძეა

იოანე 5:17—47

  • ღმერთი იესოს მამაა

  • იესო ამბობს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა

მას შემდეგ, რაც ზოგი იუდეველი იესოს შაბათის დარღვევაში იმის გამო სდებს ბრალს, რომ ავადმყოფი კაცი განკურნა, ის ამბობს: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოანე 5:17).

სინამდვილეში იესო შაბათის დაცვასთან დაკავშირებულ ღვთის კანონს კი არ არღვევს, არამედ ქადაგებითა და სხვების განკურნებით იმას აჩვენებს, რომ ღმერთს ჰბაძავს და მასავით სიკეთეს არ იშურებს სხვებისთვის. ამიტომ იესო ყოველდღე უშურველად თესავს სიკეთეს. თუმცა მისი სიტყვები კიდევ უფრო აღაშფოთებს ბრალმდებლებს; ისინი იმ ზომამდეც კი მიდიან, რომ იესოს მოკვლას განიზრახავენ. რა არის მათი განრისხების მიზეზი?

მათ აღშფოთებას მხოლოდ ის კი არ იწვევს, რომ, როგორც თავად თვლიან, იესო შაბათს არღვევს, არამედ ისიც, რომ საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს. იესოს ამ სიტყვებს ისინი მდგომარეობიდან გამოჰყავს, რადგან ფიქრობენ, რომ იესო ღმერთს უტოლებს თავს, რაც მათ თვალში მკრეხელობაა. მიუხედავად ამისა, იესო არ უშინდება მათ და ყურადღებას უმახვილებს, თუ როგორი ურთიერთობა აქვს თავის ზეციერ მამასთან. „მამას უყვარს ძე, — ამბობს ის. — და რასაც თვითონ აკეთებს, ყველაფერს აჩვენებს მას“ (იოანე 5:20).

ზეციერი მამა სიცოცხლის წყაროა და ეს მან მაშინ ცხადყო, როცა წარსულში ადამიანებს მკვდრების გაცოცხლების ძალა მისცა. იესო განაგრძობს: „როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას აცოცხლებს“ (იოანე 5:21). რაოდენ ღრმა აზრი დევს ამ სიტყვებში; ისინი ხომ მომავლის უტყუარ იმედს გვისახავს! ღვთის ძე უკვე ახლავე სულიერი გაგებით აცოცხლებს ადამიანებს. ამიტომ ამბობს: „ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს და მისი გასამართლება არ ხდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული“ (იოანე 5:24).

როგორც ვიცით, იესოს ჯერ არ აღუდგენია მკვდრები პირდაპირი გაგებით, მაგრამ თავის ბრალმდებლებს ის ეუბნება, რომ მკვდრეთით აღდგომა აუცილებლად იქნება. „მოდის საათი, — ამბობს ის. — როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

მიუხედავად იმისა, რომ იესოს ასეთი განსაკუთრებული მისია აკისრია, ის ხაზგასმით ამბობს, რომ მამას ექვემდებარება: „ჩემით არაფერს ვაკეთებ . . . ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოანე 5:30). ეს პირველი შემთხვევაა, როცა იესო ასე საჯაროდ საუბრობს თავის განსაკუთრებულ როლზე, ანუ იმაზე, თუ როგორ მოიყვანს ღვთის განზრახვას სისრულეში. თუმცა იესო ამბობს, რომ საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ თავად არ მოწმობს: „თქვენ კაცები გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ“ (იოანე 5:33).

ამ მამაკაცებმა, ალბათ, იციან, თუ რა უთხრა დაახლოებით ორი წლის წინ იოანე ნათლისმცემელმა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მოსულიყო მის შემდეგ — ის „წინასწარმეტყველი“ და „ქრისტე“ იქნებოდა (იოანე 1:20—25). იესო ბრალმდებლებს ახსენებს, თუ ერთ დროს რამხელა პატივს სცემდნენ იოანეს, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია: „თქვენ კი გინდოდათ, ცოტა ხნით გაგეხარათ მის სინათლეში“ (იოანე 5:35). ამის შემდეგ იესო საუბრობს მასზე, რომლის დამოწმებასაც იოანე ნათლისმცემლის დამოწმებაზე გაცილებით დიდი ძალა აქვს.

„ის საქმეები, რომლებსაც ვაკეთებ [მათ შორის ცოტა ხნის წინ ავადმყოფის განკურნება], მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა“. იესო აგრეთვე დასძენს: „ჩემზე თვითონ მამამაც დაამოწმა, რომელმაც გამომგზავნა“ (იოანე 5:36, 37). ალბათ გახსენდებათ, როგორ დაამოწმა ღმერთმა იესოს შესახებ მისი ნათლობის დროს (მათე 3:17).

მათ, ვინც უარყოფს იესოს, ნამდვილად არა აქვთ გამართლება. მათ ხომ თავი მოაქვთ, რომ ღრმად იკვლევენ ღვთის სიტყვას, არადა წმინდა წერილები აშკარად მოწმობს იესოს შესახებ. „მოსე რომ გერწმუნათ, მეც მირწმუნებდით, — ამბობს იესო. — რადგან მან დაწერა ჩემზე. თუ მისი დაწერილი არა გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა ირწმუნებთ?“ (იოანე 5:46, 47).