წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 38

იოანეს მეტის გაგება სურს იესოზე

იოანეს მეტის გაგება სურს იესოზე

მათე 11:2—15; ლუკა 7:18—30

  • იოანე ნათლისმცემელს აინტერესებს, რა მისია აკისრია იესოს

  • იესო პატივს მიაგებს იოანეს

იოანე ნათლისმცემელი უკვე დაახლოებით ერთი წელია, რაც პატიმრობაშია, მაგრამ იქაც იგებს იესოს გასაოცარი საქმეების შესახებ. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა ეუფლება მას, როცა თავისი მოწაფეები ატყობინებენ, რომ იესომ ნაინელი ქვრივის ვაჟი აღადგინა მკვდრეთით. თუმცა იოანეს სურს, უშუალოდ იესოსგან მოისმინოს, რაზე მოწმობს ეს ყველაფერი. ამიტომ თავის ორ მოწაფეს უხმობს, იესოსთან გზავნის და მათი პირით უთვლის: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“ (ლუკა 7:19).

გასაკვირი ხომ არ არის იოანეს მხრიდან ასეთი კითხვის დასმა? იოანე ღვთის ერთგული მსახურია, რომელმაც დაახლოებით ორი წლის წინ იესოს მონათვლის დროს საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გადმოვიდა იესოზე ღვთის წმინდა სული და ისიც მოისმინა, თუ როგორ დაამოწმა ღმერთმა თავის ძეზე ზეციდან. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ იოანეს რწმენა შეუსუსტდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, იესო არ იტყოდა მასზე იმას, რასაც მოგვიანებით ვიგებთ. მაშ, რატომ სვამს იოანე ასეთ კითხვას იესოს შესახებ, თუ ეჭვი არ ეპარება მასში?

შესაძლოა იოანეს სურს, უშუალოდ იესოსგან გაიგოს, რომ ის ნამდვილად მესიაა. ეს, უეჭველად, ძალას შეჰმატებს საპატიმროში მყოფ ამ მრავალჭირნახულ ღვთის მსახურს. თუმცა, როგორც ჩანს, იოანე თავის კითხვაში უფრო მეტს გულისხმობს. მან კარგად იცის ღვთის ცხებულზე წარმოთქმული ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომელთა თანახმადაც, ის მეფე და მხსნელი უნდა გახდეს. მაგრამ იესოს ნათლობიდან უკვე თვეებია გასული, იოანე კი ჯერ კიდევ პატიმრობაშია. ამიტომ კითხულობს, ვინმე სხვას ხომ არ უნდა ელოდონ, რომელიც იესოს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ყველა იმ წინასწარმეტყველებას შეასრულებს, რომლებიც მესიაზე წარმოითქვა.

ნაცვლად იმისა, რომ იესომ იოანეს მოწაფეებს უთხრას: „რა თქმა უნდა, ეს მე ვარ, ვინც უნდა მოსულიყო“, ის იმ სასწაულებზე უმახვილებს ყურადღებას, მათ შორის სხვადასხვა სნეულებით დაავადებულთა განკურნებაზე, რაც აშკარად მოწმობს, რომ მას ღმერთი უჭერს მხარს და სწორედ მისი ძალით იქმს დიდებულ საქმეებს. ამის შემდეგ ეუბნება: „წადით და მოუყევით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: უსინათლოებს მხედველობა უბრუნდებათ და კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან, ღარიბებს კი სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“ (მათე 11:4, 5).

შესაძლოა იოანე მოელის, რომ იესო უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე ახლა და იმასაც ფიქრობს, რომ მას პატიმრობიდან გაათავისუფლებს; ალბათ, სწორედ ამიტომ სვამს კითხვას. მაგრამ იესო, ფაქტობრივად, ეუბნება იოანეს, რომ იმაზე მეტს აღარ ელოდოს, რასაც უკვე აკეთებს.

იოანეს მოწაფეების წასვლის შემდეგ იესო ხალხს იოანეს შესახებ ეუბნება, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ წინასწარმეტყველი. იოანე მალაქიას 3:1-ში ნახსენები იეჰოვას მიერ აღთქმული „მაცნეა“. მასზე ელიამაც იწინასწარმეტყველა, როგორც ამის შესახებ მალაქიას 4:5, 6-ში ვკითხულობთ. იესო უხსნის მათ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (მათე 11:11).

იესო ამბობს, რომ ზეციერ სამეფოში ყველაზე მცირეც კი იოანეზე დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს. იოანემ გზა მოუმზადა იესოს, მაგრამ ის მანამდე მოკვდა, ვიდრე ქრისტე ზეცისკენ მიმავალ გზას გახსნიდა (ებრაელები 10:19, 20). იოანე ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი იყო და დედამიწაზე ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი იქნება.

გაიგეთ მეტი

რას ამბობს ბიბლია მესიის შესახებ

იცოდით, რომ ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია მანამ მოკვდებოდა, სანამ თავის მისიას ბოლომდე შეასრულებდა?