წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 37

იესო მკვდრეთით აღადგენს ქვრივის ვაჟს

იესო მკვდრეთით აღადგენს ქვრივის ვაჟს

ლუკა 7:11—17

  • ნაინისკენ მიმავალი იესო მკვდარს აღადგენს

მას შემდეგ მალევე, რაც იესო ასისთავის მსახურს კურნავს, ტოვებს კაპერნაუმს და გეზს იღებს ქალაქ ნაინისკენ, რომელიც კაპერნაუმიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარეობს. იესო მარტო არ არის, მას მოწაფეები და დიდძალი ხალხი მიჰყვებიან. როგორც ჩანს, ნაინს ისინი საღამო ხანს უახლოვდებიან. გზად ხედავენ, როგორ მოასვენებენ იუდეველები ქალაქიდან ერთ ახალგაზრდას.

მოტირალთა შორის ყველაზე გულმოკლული, რასაკვირველია, მიცვალებულის დედაა, ქვრივი ქალი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც სიკვდილმა გამოაცალა ხელიდან. ქმრის დაღუპვის შემდეგ ეს ქალი ნუგეშს თავის ვაჟში პოულობდა. წარმოიდგინეთ, როგორი მიჯაჭვული იქნებოდა იგი თავის შვილზე! ალბათ, მთელ თავის იმედებს მასზე ამყარებდა. ახლა კი იგი მის გვერდით აღარ არის, ის სრულიად მარტო დარჩა. ვინ იზრუნებს ახლა ამ სულგამწარებულ ქალზე და ვინ ამოუდგება მხარში?

ამ გულმოკლული ქალის დანახვაზე იესოს გული ეწვება. თანაგრძნობით განმსჭვალული ძალიან თბილად და, ამავდროულად, საკმაოდ დამაჯერებლად ეუბნება ქალს: „ნუ ტირი“. თუმცა ის მხოლოდ ამ სიტყვებს არ სჯერდება და ეხება საკაცეს, რომელზეც მკვდარი ასვენია (ლუკა 7:13, 14). ამ დროს ყველა მგლოვიარე ჩერდება და მთელ ყურადღებას იესოს აპყრობს. ალბათ, აინტერესებთ, რის გაკეთებას აპირებს იგი.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ დროს იესოს თანამგზავრები, რომლებიც არაერთი სასწაულებრივი განკურნების თვითმხილველები გახდნენ. როგორც ჩანს, მათ ჯერ არ უნახავთ, რომ იესოს ვინმე აღედგინოს მკვდრეთით. რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია ძველად მომხდარი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები, მაგრამ შეძლებს იესო, მსგავსი რამ მოიმოქმედოს? (1 მეფეები 17:17—23; 2 მეფეები 4:32—37). ამ დროს იესო ყველას გასაგონად ამბობს: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“ და ბიჭიც თვალს ახელს — წამოჯდება და ლაპარაკს იწყებს (ლუკა 7:14). იესო მას დედამისს აბარებს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს. ალბათ, ამ ქალის სიხარულს საზღვარი არა აქვს — ის ხომ მეტად აღარ იქნება მარტო!

ხალხი, რომელიც საკუთარი თვალით ხედავს ამ სასწაულს, განადიდებს იეჰოვას, სიცოცხლის წყაროს: „დიდი წინასწარმეტყველი გამოჩნდა ჩვენ შორის“. ბევრი ხვდება, სინამდვილეში რაზე მოწმობს ეს დიდებული საქმეები და ამბობს: „ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“ (ლუკა 7:16). ამ სასწაულის შესახებ უმალვე იგებენ ნაინის შემოგარენში და, როგორც ჩანს, ნაზარეთშიც, იესოს მშობლიურ ქალაქში, რომელიც ნაინიდან დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული. ეს ამბავი იუდეამდეც კი აღწევს, რომელიც საკმაოდ მოშორებით, სამხრეთით მდებარეობს.

ამ დროს იოანე ნათლისმცემელი ჯერ კიდევ ციხეშია; მას სურს, მეტი გაიგოს იესოს საქმეების შესახებ. იოანეს თავისი მოწაფეები უყვებიან, ბოლო დროს რა სასწაულები მოახდინა იესომ. როგორ რეაგირებს იოანე ამის მოსმენაზე?

გაიგეთ მეტი

რა არის მკვდრეთით აღდგომა?

შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, თუ ვინ აღდგება მომავალში.