წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 49

იესო ქადაგებს და მოციქულებს ამზადებს გალილეაში

იესო ქადაგებს და მოციქულებს ამზადებს გალილეაში

მათე 9:35—10:15; მარკოზი 6:6—11; ლუკა 9:1—5

  • იესო კიდევ ერთ სამქადაგებლო მოგზაურობას იწყებს გალილეაში

  • იესო მოციქულებს საქადაგებლად გზავნის

იესო უკვე დაახლოებით ორი წელია აქტიურად ქადაგებს. იქნებ დადგა დრო, რომ ცოტა ამოისუნთქოს? ნაცვლად ამისა, იესო უფრო აფართოებს თავის მსახურებას და „დადის . . . [გალილეის] ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლის სინაგოგებში, ქადაგებს სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავს ნებისმიერ ავადმყოფობასა და უძლურებას“ (მათე 9:35). ის, რასაც იესო მსახურების დროს საკუთარი თვალით ხედავს, კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ საჭიროა, ქადაგებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს იგი.

თავისი სამქადაგებლო მოგზაურობის დროს იესო ხედავს, რომ ხალხს სულიერი დახმარება და ნუგეში სჭირდება. ისინი უმწყემსო ცხვარივით არიან გასავათებული და დაფანტული. მას გული ეწვის მათ გამო, ამიტომ მოწაფეებს ეუბნება: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38).

იესომ იცის, როგორ წამოაყენოს ფეხზე ასეთი გათანგული ხალხი. იგი 12 მოციქულს უხმობს, ექვს წყვილად ყოფს და, სანამ საქადაგებლად გაგზავნის, კონკრეტულ მითითებებს აძლევს: «არ წახვიდეთ უცხოტომელების გზით და არ შეხვიდეთ სამარიელების ქალაქში, არამედ იარეთ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან. იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათე 10:5—7).

მათ სწორედ იმ სამეფოს შესახებ უნდა აუწყონ, რომელიც იესომ მაშინ მოიხსენია, როცა თავის მიმდევრებს ასწავლა, როგორ უნდა ელოცათ. ზეციერი სამეფო იმ გაგებითაა მოახლოებული, რომ ღვთის მიერ არჩეული მეფე, იესო ქრისტე, ახლა მათ გვერდითაა. მაგრამ საინტერესოა, რა იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მოწაფეები ნამდვილად ამ სამეფოს წარმომადგენლები არიან? იესო მათ იმის ძალას აძლევს, რომ განკურნონ სნეულნი და მკვდრებიც კი აღადგინონ; აღსანიშნავია, რომ ამ ყოველივეს ისინი გასამრჯელოს გარეშე გააკეთებენ. მაშ, როგორ შეძლებენ საქადაგებლად გაგზავნილი მოციქულები თავიანთ აუცილებელ საჭიროებებზე ზრუნვას, მაგალითად როგორ მოიპოვებენ ყოველდღიურ სარჩოს?

იესო თავის მოციქულებს ეუბნება, რომ სამქადაგებლო მოგზაურობის დროს სარჩო-საბადებელზე ნაკლებად იფიქრონ. მათ არ უნდა შეიძინონ ოქრო-ვერცხლი ან სპილენძი და არც საგზალი წაიღონ თან. მოციქულებს არც ორი ხელი ტანსაცმელი და სანდლები დასჭირდებათ. საინტერესოა, რატომ. იესო არწმუნებს მათ: „მშრომელი საზრდოს ღირსია“ (მათე 10:10). ხალხი, რომელიც მიიღებს ცნობას სამეფოს შესახებ, იზრუნებს კიდეც მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე. იესო ეუბნება მოციქულებს: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ წამოხვალთ იმ ადგილიდან“ (მარკოზი 6:10).

იესო აგრეთვე მითითებას აძლევს თავის მოციქულებს, როგორ უნდა მოიქცნენ ქადაგების დროს თითოეულ სახლში შესვლისას: „სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს და თუ სახლი ღირსია, მშვიდობა, რომელიც თქვენ უსურვეთ, მიუვიდეს მას, ხოლო თუ არ არის ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდეთ. სადაც არ მიგიღებენ ან არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ“ (მათე 10:12—14).

შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მთელმა ქალაქმა ან სოფელმა უარყოს მოციქულების მიერ მიტანილი ცნობა. როგორ შემოუბრუნდებათ ეს იქ მცხოვრებთ? იესო მოწაფეებს უმჟღავნებს, თუ რა განაჩენი ელით ასეთებს: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: სოდომისა და გომორას მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის“ (მათე 10:15).