არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 55

იესოს სიტყვები ბევრს საგონებელში აგდებს

იესოს სიტყვები ბევრს საგონებელში აგდებს

იოანე 6:48—71

  • იესო მსმენელს ეუბნება, რომ აუცილებელია მისი „ხორცის ჭამა“ და მისი „სისხლის დალევა“

  • ბევრი ბრკოლდება იესოს სიტყვების მოსმენაზე და აღარ დაჰყვება მას

მას შემდეგ, რაც გალილეის ზღვის აღმოსავლეთით რამდენიმე თევზითა და პურით იესომ სასწაულებრივად დააპურა ხალხი, ისინი უკან, კაპერნაუმის ტერიტორიაზე, დაბრუნდნენ და იქაც იპოვეს იესო, რომელმაც უთხრა მათ, რომ ის „ჭეშმარიტი პური“ იყო ზეციდან. ახლა უკვე იესო კაპერნაუმის სინაგოგაშია და კვლავ ამ თემაზე აგრძელებს საუბარს; როგორც ჩანს, ის უფრო შლის ამ საკითხს.

იესო განაგრძობს მსჯელობას და ამბობს: „თქვენი მამა-პაპა უდაბნოში მანანას ჭამდა, მაგრამ მაინც დაიხოცნენ“. შემდეგ კი ანახვებს სხვაობას: „მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ“ (იოანე 6:48—51).

ახ. წ. 30 წლის გაზაფხულზე იესომ ნიკოდემესთან საუბრის დროს აღნიშნა, თუ რა ძლიერ შეიყვარა ღმერთმა კაცობრიობა, რომლის სახსნელადაც თავისი ძე გაიღო მსხვერპლად. ახლა იესო იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აუცილებელია, მისმა მიმდევრებმა შეჭამონ „მისი ხორცი“ ანუ რწმენა გამოავლინონ იმ მსხვერპლის მიმართ, რომელსაც იგი გაიღებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს.

მაგრამ ხალხს არ მოსწონს მისი ნათქვამი. ისინი კითხულობენ: „როგორ მოგვცემს ეს კაცი თავის ხორცს საჭმელად?“ (იოანე 6:52). იესო ცდილობს, დაანახვოს მათ, რომ სიმბოლური ენით საუბრობს და მისი ნათქვამი პირდაპირ არ უნდა გაიგონ. ამას მისი შემდეგი სიტყვები ადასტურებს:

„თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს . . . რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი — ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, ერთობაში რჩება ჩემთან, მე კი — მასთან“ (იოანე 6:53—56).

ალბათ, როგორ გააღიზიანებდათ ამ სიტყვების მოსმენა იუდეველებს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ იესო კანიბალიზმისკენ ან ღვთის კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს მათ, რომლის თანახმადაც იკრძალება სისხლის მიღება (დაბადება 9:4; ლევიანები 17:10, 11). მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, იესო აქ პირდაპირი გაგებით ხორცის ჭამასა და სისხლის დალევაზე არ საუბრობს. მას იმის დანახვება სურს, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად ადამიანმა რწმენა უნდა გამოავლინოს იმ მსხვერპლის მიმართ, რომელსაც იესო მაშინ გაიღებს, როცა კაცობრიობისთვის სისხლს დაღვრის და სრულყოფილ სხეულს გასწირავს. ასეთი განმარტების მიუხედავად, ბევრი მისი მოწაფეც კი ვერ სწვდება ბოლომდე იესოს სწავლების მნიშვნელობას. ზოგი ასე რეაგირებს: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“ (იოანე 6:60).

იესო ხედავს, როგორ დრტვინავს ზოგი მისი მოწაფე; ამიტომ ეკითხება მათ: „ეს გაბრკოლებთ? მაშინ რაღას იზამთ, კაცის ძე რომ იქ ამავალი დაინახოთ, სადაც აქამდე იყო? . . ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა. მაგრამ თქვენ შორის ისეთებიც არიან, რომელთაც არა სწამთ“. ამის მოსმენაზე ბევრი მოწაფე ტოვებს მას და მეტად აღარ დაჰყვება (იოანე 6:61—64).

მაშინ იესო თავის 12 მოციქულს ეკითხება: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“. ამაზე პეტრე პასუხობს: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“ (იოანე 6:67—69). რამხელა ერთგულების მაჩვენებელია პეტრეს მხრიდან ეს სიტყვები, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმ დროს არც მას და არც სხვა მოციქულებს ბოლომდე არ ესმოდათ ამ საკითხთან დაკავშირებით იესოს სწავლების მნიშვნელობა!

იესოს გულგრილს არ ტოვებს პეტრეს ნათქვამი, მაგრამ ამბობს: „თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ცილისმწამებელია“ (იოანე 6:70). იესო იუდა ისკარიოტელს გულისხმობს. შესაძლოა სწორედ ამ დროს შენიშნა იესომ, რომ იუდა აჰყვა ბოროტ სურვილებს.

და მაინც, იესოს უხარია, რომ პეტრეს და სხვა მოციქულებს კვლავაც სურთ, მიჰყვნენ მას და აკეთონ ის საქმე, რომელსაც თავად ეწევა და რომელიც მრავალთა ხსნას ემსახურება.