წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 47

იესო მკვდრეთით აღადგენს პატარა გოგონას

იესო მკვდრეთით აღადგენს პატარა გოგონას

მათე 9:18, 23—26; მარკოზი 5:22—24, 35—43; ლუკა 8:40—42, 49—56

  • იესო მკვდრეთით აღადგენს იაიროსის ასულს

იაიროსი საკუთარი თვალით ხედავს, როგორ განკურნა იესომ სისხლდენით გატანჯული ქალი. ის დარწმუნებულია, რომ იესოს მისი შვილის დახმარებაც შეუძლია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე მკვდარია (მათე 9:18). საინტერესოა, როგორ წარიმართება მოვლენები.

სანამ იესო იმ ქალს ელაპარაკება, რომელიც განკურნა, იაიროსის სახლიდან რამდენიმე კაცი მოდის და ატყობინებს: „შენი ასული მოკვდა!“. შემდეგ კი ეუბნებიან: „რატომღა აწუხებ მოძღვარს?“ (მარკოზი 5:35).

რა თავზარდამცემი ამბავია! საზოგადოებაში ეს მეტად პატივდებული კაცი ახლა სრულიად უმწეო და უსუსურია. მას ერთადერთი შვილი გამოეცალა ხელიდან! იესოს ესმის მათი სიტყვები და იაიროსს ანუგეშებს: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“ (მარკოზი 5:36).

შემდეგ მას სახლში მიჰყვება. იქ მისულთ ასეთი სურათი ხვდებათ: იაიროსის სახლში თავმოყრილი ხალხი ჩოჩქოლებს, ტირის და მწუხარებისგან მკერდში მჯიღს იცემს. იესო შიგნით შედის და ისეთ სიტყვებს ამბობს, რაც გარშემომყოფთ აოგნებს: „ბავშვი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“ (მარკოზი 5:39). მისი ეს სიტყვები ხალხს სიცილად არ ჰყოფნის. მათ იციან, რომ გოგონა მკვდარია. მაგრამ იესო ყველა იქ მყოფთ უმტკიცებს, რომ ღვთის ძალით ადამიანის მკვდრეთით აღდგენა ისევეა შესაძლებელი, როგორც ღრმად ჩაძინებულის გამოღვიძება.

იესო პეტრეს, იაკობის, იოანესა და მკვდარი გოგონას მშობლების გარდა ყველას სთხოვს, დატოვონ იქაურობა. მას თან მიჰყავს ისინი და შედის იმ ოთახში, სადაც ბავშვი წევს. იგი ხელზე ხელს ჰკიდებს გოგონას და ეუბნება: «„ტალითა კუმი“, რაც ასე ითარგმნება: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“» (მარკოზი 5:41). გოგონა მაშინვე დგება და სიარულს იწყებს! წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდნენ იაიროსი და მისი ცოლი! მათ აღტაცებას საზღვარი არა აქვს! ის, რასაც იესო შემდეგ ამბობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გოგონა ნამდვილად გაცოცხლდა. იგი ეუბნება იქ მყოფთ, რომ გოგონას საჭმელი აჭამონ.

იესო ხშირად ეუბნებოდა მათ, ვისაც სასწაულებრივად კურნავდა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ. ამჯერადაც ამავეს უმეორებს გოგონას მშობლებს. მიუხედავად მისი თხოვნისა, ამ ამბით უზომოდ გახარებული მშობლები და ახლობლები მთელ იმ მხარეში ლაპარაკობენ მომხდარის თაობაზე (მათე 9:26). ალბათ, თქვენც ვერ შეიკავებდით თავს, საყვარელი ადამიანი მკვდრეთით აღმდგარი რომ გენახათ და ყველას გააგებინებდით ამის შესახებ. ეს სახარებებში ჩაწერილი მეორე შემთხვევაა, როდესაც იესომ მკვდარი აღადგინა.

გაიგეთ მეტი

იქნება მკვდრეთით აღდგომა?

თქვენც განგიცდიათ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი? თქვენთვის მანუგეშებელი იქნება ბიბლიაში მოცემული დანაპირები.