წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 31

თავთავების გლეჯა შაბათ დღეს

თავთავების გლეჯა შაბათ დღეს

მათე 12:1—8; მარკოზი 2:23—28; ლუკა 6:1—5

  • იესოს მოწაფეები შაბათ დღეს თავთავებს გლეჯენ

  • იესო „შაბათის უფალია“

იესო და მისი მოწაფეები ამჯერად ჩრდილოეთით, გალილეისკენ მიემართებიან. უკვე გაზაფხულია და ყანებში ხორბლის ღეროებიდან სავსე თავთავები მოჩანს. იესოს მოწაფეებს იმდენად შიათ, რომ თავთავებს გლეჯენ და ჭამენ. ვინაიდან შაბათი დღეა, ფარისევლებს ეს შეუმჩნეველი არ რჩებათ.

ალბათ, გახსოვთ, რატომ დააპირა არც ისე დიდი ხნის წინ იერუსალიმში ზოგმა იუდეველმა იესოს მოკვლა; ისინი მას შაბათის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ახლა კი იესოს ფარისევლები იმის გამო სდებენ ბრალს, რასაც მისი მოწაფეები აკეთებენ: „შეხედე! შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც შაბათს ნებადართული არ არის“ (მათე 12:2).

ფარისევლები ამტკიცებენ, რომ თავთავების გლეჯა და ხელით ფშვნეტა მკისა და ლეწვის ტოლფასია (გამოსვლა 34:21). მათ მკაცრი წესები დაადგინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ითვლებოდა მუშაობად და რა — არა; სწორედ ამის გამო შაბათი მძიმე ტვირთად ექცა ხალხს, არადა ღვთის ჩანაფიქრის თანახმად, ის ხომ სიხარულის მომტანი და სულიერად გამომაცოცხლებელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ იესო ააშკარავებს მათ მცდარ შეხედულებას და მაგალითებით აჩვენებს, რომ იეჰოვა არასდროს მოითხოვდა თავისი მსახურებისგან შაბათის დაცვასთან დაკავშირებული კანონი ასეთი უკიდურესი სიმკაცრით გამოეყენებინათ.

თავდაპირველად იესოს დავითისა და მისი მსახურების მაგალითი მოჰყავს. ერთხელ, როდესაც დავითსა და მასთან მყოფთ მოშივდათ, შევიდნენ ღვთის კარავში და წარსადგენი პურები ჭამეს. ეს პურები, რომლებიც უკვე ახალი პურებით იყო შეცვლილი, როგორც წესი, მხოლოდ მღვდლებს უნდა ეჭამათ. მაგრამ ამ შემთხვევაში დავითისა და მისი მსახურებისთვის მსჯავრი არავის დაუდია (ლევიანები 24:5—9; 1 სამუელი 21:1—6).

მეორე მაგალითს იესო შემდეგი სიტყვებით იწყებს: „არ წაგიკითხავთ კანონში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან?“. ამ სიტყვებში იესო იმას გულისხმობს, რომ მღვდლები შაბათ დღესაც კლავენ ცხოველებს შესაწირავად და სხვა სამუშაოებსაც ასრულებენ ტაძარში. „მე კი გეუბნებით, — ამბობს იესო. — აქ არის რაღაც, რაც ტაძარზე დიდია“ (მათე 12:5, 6; რიცხვები 28:9).

იესო ისევ წმინდა წერილებს იშველიებს და დასძენს: «თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“, აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს». იესო სათქმელს ასე ასრულებს: „კაცის ძე შაბათის უფალია“. ამ სიტყვებში იესო თავისი ათასწლიანი მმართველობის მშვიდობიან პერიოდს გულისხმობს (მათე 12:7, 8; ოსია 6:6).

საუკუნეებია, რაც კაცობრიობა სატანის ბოროტი ქვეყნიერების მონობაშია, სადაც სისასტიკესა და ომებს არაერთი უბედურება მოაქვს ხალხისთვის. რაოდენ განსხვავებული იქნება მსოფლიო ქრისტეს მმართველობის, „დიდი შაბათის“, დროს, როცა ადამიანები მიიღებენ ნანატრ თავისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებენ ყველაფრისგან, რაც მათ ენით აუწერელ ტკივილს აყენებს.