წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 48

დიდებული საქმეების მიუხედავად, იესოს ნაზარეთში უარყოფენ

დიდებული საქმეების მიუხედავად, იესოს ნაზარეთში უარყოფენ

მათე 9:27—34; 13:54—58; მარკოზი 6:1—6

  • იესო კურნავს უსინათლოსა და მუნჯს

  • ნაზარეთელები უარყოფენ მას

რამდენი რამის გაკეთება შეძლო იესომ, სულ რაღაც, ერთ დღეში — დეკაპოლისიდან ზღვით იმგზავრა, სისხლდენით გატანჯული ქალი განკურნა და იაიროსის ასული მკვდრეთით აღადგინა. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. როდესაც იესო იაიროსის სახლს ტოვებს, ორი უსინათლო მიჰყვება, რომლებიც ყვირიან: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“ (მათე 9:27).

ისინი მას „დავითის ძედ“ მოიხსენიებენ, რითაც სახალხოდ აცხადებენ თავიანთი რწმენის შესახებ, რომ იესო დავითის ტახტის მემკვიდრე და, რაღა თქმა უნდა, მესიაა. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ იესო ყურადღებას არ აქცევს ამ კაცების ღაღადს. იგი შესაძლოა ცდის მათ და აინტერესებს, ბოლომდე იქნებიან თუ არა ასეთი დაჟინებულები. როგორც ჩანს, ისინი ასეც იქცევიან. როდესაც იესო სახლში შედის, უსინათლოებიც ფეხდაფეხ მიჰყვებიან. იესო ეკითხება მათ: „გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება?“ ისინი გადაჭრით პასუხობენ: „დიახ, უფალო“. მაშინ თვალებზე ეხება ამ კაცებს და ეუბნება: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ“ (მათე 9:28, 29).

მათ მყისვე უბრუნდებათ მხედველობა! ჩვეულებისამებრ, იესო მათაც სთხოვს, რომ ხალხში არ გაავრცელონ მომხდარის შესახებ. მაგრამ ისეთი გახარებულები არიან, რომ თავს ვერ იკავებენ და მთელ იმ მხარეს აგებინებენ თავს გადამხდარს.

მათი წასვლის შემდეგ იესოსთან მოჰყავთ ერთი მუნჯი კაცი, რომელიც დემონითაა შეპყრობილი. იესო მისგან დევნის დემონს, რის შემდეგაც კაცს მეტყველების უნარი უბრუნდება. ამის დანახვაზე გაოცებული ხალხი ამბობს: „ასეთი რამ ისრაელში არავის უნახავს“. იქვე ახლოს ფარისევლებიც არიან. ისინი ვერ უარყოფენ მომხდარს, მაგრამ კვლავ სდებენ იესოს ბრალს, რომ „დემონების მმართველის ძალით დევნის დემონებს“ (მათე 9:33, 34).

მოგვიანებით იესო მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ბრუნდება, ოღონდ ამჯერად მოწაფეებთან ერთად. დაახლოებით ერთი წლის უკან იესო ნაზარეთის სინაგოგაში ასწავლიდა. თავიდან ხალხი გაოცებული იყო მისი სწავლებით, მაგრამ ცოტა ხანში იმდენად განრისხდნენ მასზე, რომ მოკვლაც კი დაუპირეს. იესო კვლავ ცდილობს, დაეხმაროს თავის მშობლიურ მხარეში მცხოვრებთ.

შაბათს ის სინაგოგაში მიდის, რათა იქ შეკრებილთ ასწავლოს. ბევრი გაოცებას ვერ მალავს და კითხულობს: „საიდან აქვს ამ კაცს ასეთი სიბრძნე და ასეთი სასწაულების მოხდენის უნარი?“. ისინი დასძენენ: „ეს დურგლის ვაჟი არ არის? დედამისი მარიამი არ არის, მისი ძმები კი — იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა? მისი დებიც ხომ ყველანი ჩვენთან არიან? მაშ, საიდან აქვს მას ყოველივე ეს?“ (მათე 13:54—56).

ხალხი ფიქრობს, რომ იესო, უბრალოდ, ერთი იქაური კაცია. ამიტომ მათთვის დაუჯერებელია, რომ ის შეიძლება მესია იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ნაზარეთელებს ამის არაერთი მტკიცებულება აქვთ, თუნდაც ის, რომ არაერთხელ გახდნენ იესოს გასაოცარი სიბრძნისა და დიდებული საქმეების მოწმენი, მაინც უარყოფენ მას. იესოს ახლობლებიც კი ბრკოლდებიან მის გამო, რადგან კარგად იცნობენ მას. ამიტომაც ამბობს იესო: „წინასწარმეტყველს ყველგან სცემენ პატივს მშობლიური მხარისა და სახლის გარდა“ (მათე 13:57).

იესოს აკვირვებს, რატომ არის ეს ხალხი ასეთი ურწმუნო. ამიტომ სასწაულებს არ ახდენს ნაზარეთში, ის „მხოლოდ რამდენიმე უძლურს ადებს ხელს და კურნავს“ (მარკოზი 6:5, 6).

გაიგეთ მეტი

იესოს სასწაულები

რაზე მიუთითებდა იესოს სასწაულები და როგორ გამოიყენებს ის თავის ძალას მომავალში?