არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 35

დაუვიწყარი ქადაგება მთაზე

დაუვიწყარი ქადაგება მთაზე

მათე 5:1—7:29; ლუკა 6:17—49

  • მთაზე ქადაგება

მას შემდეგ, რაც იესომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და 12 მოციქული აირჩია, ალბათ, საკმაოდ დაიღალა, მაგრამ ახლა მას მაინც აქვს ძალა და სურვილი, დახმარების ხელი გაუწოდოს ხალხს. ის გალილეის მთის ფერდობისკენ იღებს გეზს, რომელიც, როგორც ჩანს, კაპერნაუმის მახლობლად მდებარეობს. როგორც ვიცით, სწორედ კაპერნაუმში ქადაგებდა უმთავრესად იესო.

აქ ჩამოსასვლელად ბევრმა დიდი მანძილი გამოიარა; ზოგი ქვეყნის სამხრეთი ნაწილიდან, იერუსალიმიდან და იუდეის სხვა მხარეებიდან ჩამოვიდა. ზოგიც — ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზღვისპირა ქალაქებიდან, ტვიროსიდან და სიდონიდან. რატომ გამოიარეს მათ ამხელა გზა? ისინი „მის [იესოს] მოსასმენად და სნეულებათაგან განსაკურნავად“ არიან მოსული. იესო იმედს არ უმტყუნებს ამ ხალხს და „ყველას კურნავს“. წარმოიდგინეთ, იესო განურჩევლად ყველას უბრუნებს ჯანმრთელობას! მას არც „უწმინდური სულებით გაწამებული“, ბოროტი ანგელოზების ტყვეობაში მყოფი ხალხი რჩება მხედველობიდან (ლუკა 6:17—19).

იესო მთის ფერდობზე ვაკე ადგილს ირჩევს, სადაც ხალხი მის გარშემო იკრიბება. ყველაზე ახლოს მასთან, როგორც ჩანს, მისი მოციქულები და სხვა მოწაფეები არიან. ყველას ერთი სული აქვს, მოუსმინოს ამ უბადლო მოძღვარს, რომელსაც დიდებული საქმეების მოხდენის ძალა შესწევს. შეკრებილი ხალხის გასაგონად იესო ისეთ სიტყვებს წარმოთქვამს, რომელიც მათ, უეჭველად, ბევრ რამეში წაადგება. ეს ქადაგება საუკუნეებია, რაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ჩვენც შეგვიძლია ვეზიაროთ ამ სიბრძნეს, რადგან იესომ ღრმა სულიერი საკითხები ძალიან მარტივი და გასაგები ენით გადმოსცა. იესოს ყოველდღიური ცხოვრებიდან მოჰყავს მაგალითები და ისეთ საკითხებზე საუბრობს, რაც ყველასთვის კარგადაა ნაცნობი. ასეთი მიდგომის შედეგად, მისი ნათქვამი მათთვის, ვინც ცდილობს, ღვთის მოსაწონად იცხოვროს, უფრო ადვილი გასაგები ხდება. მოდით, გავიგოთ, რატომ არის იესოს ქადაგება დღემდე ესოდენ ღირებული.

რა არის ნამდვილი ბედნიერება?

ყველას სურს, იყოს ბედნიერი. იესომ ეს კარგად უწყის და ამიტომაც იწყებს საუბარს იმით, თუ ვის შეიძლება ეწოდოს სინამდვილეში ბედნიერი. რასაკვირველია, ასეთი შესავალი ყველას ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ზოგი რამ იესოს ნათქვამიდან, ალბათ, საგონებელში აგდებს მსმენელს.

იესო ამბობს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ . . . ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან . . . ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან . . . ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ“ (მათე 5:3—12).

რას გულისხმობს იესო სიტყვაში „ბედნიერი“? ის არ გულისხმობს უბრალოდ მხიარულ განწყობას, რომელიც შესაძლოა კაცს მაშინ დაეუფლოს, როცა სასიამოვნოდ ატარებს დროს. ნამდვილი ბედნიერება გაცილებით ღრმა გრძნობაა; ბედნიერი კაცი შინაგან კმაყოფილებას განიცდის.

როგორც იესო აღნიშნავს, ბედნიერი ისაა, ვისაც გააზრებული აქვს, რომ სულიერის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, ვისაც კარგად ესმის, რამდენად ცოდვილია და განიცდის ამას; ვისაც სწყურია ღვთის უკეთ გაცნობა და სურს, მთელი გულით ემსახუროს მას. მაშინაც კი, თუ ასეთი ადამიანები ღვთის ნების შესრულების გამო მოძულებულნი და დევნილნი არიან, ბედნიერებას ანუ შინაგან კმაყოფილებას მაინც განიცდიან, რადგან ესმით, რომ ღმერთს უხარებენ გულს და სანაცვლოდ მისგან ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ.

 მაგრამ ბევრს იესოსგან სრულიად განსხვავებული აზრი აქვს და ფიქრობს, რომ ბედნიერება სიმდიდრესა და სიამოვნებათა ძიებაშია. ამიტომ იესო მათ გასაგონად ისეთ რამეს ამბობს, რაც, ალბათ, ბევრს ჩააფიქრებს: „მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან სრულად გაქვთ მიღებული ნუგეში. ვაი თქვენ, ვინც ახლა მაძღარნი ხართ, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ. ვაი თქვენ, თუ ყველა კარგს ლაპარაკობს თქვენზე, რადგან მათი წინაპრები ცრუწინასწარმეტყველებზეც ასე ლაპარაკობდნენ“ (ლუკა 6:24—26).

რატომ ეუბნება იესო ასეთ სიტყვებს მდიდარ, განცხრომის მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც ხალხისგან ეძებენ აღიარებას? მან კარგად იცის, რომ ის, ვინც ასე ცხოვრობს და ვისთვისაც ეს ყოველივე ფასეულია, ვერ იქნება ღვთის მსახური და ვერც ვერასდროს შეიგრძნობს ნამდვილ ბედნიერებას. მაგრამ იესო არც იმას ამბობს, რომ ის, ვინც ღარიბი და მშიერია, თავისთავად ბედნიერია. თუმცა ხშირად სწორედ ისე ხდება, რომ უქონელი ადამიანები ეხმიანებიან იესოს სწავლებებს და სანაცვლოდ ღმერთი მათ ბედნიერებას აზიარებს.

იესოს თავისი მოწაფეები ჰყავს მხედველობაში, როცა შემდეგს ამბობს: „თქვენ ხართ მიწის მარილი“ (მათე 5:13). რა თქმა უნდა, ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. როგორც ცნობილია, მარილი კარგი შემნახველი საშუალებაა და საკვებს გაფუჭებისგან იცავს. ღვთის ტაძრის სამსხვერპლოსთან დიდი რაოდენობით მარილი ინახებოდა, რომელიც შესაწირავის დასამარილებლად გამოიყენებოდა. მარილი აგრეთვე ხრწნისა და ლპობისგან დაცვის სიმბოლოა (ლევიანები 2:13; ეზეკიელი 43:23, 24). იესოს მოწაფეები იმ გაგებით არიან „მიწის მარილი“, რომ იცავენ ხალხს სულიერი დაცემისა და მორალური გახრწნისგან. ნამდვილად, ის ცნობა, რომელსაც ისინი ავრცელებენ, სიცოცხლეს უნარჩუნებს ყველას, ვინც მას ეხმაურება.

იესო აგრეთვე მოწაფეებს ეუბნება: „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე“. ლამპარს არავინ დგამს საწყაოს ქვეშ, არამედ სალამპრეზე, რათა ყველას უნათებდეს. ამიტომ იესო მოუწოდებს მათ: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათე 5:14—16).

იესო მოწაფეებს მაღალ ნორმებს უდგენს

იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ფიქრობენ, რომ იესო არღვევს ღვთის კანონს; ამიტომ ცოტა ხნის წინ მისი მოკვლაც კი განიზრახეს. სწორედ ეს უბიძგებს იესოს, პირდაპირ და არაორაზროვნად თქვას: „არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად  მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი“ (მათე 5:17).

დიახ, იესოსთვის ნამდვილად ღირებული და ძვირფასია ღვთის კანონი და სხვებსაც მოუწოდებს, ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდეთ. ის მათ ეუბნება: „ამიტომ მას, ვინც ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უმცირესი დაერქმევა ზეციერი სამეფოსთვის“. ამ სიტყვებში იესო გულისხმობს, რომ ასეთი ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სამეფოს. „მაგრამ მას კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის, დიდი დაერქმევა ზეციერი სამეფოსთვის“, — დასძენს იგი (მათე 5:19).

საგულისხმოა, რომ იესო ადამიანის დამოკიდებულებებზეც კი ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რამდენად სახიფათოა ისეთი დამოკიდებულება ჰქონდეს კაცს, რაც ღვთის კანონის დარღვევამდე მიიყვანდა. იესოს ჯერ კანონის სიტყვები მოჰყავს, სადაც ნათქვამია: „არ მოკლა“, შემდეგ კი დასძენს: „ვინც მრისხანებს თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს“ (მათე 5:21, 22). აქედან კარგად ჩანს, თუ რამდენად საშიშია, როცა კაცს მოძმის მიმართ ბრაზი ახრჩობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება გულში ჩატოვებულმა ბოღმამ მკვლელადაც კი აქციოს. ამის შემდეგ იესო უკვე იმას უსვამს ხაზს, თუ რას ნიშნავს, ისწრაფო მშვიდობისკენ: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24).

იესო კიდევ ერთ მცნებას უსვამს ხაზს, რომელიც მრუშობას კრძალავს: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში» (მათე 5:27, 28). იესო უბრალოდ ისეთ შემთხვევას არ გულისხმობს, როცა ვინმეს გონებაში უმართებულო ფიქრი გაუელვებს; სინამდვილეში ის ცდილობს, მსმენელს დაანახვოს, რამდენად საშიშია, როცა კაცი განაგრძობს ყურებას, რადგან ამან შესაძლოა მას ვნება აღუძრას და თუ ცდუნების წინაშე დადგება, დიდი ალბათობაა, რომ იმრუშოს. როგორ შეიძლება ამ საფრთხის თავიდან არიდება? ამ დროს შესაძლოა მკაცრი ზომების მიღებაც კი გახდეს საჭირო. იესო ამბობს: „ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე . . . და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე“ (მათე 5:29, 30).

სიცოცხლე რომ შეინარჩუნოს, ზოგი იმისთვისაც კი მზადაა, რომ კიდურებს შეელიოს. იესოს სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია, „გადააგდო“ ანუ მოიშორო ნებისმიერი რამ, ისეთი ძვირფასიც კი, როგორიცაა თვალი ან ხელი, რათა არასწორმა ფიქრებმა არ დაგიმონოს და უზნეობამდე არ მიგიყვანოს. იესო დასძენს: „უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში“, რაც მარადიული განადგურების სიმბოლოა („გეენა“ ანუ „ჰინომის ველი“ იერუსალიმის გალავნის გარეთ მდებარე ნაგავსაყრელი იყო, სადაც გამუდმებით ენთო ცეცხლი).

იესო რჩევას აძლევს მსმენელს, თუ როგორ უნდა მოექცნენ მათ, ვინც ზიანს ან შეურაცხყოფას აყენებთ: „ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე“ (მათე 5:39). ეს იმას არ ნიშნავს, რომ კაცმა თავი  არ უნდა დაიცვას, როცა მას ან მის ოჯახს თავს ესხმიან. იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მას, ვინც სილას არტყამს სხვას, მისი შეურაცხყოფა სურს და არა ფიზიკური ზიანის მიყენება ან მისი მოკვლა. ჩვენ ვხედავთ, რომ სამაგიერო არ უნდა გადავუხადოთ მათ, ვინც სახეში სილას გვარტყამს ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართავს და ამგვარად ცდილობს, კამათში ან ჩხუბში ჩაგვაბას.

ეს რჩევა იმ კანონის გამოძახილია, რომელიც ღვთის ხალხს მოყვასის სიყვარულისკენ მოუწოდებდა. ამიტომ იესო ურჩევს თავის მსმენელს: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“. იესოს ძლიერი არგუმენტი მოჰყავს, თუ რატომ ღირს ასე მოქცევა: „[რათა] იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:44, 45).

თავისი ქადაგების ამ ნაწილს იესო შემდეგი სიტყვებით აჯამებს: „მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5:48). რა თქმა უნდა, იესო იმას არ გულისხმობს, რომ ვინმეს შეუძლია სრულყოფილი იყოს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მაგრამ თუ ყველანაირად ვეცდებით, ღმერთს მივბაძოთ, ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დაუდებს საზღვრებს და მტერსაც კი შევიყვარებთ. ზემოთქმული აზრი ლუკას სახარებაში შემდეგი სიტყვებითაა გადმოცემული: „ისწრაფეთ, რომ გულმოწყალეები გახდეთ, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“ (ლუკა 6:36).

ლოცვა და ღმერთზე მინდობა

იესო განაგრძობს ქადაგებას და მსმენელს მოუწოდებს: „ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახავად“. ის განსჯის თვალთმაქცებს, რომლებიც ცდილობენ, სხვებს თავი ღვთისმოსავად მოაჩვენონ, და დასძენს: „როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ, როგორც თვალთმაქცები აკეთებენ“ (მათე 6:1, 2). აქედან ვხედავთ, რომ უმჯობესია, არ გავახმაუროთ, როცა სიკეთეს ვაკეთებთ.

შემდეგ იესო ამბობს: „როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად“. ის მოუწოდებს მსმენელს: „შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას“ (მათე 6:5, 6). რა თქმა უნდა, იესოს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ ვინმე საჯაროდ წარმოთქვამს ლოცვას, რადგან თვითონაც არაერთხელ წარმოუთქვამს მსგავსი ლოცვები. სინამდვილეში ის განსჯის მათ, ვინც სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ლოცულობს და მათგან საქებარ სიტყვებს ელის.

ის არიგებს მის მოსასმენად შეკრებილთ: „ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით“ (მათე 6:7). იესოს ეს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე საკითხზე ლოცვა არასწორია. სინამდვილეში ის ამბობს, რომ ღვთისთვის მიუღებელია, როცა ვინმე ლოცვის დროს ერთსა და იმავე გაზეპირებულ ფრაზებს გაუთავებლად იმეორებს. იესო მსმენელს ასწავლის, თუ როგორ ილოცონ. ის შვიდ საკითხს ეხება, რაც შეგვიძლია ლოცვის დროს მოვიხსენიოთ. თავდაპირველად იესო ღვთის მმართველობასა და მის განზრახვებს მოიხსენიებს — ასწავლის თავის მიმდევრებს, რომ მამას სთხოვონ,  განწმინდოს თავისი სახელი, დაამყაროს თავისი სამეფო და აღასრულოს თავისი ნება. მხოლოდ შემდეგ გადადის პირად სათხოვარზე და ისეთ საკითხებს გამოყოფს, როგორიცაა ყოველდღიურ საზრდოზე ზრუნვა და ცოდვების პატიება; იგი აგრეთვე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ღმერთს ვთხოვოთ, იმაზე მეტი განსაცდელი არ დაუშვას ჩვენ შემთხვევაში, ვიდრე შეგვიძლია ატანა, და ამასთან, გვიხსნას ბოროტისგან.

საინტერესოა, რა ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში მატერიალურს? იესო მოუწოდებს მსმენელს: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ“. მართლაც რა ბრძნული რჩევაა! მატერიალური ქონება დღეს არის და ხვალ აღარ იქნება; და, რაც მთავარია, ის ღვთის თვალში ნამდვილად ვერ აგვამაღლებს. ამიტომ იესო დასძენს: „მოაგროვეთ განძი ზეცაში“. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ღვთის მსახურება ჩვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დაიკავებს. თუ ღვთის თვალში კარგი სახელი გვექნება, ამას ვერავინ წაგვართმევს და, რაღა თქმა უნდა, ვერც ღვთის დაპირებულ ჯილდოს — მარადიულ სიცოცხლეს. ასე რომ, ის, რასაც იესო შემდგომ ამბობს, სრული სიმართლეა: „სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც“ (მათე 6:19—21).

ამ აზრის გამოსაკვეთად იესოს მოჰყავს მაგალითი: „სხეულის ლამპარი თვალია. ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება, ხოლო თუ თვალი ბოროტი გაქვს, მთელი სხეული ბნელი გექნება“ (მათე 6:22, 23). როცა ჩვენი სიმბოლური თვალი, ასე ვთქვათ, უნაკლოა, ის ჩვენი სხეულისთვის მანათობელი ლამპარივითაა. მაგრამ ეს რომ ასე იყოს, ჩვენი თვალი მხოლოდ ერთ რამეზე უნდა იყოს ფოკუსირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხედველობა დაიბინდება და სწორად შეფასების უნარს დავკარგავთ. თუ ღვთის მსახურებაზე ფასეული ჩვენთვის მატერიალური ქონების დაგროვება გახდება, ეს იმას ნიშნავს, რომ „მთელი სხეული ბნელი გვექნება“ ანუ ჩვენი საქმეები შავბნელი იქნება.

შემდეგ იესოს თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება  და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24).

ალბათ, იესოს ზოგი მსმენელი შეაფიქრიანა იმან, თუ რა ადგილი უნდა ეკავოს მათ ცხოვრებაში მატერიალურზე ზრუნვას. იესო არწმუნებს მათ, რომ თუ პირველ ადგილზე ღვთის ნებას დააყენებენ, ნამდვილად არ ექნებათ წუხილის მიზეზი: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ“ (მათე 6:26).

იესოს მინდვრის შროშანების მაგალითიც მოჰყავს, რომლებიც ამშვენებენ არემარეს. იგი ამბობს: „დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“. რის ჩვენება უნდა ამით იესოს? ის აღნიშნავს: „თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ?“ (მათე 6:29, 30). შემდეგ იესო გონივრულ რჩევას აძლევს მასთან მყოფთ: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ . . . თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს. ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ» (მათე 6:31—33).

გზა სიცოცხლისკენ

მოციქულებსა და სხვა სუფთა გულის ადამიანებს სურდათ, ღვთისმოსაწონად ეცხოვრათ, მაგრამ ეს მათთვის ადვილი ნამდვილად არ იყო. მაგალითად, ბევრი ფარისეველი კრიტიკის სულით იყო შეპყრობილი და მკაცრად განსჯიდა სხვებს. ამიტომ იესომ თავის მსმენელს ურჩია: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით“ (მათე 7:1, 2).

იესოს მოჰყავს მაგალითი, საიდანაც ჩანს, რაოდენ სახიფათოა, გაჰყვე ამ უკიდურესად კრიტიკულად განწყობილ ფარისევლებს: „განა შეძლებს ბრმა, ბრმას წაუძღვეს? განა ორივე ორმოში არ ჩავარდება?“ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ იესოს მსმენელებს სხვების მიმართ? ისინი არ უნდა იყვნენ კრიტიკულები, რადგან ეს სერიოზული ცოდვაა. იესო ეკითხება ხალხს: „როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა შენს თვალში მორს ვერ ხედავ? თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი“ (ლუკა 6:39—42).

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწაფეებმა არ უნდა გამოავლინონ წინდახედულობა. იესო მოუწოდებს მათ: „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს“ (მათე 7:6). ღვთის სიტყვა ძალიან ძვირფასია და მასში მოცემული სწავლებები მარგალიტებთანაა შედარებული. ფაქტობრივად, იესომ თქვა, რომ თუ ვინმე ზემოთ ნახსენები ცხოველების მსგავსად, არ აფასებს მარგალიტებთან შედარებულ ჭეშმარიტ სწავლებებს, რომელიც ესოდენ ძვირფასი და ღირებულია, მისმა მოწაფეებმა უნდა დატოვონ ასეთი ადამიანები და ღირსეულები ეძებონ.

იესო უბრუნდება ლოცვის თემას და ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია, დაჟინებით ვილოცოთ: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. იმის დასანახვებლად, რომ ღმერთი ყოველთვის მზადაა, შეისმინოს თავის ერთგულთა ლოცვები, იესო ასეთ კითხვას სვამს: „რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? . . ამიტომ, თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მათე 7:7—11).

შემდეგ იესო წარმოთქვამს სიტყვებს, რომელიც ქცევის წესადაა ქცეული: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. ნუთუ არ ღირს, გულთან ახლოს მივიტანოთ ეს სიტყვები და სხვებთან ურთიერთობისას მათ თანახმად  ვიმოქმედოთ?! იესოს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს შეიძლება არ იყოს ადვილი: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:12—14).

როგორც იესოს ნათქვამიდან ვხედავთ, იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ეცდებიან მოწაფეებს სიცოცხლისკენ მიმავალი გზიდან გადაახვევინონ. ამიტომ იესო აფრთხილებს მათ: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე 7:15). იესო შემდეგ ამბობს, რომ კარგი და ცუდი ხე თავისი ნაყოფით ამოიცნობა და იმავეს თქმა შეიძლება ადამიანებზეც. ამგვარად ცრუწინასწარმეტყველები მათი სწავლებებითა და საქმეებით ამოიცნობიან. იესო უხსნის თავის მსმენელთ, რომ მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი იესოს მოწაფედ ჩაითვალოს, ამას საქმეებიც უნდა ახლდეს თან. ზოგი იესოს თავის უფლად მიიჩნევს, მაგრამ საკითხავია, ასრულებენ კი ისინი ღვთის ნებას? იესო ამბობს: „მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“ (მათე 7:23).

დასასრულს იესო ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს: „ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი. დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული“ (მათე 7:24, 25). რატომ არ დაინგრა ეს სახლი? როგორც მუხლიდან ვიგებთ, „[კაცმა] კლდოვან ადგილზე ამოთხარა, ამოაღრმავა და ჩაყარა საძირკველი“ (ლუკა 6:48). ასე რომ, გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ იესოს სიტყვების მოსმენა. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ შევასრულოთ მისი სიტყვები.

რა შეიძლება ითქვას მასზე, ვინც ისმენს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ? ასეთი ადამიანი „ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი“ (მათე 7:26). ასე ნაშენ სახლს წვიმა, მოვარდნილი ნიაღვარი და ძლიერი ქარი ადვილად გაასწორებს მიწასთან.

ხალხი განცვიფრებულია იმით, თუ როგორ ასწავლის იესო, ეს შეუდარებელი მასწავლებელი! იგი ასწავლის, როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი რელიგიური წინამძღოლები. როგორც ჩანს, იესოს მსმენელებიდან ბევრი მისი მოწაფე ხდება.