არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 60

მოწაფეები დიდებით მოსილ იესოს ხედავენ

მოწაფეები დიდებით მოსილ იესოს ხედავენ

მათე 16:28—17:13; მარკოზი 9:1—13; ლუკა 9:27—36

  • მოციქულები იესოს გარდასახვის მოწმენი ხდებიან

  • მოციქულებს ღვთის ხმა ესმით

ფილიპეს კესარეაში ქადაგების დროს, რომელიც ხერმონის მთიდან სადღაც 25 კილომეტრში მდებარეობს, იესომ გასაოცარი სიტყვები წარმოთქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ (მათე 16:28).

მოწაფეებს შესაძლოა დააინტერესათ, რის თქმა უნდოდა ამით მათ მოძღვარს. ამ სიტყვების წარმოთქმიდან ერთ კვირაში იესო თავის სამ მოციქულთან, პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად მაღალ მთაზე ადის. როგორც ჩანს, უკვე ღამეა, რადგან მოციქულებს ძილი ერევათ. იესო ლოცულობს და ამ დროს გარდაისახება. მოციქულები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ იესოს სახე მზესავით უბრწყინავს, ტანსაცმელი კი სინათლესავით, თეთრად, უელვარებს.

ამ დროს იესოს გვერდით „მოსე და ელია“ ჩნდებიან. ისინი იესოს „წასვლაზე ლაპარაკობენ, რაც იერუსალიმში უნდა შესრულდეს“ (ლუკა 9:30, 31). როგორც ჩანს, სიტყვა „წასვლაში“ ქრისტეს სიკვდილი და მისი ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგომა იგულისხმება, რაზეც ცოტა ხნის წინ თავად იესოც საუბრობდა (მათე 16:21). ის, რაზეც მოსე, ელია და იესო ლაპარაკობენ, სრულიად ეწინააღმდეგება პეტრეს აზრს, რომელიც, როგორც იესოსთვის ნათქვამი მისივე სიტყვებიდან გამოჩნდა, ფიქრობდა, რომ მის მოძღვარს შეეძლო, თავიდან აერიდებინა დამამცირებელი სიკვდილი.

ძილისგან უკვე კარგად გამოფხიზლებული სამი მოციქული გაოცებული უყურებს და უსმენს თავის მოძღვარს. ის, რასაც ისინი ხედავენ, მხოლოდ ხილვაა, თუმცა ყველაფერი იმდენად დამაჯერებელია, რომ პეტრეს თავადაც სურს, ჩაერთოს საუბარში; იგი ეუბნება იესოს: „რაბი, კარგია, აქ რომ ვართ. მოდი, სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“ (მარკოზი 9:5). საინტერესოა, რატომ ამბობს პეტრე ამ სიტყვებს? შესაძლოა მას არ სურს, რომ შეწყდეს ეს ხილვა.

პეტრე ჯერ კიდევ იესოს ელაპარაკება, როცა ღრუბელი ჩნდება და იქაურობას ფარავს; ღრუბლიდან ხმა ისმის: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“. ღვთის ხმის მოსმენაზე შეშინებული მოციქულები პირქვე ემხობიან, მაგრამ იესო ეუბნება: „ადექით, ნუ გეშინიათ“ (მათე 17:5—7). როცა ისინი დგებიან, იესოს გარდა ვეღარავის ხედავენ, რადგან ხილვა უკვე დასრულებულია. უკვე გათენდა. მოციქულები თავიანთ მოძღვართან ერთად მთიდან ეშვებიან. იესო მათ მოუწოდებს: „არავის მოუყვეთ ამ ხილვის შესახებ, სანამ კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება“ (მათე 17:9).

ხილვაში ელიას გამოჩენა კითხვას ბადებს; მოციქულები იესოს ეკითხებიან: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“. იესო პასუხობს: „ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს“ (მათე 17:10—12). იესოს იოანე ნათლისმცემელი ჰყავს მხედველობაში, რადგან მან სწორედ ელიას მსგავსი მისია შეასრულა. როგორც ერთ დროს ელიამ მოუმზადა გზა ელისეს, ისე იოანემ — ქრისტეს.

ეს ხილვა ნამდვილად განუმტკიცებდა რწმენას როგორც იესოს, ისე მოციქულებს. ამ ხილვიდან კარგად გამოჩნდა, თუ როგორი იქნებოდა სამეფო დიდებით მოსული ქრისტე. ამგვარად, მოციქულებმა, თავიანთი მოძღვრის დაპირებისამებრ, „იხილეს კაცის ძე თავის სამეფოში მომავალი“ (მათე 16:28). მთაზე ყოფნის დროს ისინი იესოს დიდებულების თვითმხილველნი გახდნენ. ფარისევლები სთხოვდნენ იესოს, მათთვის ნიშანი ეჩვენებინა, რა შემთხვევაშიც დამტკიცდებოდა, რომ იგი ღვთის მიერ არჩეული მეფე იყო, მაგრამ იესომ არანაირი ნიშანი არ უჩვენა მათ. მისი მოწაფეები კი, რომლებთანაც იესოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, იესოს გარდასახვის მოწმენი გახდნენ, რაც სამეფოზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებების უტყუარობას ადასტურებდა. აქედან გამომდინარე, პეტრეს მოგვიანებით თამამად შეეძლო ეთქვა: „ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის სარწმუნო გახადა“ (2 პეტრე 1:16—19).

გაიგეთ მეტი

„მიჰბაძეთ მათ რწმენას“

პეტრე ერთგული დარჩა განსაცდელების დროს

როგორ დაეხმარა პეტრეს რწმენა და ერთგულება, როცა იესომ მას თვალსაზრისი შეუსწორა?