წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 42

იესო განსჯის ფარისევლებს

იესო განსჯის ფარისევლებს

მათე 12:33—50; მარკოზი 3:31—35; ლუკა 8:19—21

  • იესო საუბრობს „იონას ნიშნის“ შესახებ

  • იესოსთვის მოწაფეები უფრო ახლობლები არიან, ვიდრე ოჯახის წევრები

მწიგნობრები და ფარისევლები უარყოფენ, რომ იესო ღვთის ძალით დევნის დემონებს. ამგვარად ისინი საკუთარ თავს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, რადგან შეიძლება წმინდა სულის მგმობელები გახდნენ. ასე რომ, ვის მხარეს დაიკავებენ — ღვთისას თუ სატანისას? იესო ეუბნება: „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც, რადგან ხე ნაყოფით იცნობა“ (მათე 12:33).

სრული აბსურდია იმის მტკიცება, რომ კარგი ნაყოფის გამოღება, ისეთის მაგალითად, როგორიცაა ადამიანის დემონების ტყვეობისგან გათავისუფლება, იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, იესო სატანის მსახური რომ ყოფილიყო. მთაზე ქადაგების დროს იესომ არაორაზროვნად აღნიშნა, რომ კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს და არა პირიქით. ასე რომ, რას ცხადყოფს ფარისევლების ნაყოფი ანუ ის, რომ ისინი სრულიად უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს იესოს? აშკარაა, იესოს შედარების თანახმად, ისინი „ცუდ ხეს“ წარმოადგენენ. იესო ეუბნება მათ: „გველგესლას ნაშიერნო! როგორ ილაპარაკებთ კარგს, როცა ბოროტები ხართ? პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 7:16, 17; 12:34).

მართლაც ასეა, ჩვენი სიტყვები ჩვენი გულის მდგომარეობას ააშკარავებს და საბოლოოდ, სწორედ ამის მიხედვით გავსამართლდებით. იესო დასძენს: „კაცი ყოველი ფუჭი სიტყვისთვის პასუხს აგებს სასამართლოს დღეს, რადგან შენი სიტყვებით იქნები აღიარებული მართლად და შენივე სიტყვებით დაგედება მსჯავრი“ (მათე 12:36, 37).

მიუხედავად იმისა, რომ იესო არაერთ სასწაულს ახდენს, მწიგნობრები და ფარისევლები მეტს ითხოვენ: „მოძღვარო, გვინდა, ნიშანი ვიხილოთ შენგან“. შესაძლოა მათ საკუთარი თვალით არ უნახავთ იესოს სასწაულები, მაგრამ ასეთი შემთხვევების თვითმხილველნი იმდენად ბევრნი არიან, რომ იესო პირდაპირ ეუბნება ამ იუდეველ წინამძღოლებს: „ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა“ (მათე 12:38, 39).

იესო მათ განუმარტავს თავისი სიტყვების მნიშვნელობას: „როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“. საუკუნეების წინ ერთი წინასწარმეტყველი, იონა დიდმა თევზმა გადაყლაპა, ხოლო სამი დღის შემდეგ უკან ამოანთხია, რაც მკვდრეთით აღდგომის მსგავსი მოვლენა იყო. ამგვარად იესოს ეს სიტყვები წინასწარმეტყველური ხასიათისაა და იმაზე მიუთითებს, რომ იგი მოკვდება, სამი დღის შემდეგ კი აღდგება. მოგვიანებით განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ იუდეველმა წინამძღოლებმა არ იწამეს „იონას ნიშანი“ და უარი თქვეს მონანიებასა და ცხოვრების წესის შეცვლაზე (მათე 27:63—66; 28:12—15). მათგან განსხვავებით, იონას დროს მცხოვრებმა ნინეველებმა მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა მათ. ამიტომ ნინეველები, შეიძლება ითქვას, მსჯავრს დასდებენ ამ თაობას. იესო აგრეთვე აღნიშნავს, რომ მსჯავრს მათ საბას დედოფალიც დასდებს, რადგან მას სურდა, თავისი ყურით მოესმინა ბრძენი მეფე სოლომონისთვის, ვისმა სიტყვებმაც გულგრილი არ დატოვა იგი. იესო დასძენს: „აი, აქ არის სოლომონზე დიდი“ (მათე 12:40—42).

იესო ბოროტ თაობას ადარებს კაცს, რომლისგანაც უწმინდური სული გამოდის, მაგრამ იმის გამო, რომ ეს კაცი დარჩენილ სიცარიელეს კარგით არ ივსებს, ბოროტი სული უკან ბრუნდება, მიჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი სული და ისინი თავიანთ ტყვეობაში აქცევენ მას (მათე 12:45). ამ კაცის მსგავსად, ერთ დროს ისრაელი ერიც განიწმინდა და გარდაიქმნა, მაგრამ შემდგომში მათ არაერთხელ უარყვეს ღვთის წინასწარმეტყველები და ბოლოს იესოსაც კი დაუპირისპირდნენ, რომელზეც აშკარად ღვთის სული იყო. ცხადია, ადრინდელთან შედარებით ამ ერის სულიერი მდგომარეობა ახლა გაცილებით სავალალოა.

იესო ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკება, როცა დედამისი და მისი ძმები მოდიან. მასთან ახლოს მჯდომთაგან ზოგი ეუბნება იესოს: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა უნდათ“. იესოს პასუხიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს მას მოწაფეებთან. ის მათ ისე უყურებს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს. იესო მათკენ იშვერს ხელს და ამბობს: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ისმენს და ასრულებს ღვთის სიტყვას“ (ლუკა 8:20, 21). იესოს ნათქვამიდან გამოჩნდა, რომ რაოდენ ძვირფასიც არ უნდა ყოფილიყო მისთვის ოჯახი და ნათესავები, მოწაფეებთან ურთიერთობა გაცილებით ფასეული იყო. მართლაც რა გამომაცოცხლებელია, ასეთივე სიახლოვეს განვიცდიდეთ სულიერ და-ძმებთან განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვებს ეჭვი შეაქვთ ჩვენში ან განგვსჯიან ჩვენი კარგი საქმეების გამო!