წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 13

იესოს ერთგულება იცდება

იესოს ერთგულება იცდება

მათე 4:1—11; მარკოზი 1:12, 13; ლუკა 4:1—13

  • სატანა იესოს ცდუნებას ცდილობს

ნათლობის შემდეგ ღვთის სულს იესო იუდეის უდაბნოში მიჰყავს. იგი ახლა ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეს. როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, იესოს ნათლობის დროს „გაიხსნა ცა“ და მას ყველაფერი გაახსენდა, რაც მამის გვერდით ისწავლა და რასაც ზეცაში აკეთებდა (მათე 3:16). მართლაც, რამდენ რამეზე უნდა დაფიქრდეს ახლა იესო!

იგი 40 დღესა და ღამეს ატარებს უდაბნოში. ამ ხნის მანძილზე ის არაფერს ჭამს. სწორედ იმ დროს, როცა ძალიან შია, სატანა ეშმაკი მიდის მასთან, რომ აცდუნოს; ის ეუბნება: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვებს, პურებად იქცნენ“ (მათე 4:3). იესომ იცის, რომ არასწორია, სასწაულების მოხდენის ძალა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს, ამიტომ არ ნებდება სატანას.

მაგრამ ეშმაკი თავს არ ანებებს და სხვაგვარად ცდილობს მის ცდუნებას. ის სთავაზობს, გადახტეს ტაძრის გალავნიდან, მაგრამ იესოს არ სურს, დაჰყვეს მის ნებას და სანახაობა მოაწყოს. იგი წერილებიდან ციტირებს და აჩვენებს სატანას, რომ დიდი უგუნურებაა ღვთის ამგვარად გამოცდა.

ეშმაკი არც ამჯერად იხევს უკან და მესამედ ცდილობს მის ცდუნებას; ის იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფოს და მათ დიდებას“ უჩვენებს და ეუბნება: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. იესო ამჯერადაც წინააღმდეგობას უწევს მას და გადაჭრით ეუბნება: „გამშორდი, სატანა!“ (მათე 4:8—10). იესო არ ჰყვება ცდუნებას, რადგან იცის, რომ წმინდა მსახურება მხოლოდ იეჰოვას უნდა შეუსრულოს. დიახ, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ღვთის ერთგული დარჩეს.

ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან. ეშმაკი ნამდვილად ცდილობდა იესოს ცდუნებას, რაც იმას ამტკიცებს, რომ ის უბრალოდ ბოროტება კი არ არის, როგორც ზოგი ფიქრობს, არამედ რეალური პიროვნებაა, ოღონდ ჩვენი თვალისთვის უხილავი. ამ შემთხვევიდან ისიც ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა სამეფო ეშმაკის ხელშია. სხვაგვარად როგორ იქნებოდა ეშმაკის შეთავაზება იესოსთვის ნამდვილი საცდური?!

კიდევ ერთ რამეზე უნდა დავფიქრდეთ: ეშმაკი იმ შემთხვევაშიც კი მზად იყო, იესოსთვის მიეცა მსოფლიოს ყველა სამეფო, თუ ის მხოლოდ ერთხელ მაინც სცემდა თაყვანს. ეშმაკმა შეიძლება იგივე მეთოდი ჩვენ საცდუნებლადაც გამოიყენოს და სიმდიდრის, ძალაუფლებისა და მაღალი მდგომარეობის მოპოვებისკენ გვიბიძგოს. ბრძნულად მოვიქცევით, თუ მივბაძავთ იესოს და, რა ცდუნების წინაშეც არ უნდა დავდგეთ, ერთგულებას შევინარჩუნებთ! მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკი იესოს იმ დრომდე გაშორდა, „სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა“, და ეს ჩვენს შემთხვევაშიც შეიძლება ასე მოხდეს; ამიტომ არასდროს უნდა მოვადუნოთ სიფხიზლე (ლუკა 4:13).

გაიგეთ მეტი

როგორ გავუძლო ცდუნებას

ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სიძლიერის მაჩვენებელია. ექვსი რჩევა დაგეხმარება სიმტკიცის შენარჩუნებაში და დაგიცავს ცდუნებით გამოწვეული სტრესისგან.