არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 6

აღთქმული ბავშვი

აღთქმული ბავშვი

ლუკა 2:21—39

  • წინადაცვეთიდან გარკვეული ხნის შემდეგ იესო ტაძარში მიჰყავთ

ბავშვის დაბადების შემდეგ იოსები და მარიამი ნაზარეთში დაბრუნების ნაცვლად, ბეთლემში რჩებიან. ჩვილი უკვე რვა დღისაა; ამიტომ, ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, მას ჩუჩა უნდა დაცვითონ (ლევიანები 12:2, 3). ჩვეულებისამებრ, სწორედ ამ დღეს არქმევდნენ ბავშვს სახელს. ისინი გაბრიელის მითითებისამებრ, თავიანთ ვაჟს იესოს არქმევენ.

თვეზე მეტი გადის. ახლა იესო უკვე 40 დღისაა. მშობლებს პატარა იესო იერუსალიმის ტაძარში მიჰყავთ, რომელიც მათი საცხოვრებლიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ღვთის კანონის თანახმად, ბავშვის დაბადებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ დედა ვალდებულია, განსაწმენდად ტაძარში შესაწირავი მიიტანოს (ლევიანები 12:4—7).

მარიამი ზუსტად ასე იქცევა. მას ტაძარში შესაწირავად ორი პატარა ჩიტი მიჰყავს, რაც იმას აჩვენებს, რომ იოსები და მარიამი ხელმოკლედ ცხოვრობენ. კანონის თანახმად, ასეთ დროს უნდა შეეწირათ ერთ წლამდე ცხვარი ან ფრინველი. მაგრამ თუ დედას ხელი არ მიუწვდებოდა ცხვარზე, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი უნდა შეეწირა. მარიამმა სწორედ ასეთი მსხვერპლი შესწირა ღმერთს.

ტაძარში იოსებს და მარიამს ერთი ხანდაზმული მამაკაცი უახლოვდება. მას სიმონი ჰქვია. ღმერთმა სიმონს აუწყა, რომ სანამ არ იხილავდა იეჰოვას ცხებულს ანუ მესიას, არ მოკვდებოდა. ამ დღეს ღმერთმა წმინდა სულით აღძრა სიმონი, რომ ტაძარში მისულიყო, სადაც ის იოსებსა და მარიამს აღთქმულ ბავშვთან ერთად ნახულობს.

სიმონს ბავშვი ხელში აჰყავს და მადლიერების ნიშნად ღმერთს განადიდებს: „უზენაესო უფალო, გაუშვი შენი მონა მშვიდობით, შენი სიტყვისამებრ, რადგან ჩემმა თვალებმა იხილა შენგან ხსნა, რომელიც ყველა ხალხის წინაშე მოამზადე, სინათლე უცხოტომელთათვის რიდის ასახდელად, და შენი ხალხის, ისრაელის, დიდება“ (ლუკა 2:29—32).

იოსები და მარიამი გაკვირვებულები ისმენენ ამ სიტყვებს. სიმონი აკურთხებს მათ და მარიამს ეუბნება, რომ მისი ძე „დაყენებულია ისრაელში მრავალთა დასამხობად და აღსადგენად“; შემდეგ იმასაც დასძენს, რომ მარიამს „დიდი მახვილი გაუვლის სულში“ (ლუკა 2:34).

ტაძარში 84 წლის წინასწარმეტყველი ანაც იმყოფება. ეს ქალი არასდროს შორდება ტაძარს. ისიც უახლოვდება პატარა იესოს და მის მშობლებს. ანა ღმერთს მადლობას უხდის და ყველას ბავშვზე ელაპარაკება.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა გახარებულები იქნებოდნენ ამ ყოველივეს შემხედვარე იოსები და მარიამი! უეჭველია, ეს დაარწმუნებდათ იმაში, რომ მათი ძე ნამდვილად ღვთის აღთქმული შთამომავალი იყო.