წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 4

ფეხმძიმე მარიამი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება

ფეხმძიმე მარიამი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება

მათე 1:18—25; ლუკა 1:56

  • იოსები მარიამის ფეხმძიმობის ამბავს იგებს

  • იოსებს მარიამი ცოლად მოჰყავს

მარიამი ორსულობის მეოთხე თვეშია. ალბათ, გახსოვთ, რომ ფეხმძიმობის პირველ თვეებში ის იუდეის მთიანი მხარის სამხრეთით თავის ნათესავთან, ელისაბედთან იმყოფებოდა. ახლა კი სახლში, ნაზარეთში ბრუნდება; ძალიან მალე მისი ფეხმძიმობის შესახებ ყველა გაიგებს. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ახლა ეს ქალი!

მარიამი ერთ ნაზარეთელ კაცზე, იოსებზეა დანიშნული, რომელიც დურგალია. მან კარგად უწყის, რომ ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, თუ დანიშნული ქალწული სხვასთან დაწვება, უნდა ჩაიქოლოს (კანონი 22:23, 24). მართალია, მარიამს უზნეობა არ ჩაუდენია, მაგრამ, ალბათ, აფიქრებს, როგორ აუხსნის იოსებს მომხდარს და რა მოჰყვება ამას.

სამი თვეა მარიამი სახლში არ ყოფილა; იოსებს, ალბათ, ერთი სული აქვს, როდის ნახავს მას. და აი, ისინი ხვდებიან კიდეც ერთმანეთს! მარიამი, ალბათ, გულის ფანცქალით უხსნის საქმროს ფეხმძიმობის მიზეზს; ის ყველანაირად ცდილობს, დაარწმუნოს იოსები, რომ ბავშვი ღვთის წმინდა სულით ჩაესახა, მაგრამ იოსებს ძალიან უჭირს ამის დაჯერება.

იოსებმა იცის, რომ მარიამი პატიოსანი ქალია და ხალხის თვალშიც კარგი სახელი აქვს. მას უსაზღვროდ უყვარს თავისი საცოლე; მიუხედავად ამისა, დაუჯერებლად მიაჩნია მარიამის ნათქვამი და ფიქრობს, რომ ის სხვა კაცისგანაა ფეხმძიმედ. იოსებს არ უნდა, რომ მარიამს სახალხოდ მოეჭრას თავი და უფრო უარესიც, კანონის თანახმად ჩაიქოლოს. ამიტომ გადაწყვეტს, ფარულად გაეყაროს მას. იმ დროს ნიშნობა ქორწინების ტოლფასი იყო და მის გასაუქმებლად გაყრა მოითხოვებოდა.

იოსებს მთელი დღე მოსვენებას არ აძლევს მომხდარზე ფიქრი და აფორიაქებული მიდის დასაძინებლად. ამ დროს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი ეცხადება და ეუბნება: „ნუ გეშინია მარიამის, შენი ცოლის სახლში მიყვანის, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, წმინდა სულისგან არის. ვაჟს გააჩენს და მას იესო უნდა დაარქვა, რადგან ის დაიხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (მათე 1:20, 21).

გამოღვიძების შემდეგ იოსები თავს მშვიდად გრძნობს და ძალიან მადლიერია ღმერთის, რომელმაც ყველაფერზე აუხილა თვალი. ის დაუყოვნებლივ ასრულებს ანგელოზის მითითებას და მარიამი სახლში მიჰყავს. ასეთი ნაბიჯით იოსები სახალხოდ ცხადყოფს, რომ მარიამი ცოლად მოჰყავს. მიუხედავად ამისა, იოსები მარიამს ფეხმძიმობის პერიოდში არ ეკარება.

გადის თვეები. იოსები და მარიამი, რომელიც ახლა უკვე ფეხმძიმობის ბოლო თვეებშია, ტოვებენ მშობლიურ ქალაქ ნაზარეთს და გრძელ გზას ადგებიან. რა აიძულებს მათ, ამხელა გზას დაადგენ მაშინ, როცა მარიამმა დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს?

გაიგეთ მეტი

მარიამი — „იეჰოვას მხევალი ვარ“

რას ვიგებთ მარიამის რწმენის შესახებ მისი სიტყვებიდან, რომელიც მან ანგელოზ გაბრიელს პასუხად უთხრა? კიდევ რა ძვირფასი თვისებები გამოავლინა მან?