არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 11

იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს იესოს

იოანე ნათლისმცემელი გზას უმზადებს იესოს

მათე 3:1—12; მარკოზი 1:1—8; ლუკა 3:1—18; იოანე 1:6—8, 15—28

  • იოანე ქადაგებს და ხალხს ნათლავს

  • ბევრი ინათლება

დაახლოებით 17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 12 წლის იესო მშობლებმა ტაძარში მასწავლებლებს შორის იპოვეს. ახლა ახ. წ. 29 წლის გაზაფხულია. ყველა იესოს ნათესავზე, იოანეზე საუბრობს, რომელიც მდინარე იორდანის აღმოსავლეთით ქადაგებს.

იოანე საკმაოდ წარმოსადეგი მამაკაცია; მისი სიტყვებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე. მას აქლემის ბეწვი მოსავს და წელზე ტყავის სარტყელი აქვს შემორტყმული. იოანე კალიებითა და ველური თაფლით იკვებება. ის ხალხს მნიშვნელოვან ცნობას ამცნობს. იცით, რა ცნობაა ეს? იოანე ხალხს მოუწოდებს: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათე 3:2).

იოანეს ცნობა გულგრილს არ ტოვებს მსმენელს. ბევრი ხვდება, რომ აუცილებელია მონანიება და ღვთისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის შეცვლა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანის მთელი შემოგარენი“ (მათე 3:5). ბევრი, ვინც იოანეს სიტყვებს ისმენს, აღიარებს თავის ცოდვებს, რის შემდეგაც იოანე მათ წყალში ნათლავს. რას ასიმბოლოებს ეს ნათლობა?

ხალხი იმ ცოდვების მონანიების ნიშნად ინათლება, რომელიც კანონის წინააღმდეგ ჩაიდინეს (საქმეები 19:4). თუმცა ყველას როდი ნათლავს იოანე. მასთან რელიგიური წინამძღოლები — ფარისევლები და სადუკეველებიც მიდიან, რომელთაც იოანე „გველგესლათა ნაშიერებს“ უწოდებს. ის მათ ეუბნება: „გამოიღეთ მონანიების შესაფერისი ნაყოფი და არ გაბედოთ, თქვენთვის თქვათ, ჩვენი მამა აბრაამიაო, რადგან გეუბნებით: ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცულიც უკვე დევს ხეების ძირას; ხე, რომელიც კარგ ნაყოფს არ გამოიღებს, უნდა მოიჭრას და ცეცხლს მიეცეს“ (მათე 3:7—10).

ვინაიდან იოანე ამდენ ხალხს ნათლავს და მისი ცნობაც თითქმის არავის ტოვებს გულგრილს, ძალიან ბევრის ყურადღებას იპყრობს, რაც საგონებელში აგდებს ზოგ იუდეველს. ისინი მასთან მღვდლებსა და ლევიანებს გზავნიან, რომლებიც ეკითხებიან: „ვინა ხარ?“

„მე არა ვარ ქრისტე“, — პასუხობს იოანე.

„მაშ, ვინა ხარ? ელია?“ — კვლავ უმეორებენ კითხვას.

„არა“, — პასუხობს იოანე.

„ის წინასწარმეტყველი ხარ?“ — ეკითხებიან ისინი და მოსეს მიერ მოხსენიებულ დიდ წინასწარმეტყველს გულისხმობენ (კანონი 18:15, 18).

„არა“, — ამბობს იოანე.

„გვითხარი, ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენ გამომგზავნელებს. რას იტყვი შენზე?“ — თავს არ ანებებენ, რაზეც იოანე მიუგებს: «მე ვარ უდაბნოში მღაღადებლის ხმა: „გაასწორეთ იეჰოვას გზა“, როგორც ესაია წინასწარმეტყველმა თქვა» (იოანე 1:19—23).

„მაშ, რატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც ის წინასწარმეტყველი?“ — არ ეშვებიან ისინი იოანეს, რაზეც მისგან საინტერესო პასუხს იღებენ: „მე წყალში ვნათლავ, თქვენ შორის კი დგას ის, ვისაც არ იცნობთ, ჩემ შემდეგ მომავალი, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“ (იოანე 1:25—27).

ასე რომ, იოანე ყველას გასაგონად ამბობს, რომ ის გზას უმზადებს მომავალ მესიას და ხალხს ეხმარება, გული განაწყონ ამ ნაწინასწარმეტყველები ცხებულის, მომავალი მეფის მისაღებად. მის შესახებ იოანე ამბობს: „ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო“ (მათე 3:11). იოანე ასეთ სიტყვებსაც დასძენს: „ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა“ (იოანე 1:15).

ნამდვილად რომ დროულია იოანეს სიტყვები: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათე 3:2). ამ სიტყვებით ყველასთვის ცხადი ხდება, რომ იესო ქრისტე, რომელსაც მომავალში იეჰოვა გაამეფებს, მალე მსახურებას შეუდგება.