წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 1

ორი მნიშვნელოვანი ცნობა ღვთისგან

ორი მნიშვნელოვანი ცნობა ღვთისგან

ლუკა 1:5—33

  • ანგელოზი გაბრიელი იოანე ნათლისმცემლის დაბადების შესახებ წინასწარმეტყველებს

  • გაბრიელი მარიამს წინასწარ ამცნობს იესოს დაბადების შესახებ

მთელი ბიბლია ღვთის ცნობაა და სწორედ მისი მეშვეობით წარმართავს ღმერთი ჩვენს ნაბიჯებს. ამ თავში ღვთის ორ განსაკუთრებულ ცნობას განვიხილავთ, რომლებიც დაახლოებით 2 000 წელს ითვლის. ეს ცნობები ადამიანთა ყურამდე ანგელოზმა გაბრიელმა მიიტანა, რომელიც, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ღვთის წინაშე დგას“ (ლუკა 1:19). ალბათ, გაინტერესებთ, როგორ გამოეცხადა ეს ანგელოზი ადამიანებს და რა ცნობები გადასცა მათ. ეს რომ გავიგოთ, მოდი, წარსულში გადავინაცვლოთ.

დაახლოებით ძვ. წ. 3 წელია. იერუსალიმის ტაძარში ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია, თავის ცვლაში მღვდელმსახურებას ასრულებს. მოულოდნელად მას საკმევლის სამსხვერპლოსთან ანგელოზი გაბრიელი ეცხადება. ზაქარია იუდეის მთიანი მხარიდანაა, რომელიც იერუსალიმიდან არც ისე შორს მდებარეობს. ის და მისი მეუღლე, ელისაბედი უკვე ხანში შესულები არიან; მათ შვილები არ ჰყავთ.

საწმინდარში მარტო მყოფ ზაქარიას ანგელოზის დანახვაზე შიში ეუფლება, მაგრამ ანგელოზი ამშვიდებს მას და ეუბნება: „ნუ გეშინია, ზაქარია, შესმენილია შენი ვედრება. შენი ცოლი, ელისაბედი ვაჟს გაგიჩენს და მას იოანე უნდა დაარქვა . . . დიდი იქნება ის იეჰოვას წინაშე“ და „მომზადებულ ხალხს წარუდგენს იეჰოვას“ (ლუკა 1:13—17).

ზაქარიასთვის დაუჯერებელია გაბრიელის სიტყვები, რადგან ის და მისი ცოლი ელისაბედი უკვე კარგა ხანია გადასცდნენ ახალგაზრდობის ასაკს. ამიტომ გაბრიელი ეუბნება: „აი, დადუმდები და ვეღარ ილაპარაკებ იმ დღემდე, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება, რადგან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს“ (ლუკა 1:20).

გარეთ ხალხი შეკრებილა; ისინი ზაქარიას ელოდებიან და უკვირთ, რომ აყოვნებს საწმინდრიდან გამოსვლას. ბოლოს, როგორც იქნა, ზაქარია გამოდის, მაგრამ დამუნჯებულია და ერთ სიტყვასაც ვერ ამბობს. ის ხელების მოძრაობით ცდილობს, აუხსნას იქ შეკრებილთ სათქმელი. ყველასთვის ნათელია, რომ ტაძარში მან რაღაც ზებუნებრივი იხილა.

გადის რამდენიმე დღე, ზაქარია ასრულებს თავის მსახურებას ტაძარში და სახლში ბრუნდება. ამ მოვლენებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ იგებს, რომ მისი მეუღლე, ელისაბედი, ორსულადაა. ელისაბედი ხუთი თვე ხალხში არ ჩნდება.

ახლა გალილეის მხარეს ვესტუმროთ. აქ, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნაზარეთში, ერთ გასათხოვარ ყმაწვილ ქალსაც ეცხადება ანგელოზი გაბრიელი. ამ ქალს მარიამი ჰქვია. გაბრიელი ამჯერადაც მნიშვნელოვან ცნობას აუწყებს და ასეთ სიტყვებს ეუბნება მარიამს: „ღვთის კეთილგანწყობა პოვე. აი, ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი, რომელსაც იესო უნდა დაარქვა. ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა . . . და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:30—33).

უეჭველია, ანგელოზი გაბრიელისთვის დიდი პატივი იქნებოდა ამ ორი მნიშვნელოვანი ცნობის გაცხადება! ამ წიგნის ფურცლებიდან მეტს გაიგებთ იოანესა და იესოს შესახებ და მიხვდებით, რატომ იყო გაბრიელის მეშვეობით ადამიანებისთვის გადაცემული ღვთის ცნობები ასე მნიშვნელოვანი.