წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 85

მომნანიე ცოდვილის გამო ზეცა ხარობს

მომნანიე ცოდვილის გამო ზეცა ხარობს

ლუკა 15:1—10

  • იესოს მოჰყავს მაგალითი დაკარგულ ცხვარსა და დრაქმაზე

  • მომნანიე ცოდვილის გამო ღვთის ანგელოზები ხარობენ

დედამიწაზე თავისი მსახურების დროს იესომ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თვისებაა თავმდაბლობა (ლუკა 14:8—11). მას ძალიან სურს, იპოვოს ისეთი ადამიანები, ვისაც თავმდაბალი გული აქვთ და ასეთი განწყობით უნდათ, ემსახურონ ღმერთს. ასეთი ხალხი მათ შორისაც შეიძლება იყოს, ვისაც ჯერ კიდევ ცოდვილის სახელი აქვს.

ფარისევლები და მწიგნობრები ამჩნევენ, რომ ასეთ ადამიანებს, რომელთაც თავად უღირსად თვლიან, იესოსკენ მიუწევთ გული და ისმენენ მის ცნობას. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ: „ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამს“ (ლუკა 15:2). ფარისევლები და მწიგნობრები ასეთ უბრალო ხალხს ზემოდან უყურებენ და შეიძლება ითქვას, ისე თელავენ მათ, როგორც ფეხქვეშ ტალახს. ისინი მათ „ამ-ჰაარეცს“ უწოდებენ, რაც ებრაული გამოთქმაა და „მიწის ხალხს“ ნიშნავს. ამით ეს ვითომდა იუდეველთა განმანათლებლები იმას გამოხატავენ, თუ რამხელა ზიზღის გრძნობას იწვევს ასეთი ხალხის დანახვა მათში.

მათგან განსხვავებით, იესო ასეთ ხალხს სიკეთეს არ უკავებს, ღირსეულად ექცევა და თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ. სწორედ ამის გამო სურს ბევრ დაჩაგრულს, რომლებსაც ცოდვილის სახელი აქვთ, მოუსმინონ იესოს. თუმცა საინტერესოა, რას გრძნობს იესო, რომელსაც განსჯიან იმის გამო, რომ დახმარების ხელს უწვდის ასეთებს?

ამ კითხვაზე პასუხს თავად იესოს მიერ მოყვანილი გულის ამაჩუყებელი მაგალითი გვცემს. მან ასეთივე მაგალითი კაპერნაუმში ყოფნის დროსაც მოიყვანა (მათე 18:12—14). იესოს მაგალითიდან ისე ჩანს, თითქოს ფარისევლებს ღვთის ფარაში თავისი ადგილი აქვთ და მართლები არიან, ჩაგრული და საწყალი ხალხი კი — გზააბნეულები და დაკარგულები. იესო ამბობს:

„რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბურ ადგილას, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს, სანამ არ იპოვის? როცა იპოვის, სიხარულით მხრებზე შეისვამს. სახლში რომ დაბრუნდება, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვეო“ (ლუკა 15:4—6).

რის დანახვება სურს ამით იესოს? იგი განმარტავს: „ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ“ (ლუკა 15:7).

მომნანიე ცოდვილის ხსენება, უეჭველად, საგონებელში აგდებს ფარისევლებს. ისინი საკუთარ თავს მართლებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ არ საჭიროებენ მონანიებას. როდესაც ზოგიერთმა მათგანმა რამდენიმე წლის წინ იესო იმის გამო განსაჯა, რომ გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მან ასეთი პასუხი გასცა: „მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“ (მარკოზი 2:15—17). საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულ ფარისევლებს არ სურთ, აღიარონ, რომ მონანიება ესაჭიროებათ, ამიტომ მათ გამო არავინ ხარობს ზეცაში. მაგრამ მაშინ, როცა ცოდვილი გულწრფელად ინანიებს, ზეცაში სიხარულის ყიჟინი ისმის!

უფრო მეტად რომ გამოკვეთოს თავისი სათქმელი და დაანახვოს მსმენელს, თუ რამხელა სიხარულს იწვევს ზეცაში, ასე ვთქვათ, დაკარგული ცოდვილის დაბრუნება, იესოს სხვა მაგალითი მოჰყავს: „ქალს რომ ათი დრაქმა ჰქონდეს და ერთი დრაქმა დაეკარგოს, განა არ აანთებს ლამპარს, არ გამოგვის სახლს და გულმოდგინედ არ მოძებნის, სანამ არ იპოვის? როცა იპოვის, დაუძახებს ქალებს, თავის მეგობრებსა და მეზობლებს, და ეტყვის, თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, რადგან დაკარგული დრაქმა ვიპოვეო“ (ლუკა 15:8, 9).

იესოს ამ მაგალითითაც იმავეს დანახვება სურს, რისიც დაკარგულ ცხვარზე მოყვანილი მაგალითით. ახლა ის ამბობს: „ასევე ხარობენ ღვთის ანგელოზები ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო“ (ლუკა 15:10).

უბრალოდ დაფიქრდით: ღვთის ანგელოზების მთელი ლაშქარია დაინტერესებული შემცოდველთა მდგომარეობით! ეს განსაკუთრებით იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ცოდვილს, რომელიც ინანიებს და ღვთის ზეციერ სამეფოში იმკვიდრებს ადგილს, თავად ანგელოზებზე მაღალი მდგომარეობა ექნება! (1 კორინთელები 6:2, 3). თუმცა ამის გამო ანგელოზებს არ შურთ მათი. ამიტომ ისმის კითხვა: ჩვენ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ მაშინ, როცა ცოდვილი ღმერთთან ბრუნდება და გულწრფელად ინანიებს?

გაიგეთ მეტი

გვპატიობს ღმერთი ცოდვებს?

გვპატიობს ღმერთი სერიოზულ ცოდვებს? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ღვთის კეთილგანწყობილება მოვიპოვოთ?

რა არის ღვთის სამეფო?

დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავისი საქმეებით გვიჩვენა, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო მომავალში.