წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 97

მაგალითი ვენახის მუშებზე

მაგალითი ვენახის მუშებზე

მათე 20:1—16

  • იესოს სიტყვების თანახმად, ბოლოს დაქირავებული მუშები პირველები გახდებიან

სულ ცოტა ხნის წინ, პერეაში ყოფნის დროს იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „ბევრი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ხოლო ბოლო — პირველი“ (მათე 19:30). ამ აზრის ხაზგასასმელად მას მაგალითი მოჰყავს ვენახის მუშებზე:

«ზეციერი სამეფო ჰგავს სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა, რომ თავის ვენახში სამუშაოდ მუშები დაექირავებინა. მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და ვენახში გაუშვა. მესამე საათისთვის კიდევ გავიდა მოედანზე და დაინახა უსაქმოდ მდგომი სხვა მუშები. უთხრა მათ: „თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ“. ისინიც წავიდნენ. მეექვსე საათისთვის და მეცხრე საათისთვის კიდევ გავიდა და მსგავსად მოიქცა. ბოლოს მეთერთმეტე საათისთვის გავიდა და კიდევ სხვები ნახა უსაქმოდ მდგომნი. ჰკითხა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელი დღე უსაქმოდ?“ „არავინ დაგვიქირავა“, — უპასუხეს მათ. მან უთხრა: „თქვენც წადით ჩემს ვენახში“» (მათე 20:1—7).

იესოს სიტყვებზე, „ზეციერი სამეფო“ და „სახლის პატრონი“, მის მსმენელს, ალბათ, იეჰოვა ახსენდება. წმინდა წერილებში იეჰოვა მოხსენიებულია როგორც ვენახის პატრონი, ვენახის, რომელიც ისრაელ ერს განასახიერებს (ფსალმუნი 80:8, 9; ესაია 5:3, 4). ისინი, ვინც კანონის შეთანხმებას ექვემდებარება, ვენახის მუშებთან არიან შედარებულნი. მაგრამ იესო ამ მაგალითით ძველ დროს კი არ გულისხმობს, არამედ ამჟამინდელ მდგომარეობას აღწერს.

სასულიერო პირები, მაგალითად ის ფარისევლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ იესოს გამოსაცდელად კითხვა დაუსვეს გაყრის თაობაზე, ვითომდა, განუწყვეტლივ ემსახურებიან ღმერთს. ისინი ჰგვანან იმ მუშებს, რომლებიც სრული განაკვეთით მუშაობენ და რომლებიც სრულ გასამრჯელოს ელიან — ერთ სამუშაო დღეზე ერთ დინარს.

მღვდლები და სხვები, რომლებიც ამ ჯგუფში შედიან, საწყალ იუდეველებს ისე უყურებენ, როგორც ღვთის ვენახში არასრული განაკვეთით მომუშავეებს ანუ თვლიან, რომ ისინი ღვთის მსახურებაში მათზე ნაკლებს აკეთებენ. როგორც იესოს მაგალითშია აღწერილი, ეს ხალხი მათ ჰგავს, ვინც ბატონმა „მესამე საათისთვის“ (დილის 9 საათი) ან მოგვიანებით — მეექვსე, მეცხრე ან კიდევ მეთერთმეტე საათისთვის (საღამოს 5 საათი) დაიქირავა.

იმ კაცებსა და ქალებს, რომლებიც იესოს მიჰყვებიან, ფარისევლები დაწყევლილ ხალხად მიიჩნევენ (იოანე 7:49). იესოს მიმდევრები თითქმის მთელი ცხოვრება მეთევზეობას ან სხვა საქმეს მისდევდნენ. მაგრამ ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე „ვენახის პატრონმა“ იესო გაგზავნა, რომ ამ უბრალო ხალხისთვის მოეხმო, რათა მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ და ღვთისთვის ეშრომათ. როგორც იესო აღნიშნავს, ისინი „ბოლოები“ არიან, რომლებიც მეთერთმეტე საათისთვის დაიქირავა ვენახის პატრონმა.

ბოლოს იესო თავის მაგალითს იმის აღწერით ასრულებს, თუ რა ხდება სამუშაო დღის მიწურულს: «როცა მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავისი ქონების მეთვალყურეს უთხრა: „დაუძახე მუშებს და გადაუხადე გასამრჯელო, ბოლოს მოსულები დაიწყე და პირველები დაამთავრე“. მოვიდნენ ისინი, ვინც მეთერთმეტე საათიდან მუშაობდნენ და თითო დინარი მიიღეს. მოვიდნენ პირველები და იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს. მიიღეს და ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს: „ბოლოს მოსულებმა სულ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი ჩვენ გაგვიტოლე, რომლებმაც დღის სიმძიმე და პაპანაქება გადავიტანეთ!“ მან კი მიუგო ერთ მათგანს: „მეგობარო, არ გექცევი უსამართლოდ. ერთ დინარად არ მომირიგდი? აიღე, რაც გეკუთვნის და წადი. მე კი მინდა, ამ ბოლოს მოსულსაც იმდენივე მივცე, რამდენიც შენ. განა იმის უფლება არა მაქვს, ჩემი ქონება როგორც მინდა, ისე მოვიხმარო? თუ შენს თვალს შურს, რომ კარგი ადამიანი ვარ?“ ასე გახდებიან ბოლოები პირველები და პირველები — ბოლოები» (მათე 20:8—16).

ამ მაგალითის ბოლო ნაწილი, ალბათ, მოწაფეებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორ გახდებიან იუდეველი სასულიერო პირები, რომლებიც საკუთარ თავს პირველებად თვლიან, ბოლოები? და როგორ გახდებიან იესოს მოწაფეები პირველები?

იესოს მოწაფეები, რომლებიც ფარისეველთა აზრით, ბოლოები არიან, პირველები გახდებიან ანუ სრულ გასამრჯელოს მიიღებენ. როცა იესო დაასრულებს დედამიწაზე ცხოვრებას, ღმერთი უარყოფს მიწიერ იერუსალიმს, რის შემდეგაც აირჩევს ახალ ერს, „ღვთის ისრაელს“ (გალატელები 6:16; მათე 23:38). იოანე ნათლისმცემელი სწორედ მათზე მიანიშნებდა, როცა წმინდა სულით ნათლობაზე საუბრობდა, რომელიც მომავალში მოხდებოდა. ისინი, ვინც ერთ დროს ბოლოები იყვნენ, პირველები მოინათლებიან ღვთის წმინდა სულით და პატივი ხვდებათ წილად, „დედამიწის კიდით კიდემდე“ იესოს შესახებ დაამოწმონ (საქმეები 1:5, 8; მათე 3:11). მოწაფეები გარკვეულწილად მიხვდნენ, რომ იესოს სიტყვები ძირეულ ცვლილებებს მოასწავებს, ამიტომ შესაძლოა ისიც განჭვრიტეს, რომ ამას იუდეველი სასულიერო პირებისგან, რომლებიც ბოლოები გახდებიან, მძაფრი რეაგირება მოჰყვება.