წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 94

ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა

ლოცვისა და თავმდაბლობის აუცილებლობა

ლუკა 18:1—14

  • იესოს მაგალითი მოჰყავს ქვრივზე, რომელიც დაჟინებით ითხოვს სამართალს

  • იესოს ფარისეველსა და გადასახადების ამკრეფზე მოჰყავს მაგალითი

იესომ უკვე მოუყვანა მოწაფეებს მაგალითი იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაჟინებით ლოცვა (ლუკა 11:5—13). ახლა ის, კვლავ სამარიაში, ან გალილეაში უნდა იყოს; იგი ისევ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რამდენად აუცილებელია, განუწყვეტლივ ვილოცოთ. იესოს ასეთი მაგალითი მოჰყავს:

«ერთ ქალაქში იყო ერთი მოსამართლე, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და პატივს არავის სცემდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი, რომელიც განუწყვეტლივ დადიოდა მასთან და სთხოვდა, მე და ჩემი მომჩივანი სამართლიანად განგვსაჯეო. მოსამართლე დიდხანს უარობდა, მაგრამ მერე გულში თქვა: „ღვთისა არ მეშინია და პატივს არავის ვცემ, მაგრამ, რადგან ამ ქვრივმა ასე შემაწუხა, გავუჩენ სამართალს, რომ აღარ მოვიდეს და ბოლო არ მომიღოს“» (ლუკა 18:2—5).

ამ მაგალითის პრაქტიკული ღირებულების დასანახვებლად იესო ამბობს: „გაიგეთ, რა თქვა უმართლო მოსამართლემ? განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია მათ მიმართ?“ (ლუკა 18:6, 7). რას გვეუბნება ამით იესო მამაზე?

იესო, რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობს, რომ იეჰოვა რაღაცით მაინც ჰგავს ამ უმართლო მოსამართლეს. აზრის გამოსაკვეთად ის დაპირისპირების ხერხს მიმართავს: თუ უმართლო მოსამართლეც კი უპასუხოდ არ ტოვებს დაჟინებულ თხოვნას, მით უმეტეს ღმერთი. იგი სამართლიანი და კეთილია და ყოველთვის პასუხობს თავის ხალხს, თუ ისინი განუწყვეტლივ ლოცულობენ. ეს კარგად ჩანს მისი შემდეგი სიტყვებიდან: „გეუბნებით: [ღმერთი] მალე გაუჩენს მათ სამართალს“ (ლუკა 18:8).

ღარიბი და საწყალი ხალხი ხშირად ვერ პოულობს სამართალს, მაშინ როცა გავლენიანები და მდიდრები მეტწილად პატივდებულნი არიან. მაგრამ ღმერთი ასე არ უყურებს ადამიანებს. როცა დრო მოვა, ის სამართლიანად იმოქმედებს — დასჯის ბოროტებს და თავის მსახურებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს.

ვის აქვს ქვრივის მსგავსი რწმენა? ბევრს სჯერა, რომ ღმერთი „მალე გაუჩენს მათ სამართალს“? იესომ სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანა მაგალითი იმის ხაზგასასმელად, რომ აუცილებელია დაჟინებით ლოცვა. ახლა იესო იმაზე საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანს რწმენა ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს: „პოვებს კაცის ძე რწმენას დედამიწაზე, როცა მოვა?“ (ლუკა 18:8). იესო იმას გულისხმობს, რომ მისი მოსვლისას ასეთი რწმენა ცოტას ექნება.

იესოს ზოგ მსმენელს საკუთარი რწმენით მოაქვს თავი. მათ ჰგონიათ, რომ სამართლიანები არიან, არადა ზემოდან უყურებენ სხვებს. ასეთების გასაგონად მას მაგალითი მოჰყავს:

«ორი კაცი ავიდა ტაძარში, რომ ელოცათ: ერთი ფარისეველი, ხოლო მეორე გადასახადების ამკრეფი. ფარისეველი იდგა და გულში ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს ვიხდი“» (ლუკა 18:10—12).

ფარისევლები ცნობილნი არიან იმით, რომ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით მართლებად წარმოაჩენენ თავს და ამას საჯაროდ აკეთებენ. ამ მიზნით მათ თვითნებურად დაადგინეს მარხვის დღეები ორშაბათს და ხუთშაბათს, როცა, ჩვეულებისამებრ, ხალხი სავაჭროდ იყრის თავს. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით იხდიან მწვანილეულის მეათედსაც კი (ლუკა 11:42). რამდენიმე თვის წინ ფარისევლებმა აშკარად გამოხატეს უბრალო ადამიანებისადმი თავიანთი ზიზღი; მათ შესახებ, ვინც კანონის მათეული ახსნა-განმარტება არ იცოდა, ისინი ამბობდნენ: „დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“ (იოანე 7:49).

იესო განაგრძობს: «გადასახადების ამკრეფი კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, თვალები ცისკენ აეპყრო, მკერდში იცემდა და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“». დიახ, გადასახადების ამკრეფი თავმდაბლად აღიარებს თავის შეცდომებს. იესო ასეთ დასკვნას აკეთებს: „გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი წავიდა სახლში, ვიდრე ის, ვინაიდან ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 18:13, 14).

ამ მაგალითიდან აშკარად გამოჩნდა, თუ რაოდენ ღირებული თვისებაა თავმდაბლობა. ის, რაზეც იესომ ისაუბრა, ნამდვილად პრაქტიკული იყო მისი მოწაფეებისთვის, რომლებიც ისეთ გარემოში აღიზარდნენ, სადაც თავდაჯერებულ ფარისევლებს თავიანთი მდგომარეობისა და სტატუსის გარდა არაფერი აღელვებდათ. ეს რჩევა დღემდე ფასეულია იესოს მიმდევრებისთვის.

გაიგეთ მეტი

ისმენს ღმერთი ყველა ლოცვას?

რატომ არ იწონებს ღმერთი ზოგიერთ ლოცვას? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა მოგვისმინოს?

რატომ არ ისმენს ღმერთი ზოგიერთ ლოცვას?

გაიგეთ, როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი და როგორ ადამიანებს არ უსმენს.