არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 93

კაცის ძე გამოცხადდება

კაცის ძე გამოცხადდება

ლუკა 17:20—37

  • იესო მსმენელს ეუბნება, რომ ღვთის სამეფო მათ შორისაა

  •  

იესო ახლა, სავარაუდოდ, ან სამარიაში, ან გალილეაში უნდა იყოს. ფარისევლები მას ღვთის სამეფოს მოსვლის თაობაზე ეკითხებიან. მათი აზრით, ეს პომპეზურად და დიდი ზარ-ზეიმით მოხდება. მაგრამ იესო ეუბნება მათ: „ღვთის სამეფო შეუმჩნევლად მოვა, არ იტყვის ხალხი, აი აქ არის ან იქ არისო, რადგან ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლუკა 17:20, 21).

შესაძლოა ზოგმა იფიქროს, რომ იესოს სიტყვების თანახმად, სამეფო ღვთის მსახურთა გულშია. თუმცა შეუძლებელია იესო ამას გულისხმობდეს, რადგან სამეფო არ არის იმ ფარისეველთა გულში, რომელთაც ის ამ მომენტში ელაპარაკება. სამეფო იმ გაგებით არის მათ შორის, რომ ღვთის მიერ არჩეული სამეფოს მეფე, იესო, მათთანაა (მათე 21:5).

როგორც ჩანს, იესო თავისი მოწაფეებისთვის სამეფოს მოსვლასთან დაკავშირებულ საკითხს მეტ ნათელს ჰფენს მას შემდეგ, რაც ფარისევლები ტოვებენ იქაურობას. იგი საუბრობს იმ დროზე, როცა ის სამეფო ძალაუფლებით იქნება მოსული. თავდაპირველად იგი ასეთ გაფრთხილებას აძლევს მოწაფეებს: „მოვა დრო, როცა მოისურვებთ, კაცის ძის ერთი დღე მაინც იხილოთ, მაგრამ ვერ იხილავთ“ (ლუკა 17:22). იესო ამ სიტყვებით მიანიშნებს მოწაფეებს, რომ კაცის ძე მომავალში გახდება სამეფოს მმართველი. ვიდრე ეს დრო დადგება, ზოგ მოწაფეს, ალბათ, ერთი სული ექნება, მისი მოსვლა იხილოს, მაგრამ ისინი მოთმინებით უნდა დაელოდონ, სანამ კაცის ძე ღვთის მიერ დანიშნულ დროს არ გამოცხადდება.

იესო განაგრძობს: „გეტყვით ხალხი: აი იქ არისო, ან აქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით, ვინაიდან როგორც ელვა ანათებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძეც“ (ლუკა 17:23, 24). რა დაეხმარებათ მოწაფეებს, ამოიცნონ ცრუმესიები და არ გაჰყვნენ მათ? იესო ამბობს, რომ ნაწინასწარმეტყველები მესიის გამოჩენა ელვასავით იქნება, რომელიც შორიდანაც კი ჩანს. ასე რომ, სამეფო ძალაუფლებით იესოს მოსვლა ყველა დაკვირვებული თვალისთვის შესამჩნევი იქნება.

შემდეგ იესოს შედარების მიზნით წარსულში მომხდარი მოვლენები მოჰყავს და მსმენელს უჩვენებს, თუ რა ფასეულობები ექნება ხალხს მომავალში, როცა „კაცის ძე“ მოსული იქნება: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება კაცის ძის დროსაც . . . ლოტის დროსაც ასე იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველა მოსპო. ასევე იქნება იმ დღეს, როცა კაცის ძე გამოცხადდება“ (ლუკა 17:26—30).

ნოესა და ლოტის დროს მცხოვრები ხალხი იმიტომ არ განადგურებულა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდნენ — ჭამდნენ და სვამდნენ, ყიდდნენ და ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. არც ნოე, ლოტი და მათი ოჯახის წევრები იყვნენ ამ მხრივ გამონაკლისი; ისინიც იყვნენ ჩაბმულნი ასეთ საქმეებში. აშკარაა, რომ იესოს სულ სხვა რამის თქმა სურს. ნოეს, ლოტისა და მათი ოჯახისგან განსხვავებით, მათი თანამედროვეებისთვის, რომლებიც ასეთი საქმეებით იყვნენ დაკავებული, სულერთი იყო, რას ითხოვდა მათგან ღმერთი და საერთოდ არ ანაღვლებდათ, რა  დროში ცხოვრობდნენ. ასე რომ, იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს, მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანონ, თუ რას ითხოვს ღმერთი მათგან და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მისი ნება შეასრულონ. ამგვარად ის მათ უჩვენებს გზას, რომელსაც შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს მომავალში, როცა ღმერთი ბოროტ ქვეყნიერებას გაანადგურებს.

იესოს მიმდევრებმა არ უნდა გადაიტანონ ყურადღება „დარჩენილ ნივთებზე“ ანუ იმაზე, რაც ქვეყნიერებაშია. იესო ამბობს: „იმ დღეს თუ ვინმე ბანზე იქნება, ხოლო მისი ნივთები — სახლში, ნუ ჩამოვა მათ ასაღებად, და თუ ვინმე მინდორში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება დარჩენილი ნივთებისთვის. გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ (ლუკა 17:31, 32). ბიბლიური მონათხრობიდან ჩანს, რომ ეს ქალი მარილის სვეტად იქცა.

იესო კვლავ აგრძელებს იმ მოვლენებზე საუბარს, რომელიც მაშინ განვითარდება, როცა კაცის ძე გამეფდება. იგი ეუბნება მოწაფეებს: „იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში. ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ“ (ლუკა 17:34). ასე რომ, ზოგი გადარჩება, ზოგს კი დატოვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაკარგავენ თავიანთ სიცოცხლეს.

მოწაფეები ეკითხებიან იესოს: „სად, უფალო?“. იგი პასუხობს: „სადაც ლეშია, იქ არწივებიც მოგროვდებიან“ (ლუკა 17:37). დიახ, ზოგი მოწაფე არწივივით იქნება, რომელსაც მახვილი მზერა აქვს და შორსმხედველია. ისინი, ასე ვთქვათ, მოგროვდებიან ქრისტესთან, კაცის ძესთან, რომელიც ნამდვილად აღთქმული მესიაა. იმ დროს იესო თავის მოწაფეებს ანუ მათ, ვინც რწმენას გამოავლენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოთი მოამარაგებს.