წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 84

რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა

რას ნიშნავს იესოს მიმდევრობა

ლუკა 14:25—35

  • იესოს მიმდევრობა მსხვერპლს მოითხოვს

ფარისეველთა ერთ-ერთი უფროსის სახლში სადილობის დროს იესო მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. ახლა იესო კვლავ იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგება. მას უამრავი ხალხი მიჰყვება. საინტერესოა, რატომ. მართლა უნდათ მისი მიმდევრები გახდნენ და მზად არიან, ყველა სირთულე აიტანონ, რაც ქრისტიანულ გზაზე შეხვდებათ?

გზად იესო ისეთ სიტყვებს ამბობს, რაც შესაძლოა ზოგის აღშფოთებას იწვევს: „ვინც ჩემთან მოდის და არ სძულს მამამისი, დედამისი, ცოლ-შვილი, ძმები, დები და თავისი სულიც კი, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლუკა 14:26). რას გულისხმობს იესო ამ სიტყვებში?

იესოს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ, ვინც მისი მიმდევარი ხდება, პირდაპირი გაგებით უნდა შეიძულოს თავისი ნათესავები. სინამდვილეში იესო იმას გულისხმობს, რომ მათ თავიანთი მოძღვარი სხვებზე მეტად უნდა უყვარდეთ და არ დაემსგავსონ მის მიერ მოყვანილ მაგალითში მოხსენიებულ კაცს, რომელმაც განსაკუთრებულ მოწვევაზე იმის გამო თქვა უარი, რომ ახალდაქორწინებული იყო (ლუკა 14:20). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იუდეველთა წინაპარს, იაკობს რახელი უყვარდა, ლეა კი „მოძულებული“ ჰყავდა, რაშიც ის იგულისხმება, რომ იაკობს რახელი უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ლეა (დაბადება 29:31).

როგორც უკვე შენიშნეთ, იესომ თქვა, რომ მის მიმდევარს „თავისი სულიც კი“ უნდა სძულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას იესო საკუთარ თავზე მეტად უნდა უყვარდეს და მისთვის საკუთარი სიცოცხლის გასაწირადაც კი უნდა იყოს მზად. როგორც ვხედავთ, იესოს მიმდევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

იესოს მოწაფეებს შეიძლება მრავალი გასაჭირის და დევნის ატანა მოუწიოთ, რადგან იესომ თქვა: „ვინც არ ატარებს თავის წამების ბოძს და არ მომყვება, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლუკა 14:27). დიახ, იესოს ნამდვილი მიმდევრები მზად უნდა იყვნენ, ისეთივე დამცირება აიტანონ, როგორიც იესომ. მან ისიც კი თქვა, რომ მტრების ხელით მოკვდებოდა.

ასე რომ, ხალხმა, რომელიც იესოს მიჰყვება, უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა. ამის დასანახვებლად იესოს მაგალითი მოჰყავს: „მაგალითად, რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად? სხვაგვარად, შეიძლება საძირკველი ჩაყაროს, მაგრამ მშენებლობა ვერ დაამთავროს“ (ლუკა 14:28, 29). ამგვარად, სანამ მისი მიმდევრები გახდებიან, ხალხმა, რომელიც იესოს იერუსალიმში მიჰყვება, მტკიცედ უნდა გადაწყვიტოს, ბოლომდე იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. ამ აზრის ხაზგასასმელად იესოს სხვა მაგალითი მოჰყავს:

„რომელი მეფეა, რომ სანამ სხვა მეფესთან საბრძოლველად წავიდოდეს, არ დაჯდეს და არ მოითათბიროს, გაუმკლავდება თუ არა ათი ათასით ოციათასიან მოწინააღმდეგეს? თუ ვერ გაუმკლავდება, სანამ ის მეფე ჯერ კიდევ შორს არის, ელჩებს გაუგზავნის მას და ზავის დადებას სთხოვს“. აზრის გამოსაკვეთად იესო ამბობს: „ასევე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ დათმობს მთელ თავის საკუთრებას, ვერ იქნება ჩემი მოწაფე“ (ლუკა 14:31—33).

რა თქმა უნდა, იესოს ნათქვამი მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც მას მიჰყვება. ყველამ, ვინც ქრისტეს შესახებ ცოდნას იღებს, მთელი გულით უნდა შეასრულოს მისი სიტყვები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნამდვილად უნდათ მისი მოწაფეები გახდნენ, მზად უნდა იყვნენ, გაიღონ ყველაფერი, რაც აბადიათ, თვით სიცოცხლეც კი. ეს ის საკითხია, რაზეც აუცილებელია ფიქრი და ლოცვა.

ახლა იესო იმ თემას ეხება, რაზეც მთაზე ქადაგების დროს ისაუბრა. მან თავისი მიმდევრები „მიწის მარილს“ შეადარა (მათე 5:13). ამით იესოს იმის თქმა სურს, რომ როგორც მარილი იცავს საკვებს გაფუჭებისგან, ისე მისი მოწაფეები, ასე ვთქვათ, იცავენ ადამიანებს სულიერი და ზნეობრივი გახრწნისგან. ახლა, როდესაც დედამიწაზე იესოს მსახურების დრო იწურება, ის ამბობს: „მარილი, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ, თუ მარილი ძალას დაკარგავს, რაღა დაუბრუნებს მარილიანობას?“ (ლუკა 14:34). იესოს მსმენელებმა იციან, რომ ზოგიერთი სახის მარილი არ არის სუფთა და სხვადასხვა მინარევებს შეიცავს. ასეთი მარილი ნაკლებად გამოსადეგია.

ასე რომ, იესოს იმის ჩვენება სურს, რომ მათაც კი, ვინც უკვე დიდი ხანია მისი მიმდევრები არიან, არ უნდა დაკარგონ შემართება. თუ ეს ასე მოხდება, ისინი ისევე გამოუსადეგარნი გახდებიან, როგორც მარილი, რომელმაც ძალა დაკარგა. ისინი ქვეყნიერებამ შეიძლება სასაცილოდაც კი აიგდოს. უფრო მეტიც, იეჰოვასთვის გამოუსადეგარნი გახდებიან და ჩირქსაც მოსცხებენ მის სახელს. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ეს ყოველივე, იესო ამბობს: „ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს“ (ლუკა 14:35).

გაიგეთ მეტი

როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი? განიხილე ჭეშმარიტი რელიგიის 5 ამოსაცნობი ნიშანი.