წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 88

იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

იგავი მდიდარსა და ლაზარეზე

ლუკა 16:14—31

  • იესოს მოჰყავს მაგალითი მდიდარსა და ლაზარეზე

ცოტა ხნის წინ იესომ საკმაოდ პრაქტიკული რჩევა მისცა თავის მოწაფეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განეკარგათ საკუთარი ქონება. მაგრამ მხოლოდ მოწაფეები არ იყვნენ მის მსმენელთა რიგებში. იესოს ფარისევლებიც უსმენდნენ, რომელთაც მართებდათ, ყურად ეღოთ ეს რჩევა; ისინი ხომ „ფულის მოყვარულები“ არიან?! მაგრამ ფარისევლებმა დასცინეს იესოს (ლუკა 15:2; 16:13, 14).

თუმცა იესოს არ აშინებს ეს და პირდაპირ ეუბნება: „თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა“ (ლუკა 16:15).

ფარისევლები უკვე დიდი ხანია, რაც „ადამიანის თვალში“ ამაღლებულები არიან, მაგრამ ახლა დადგა ცვლილებების დრო. ისინი, ვინც დიდ ქონებას ფლობენ, პოლიტიკური ძალაუფლება აქვთ და გავლენიანი სასულიერო პირები არიან, მალე დაკარგავენ თავიანთ გავლენას და დამდაბლდებიან. უბრალო ხალხი კი, რომელნიც სულიერს არიან მოწყურებულნი, ამაღლდებიან. იესო ყველასთვის ნათელს ჰფენს იმას, თუ რა ძირეული ცვლილებები უნდა მოხდეს:

„კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იოანემდე იყო. მას შემდეგ სასიხარულო ცნობა ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ და ყველანაირი ადამიანი ისწრაფვის მისკენ მთელი ძალით. უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს, ვიდრე კანონის ერთი ასოს ნაწილაკი დარჩეს შეუსრულებელი“ (ლუკა 3:18; 16:16, 17). რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესოს ეს სიტყვები ცვლილებების მომასწავებელია?

ფარისევლები და მწიგნობრები ამაყად აცხადებენ, რომ ზედმიწევნით მიჰყვებიან ღვთის კანონს, რომელიც ღმერთმა ისრაელს მოსეს მეშვეობით მისცა. ალბათ, გახსოვთ, რომ როდესაც იესომ იერუსალიმში ყოფნის დროს ერთ კაცს თვალისჩინი დაუბრუნა, ფარისევლებმა ამაყად განაცხადეს: „ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი“ (იოანე 9:13, 28, 29). ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ხალხს კანონი მისცა, ის იყო, რომ თავმდაბალი ადამიანები მესიის, ანუ იესოს მოსვლისთვის მოემზადებინა. თავის დროზე იოანე ნათლისმცემელმა ამოიცნო იესო და მას ღვთის კრავი უწოდა (იოანე 1:29—34). მას შემდეგ, რაც იოანემ მსახურება დაიწყო, თავმდაბალი იუდეველები, რომლებიც მეტწილად ჩაგრულები იყვნენ, ისმენდნენ ცნობას „ღვთის სამეფოს შესახებ“. ასე რომ, „სასიხარულო ცნობის“ მოსმენა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც სურს ღვთის სამეფოს ქვეშევრდომი გახდეს და ამ სამეფოს მმართველობის შედეგად მოტანილი კურთხევები საკუთარ თავზე გამოსცადოს.

ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი შეუსრულებელი არ დარჩება. მან ხალხი მესიამდე მიიყვანა. მეტიც, მალე კანონის დაცვა სავალდებულო აღარ იქნება. მაგალითად, კანონით ნებადართული იყო სხვადასხვა მიზეზით გაყრა, მაგრამ ახლა იესო ამბობს: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მრუშობს, და ვინც ქმარგაცილებულ ქალს ირთავს, მრუშობს“ (ლუკა 16:18). ალბათ, როგორ განარისხებს ამის მოსმენა ფარისევლებს, რომლებიც ყველაფერზე წესებს ადგენენ!

ახლა იესოს მოჰყავს მაგალითი, საიდანაც კარგად ჩანს, როგორი ძირეული ცვლილება უნდა მოხდეს მალე. ეს მაგალითი ეხება ორ კაცს, რომელთა მდგომარეობაც რადიკალურად იცვლება. ამ მაგალითის განხილვისას მხედველობაში გქონდეთ ის, რომ იესოს მსმენელთა შორის იმყოფებოდნენ ფულის მოყვარული ფარისევლები, რომლებიც ადამიანთა თვალში იყვნენ განდიდებულნი.

იესო ჰყვება: „იყო ერთი მდიდარი კაცი, რომელიც ძოწისფერ ტანსაცმელსა და ბისონს იცვამდა და ყოველდღე დიდად მხიარულობდა. ერთი მათხოვარი კი, სახელად ლაზარე, მის ჭიშკართან მიჰყავდათ ხოლმე, თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული, და მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომას ნატრობდა. მოდიოდნენ ძაღლები და წყლულებს ულოკავდნენ“ (ლუკა 16:19—21).

ვინაიდან ფარისევლებს ძალიან უყვართ ფული, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის გულისხმობს იესო „მდიდარ კაცში“. ამ მდიდარი კაცის მსგავსად, ფარისევლებსაც მოსწონთ ძვირადღირებული და მდიდრული სამოსით შემოსვა. შესაძლოა ისინი მართლაც იყვნენ პირდაპირი გაგებით მდიდრები, მაგრამ სხვების თვალში იმიტომ ჩანან ასეთებად, რომ პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ. დიახ, იესოს მაგალითში მოხსენიებული სამეფო ძოწეული, რომლითაც მდიდარი კაცია შემოსილი, იმაზე მიუთითებს, რომ მათ მაღალი მდგომარეობა უკავიათ, ხოლო თეთრი ბისონი იმაზე, რომ საკუთარ თავს მართლებად წარმოაჩენენ (დანიელი 5:7).

როგორ უყურებენ ეს მდიდარი და ამაყი მამაკაცები უბრალო და ღარიბ ხალხს? მათ ეზიზღებათ ისინი და  „ამ-ჰაარეცს“ ანუ „მიწის ხალხს“ უწოდებენ, რომელთაც, მათი აზრით, არც კანონი იციან და არც იმას იმსახურებენ, რომ მისით იყვნენ განსწავლულნი (იოანე 7:49). ეს ზუსტად ასახავს იმ მათხოვრის მდგომარეობას, რომელსაც ლაზარე ჰქვია და რომელიც მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომას ნატრობს. თავიდან ფეხებამდე დაწყლულებული ლაზარეს მსგავსად, უბრალო ხალხსაც, რომლებსაც სულიერად დასნეულებულად მიიჩნევენ, ფარისევლები ზემოდან უყურებენ.

ეს სავალალო მდგომარეობა უკვე რამდენიმე ხანია შეინიშნება, მაგრამ იესომ იცის, რომ დადგა ძირეული ცვლილებების მოხდენის დრო. მალე მდიდრისა და ლაზარეს მსგავსი ადამიანების მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება.

მდიდრისა და ლაზარეს მდგომარეობა იცვლება

იესო განაგრძობს თხრობას და აღწერს, თუ როგორ იცვლება ვითარება: „გავიდა დრო, მოკვდა მათხოვარი და ანგელოზებმა აბრაამის მკერდთან მიიყვანეს. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. სამარეში, ტანჯვაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და შორიდან დაინახა აბრაამი და მის მკერდთან ლაზარე“ (ლუკა 16:22, 23).

იესოს მსმენელებმა კარგად იციან, რომ აბრაამი დიდი ხნის წინ დაიღუპა და ის სამარხშია. წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ სამარეში ანუ შეოლში არავის, მათ შორის აბრაამს, არ შეუძლია რაიმეს დანახვა ან თქმა (ეკლესიასტე 9:5, 10). მაშ, როგორ იგებენ იესოს მაგალითს ფარისევლები? რის თქმა სურს იესოს თავისი მაგალითით უბრალო ხალხსა და ამ ფულის მოყვარულ მამაკაცებზე?

იესომ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, თუ რა ცვლილება უნდა მომხდარიყო. მისი სიტყვების თანახმად, „კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იოანემდე იყო. [მაგრამ] მას შემდეგ სასიხარულო ცნობა ვრცელდება ღვთის სამეფოს შესახებ“. ასე რომ, შეიძლება ითქვას სწორედ იოანეს და იესო ქრისტეს ქადაგება იწვევს ლაზარესა და მდიდრის წარსული ცხოვრებისთვის სიკვდილს, რის შემდეგაც ისინი ახალ მდგომარეობას იკავებენ ღვთის წინაშე.

უბრალო და ღარიბი ხალხი დიდი ხნის მანძილზე იყო სულიერს მონატრებული; მაგრამ ახლა ისინი აღარ არიან სულიერად მშიერნი, რადგან ეხმაურებიან ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, რომელსაც თავიდან იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, შემდეგ კი — იესო. ამ დრომდე მათ უწევდათ იმ ნამცეცებს დასჯერებოდნენ, რაც, ასე ვთქვათ, ფარისევლებისა და მწიგნობრების სუფრიდან ცვიოდა. მაგრამ ახლა ისინი იკვებებიან ღვთიური სიბრძნით, განსაკუთრებით კი იმ საოცარ სწავლებებს ეზიარებიან, რომელთაც იესო ჰფენს ნათელს. საბოლოოდ, ისინი იეჰოვა ღმერთის თვალში კეთილგანწყობას პოულობენ.

მათგან განსხვავებით, მდიდარი და გავლენიანი სასულიერო პირები არ იღებენ ცნობას სამეფოს შესახებ, რასაც იოანე აცხადებდა და რასაც იესო მთელ იუდეაში ამცნობს ხალხს (მათე 3:1, 2; 4:17). ეს ცნობა, რომელიც ღვთის მკაცრი განაჩენის გარდაუვალობაზე  მიუთითებს, აღაშფოთებს ანუ სტანჯავს მათ (მათე 3:7—12). ამ ფულის მოყვარული მამაკაცებისთვის მართლაც დიდი შვება იქნებოდა, თუ იესო და მისი მოწაფეები შეწყვეტდნენ ღვთის ცნობის გაცხადებას. ფარისევლები მაგალითში მოყვანილ მდიდარს ჰგვანან, რომელიც ამბობს: „მამა აბრაამ, შემიწყალე და გამოგზავნე ლაზარე, რომ თითის წვერი დაისველოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვიტანჯები ამ მოგიზგიზე ცეცხლში“ (ლუკა 16:24).

მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ფარისეველთა უმეტესობა არ შეიცვლება; მათ არ მოუსმინეს „მოსესა და წინასწარმეტყველთ“, რომელთა წერილობით გადმოცემულ სიტყვებსაც უნდა აღეძრა ისინი, მიეღოთ იესო, როგორც ღვთის მიერ არჩეული მესია და მეფე (ლუკა 16:29, 31; გალატელები 3:24). ისინი არც თავს იმდაბლებენ და არც იმ ღარიბებს უსმენენ, რომლებმაც აღიარეს იესო და ღვთის კეთილგანწყობა პოვეს. თავის მხრივ, არც იესოს მოწაფეები წავლენ დათმობაზე და არ შეეცდებიან ჭეშმარიტების შერბილებას, რათა აამონ ამ უკანასკნელთ და შვება მოჰგვარონ. იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში ფარისევლების მდგომარეობა იმ სიტყვებითაა აღწერილი, რომელიც აბრაამმა მდიდარს უთხრა:

„შვილო, გაიხსენე, რომ შენ სიცოცხლეში სრულად მიიღე ყოველივე კარგი, ლაზარემ კი — ყოველივე ცუდი. ახლა ის ნუგეშცემულია აქ, შენ კი იტანჯები. თანაც ჩვენ შორის დიდი უფსკრულია, ვერც აქედან თქვენთან გადმოსვლის მსურველები გადმოვლენ თქვენთან და მანდედან ჩვენთან გადმოსვლაც შეუძლებელია“ (ლუკა 16:25, 26).

მართლაც რა მართებული და სამართლიანია ასეთი ცვლილებები! ეს კარგად გამოხატავს იმას, თუ როგორ რადიკალურად შეიცვლება ამაყი ფარისევლებისა და იმ უბრალო ხალხის მდგომარეობა, რომლებმაც დაიდგეს იესოს უღელი და სულიერად მაძღარნი და გამოცოცხლებულნი არიან (მათე 11:28—30). ეს ცვლილება უფრო აშკარა რამდენიმე თვეში გახდება, როცა კანონის შეთანხმებას ახალი შეთანხმება შეცვლის (იერემია 31:31—33; კოლოსელები 2:14; ებრაელები 8:7—13). როდესაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ღმერთი თავის ერთგულებზე გადმოაფრქვევს წმინდა სულს, არავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ღვთის კეთილგანწყობა ფარისევლებსა და მათ რელიგიურ მოკავშირეებს კი არა, იესოს მოწაფეებს აქვთ.