წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

 თავი 90

„აღდგომა და სიცოცხლე“

„აღდგომა და სიცოცხლე“

იოანე 11:17—37

  • იესო ბეთანიაში ლაზარეს სიკვდილის შემდეგ ჩადის

  • „აღდგომა და სიცოცხლე“

იესომ დატოვა პერეა და ახლა ბეთანიას მიადგა, სოფელს, რომელიც იერუსალიმის აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს. აქ მარიამი და მართა თავიანთ ძმას დასტირიან, რომელიც ახლახან გამოეცალათ ხელიდან. მათ სანუგეშებლად ბევრი ხალხია მისული.

მართას ვიღაც ეუბნება, იესო მოვიდაო, რის გაგებისთანავეც მის შესახვედრად გარბის. იგი იესოს, როგორც ჩანს, იმას ეუბნება, რაზეც ბოლო ოთხი დღის მანძილზე ის და მისი და ფიქრობდნენ: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. მაგრამ ეს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ იმედი აქვს გადაწურული. მართა ეუბნება იესოს: „ვიცი, რომ რაც უნდა სთხოვო ღმერთს, ღმერთი მოგცემს“ (იოანე 11:21, 22). მან იცის, რომ იესოს ახლაც შეუძლია რამე იღონოს.

იესო პასუხობს: „აღდგება შენი ძმა“. მართა ფიქრობს, რომ იესო მომავალ აღდგომაზე საუბრობს, რომელიც დედამიწაზე იქნება და რომლის იმედიც აბრაამსაც და სხვებსაც ჰქონდათ. მისი შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება ამაში: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:23, 24).

მაგრამ საინტერესოა, ახლავე იღონებს თუ არა იესო რამეს, მართას ტკივილი რომ დაუამოს. ის შეახსენებს მას, რომ ღვთის მიერ ბოძებული ძალით სიკვდილის დამარცხებაც კი შეუძლია: „ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება, და ყოველი, ვინც ცოცხლობს და ვისაც ვწამვარ, არასოდეს მოკვდება“ (იოანე 11:25, 26).

ამ სიტყვებით იესოს იმის თქმა არ სურს, რომ მისი მოწაფეები, რომლებიც ამჟამად ცოცხლები არიან, არასდროს მოკვდებიან. თვით იესოსაც კი მოუწევს სიკვდილი, როგორც თავად უთხრა მოციქულებს (მათე 16:21; 17:22, 23). იესო ხაზს უსვამს იმას, რომ ვინც რწმენას ავლენს მის მიმართ, მომავალში მარადიულად იცოცხლებს. უმრავლესობა მარადიული სიცოცხლით აღდგომის შემდეგ გაიხარებს, მაგრამ ის ღვთისმოშიში ადამიანები, რომლებიც იმ პერიოდში იცხოვრებენ, როცა ქვეყნიერების აღსასრული მოაწევს, არასდროს იხილავენ სიკვდილს. ასე რომ, ყველას, ვინც რწმენას ავლენს იესოს მიმართ, დროის რომელ მონაკვეთშიც არ უნდა ცხოვრობდეს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მარადიულად არ დარჩება სიკვდილის ტყვეობაში.

მაგრამ შეძლებს იესო, რომელმაც სულ ახლახან თქვა, „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლეო“, აღადგინოს ლაზარე, რომელიც რამდენიმე დღის მკვდარია? იესო ეკითხება მართას: „გწამს ეს?“. იგი პასუხობს: „დიახ, უფალო, ვირწმუნე, რომ ქრისტე ხარ, ღვთის ძე, ქვეყნიერებაში მომავალი“. მართა, რომელსაც სჯერა, რომ იესოს დღესვე შეუძლია სასწაულის მოხდენა, სწრაფი ნაბიჯით მიდის სახლისკენ და თავის დას ჩუმად ეუბნება: „მოძღვარია მოსული და გეძახის“ (იოანე 11:25—28). ამ სიტყვების მოსმენაზე მარიამი ტოვებს სახლს; მალე მას უკან სხვებიც მიჰყვებიან, რადგან ჰგონიათ, რომ ლაზარეს სამარხისკენ მიდის.

მაგრამ მარიამი იესოსთან მიდის, აქვითინებული მის ფეხებთან ეცემა და ზუსტად ისეთივე გრძნობას გამოხატავს, როგორიც ცოტა ხნის წინ მისმა დამ, მართამ გამოხატა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. მარიამისა და იქ თავმოყრილი ხალხის ცრემლების დანახვაზე იესოს სული უფორიაქდება და თვალებიც კი უწყლიანდება. ეს გულგრილს არ ტოვებს გარშემომყოფთ. მაგრამ ზოგი ასეთ კითხვას სვამს: „ნუთუ ამ კაცმა, რომელმაც ბრმას თვალი აუხილა, ვერაფერი იღონა, რომ ის არ მომკვდარიყო?“ (იოანე 11:32, 37).