წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

ალბათ, გსიამოვნებთ სასიხარულო ამბის გაგება. გვერწმუნეთ, რომ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის მართლაც არსებობს სასიხარულო ცნობა.

ეს ცნობა სამყაროს შემოქმედმა, უზენაესმა ღმერთმა, იეჰოვამ თავის სიტყვაში, ბიბლიაში ერთგულ მსახურებს საუკუნეების წინ ჩააწერინა. ამ სახელმძღვანელოში ჩვენ უმთავრეს ყურადღებას შევაჩერებთ ბიბლიის ოთხ წიგნზე, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის მეტად სასიხარულო ცნობას შეიცავს. ეს წიგნები მათივე დამწერების სახელებს ატარებს. ესენი არიან: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. სწორედ ამ ოთხ მამაკაცს დააწერინა ღმერთმა ეს ოთხთავი.

ბევრი ამ ოთხ წიგნს ოთხ სახარებას უწოდებს. ოთხივე გვამცნობს სასიხარულო ცნობას, კერძოდ იმას, რომ ღმერთმა იესო ქრისტეს მეშვეობით კაცობრიობას ხსნა მოუტანა და ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე ყველას, ვინც მის მიმართ რწმენას გამოავლენს, მარადიულ კურთხევებს მოუტანს (მარკოზი 10:17, 30; 13:13).

რატომ დაიწერა ოთხი სახარება

შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, რატომ დაიწერა ღვთის შთაგონებით იესოს ცხოვრების შესახებ ოთხთავი.

მოდი, დავფიქრდეთ, რატომ არის კარგი, რომ იესოს ცხოვრების შესახებ ოთხ სხვადასხვა წიგნშია მოთხრობილი. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ ოთხი მამაკაცი, რომლებიც თავიანთი მოძღვრის გვერდით დგანან; იგი ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნებაა. ერთი მათგანი, რომელიც მოძღვრის წინ დგას, საგადასახადოში მუშაობს; მარჯვნივ მდგომი ექიმია; მარცხნივ მეთევზე დგას, რომელიც მოძღვრის ყველაზე ახლო მეგობარია; უკან მდგომი კი სხვებთან შედარებით ახალგაზრდაა. ეს ოთხივე მამაკაცი სუფთა გულის ადამიანია; თითოეულს სხვადასხვა ინტერესი აქვს და ერთმანეთისგან განსხვავებულ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. თუ ისინი იმას დაწერენ, რაც მათმა მოძღვარმა თქვა და გააკეთა, ოთხივე ჩანაწერში, სავარაუდოდ, სხვადასხვა კუთხით იქნება გაშუქებული დეტალები თუ მოვლენები. თუ ამ ოთხი სახარების განხილვისას მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მათი დამწერები სხვადასხვა კუთხით აშუქებდნენ მოვლენებს და სხვადასხვა მხარეებს აქცევდნენ ყურადღებას, მთლიანი სურათის დანახვას შევძლებთ, ანუ უფრო კარგად ჩავწვდებით იესოს სიტყვებისა და საქმეების მნიშვნელობას. მართლაც მრავალმხრივ სასარგებლოა, რომ ოთხი წიგნი მიეძღვნა დიდებული მასწავლებლის, იესოს ცხოვრებას!

ახლა ისევ ზემოთ მოყვანილ მაგალითს დავუბრუნდეთ. ამ მაგალითის თანახმად, ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც გადასახადების ამკრეფია, სურს, რომ იუდეველების ყურამდე მიიტანოს თავისი მოძღვრის შესახებ ცნობები;  ამიტომ უმთავრესად ისეთი თანმიმდევრობით აჯგუფებს მის ცხოვრებაში მომხდარ სხვადასხვა მოვლენას და ქადაგების ეპიზოდებს, რომ უშუალოდ ამ ხალხისთვის იყოს გასაგები. რაც შეეხება ექიმს, ის ყურადღებას ამახვილებს ავადმყოფებისა თუ ხეიბრების განკურნებაზე, ამიტომ შეიძლება გამოტოვოს ისეთი დეტალები, რასაც გადასახადის ამკრეფი აუცილებლად აღნიშნავს, ან თუ გადმოსცემს, სხვა თანმიმდევრობით. ახლა მოძღვრის ახლო მეგობარზეც ვთქვათ რამე — ის უფრო მეტ აქცენტს თავისი უფლის გრძნობებსა და თვისებებზე აკეთებს. ხოლო მეოთხე, ახალგაზრდა კაცი, ძალიან მოკლედ და ლაკონურად გადმოსცემს სათქმელს. მიუხედავად ამისა, თითოეული მათგანის მონათხრობი სიზუსტით გამოირჩევა. ასე რომ, იესოს ცხოვრების შესახებ ოთხი სხვადასხვა მონათხრობი უფრო კარგად გვაცნობს მის პიროვნებას, საქმიანობასა და სწავლებებს.

ზოგჯერ ხალხი სახარებებს ასე მოიხსენიებს: „მათეს სახარება“ ან „იოანეს სახარება“. ამაში არასწორი არაფერია, რადგან თითოეული სახარება შეიცავს „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას“ (მარკოზი 1:1). მაგრამ ეს მაინც ერთი მთლიანია წიგნია, რადგან ოთხივეს ერთი თემა გასდევს.

ღვთის სიტყვის ბევრმა მკვლევარმა შედარების შემდეგ დაინახა, რომ „მათეს“, „მარკოზის“, „ლუკას“ და „იოანეს“ სახარებებში აღწერილი მოვლენები და ფაქტები სრულ თანხმობაშია ერთმანეთთან. დაახლოებით ახ. წ. 170 წელს სირიელი მწერალი ტატიანეც მათ კვალს დაადგა. მან აღიარა, რომ ეს ოთხი სახარება ნამდვილად ზუსტ და ღვთივშთაგონებულ ცნობებს შეიცავს. ტატიანემ გააერთიანა ეს ოთხთავი და შექმნა ნაშრომი, რომელიც „დიატესარონის“ სახელითაა ცნობილი. მასში გაერთიანებულია ოთხივე სახარება და მოთხრობილია იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნიც ასევეა შედგენილი, თუმცა გაცილებით ზუსტია და ბევრი რამ დაწვრილებითაა გადმოცემული. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ახლა უკეთ გვესმის, როგორ სრულდება დღეს და როგორ შესრულდება მომავალში იესოს მიერ წარმოთქმული ბევრი წინასწარმეტყველება თუ მაგალითი. ამის წყალობით, ჩვენთვის უფრო მეტი ნათელი ეფინება იესოს სიტყვებსა და საქმეებს და უკეთ ვხედავთ, თუ რა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განვითარდა მის ცხოვრებაში სხვადასხვა მოვლენა. რასაკვირველია, სახარებების შესახებ გარკვეულ დეტალებსა თუ მათი დამწერების მიერ სხვადასხვა კუთხით გაშუქებულ მოვლენებს არქეოლოგიურმა აღმოჩენებმაც მოჰფინა ნათელი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გადაჭრით ვერავინ იტყვის, რა თანმიმდევრობით მოხდა ესა თუ ის მოვლენა. მაგრამ წიგნში „იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ ყველაფერი საფუძვლიანად და ლოგიკურადაა გადმოცემული.

გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

ამ წიგნის კითხვის დროს მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ, რომ მასში გადმოცემული ცნობები პირადად თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ნუ დაგავიწყდებათ, თავად იესომ რა უთხრა მოციქულ თომას: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).

ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ, თუ რა გაგებითაა იესო „გზა“. მხოლოდ მისი მეშვეობით შეგიძლიათ ლოცვით ღმერთთან დაახლოება. მეტიც, იესო იმ გაგებით არის ჩვენთვის „გზა“, რომ ღმერთთან შერიგების შესაძლებლობას გვაძლევს (იოანე 16:23; რომაელები 5:8). ასე რომ, მხოლოდ მისი მეშვეობით შეგვიძლია ღვთის თვალში კარგი სახელი გვქონდეს და მასთან ახლო ურთიერთობით დავტკბეთ.

იესო არის „ჭეშმარიტება“. მან სიტყვითა და საქმით დაამტკიცა, რომ მართლაც ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობდა! იესომ გრაგნილებში თავის შესახებ ჩაწერილი ბევრი წინასწარმეტყველება შეასრულა და ამგვარად ღვთის დაპირებები „დიახ“ გახდა მისი მეშვეობით (2 კორინთელები 1:20; იოანე 1:14). მსგავსი წინასწარმეტყველებები გვეხმარება იმის დანახვაში, რომ იესო უმთავრეს როლს ასრულებს ღვთის განზრახვის შესრულებაში (გამოცხადება 19:10).

იესო ქრისტე არის „სიცოცხლე“. მან ჩვენთვის დაღვარა საკუთარი სისხლი და ჩვენთვის გაიღო თავისი სრულყოფილი სიცოცხლე, რისი წყალობითაც შეგვიძლია ვეზიაროთ „ჭეშმარიტ“ ანუ „მარადიულ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:12, 19; ეფესოელები 1:7; 1 იოანე 1:7). ის აგრეთვე გახდება „სიცოცხლე“ მილიონობით გარდაცვლილისთვის, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან და რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ (იოანე 5:28, 29).

თითოეულს კარგად უნდა გვესმოდეს, რა როლს ასრულებს იესო ღვთის განზრახვის შესრულებაში და მადლიერნი უნდა ვიყოთ ამისთვის. ასე რომ, კვლავაც გაიღრმავეთ ცოდნა იესოს შესახებ, რომელიც არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე!

გაიგეთ მეტი

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ბიბლია მოგვითხრობს, თუ რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა, როდის მოეღება ბოლო ტანჯვას, რა ელის დედამიწას მომავალში და ვინ იცხოვრებს მასზე.