არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუბრუნდი იეჰოვას

 თავი 4

დანაშაულის გრძნობა — „განმწმინდე ჩემი ცოდვისგან“

დანაშაულის გრძნობა — „განმწმინდე ჩემი ცოდვისგან“

„ჩემი ახალი სამსახურის წყალობით ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ამ სამსახურის გამო ღვთისთვის მიუღებელი ცხოვრება დავიწყე. აღვნიშნავდი დღესასწაულებს, ვმონაწილეობდი პოლიტიკურ ღონისძიებებში და ეკლესიაშიც კი დავდიოდი. 40 წლის მანძილზე არააქტიური იეჰოვას მოწმე ვიყავი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ხშირად ვფიქრობდი, რომ იეჰოვა არ მაპატიებდა. ჩემს თავს ვერც მე ვპატიობდი. მე ხომ ჭეშმარიტება მანამდე ვიცოდი, სანამ მცდარ გზას დავადგებოდი!“ (მართა).

დანაშაულის გრძნობა შეიძლება უმძიმეს ტვირთად გექცეს. მეფე დავითმა დაწერა: „თავზე გადამდის ჩემი დანაშაული, უმძიმეს ტვირთად მაწევს“ (ფსალმუნი 38:4). ზოგი ქრისტიანი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მათ არასდროს აპატიებდა, რასაც ძალიან განიცდიდნენ (2 კორინთელები 2:7). მართლა არ აპატიებდა მათ იეჰოვა? მძიმე ცოდვებიც რომ გქონდეს ჩადენილი, იმდენად შორს ხარ იეჰოვასგან, რომ მან არასდროს გაპატიოს? რა თქმა უნდა, არა!

„მოდით და მოვაგვაროთ საქმეები“

იეჰოვა არასოდეს ტოვებს მომნანიებელ შემცოდველს. მეტიც, ის უხმობს მას! იგავში გზასაცდენილი შვილის შესახებ იესომ იეჰოვა შეადარა მოსიყვარულე მამას, რომლის ვაჟმაც ოჯახი დატოვა და აღვირახსნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. გარკვეული დროის შემდეგ ვაჟმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. „როცა ჯერ კიდევ შორს იყო, მამამისმა დაინახა და გული დაეწვა. გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“ (ლუკა 15:11—20). ალბათ შენც გინდა იეჰოვასთან დაბრუნება, მაგრამ შეიძლება ფიქრობ, რომ მისგან შორს ხარ. იესოს იგავში მოხსენიებული მამის მსგავსად, იეჰოვას თბილი გრძნობები აქვს შენ მიმართ. მას ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდები.

მაგრამ იქნებ ფიქრობ, რომ ისეთი ცოდვები გაქვს ჩადენილი ან იმდენი, რომ იეჰოვა არ გაპატიებს? ნახე, რას ამბობს იეჰოვა ესაიას 1:18-ში: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები . . . ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“. იეჰოვას ისეთი ცოდვების პატიებაც შეუძლია, რომლებიც თეთრ სამოსზე დარჩენილი ალისფერი ლაქასავითაა.

იეჰოვას არ უნდა, რომ სინდისის ქენჯნა გტანჯავდეს. რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მან გაპატიოს და სუფთა სინდისი დაიბრუნო? მოდი, განვიხილოთ ის ორი ნაბიჯი, რომელიც მეფე დავითმა გადადგა. პირველი, მან თქვა: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“ (ფსალმუნი 32:5). იეჰოვა გელოდება, რომ ილოცო და მასთან ურთიერთობა აღადგინო. ნუ უგულებელყოფ ამ მოწოდებას. აღიარე ცოდვები იეჰოვას წინაშე და გული გადაუშალე მას. დავითი ღმერთს ლოცვაში სთხოვდა: „განმწმინდე ჩემი ცოდვისგან . . . მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო“ (ფსალმუნი 51:2, 17).

მეორე, დავითს უარი არ უთქვამს ღვთის წინასწარმეტყველის, ნათანის დახმარებაზე (2 სამუელი 12:13). დღესაც, იეჰოვას კრებაში უხუცესები ჰყავს დანიშნული, რომლებმაც იციან, როგორ დაეხმარონ  მომნანიებელ შემცოდველს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში. როცა უხუცესებთან მიხვალ, ისინი ბიბლიის მეშვეობითა და გულწრფელი ლოცვით დაგეხმარებიან, რომ შინაგანი სიმშვიდე დაიბრუნო, გათავისუფლდე უარყოფითი გრძნობებისგან და აღიდგინო სულიერი წონასწორობა (იაკობი 5:14—16).

იეჰოვას სურს, რომ შენც დაიბრუნო სუფთა სინდისი

„ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა“

შეიძლება ძალიან გიჭირს იეჰოვას წინაშე ცოდვების აღიარება და უხუცესებთან მისვლა, თუმცა ეს გასაგებიცაა. როგორც ჩანს, ეს არც დავითისთვის იყო ადვილი. ის გარკვეული ხნის მანძილზე დუმდა და ცოდვებს არ აღიარებდა (ფსალმუნი 32:3). თუმცა მოგვიანებით, როცა აღიარა ცოდვები და სწორ გზას დაადგა, მიხვდა, რომ ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო.

დავითმა სიხარული დაიბრუნა. მან დაწერა: „ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა და ვისი ცოდვაც დაიფარა“ (ფსალმუნი 32:1). ის აგრეთვე ლოცულობდა: „იეჰოვა, ბაგე გამიხსენი, რათა გაქოს ჩემმა პირმა“ (ფსალმუნი 51:15). დავითი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდა და ღვთისადმი მადლიერების გრძნობით განიმსჭვალა, რამაც ის აღძრა, რომ სხვებთან იეჰოვას შესახებ ელაპარაკა.

იეჰოვას სურს, რომ შენც დაიბრუნო სუფთა სინდისი და სხვებს მასზე და მის განზრახვებზე თამამად, სიხარულით ელაპარაკო, ისე რომ არ გაწუხებდეს დანაშაულის გრძნობა (ფსალმუნი 65:1—4). გახსოვდეს მისი სიტყვები: „მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები, მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ (საქმეები 3:19).

ასე მოიქცა მართაც. ის იხსენებს: «ჩემი ბიჭი სულ მიგზავნიდა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთის“ ნომრებს. ნელ-ნელა იეჰოვასთან ურთიერთობა აღვადგინე. ყველაზე მეტად მისთვის პატიების თხოვნა მიჭირდა იმ ცოდვებისთვის, რაც ჩავიდინე. ბოლოს, როგორც იქნა, ღმერთს ლოცვით მივმართე და პატიება ვთხოვე. რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, 40 წლის შემდეგ დავუბრუნდი იეჰოვას. მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ადამიანს შეიძლება მრავალი წლის მერეც კი მიეცეს შესაძლებლობა, კვლავ ემსახუროს ღმერთს და იგრძნოს მისი სიყვარული».