წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუბრუნდი იეჰოვას

 თავი 2

საწუხარი — „ყოველმხრივ შევიწროებულნი“

საწუხარი — „ყოველმხრივ შევიწროებულნი“

„25-წლიანი ქორწინების მერე ოჯახი დამენგრა. ჩემმა შვილებმა კრება დატოვეს. რამდენიმე დაავადებაც გამიჩნდა და საბოლოოდ, დეპრესიაში ჩავვარდი. განადგურებული ვიყავი, მეტის ატანა აღარ შემეძლო. კრებებზე სიარული შევწყვიტე და არააქტიური გავხდი“ (ჯუნი).

საწუხარი ყველას უჩნდება, მათ შორის ღვთის ხალხს. „მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნი 94:19). იესომაც თქვა, რომ ბოლო დღეებში „ცხოვრებისეული საზრუნავი“ უფრო გაართულებდა იეჰოვასადმი მსახურებას (ლუკა 21:34). ფინანსურმა, ოჯახურმა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა შენც გაგიჩინა საწუხარი. როგორ დაგეხმარება იეჰოვა?

„ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“

საწუხარს მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გავუმკლავდებით. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ . . . საგონებელში ვართ ჩაცვენილი . . . გვამხობენ“, თუმცა მან აგრეთვე დასძინა: „ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს . . . გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ . . . არ ვიღუპებით“. რა გვეხმარება სირთულეების ატანაში? „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და რომელსაც ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა გვაძლევს (2 კორინთელები 4:7—9).

გაიხსენე, როგორ გაძლევდა იეჰოვა „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“. გახსოვს, როგორ გაგიღრმავა ამა თუ იმ მოხსენებამ მოსიყვარულე ღვთისადმი მადლიერება, როგორ გიძლიერდებოდა რწმენა იეჰოვას დაპირებებისადმი, როდესაც სხვებს სამოთხეში ცხოვრების იმედს უზიარებდი? ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება გვაძლევს ძალასა და სიმშვიდეს, რომ ცხოვრებისეული სირთულეები ავიტანოთ და იეჰოვას სიხარულით ვემსახუროთ.

„იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“

შეიძლება ფიქრობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია. ერთი მხრივ, იეჰოვა შენგან მოელის, რომ უპირველესად სამეფო ეძებო და სულიერ საქმეებში აქტიურად იყო ჩაბმული (მათე 6:33; ლუკა 13:24). მეორე მხრივ კი, შეიძლება წინააღმდეგობის, შერყეული ჯანმრთელობის ან ოჯახური პრობლემების გამო ძალაგამოცლილი ხარ. შესაძლოა შენს სამუშაოს ეწირება ის დრო და ენერგია, რასაც სხვა შემთხვევაში კრებას მოახმარდი. როდესაც ამდენი რამე მოითხოვება შენგან, დრო და ენერგია კი ცოტა გაქვს, შეიძლება ემოციურად გამოიფიტო. შესაძლოა ისიც კი გიფიქრია, რომ იეჰოვა შენგან ბევრს ითხოვს.

იეჰოვას ესმის ჩვენი და არასდროს ითხოვს ჩვენგან იმაზე მეტის კეთებას, ვიდრე შეგვიძლია. მან იცის, რომ ფიზიკური თუ ემოციური ძალების აღსადგენად დრო გვჭირდება (ფსალმუნი 103:13, 14).

გავიხსენოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა წინასწარმეტყველ ელიას. როდესაც გულგატეხილი და შეშინებული ელია უდაბნოში გაიქცა, იეჰოვას არ უსაყვედურია მისთვის და არ უბრძანებია, რომ უკან დაბრუნებულიყო თავისი დავალების შესასრულებლად. პირიქით, იეჰოვამ ორჯერ გაგზავნა თავისი  ანგელოზი, რათა მას ფრთხილად გაეღვიძებინა ელია და საკვები მიეცა, მაგრამ ამის მიუხედავად, 40 დღის მერეც კი, ელია კვლავ შეშფოთებული და შეშინებული იყო. კიდევ რით დაეხმარა მას იეჰოვა? ჯერ იმაში დაარწმუნა, რომ მისი დაცვა შეეძლო, შემდეგ „მშვიდი და ჩუმი ხმით“ ანუგეშა, ბოლოს კი უთხრა, რომ მის გარდა კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი ერთგულად სცემდა ღმერთს თაყვანს. ელია მალევე გამოცოცხლდა და აქტიურად განაგრძო წინასწარმეტყველად მსახურება (1 მეფეები 19:1—19). აქედან რა ჩანს? როცა ელია დათრგუნული იყო, იეჰოვა მას მოთმინებითა და თანაგრძნობით მოეპყრო. იეჰოვა არ შეცვლილა, ის ჩვენც ასევე გვეპყრობა.

რეალურად შეაფასე, თუ რისი გაკეთება შეგიძლია იეჰოვასთვის. ნუ იდარდებ, თუ დღეს იმდენს ვეღარ აკეთებ, რამდენსაც ადრე აკეთებდი. მაგალითად, მორბენალი, რომელსაც თვეები ან წლები შეწყვეტილი ჰქონდა ვარჯიში, ერთ დღეში ფორმაში ვერ ჩადგება. მან უნდა დაისახოს პატარ-პატარა მიზნები, რომლებიც მას ძალასა და გამძლეობას შემატებს. ქრისტიანებიც მორბენლებივით არიან; ისინი რეალურ მიზნებს ისახავენ (1 კორინთელები 9:24—27). შენც დაისახე ერთი სულიერი მიზანი, რომლის მიღწევაც შენთვის რეალურია, მაგალითად კრების შეხვედრებზე დასწრება. მიზნის მიღწევაში იეჰოვას სთხოვე დახმარება. სულიერად რომ მოძლიერდები, იგემებ და ნახავ, რომ „კარგია იეჰოვა!“ (ფსალმუნი 34:8). გჯეროდეს, რომ იეჰოვასთვის გაკეთებული ნებისმიერი საქმე, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეს, მისთვის ძალიან ძვირფასია (ლუკა 21:1—4).

იეჰოვა არასდროს ითხოვს ჩვენგან იმაზე მეტის კეთებას, ვიდრე შეგვიძლია

„სწორედ ის, რაც ასე მჭირდებოდა“

როგორ დაეხმარა იეჰოვა ჯუნს? ის ჰყვება: „სულ ვლოცულობდი და იეჰოვას დახმარებას ვთხოვდი. ერთ დღეს ჩემმა რძალმა მითხრა, რომ ჩემს ქალაქში კონგრესი ჩატარდებოდა; გადავწყვიტე ერთი დღე დავსწრებოდი. იეჰოვას ხალხთან დაბრუნება საოცარი განცდაა! ეს კონგრესი იყო სწორედ ის, რაც ასე მჭირდებოდა. ახლა ისევ სიხარულით ვემსახურები იეჰოვას. ჩემს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა. დავრწმუნდი, რომ არც საკუთარ ნაჭუჭში უნდა ჩავიკეტო და არც და-ძმების დახმარებაზე ვთქვა უარი. მიხარია, რომ იეჰოვასთან დაბრუნება დაგვიანებული არ იყო“.

გაიგეთ მეტი

შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა

როგორ შევძლებთ ღმერთთან დაახლოებას, თუ ელექტრონულ მოწყობილობებთან, ჯანმრთელობასთან, ფულსა და სიამაყესთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი გვექნება?