წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუბრუნდი იეჰოვას

ხელმძღვანელი საბჭოს წერილი

ხელმძღვანელი საბჭოს წერილი

ძვირფასო თანამორწმუნევ,

როგორც იცი, ბიბლიაში ბევრი ადამიანის ისტორიაა მოთხრობილი, რომელთა უმეტესობაც ღვთის ერთგული მსახური იყო და ისეთივე სირთულეებს ხვდებოდა, როგორსაც ჩვენ ვხვდებით. ისინი „ჩვენნაირი გრძნობების მქონე“ ადამიანები იყვნენ (იაკობი 5:17). ზოგი მათგანი პრობლემებისა თუ საწუხარის გამო იყო გულდამიძმებული, ზოგსაც ოჯახის წევრებმა თუ თანამორწმუნეებმა ატკინეს გული, ზოგს კი დანაშულის გრძნობა ტანჯავდა.

მიუხედავად ამისა, ისინი არ ჩამოშორებიან იეჰოვას. მათი უმეტესობა ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ფსალმუნმომღერალი, რომელიც ლოცულობდა: „დაკარგული ცხვარივით დავეხეტები. მოძებნე შენი მსახური, რადგან არ დამვიწყებია შენი მცნებები“ (ფსალმუნი 119:176). ალბათ შენთვისაც ნაცნობია ეს განცდა.

იეჰოვას ყოველთვის ახსოვს თავისი თაყვანისმცემლები, რომლებიც მის ფარას ჩამოშორდნენ. მეტიც, თავისკენ უხმობს მათ და ხშირად ამას თავისი მსახურების მეშვეობით აკეთებს. გავიხსენოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა იობს, რომელსაც მრავალი გასაჭირი შეხვდა. მას დიდი ზარალი მიადგა, დაკარგა საყვარელი ადამიანები და მძიმე დაავადება შეეყარა. იობს გულსატკენი სიტყვების მოსმენაც მოუწია მათგან, ვისგანაც მხარდაჭერას ელოდა, მაგრამ იეჰოვას არ ჩამოშორებია, თუმცა გარკვეული დროის მანძილზე არასწორი თვალსაზრისი ჰქონდა (იობი 1:22; 2:10).

თვალსაზრისის შეცვლაში იეჰოვა დაეხმარა იობს მისი თანამორწმუნის, ელიჰუს მეშვეობით. როდესაც იობი თავის საწუხარს გამოხატავდა, ელიჰუ მას ყურადღებით უსმენდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა დალაპარაკება. რას ეტყოდა? ხომ არ გააკრიტიკებდა ან მის დახმარებას მასში დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობის გაღვიძებით ხომ არ შეეცდებოდა? ხომ არ თვლიდა ელიჰუ, რომ იობზე უკეთესი იყო? არამც და არამც! მან, ღვთის სულით აღძრულმა, იობს უთხრა: „ჭეშმარიტი ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც. მეც თიხისგან ვარ გამოსახული“, და შემდეგ გაამხნევა: „ჩემი არ შეგეშინდება და არ შეგაძრწუნებ, არაფრით არ დაგამძიმებ“ (იობი 33:6, 7). მას იობისთვის საწუხარი არ დაუმატებია, პირიქით, სიყვარულით მისცა რჩევა და გაამხნევა, რაც იობს იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ვიდრე ამ ბროშურას გამოვცემდით, ჩვენც ყურადღებით მოვუსმინეთ ზოგიერთ მათგანს, ვინც ღვთის ფარას ჩამოშორდა, ვიმსჯელეთ თითოეულის მდგომარეობაზე და მათ საწუხარზე (იგავები 18:13). შემდეგ ვილოცეთ, მივმართეთ წმინდა წერილებს და განვიხილეთ ის ბიბლიური მონაკვეთები, საიდანაც ჩანს, როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის მსახურებს, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში იყვნენ; ბოლოს, ეს ბიბლიური მაგალითები ჩვენს დროში მომხდარ შემთხვევებს დავუკავშირეთ. ასე გამოვეცით ეს ბროშურა. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხე ეს პუბლიკაცია; დარწმუნებული იყავი, რომ ძალიან გვიყვარხარ.

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო