წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუბრუნდი იეჰოვას

 თავი 1

„დაკარგულს მოვძებნი“

„დაკარგულს მოვძებნი“

ცხვარი ბალახის ძოვაში გაერთო და ფარას ჩამოშორდა. ვეღარც ცხვრებს ხედავს და ვეღარც მწყემსს. თანაც უკვე ბინდდება და შეიძლება ნადირის ლუკმა აღმოჩნდეს. უეცრად, მას თავისი მწყემსის ნაცნობი ხმა ესმის, რომელიც მისკენ მირბის, ხელში იყვანს, მოსასხამის კალთას აფარებს და ფარაში აბრუნებს.

იეჰოვა თავის თავს სწორედ ასეთ მწყემსს ადარებს. ის გვარწმუნებს: „მე მოვძებნი ჩემს ცხვარს და ვიზრუნებ მათზე“ (ეზეკიელი 34:11, 12).

„მე . . . ვიზრუნებ მათზე“

ვინ არის იეჰოვას ცხვარი? მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვას ცხვარი არის ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს იგი და თაყვანს სცემს მას. ბიბლიაში ნათქვამია: „შემოდით, თაყვანი ვცეთ მას და ქედი მოვიხაროთ მის წინაშე; მუხლი მოვიყაროთ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე! ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი საძოვრის ხალხი ვართ და ცხვარი მის ხელში“ (ფსალმუნი 95:6, 7). როგორც მწყემსს მიჰყვება ცხვარი, ისე იეჰოვას მიჰყვებიან მისი თაყვანისმცემლები. თუმცა ისინი უშეცდომონი არ არიან. ღვთის მსახურები ზოგჯერ გაფანტული, დაკარგული და გზასაცდენილი ცხვრებივით არიან (ეზეკიელი 34:12; მათე 15:24; 1 პეტრე 2:25). როცა ცხვარი ფარას შორდება, იეჰოვა იმედს არ კარგავს, რომ ის დაბრუნდება.

 ისევ თვლი იეჰოვას შენს მწყემსად? რით ამტკიცებს იეჰოვა, რომ ჩვენი მწყემსია? განვიხილოთ სამი მხარე.

სულიერად გვკვებავს. „კარგ საძოვარზე ვაძოვებ მათ, — ამბობს იეჰოვა, — კარგ სადგომებში დაწვებიან ისინი და ნოყიერ საძოვარზე მოძოვენ“ (ეზეკიელი 34:14). იეჰოვა არასოდეს გვაკლებს ჯანსაღ, მრავალფეროვან და დროულ სულიერ საზრდოს. შეგიძლია გაიხსენო ის სტატია, მოხსენება ან ფილმი, რომლის მეშვეობითაც იეჰოვამ ლოცვაზე გიპასუხა? მაშინ ალბათ დარწმუნდებოდი, რომ ღმერთი პირადად შენზე ზრუნავს.

გვიცავს და გვეხმარება. იეჰოვა გვპირდება: „გაფანტულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ, ავადმყოფს მოვაძლიერებ“ (ეზეკიელი 34:16). იეჰოვა აძლიერებს მოსუსტებულებსა და საზრუნავით დამძიმებულებს. ის თავის ცხვარს იარებს უხვევს და უშუშებს იმ ჭრილობას, რომელიც მას შესაძლოა თანაქრისტიანმა მიაყენა. იეჰოვა ფარაში აბრუნებს მას, ვინც გზას ასცდა ან ვინც უარყოფით გრძნობებს ებრძვის.

პირადად არის დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით. „ვიხსნი მათ ყველა იმ ადგილიდან, სადაც გაიფანტნენ, — ამბობს იეჰოვა, — დაკარგულს მოვძებნი“ (ეზეკიელი 34:12, 16). დაკარგული ცხვარი იეჰოვასთვის ბოლომდე დაკარგული არ არის. ის ყოველთვის ამჩნევს ფარაში ცხვრის არყოფნას, ეძებს მას და როცა პოულობს, ხარობს (მათე 18:12—14). ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს იეჰოვა ხომ თავის ცხვრებად მოიხსენიებს (ეზეკიელი 34:31). დარწმუნებული იყავი, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ.

დაკარგული ცხვარი იეჰოვასთვის ბოლომდე დაკარგული არ არის. ის ხარობს, როცა მას პოულობს

„განგვიახლე დღეები, ისე როგორც დიდი ხნის წინათ“

იცი, რატომ გეძებს იეჰოვა და რატომ უნდა, რომ დაუბრუნდე? მას უნდა, რომ ბედნიერი იყო. ის თავის ცხვარს ჰპირდება, რომ მათზე „კურთხევების შხაპუნა წვიმა წამოვა“ (ეზეკიელი 34:26). ეს არ არის ფუჭი დანაპირები. ამაში ერთ დროს თავადაც დარწმუნდებოდი.

გაიხსენე ის დრო, როცა იეჰოვა გაიცანი. მაგალითად, რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც გაიგე ჭეშმარიტება ღვთის სახელის შესახებ და ის, თუ რას ჰპირდება ღმერთი ადამიანებს. გახსოვს, როგორ ხარობდი და-ძმებთან ერთად კონგრესებზე, როგორი ბედნიერი და კმაყოფილი ბრუნდებოდი სახლში, როცა სასიხარულო ცნობას გაუზიარებდი მას, ვინც დაინტერესდებოდა?

შენ შეგიძლია დაიბრუნო ეს სიხარული. ძველად ღვთის მსახურები ლოცულობდნენ: „იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან და ჩვენც ხალისით დაგიბრუნდებით! განგვიახლე დღეები, ისე როგორც დიდი ხნის წინათ“ (გოდება 5:21). ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა, ისინი დაუბრუნდნენ მას და კვლავაც სიხარულით განაგრძეს მსახურება (ნეემია 8:17). იეჰოვა შენც დაგეხმარება.

თუმცა იეჰოვასთან დაბრუნება სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად — არც ისე იოლი. განვიხილოთ, რა სიძნელეები ახლავს თან იეჰოვასთან დაბრუნებას და რა დაგეხმარება მათ გადალახვაში.