წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუბრუნდი იეჰოვას

 თავი 3

გულისტკენა— როცა „ჩივილის მიზეზი“ გვაქვს

გულისტკენა— როცა „ჩივილის მიზეზი“ გვაქვს

„ჩემს კრებაში ერთმა დამ დამაბრალა, რომ მას ფული მოვპარე. ეს ამბავი კრებაში სხვებმაც გაიგეს. ზოგმა ჩემი მხარე დაიკავა, ზოგმაც — მისი. ბოლოს იმ დამ მითხრა, რომ ყველაფერი გაარკვია და ჩემი ბრალი არ ყოფილა. მართალია, ბოდიში მომიხადა, მაგრამ იმ ყველაფრის მერე, რაც გამოვიარე, მეგონა ვერასდროს ვაპატიებდი“ (ლინდა).

ლინდას მსგავსად, შენთვისაც ხომ არ უტკენია გული თანამორწმუნეს? სამწუხაროდ, ზოგზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა სხვების საქციელმა, რომ ეს მათ სულიერ საქმეებზე აისახა. შეიძლება შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ვინ „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“?

ფაქტია, შეიძლება გაგვიჭირდეს იმ თანამორწმუნის პატიება, რომელმაც გული გვატკინა. მაგრამ ქრისტიანებს ხომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი?! (იოანე 13:34, 35). თუ თანამორწმუნე ცუდად მოგექცა, გულისტკენამ და გულგატეხილობამ შეიძლება სულიერად და ემოციურად გაგანადგუროს (ფსალმუნი 55:12).

როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ზოგჯერ ქრისტიანებს აქვთ „ჩივილის მიზეზი“ (კოლოსელები 3:13). თუმცა, როცა ეს პირადად გვეხება, სწორად მოქმედება შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს. რა დაგვეხმარება ამ დროს? განვიხილოთ სამი ბიბლიური პრინციპი.

ჩვენი ზეციერი მამა ყველაფერს ხედავს. იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება. ის ხედავს ჩვენს გულისტკივილს, როცა უსამართლობის მსხვერპლი ვხდებით (ებრაელები 4:13). ამასთანავე, იეჰოვა თანაგვიგრძნობს კიდეც (ესაია 63:9). ის არასოდეს დაუშვებს, რომ „გასაჭირმა, ვაებამ“ ან თუნდაც მისმა რომელიმე მსახურმა „ღვთის სიყვარულს“ ჩამოგვაშოროს (რომაელები 8:35, 38, 39). მოდი, მივბაძოთ იეჰოვას და არ დავუშვათ, რომ ვინმე ან რამე ჩვენსა და მას შორის ჩადგეს.

პატიება თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. როდესაც ვპატიობთ მათ, ვინც ცუდად გვექცევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაუბრალოებთ, ვამართლებთ ან თვალს ვხუჭავთ მათ საქციელზე. გახსოვდეს, რომ იეჰოვა არასოდეს იწყნარებს ცოდვას, თუმცა პატიობს, თუ ამის საფუძველი აქვს (ფსალმუნი 103:12, 13; აბაკუმი 1:13). როდესაც იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ სხვებს ვაპატიოთ, ამით გვთხოვს, რომ მას მივბაძოთ. იეჰოვა მარადიულად განაწყენებული არ რჩება (ფსალმუნი 103:9; მათე 6:14).

გულში წყენას თუ არ ჩავიტოვებთ, ეს ჩვენთვისვე იქნება კარგი. რატომ? წარმოიდგინე, რომ ქვას იღებ ხელში და გაშლილი მკლავით გიჭირავს. ცოტა ხნით მისი დაჭერა ალბათ არ გაგიჭირდება. მაგრამ უფრო დიდი ხნით დაჭერა რომ მოინდომო, მაგალითად რამდენიმე წუთით, ერთი საათით ან უფრო მეტით, რა თქმა უნდა, მკლავი ძალიან დაგეღლება. ცხადია, ქვის წონა იგივე რჩება, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გიჭირავს, მით უფრო მძიმე გეჩვენება. ასე ხდება მაშინაც, როცა გულში ბოღმას ვიტოვებთ, თუნდაც უმნიშვნელოს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს, მით უფრო ვვნებთ საკუთარ თავს. ამიტომაც მოგვიწოდებს  იეჰოვა, რომ წყენა გულში არ ჩავიტოვოთ. ეს ჩვენთვისვეა კარგი (იგავები 11:17).

გულში წყენას თუ არ ჩავიტოვებთ, ეს ჩვენთვისვე იქნება კარგი

„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იეჰოვა პირადად მელაპარაკა“

რა დაეხმარა ლინდას, რომ გულში წყენა არ ჩაეტოვებინა და თანაქრისტიანისთვის ეპატიებინა? უმთავრესად, ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება (ფსალმუნი 130:3, 4). ლინდაზე განსაკუთრებით იმოქმედა იმ აზრმა, რომ თუ ჩვენ ვაპატიებთ სხვებს, იეჰოვაც გვაპატიებს (ეფესოელები 4:32—5:2). მან თქვა: „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იეჰოვა პირადად მელაპარაკა“.

დროთა განმავლობაში ლინდამ წყენა დაივიწყა. მან მთელი გულით აპატია იმ დას და დღეს ისინი კარგი მეგობრები არიან. ლინდა ღვთის მსახურებაშიც აქტიურად ჩაება. იეჰოვა დაგეხმარება, რომ შენც იგივე გააკეთო.