წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 3

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“

1, 2. რა ხილვა ჰქონდა ესაია წინასწარმეტყველს და რას გვასწავლის ეს იეჰოვას შესახებ?

ესაია ღვთისადმი შიშნარევი მოკრძალებითა და მოწიწებით აღივსო, როდესაც ხილვა უჩვენა ღმერთმა. მას თითქოს თვალწინ ჩაუარა ამ ყველაფერმა! ამიტომაც დაწერა, რომ ნამდვილად „იხილა“ თავის აღზევებულ ტახტზე მჯდომარე იეჰოვა, რომლის სამოსის კალთებიც იერუსალიმში აღმართულ უზარმაზარ ტაძარს ავსებდა (ესაია 6:1, 2).

2 ესაიას შიში და მოწიწება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მჭექარე სიმღერა შემოესმა და ტაძარი საძირკვლიანად შეიძრა. მაღალი წოდების სულიერი ქმნილებები, სერაფიმები, მღეროდნენ და მძლავრი, შეხმატკბილებული მღერისას, თითქოს უბრალო, მაგრამ დიდებულ სიტყვებს წარმოთქვამდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა ლაშქართა იეჰოვა. მისი დიდებაა სიუხვე დედამიწაზე“ (ესაია 6:3, 4, აქ). ამ სიმღერაში სიტყვა „წმინდა“ სამჯერ გვხვდება, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, და ეს სამართლიანიცაა, რადგან იეჰოვა მართლაც უბადლოდ წმინდაა (გამოცხადება 4:8). იეჰოვას სიწმინდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთელ ბიბლიაში. ასობით მუხლშია ნახსენები მისი სახელი ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა „წმინდა“ და „სიწმინდე“.

3. იეჰოვას სიწმინდეზე როგორი მცდარი შეხედულებების გამო უფრთხის მრავალი ადამიანი ღმერთს?

3 მაშასადამე, უმნიშვნელოვანესთაგან ერთ-ერთი, რაც იეჰოვას შესახებ უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ იგი წმინდაა. მაგრამ დღეს ბევრისთვის სულაც არ არის მიმზიდველი სიწმინდე. საამისოდ არაერთი მიზეზი არსებობს: ზოგს, გავრცელებული მოჩვენებითი ღვთისმოსაობის გამო, საერთოდ არასწორი წარმოდგენა შეექმნა სიწმინდეზე. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც პირადი ღირსების გრძნობა შელახული აქვთ, ღვთის სიწმინდე შეიძლება უფრო დამაფრთხობელ რამედ მოეჩვენოთ, ვიდრე მიმზიდველად. არც ისაა გამორიცხული, რომ შიშობდნენ, წმინდა ღმერთთან დაახლოების ღირსი ვერასოდეს გავხდებითო. მაშასადამე, ბევრი ზურგსაც კი აქცევს  ღმერთს მისი სიწმინდის გამო. სამწუხაროა, რომ ხალხში ასეთი ტენდენციაა; მაგრამ, ღმერთი რომ წმინდაა, სწორედ ამიტომ უნდა დავუახლოვდეთ მას. რატომ? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მოდი განვიხილოთ, თუ რა არის ჭეშმარიტი სიწმინდე.

რა არის სიწმინდე?

4, 5. ა) რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს სიწმინდე? ბ) რა გაგებით არის იეჰოვა „განცალკევებული“?

4 ღვთის სიწმინდე არ ნიშნავს იმას, რომ იგი თავმომწონე ან ქედმაღალია და სხვებს აბუჩად იგდებს. პირიქით, მას თვითონვე სძულს ასეთი თვისებები (იგავნი 16:5; იაკობი 4:6). მაშ, რა არის სიტყვა „წმინდის“ ნამდვილი მნიშვნელობა? ძველებრაულ, ბიბლიურ, ენაში ეს სიტყვა მომდინარეობს გამოთქმიდან, რომელსაც „გამოცალკევების“ მნიშვნელობა აქვს. ის, რაც „წმინდად“ ითვლებოდა თაყვანისმცემლობაში, გამოცალკევებული იყო და სხვა ნივთებთან ერთად არ გამოიყენებოდა. სიწმინდე სისუფთავისა და სისპეტაკის მნიშვნელობასაც მოიცავს. როგორ გამოიყენება ეს სიტყვა იეჰოვასთან მიმართებაში? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ის „განცალკევებული“ და მეტისმეტად შორს არის არასრულყოფილი ადამიანებისგან?

5 სულაც არა. იეჰოვამ, როგორც „ისრაელის წმიდამ“, საკუთარი თავი აღგვიწერა, როგორც თავისი ხალხის „შუაგულში“ მდგომი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოდვილები იყვნენ (ესაია 12:6; ოსია 11:9). ასე რომ, ის თავისი სიწმინდის გამო შორს არ იჭერს თავს ჩვენგან. მაშ, როგორღა არის „განცალკევებული“? ჯერ ერთი, იგი ყველა ქმნილებისგან იმ გაგებითაა განცალკევებული, რომ მხოლოდ ის არის უზენაესი ღმერთი; სპეტაკი, სუფთა და მარადიულია (ფსალმუნი 39:6; 82:19). მეორეც, იეჰოვა განცალკევებულია იმ გაგებით, რომ ცოდვასთან არაფერი აქვს საერთო, რაც დიდად დამაიმედებელი აზრია ჩვენთვის. რატომ?

6. რატომ გვაიმედებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ცოდვასთან საერთო არაფერი აქვს?

6 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ნამდვილი სიწმინდე სანთლით საძებარია. ღვთისგან განმდგარ ადამიანთა საზოგადოება ცოდვითა და არასრულყოფილებითაა შებღალული. ყოველ ჩვენგანს გვიწევს საკუთარ თავში ცოდვასთან ბრძოლა. და თითოეული ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ, თუ სიფხიზლეს  მოვადუნებთ, ცოდვა დაგვჯაბნის (რომაელთა 7:15—25; 1 კორინთელთა 10:12). იეჰოვას კი სულაც არ ემუქრება ასეთი საშიშროება, ვინაიდან საერთო არაფერი აქვს ცოდვასთან და ოდნავადაც კი არ არის მისით შებღალული, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია სავსებით მივენდოთ იეჰოვას, როგორც საუკეთესო მამას. რადგანაც არ ჰგავს მრავალ ცოდვილ მამას, იეჰოვა არასოდეს გახდება უზნეო, თავაშვებული ან შეურაცხმყოფელი. მისი სიწმინდე სრულიად გამორიცხავს ნებისმიერ უხამსობას. ზოგჯერ ის თავის სიწმინდესაც კი იფიცებდა და ასე აჩვენებდა, რომ მისი სიტყვა უტყუარი იყო (ამოსი 4:2). განა იმედით არ გვავსებს ასეთ ღმერთთან დაახლოება?

7. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიწმინდე იეჰოვას ბუნების განუყოფელი ნაწილია?

7 სიწმინდე იეჰოვას ბუნების განუყოფელი ნაწილია. რას ნიშნავს ეს? მაგალითისთვის განვიხილოთ სიტყვები: „ადამიანი“ და „არასრულყოფილება“. პირველის დახასიათებისას მეორის გაუთვალისწინებლობა შეუძლებელია. არასრულყოფილება სისხლსა და ხორცში გვაქვს გამჯდარი და ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, თავისი „წვლილი“ შეაქვს. ახლა განვიხილოთ წინა ორისგან სავსებით განსხვავებული სიტყვები — „იეჰოვა“ და „სიწმინდე“. იეჰოვა მთლიანად არის აღსავსე სიწმინდით. მის გარშემო ყველაფერი სპეტაკი, სუფთა და უმანკოა. ვერასოდეს აღვიქვამთ იეჰოვას ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, თუ არ ჩავუღრმავდებით და არ ვეცდებით, ჩავწვდეთ ამ დიდებულ სიტყვას — „სიწმინდე“.

სიწმინდე იეჰოვასია

8, 9. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა ეხმარება არასრულყოფილ ადამიანებს, განიწმინდონ?

8 ვინაიდან მთელი სისავსით ჩანს იეჰოვაში სიწმინდე, ამიტომ სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ყოველი სიწმინდის დასაბამი. თანაც ეგოისტურად კი არ ჩქმალავს ამ ძვირფას თვისებას, არამედ ყველას დიდსულოვნად უმჟღავნებს. ის კი არადა, როდესაც ღმერთი ანგელოზის პირით ესაუბრებოდა მოსეს ცეცხლმოდებულ ბუჩქთან, მათ გარშემო მიწაც კი წმინდად იქცა! (გამოსვლა 3:5).

9 შეუძლიათ თუ არა არასრულყოფილ ადამიანებს, განიწმინდონ  იეჰოვას დახმარებით? შეუძლიათ, მაგრამ პირობითად. ღმერთმა ისრაელ ხალხს წმინდა, სუფთა და უბიწო თაყვანისმცემლობით „წმიდა ერად“ გახდომის შესაძლებლობა მისცა (გამოსვლა 19:6). ამიტომაც არის, რომ მოსეს რჯულში სიწმინდის შესახებ არაერთხელაა საუბარი. გარდა ამისა, მღვდელმთავარს თავზე შემოხვეული ჰქონდა საბურველი ანუ ჩალმა, რომლის წინა ნაწილსაც განიერი, სინათლეზე თვალისმომჭრელად მოკაშკაშე ოქროს ფირფიტა ამშვენებდა. ფირფიტაზე ასეთი სიტყვები იყო ამოტვიფრული: „სიწმინდე იეჰოვასია“ (გამოსვლა 28:36, აქ). ასე რომ, ისინი სისპეტაკითა და სისუფთავით უნდა ყოფილიყვნენ გამორჩეული თაყვანისმცემლობასა და, ცხადია, ცხოვრების წესშიც. იეჰოვამ უთხრა მათ: „წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი“ (ლევიანნი 19:2). არასრულყოფილების მიუხედავად, სანამ ისრაელები ღვთის რჩევა-დარიგების მიხედვით ცხოვრობდნენ, განწმენდილები იყვნენ.

10. რით განსხვავდებოდა განწმენდილი ძველი ისრაელი თავისი მეზობელი ხალხებისგან?

10 განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სიწმინდეს, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდებოდა ისრაელის მეზობელი ხალხების თაყვანისმცემლობისგან. ეს წარმართი ხალხები თაყვანს სცემდნენ ცრუ, გამოგონილ და არარსებულ ღმერთებს, რომლებსაც მძვინვარე, ხარბ და უწესო ღვთაებებად გამოსახავდნენ. თვალისთვის არც მათი უწმინდურობა რჩებოდა შეუმჩნეველი. ასეთი ღმერთებისადმი თაყვანისცემას ხალხის გახრწნის მეტი არაფერი მოჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ იეჰოვა აფრთხილებდა თავის მსახურებს, თავი შორს დაეჭირათ წარმართი თაყვანისმცემლებისგან და მათი უწმინდური რელიგიური ჩვეულებებისგან (ლევიანნი 18:24—28; მესამე მეფეთა 11:1, 2).

11. როგორ ცხადყოფენ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაციის სიწმინდეს: ა) ანგელოზები? ბ) სერაფიმები? გ) იესო?

11 და მაინც, ძველი ისრაელი, როგორც იეჰოვას რჩეული ხალხი, თავისი სიწმინდით ბევრად ჩამოუვარდებოდა ღვთის ზეციერი ორგანიზაციის სიწმინდეს. მილიონობით სულიერი ქმნილება ერთგულად ემსახურება ღმერთს, როგორც მისივე „წმიდათა ბევრეული“ (მეორე რჯული 33:2; იუდა 14). ისინი ღვთის სიწმინდის ბრწყინვალებასა და სისპეტაკის მშვენიერებასაც შესანიშნავად  ირეკლავენ. გავიხსენოთ სერაფიმები, ესაიამ რომ იხილა. მათი სიმღერის შინაარსიდან ჩანს, რომ ეს ძლევამოსილი სულიერი ქმნილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რათა იეჰოვას სიწმინდე ცნობილი გახდეს მთელი სამყაროსთვის. მაგრამ ერთ-ერთი სულიერი ქმნილება ყოველ მათგანს აღემატება — ეს არის ღვთის მხოლოდშობილი ძე. იესო იეჰოვას სიწმინდის საუკეთესო ანარეკლია. მას სამართლიანად ეწოდება „ღვთის წმიდა“ (იოანე 6:68, 69).

წმინდა სახელი და სულიწმიდა

12, 13. ა) რატომ ეწოდება ღვთის სახელს წმინდა? ბ) რატომ საჭიროებს ღვთის სახელი განწმენდას?

12 რა შეიძლება ითქვას ღვთის სახელზე? როგორც პირველ თავში ვნახეთ, იგი, უბრალოდ, ტიტული ან წოდება როდია, არამედ წარმოგვიდგენს იეჰოვა ღმერთს და მის ყველა თვისებას მოიცავს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი „წმიდასახელიანია“ (ესაია 57:15). მოსეს რჯულის თანახმად, ღვთის სახელის შემბღალავი სიკვდილით ისჯებოდა (ლევიანნი 24:16). საყურადღებოა ისიც, რომ იესოს ლოცვაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ღვთის სახელს აქვს მინიჭებული: «მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს [„განიწმინდოს“, აქ] სახელი შენი» (მათე 6:9). რაიმე რომ განწმინდო, უნდა განაცალკევო და გაასპეტაკო, პატივი მიაგო და წმინდად შერაცხო. მაგრამ, ღვთის სახელი ხომ ისედაც წმინდაა და რატომღა უნდა სჭირდებოდეს განწმენდა?

13 ღვთის წმინდა სახელს ჩრდილი მიაყენეს და შეურაცხყვეს ტყუილითა და ცილისწამებით. ედემში სატანამ იეჰოვას შესახებ იცრუა და, ფაქტობრივად, ბრალი დასდო, რომ იგი უსამართლო ხელისუფალია (დაბადება 3:1—5). იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, სატანა — უწმინდური მსოფლიო მმართველი — არაფერზე იხევს უკან, ოღონდაც ღმერთზე სიცრუე გაავრცელოს (იოანე 8:44; 12:31; გამოცხადება 12:9). ხშირად სხვადასხვა რელიგია ღმერთს ულმობელ, უკარება ან სასტიკ პიროვნებად გვისახავს. ზოგი არც იმის თქმას ერიდება, რომ სისხლისმღვრელ ომებში ღმერთი გვიჭერსო მხარს. ღვთის საოცარ შემოქმედებით საქმეებს კი, ხშირად, ბრმა შემთხვევითობას ან ევოლუციას მიაწერენ. დიახ, ღვთის სახელს სასტიკად უბოროტეს. მას განწმენდა და კანონიერი დიდების  დაბრუნება სჭირდება. ჩვენი დაუცხრომელი სურვილი მისი სახელის განწმენდა და მისი უზენაესი ხელისუფლების გამართლებაა და ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის შესრულებაში მონაწილეობის მიღებით სიხარულით გვევსება გულები.

14. რატომ ეწოდება ღვთის სულს წმინდა და რატომ არის სულიწმიდის აუგად ხსენება ასე სახიფათო?

14 არის კიდევ ერთი რამ, რაც იეჰოვას უკავშირდება და რაც თითქმის ყოველთვის წმინდად არის წოდებული — ეს არის მისი სული, სულიწმიდა, ანუ მოქმედი ძალა (დაბადება 1:2). იეჰოვა თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ამ უბადლო ძალას. ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს, წმინდად, უმწიკვლოდ და სუფთად ასრულებს; ასე რომ, მის მოქმედ ძალას მართებულად ეწოდა სულიწმიდა და სიწმინდის სული (ლუკა 11:13; რომაელთა 1:4). სულიწმიდის აუგად ხსენება, რაც იეჰოვას მიზნების წინააღმდეგ განზრახ მოქმედებას მოიცავს, მიუტევებელ ცოდვას წარმოადგენს (მარკოზი 3:29).

რატომ გვიზიდავს იეჰოვას სიწმინდე

15. რატომ გვეუფლება ღვთისადმი შიში, როცა იეჰოვას სიწმინდეზე ვსაუბრობთ და როგორია ეს შიში?

15 არ არის ძნელი იმის დანახვა, თუ რატომ აკავშირებს ბიბლია ერთმანეთთან ღვთის სიწმინდესა და ღვთისადმი ადამიანის შიშს. მაგალითისთვის ფსალმუნის 98:3 წავიკითხოთ: „განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი“. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავადმყოფური შიში უნდა გვქონდეს. ეს უფრო შიშნარევი მოწიწების ღრმა, კეთილშობილური გრძნობაა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ ასეთი გრძნობა გვეუფლება, ღვთის სიწმინდე ხომ ბევრად აღგვემატება; იგი უბრწყინვალესია და საუცხოო. თუმცა ღვთის სიწმინდემ არ უნდა დაგვაფრთხოს. პირიქით, საღი თვალით თუ შევხედავთ, ღმერთთან დაახლოებაში დაგვეხმარება. როგორ?

როგორც მშვენიერება გვიზიდავს, ისევე უნდა მიგვიზიდოს სიწმინდემ.

16. ა) როგორ უკავშირდება სიწმინდე მშვენიერებას? მოიყვანე მაგალითი. ბ) როგორაა აღწერილი იეჰოვას სიწმინდე?

16 დავიწყოთ იმით, რომ ბიბლია სიწმინდეს მშვენიერებას უკავშირებს. ესაიას 63:15-ში ცა ღვთის ‘წმიდა და დიდებულ [„მშვენიერ“, აქ] სამყოფლად’ არის აღწერილი. მშვენიერება, ცხადია, ჩვენთვისაც მიმზიდველია. აბა, 33-ე გვერდზე სურათს დახედე.  ნუთუ არ გვრჩება თვალი ბუნების ამ სანახაობაზე? რის გამოა იგი ასეთი თვალწარმტაცი? დააკვირდი, როგორი ანკარა წყალი მოჩუხჩუხებს. ალბათ, ჰაერიც სუფთაა, ლაჟვარდოვანი ცა კი თითქოს ბრწყინავსო. ახლა, თუ ამავე პეიზაჟში რაღაცას შევცვლიდით — ნაკადულს მოვანაგვიანებდით, ხეებსა და რიყის ქვებს წარწერებით ავაჭრელებდით, ჰაერს კი გავჭვარტლავდით — რაღა თქმა უნდა, ასეთი სურათი აღარ მოგვხიბლავდა, გულიც არ მიგვივიდოდა. ასე რომ, მშვენიერებაზე როცა ვსაუბრობთ, რაღაც სუფთა, სპეტაკი, ნათელი გვაქვს მხედველობაში. ამ რამდენიმე სიტყვის გამოყენებით იეჰოვას სიწმინდის დახასიათება შეიძლებოდა. დიახაც რომ გვხიბლავს იეჰოვას წარმოსახვითი აღწერა! თვალს გვჭრის სინათლის სხივი, ისევე როგორც ძვირფასი მბზინავი ქვები, აელვარებული ცეცხლი ან კრიალა ძვირფასი ლითონები — ამგვარია ჩვენი წმინდა ღვთის მშვენიერება (ეზეკიელი 1:25—28; გამოცხადება 4:2, 3).

17, 18. ა) თავდაპირველად როგორ იმოქმედა ესაიაზე ხილვამ? ბ) როგორ ანუგეშებინა იეჰოვამ სერაფიმს ესაია და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას?

17 მაგრამ მაინც, უნდა გვიჩენდეს თუ არა ღვთის სიწმინდე ისეთ შეგრძნებას, რომ შედარებით დაბალ საფეხურზე ვდგავართ? ცხადია, ეს ხომ ასეც უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, იეჰოვასთან შედარებით ჩვენ ხომ, მართლაც, თვალმიუწვდომლად დაბალ საფეხურზე ვდგავართ. განა ამის ცოდნამ უნდა ჩამოგვაცილოს მისგან? დავუფიქრდეთ, როგორი იყო ესაიას რეაქცია, როცა ესმოდა, თუ როგორ აცხადებდნენ სერაფიმები საჯაროდ იეჰოვას სიწმინდეს. „ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს“ (ესაია 6:5). დიახ, იეჰოვას უსაზღვრო სიწმინდემ შეახსენა ესაიას, თუ რამდენად ცოდვილი და არასრულყოფილი იყო. თავდაპირველად, ეს ერთგული კაცი უზომოდ დაითრგუნა. მაგრამ იეჰოვას იგი ამ მდგომარეობაში არ მიუტოვებია.

18 ერთ-ერთმა სერაფიმმა მაშინვე ანუგეშა წინასწარმეტყველი. როგორ? ეს ძლიერი სული სამსხვერპლოსთან მიფრინდა, იქიდან გავარვარებული მუგუზალი აიღო და ესაიას ბაგეზე შეახო. მაგრამ შეიძლება იფიქროთ, რომ ესაიასთვის ეს უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე მანუგეშებელიო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ხილვას  სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ესაიას, როგორც ერთგულ იუდაელს, ეცოდინებოდა, რომ ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი ყოველდღიურად იწირებოდა ტაძრის სამსხვერპლოზე. ამიტომ სერაფიმმა შეახსენა წინასწარმეტყველს, რომ, თუმცა ნამდვილად არასრულყოფილი და „ბაგეუწმიდური“ იყო, მაინც შეეძლო ღვთის წინაშე წმინდად წარმდგარიყო *. იეჰოვას მთელი გულით ეწადა, არასრულყოფილი, ცოდვილი კაცი განწმენდილი ეხილა — ყოველ შემთხვევაში, შედარებით მაინც (ესაია 6:6, 7).

19. თუმცა არასრულყოფილები ვართ, როგორ შეგვიძლია განვიწმინდოთ და ასეთებად წარვდგეთ ღვთის წინაშე?

19 დღესაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა. იერუსალიმში შეწირული ყველა მსხვერპლი მხოლოდ აჩრდილი იყო რაღაც უფრო დიდებულის — ერთი სრულყოფილი მსხვერპლისა, რომელიც იესო ქრისტემ ახ. წ. 33 წელს ჩვენთვის შესწირა (ებრაელთა 9:11—14). თუ ნამდვილად ვინანიებთ ცოდვებს, ცხოვრებას ვიწესრიგებთ და რწმენას ვავლენთ ამ მსხვერპლისადმი, შეწყალებული ვიქნებით (1 იოანე 2:2). ჩვენც შეგვიძლია განვიწმინდოთ და ასეთებად წარვდგეთ ღვთის წინაშე. პეტრე მოციქული სწორედ ამიტომ გვახსენებდა:  „რადგან წერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე“ (1 პეტრე 1:16). დაუკვირდი, იეჰოვა იმას არ გვეუბნება, რომ ჩვენც ისეთივე წმინდები უნდა ვიყოთ, როგორიც თვითონ არის. იგი არასოდეს მოელის ჩვენგან იმას, რაც არ შეგვიძლია (ფსალმუნი 102:13, 14). ის უფრო იმას შეგვაგონებს, რომ წმინდები იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ თვითონ არის წმინდა. თუმცა არასრულყოფილები ვართ, როგორც „საყვარელი შვილები“, ვცდილობთ, საუკეთესოდ მივბაძოთ იეჰოვას (ეფესელთა 5:1). ასე რომ, განწმენდა განუწყვეტელი პროცესია. რაც უფრო ვიზრდებით სულიერად, მით უფრო ვცდილობთ, „სრულვქმნათ სიწმიდე“ (2 კორინთელთა 7:1, სსგ).

20. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, გვესმოდეს, რომ შეგვიძლია განწმენდილი ვიყოთ ჩვენი წმინდა ღვთის თვალში? ბ) როგორ იმოქმედა ესაიაზე იმის გაგებამ, რომ ცოდვები მიეტევა?

20 იეჰოვას უყვარს სიმართლე და უმწიკვლობა, ცოდვა კი სძულს (აბაკუმი 1:13). მაგრამ ჩვენ როდი ვძულვართ. სანამ ღვთის თვალსაზრისს ვიზიარებთ ცოდვაზე — გვძულს ის, რაც ცუდია და გვიყვარს ის, რაც კარგია — და ფეხდაფეხ მივყვებით ქრისტე იესოს წუნდაუდებელ ნაკვალევს, იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს (ამოსი 5:15; 1 პეტრე 2:21). როცა გვესმის, რომ შეგვიძლია განწმენდილი ვიყოთ ჩვენი წმინდა ღვთის თვალში, ამას შესანიშნავი შედეგი მოჰყვება. გავიხსენოთ, რომ იეჰოვას სიწმინდემ ესაიას თავისი უწმინდურება შეახსენა და შესძახა: „ვაი მე“! მაგრამ, როგორც კი მიხვდა, რომ ცოდვები მიეტევა, შეხედულება შეეცვალა. როცა იეჰოვამ იკითხა, თუ ვინ გაეგზავნებოდა დავალების შესასრულებლად, ესაია მაშინვე გამოეხმაურა, თუმცა არც კი იცოდა, რისთვის ეგზავნებოდა. მან წამოიძახა: „აჰა, მიმავლინე“! (ესაია 6:5—8).

21. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია განვიწმინდოთ?

21 ღმერთმა თავის მსგავსად შეგვქმნა, მოგვცა ზნეობრივი თვისებები და იმის უნარი, რომ სულიერი ადამიანები ვიყოთ (დაბადება 1:26). ეს კი ყოველ ჩვენგანს შინაგანი განწმენდის შესაძლებლობას აძლევს. თუ ვცდილობთ, განვიწმინდოთ, იეჰოვა სიხარულით გვეხმარება. თუ ასე ვიმოქმედებთ, უფრო და უფრო დავუახლოვდებით ჩვენს წმინდა ღმერთს. უფრო მეტიც, ამ წიგნის მომდევნო თავები დაგვანახვებს, რომ მასთან დაახლოების კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს!

^ აბზ. 18 გამოთქმა „ბაგეუწმიდური“ მართებულია, რადგან ბაგეები გადატანითი მნიშვნელობით ხშირად გამოიყენება ბიბლიაში მეტყველების ან ენის წარმოსადგენად. ყველა არასრულყოფილი ადამიანი ბევრს სცოდავს იმით, თუ როგორ და რას ლაპარაკობს (იგავნი 19:19; იაკობი 3:2, 6).