არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 5

შემოქმედებითი ძალა — ცისა და დედამიწის შემოქმედი

შემოქმედებითი ძალა — ცისა და დედამიწის შემოქმედი

1, 2. როგორ ვლინდება მზეში იეჰოვას შემოქმედებითი ძალა?

ყოფილხარ ცეცხლთან ახლოს ცივ ღამეში? ალბათ, ხელებს ზუსტად იმ მანძილიდან უშვერდი კოცონს, რომ გასათბობად სასიამოვნო და საკმარისი ყოფილიყო. თუ ძალიან ახლოდან ეფიცხებოდი, აუტანელ სიცხეს გრძნობდი, ხოლო, თუ მოშორდებოდი, სიცივე ძვალ-რბილში გატანდა.

2 არსებობს ისეთი „ცეცხლი“, რომელიც ყოველდღე გვათბობს. ის დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრითაა ჩვენგან დაშორებული! * მართლაც, რამდენად დიდი ძალა უნდა ჰქონდეს მზეს, რომ ასეთი შორი მანძილიდან ვიგრძნოთ მისი სითბო! საინტერესოა, რომ დედამიწის ორბიტა ამ გამაოგნებელი თერმობირთვული „ღუმლისგან“ ზუსტად საჭირო მანძილით არის დაშორებული. ორბიტა მზესთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყო, დედამიწაზე მთელი წყალი აორთქლდებოდა, ხოლო უფრო შორს რომ ყოფილიყო —მთლიანად გაიყინებოდა. ფაქტია, ორივე შემთხვევაში ჩვენი პლანეტა უსიცოცხლო იქნებოდა. დედამიწაზე სასიცოცხლოდ ასე საჭირო მზის სინათლე დიდ სამსახურს გვიწევს, თანაც არაფერს აბინძურებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სიამოვნების მონიჭებაზე (ეკლესიასტე 11:7).

იეჰოვამ ‘განამზადა მთვარე და მზე’.

3. რა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ადასტურებს მზე?

3 მიუხედავად ამისა, ადამიანთა უმეტესობა საერთოდ არ უფიქრდება, რა მნიშვნელობა აქვს მზეს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა მათი სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული. ამიტომაც არ ესმით ის, რასაც მზე გვამცნობს. ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია: „შენ განამზადე მთვარე და მზე“ (ფსალმუნი 73:16). დიახ, მზეს დიდება მოაქვს იეჰოვასთვის ცისა და დედამიწის შემოქმედისთვის (ფსალმუნი 18:2;  145:6). ის ერთ-ერთია იმ უთვალავ ციურ სხეულთა შორის, რომლებიც იეჰოვას უსაზღვრო შემოქმედებით ძალაზე მიუთითებენ. მოდი ზოგიერთი ციური სხეულის უფრო დაწვრილებითი გამოკვლევა ჩავატაროთ, ხოლო შემდეგ დედამიწასა და მასზე არსებული სიცოცხლის შესახებ ვისაუბროთ.

„ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ“

4, 5. რამდენად ძლიერი და დიდია მზე, თუმცა როგორია ის სხვა ვარსკვლავებთან შედარებით?

4 ალბათ გეცოდინება, რომ მზე ვარსკვლავია. სხვა ვარსკვლავებზე უფრო დიდი კი იმიტომ ჩანს, რომ მათთან შედარებით ახლოსაა დედამიწასთან. მაგრამ, რამდენად მძლავრია იგი? მის წიაღში ტემპერატურა 15 მილიონ გრადუსს აღწევს. მზის წიაღის ხორბლის მარცვლისოდენა ნაწილი დედამიწაზე რომ დაგვედო, 140 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში უვნებელი არაფერი დარჩებოდა! ყოველ წამში მზე ასობით მილიონი ბირთვული ბომბის აფეთქების ტოლფას ენერგიას გამოსცემს.

5 მზე იმდენად უზარმაზარიცაა, რომ დედამიწის ზომის 1 300 000 პლანეტას ჩაიტევდა. არის თუ არა მზე ყველაზე დიდი ვარსკვლავი? არა, ასტრონომები მას ყვითელ ჯუჯას უწოდებენ. პავლე მოციქული  წერდა, რომ „ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით“ (1 კორინთელთა 15:41). პავლემ შეიძლება არც კი იცოდა, რამდენად ჭეშმარიტ სიტყვებს წარმოთქვამდა ღვთის შთაგონებით. მაგალითად, არსებობს მართლაც რომ გიგანტური ვარსკვლავი, რომელსაც ზუსტად მზის ადგილმდებარეობა რომ ჰქონოდა, დედამიწას გადაფარავდა. ან კიდევ, ავიღოთ მეორე „გოლიათი“ ვარსკვლავი, რომელიც მზის ადგილას რომ ყოფილიყო, სატურნამდე მიაღწევდა. თუმცა ეს პლანეტა იმდენად შორსაა დედამიწისგან, რომ კოსმოსური ხომალდით იქამდე მისაღწევად ოთხი წელი დაგვჭირდებოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილ ტყვიაზე 40-ჯერ უფრო სწრაფად ვიმოძრავებდით!

6. როგორც ბიბლიიდან ჩანს, ადამიანის თვალსაზრისით, რატომ არის ვარსკვლავთა რაოდენობა უთვალავი?

6 ამ ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტ მოწიწებას გვინერგავს, ვიდრე მათი ზომები. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ  ვარსკვლავთა რაოდენობა მართლაც განუსაზღვრელია და მათი აღრიცხვა ისევე რთულია, როგორც „ზღვის ქვიშის“ დათვლა (იერემია 33:22). ესე იგი, იმაზე უფრო მეტი ვარსკვლავი არსებობს, ვიდრე შეუიარაღებელი თვალი ხედავს. ბიბლიის ისეთ დამწერს, როგორიც იყო იერემია, ღამით ცისთვის რომ აეხედა და ვარსკვლავების დათვლა ეცადა, მხოლოდ სამი ათასამდე მათგანს თუ დაითვლიდა, ვინაიდან მხოლოდ ამდენის დანახვა შეუძლია ღამით მოწმენდილ ცაზე ადამიანს შეუიარაღებელი თვალით. ეს რიცხვი შეიძლება მხოლოდ ერთი მუჭა ქვიშის მარცვლების რაოდენობას შევადაროთ. ვარსკვლავთა რიცხვი კი, უთვალავია, მართლა ზღვის ქვიშასავით არის *. ვის შეუძლია მათი დათვლა?

„სახელდებით უხმობს... ყველას“.

7. ა) დაახლოებით რამდენი ვარსკვლავია ჩვენს გალაქტიკაში — ირმის ნახტომში — და რამდენად დიდია მათი რიცხვი? ბ) რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ასტრონომებს უჭირთ გალაქტიკების რაოდენობის დადგენა და რას გვასწავლის ეს იეჰოვას შემოქმედებით ძალაზე?

7 პასუხს ესაიას 40:26-ში ვკითხულობთ: „ზეცად აღაპყარით თვალნი და შეხედეთ, ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც სათვალავით გამოჰყავს მათი მხედრობა; ვინც სახელდებით უხმობს მათ ყველას“. 146-ე ფსალმუნის მე-4 მუხლში კი ნათქვამია: „დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს“. რამდენია „ვარსკვლავთა რიცხვი“? ეს არც ისე იოლი კითხვაა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მარტო ჩვენს გალაქტიკაში — ირმის ნახტომში — 100 მილიარდი ვარსკვლავი უნდა იყოს *. მაგრამ ირმის ნახტომი ერთ-ერთია უამრავ გალაქტიკას შორის და მრავალ მათგანში კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავია თავმოყრილი. საერთო ჯამში, რამდენი გალაქტიკა არსებობს? ზოგი ასტრონომის ვარაუდით — 50 მილიარდი. სხვათა გაანგარიშების თანახმად კი, შესაძლოა, 125 მილიარდიც იყოს. ასე რომ, ადამიანი გალაქტიკების რაოდენობას ვერ ადგენს და მილიარდობით  ვარსკვლავის ზუსტი რიცხვის ცოდნაზე საუბარი ხომ სულ ზედმეტია. იეჰოვამ კი იცის ეს რიცხვი. უფრო მეტიც, ყოველი ვარსკვლავისთვის სახელი აქვს დარქმეული!

8. ა) რას იტყოდი გალაქტიკა ირმის ნახტომის ზომის შესახებ? ბ) რის საშუალებით განაგებს იეჰოვა ციური სხეულების მოძრაობას?

8 გალაქტიკების მასშტაბებს როცა ვუფიქრდებით, შიშნარევი მოწიწება კიდევ უფრო მეტად გვეუფლება. როგორც ვარაუდობენ, გალაქტიკა ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელს უდრის. ესე იგი სინათლის სხივიც კი, რომელიც წამში 300 000 კილომეტრი სიჩქარით ვრცელდება, ჩვენი გალაქტიკის გადაკვეთას 100 000 წელს მოანდომებდა! ზოგი გალაქტიკა კი ზომით ჩვენსაზე ბევრად უფრო დიდია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვამ ქსოვილივით ‘გაჰფინა’ უკიდეგანო ცა (ფსალმუნი 103:2). იგი ამ ქმნილებების მოძრაობასაც განაგებს. ვარსკვლავთშორისი მტვრის პატარა ნაწილაკიდან უზარმაზარ გალაქტიკებამდე, ყველაფერი ურთიერთშეწყობილად მოძრაობს და იმართება ღვთის მიერ დადგენილი ფიზიკური კანონების მიხედვით (იობი 38:31—33). ამიტომაც, მეცნიერები ციურ სხეულთა დახვეწილ მოძრაობას საგულდაგულოდ დადგმულ ცეკვას ადარებენ. წარმოიდგინე ის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც ეს ყოველივე შექმნა. მართლაც რომ შიშითა და მოკრძალებით უნდა ვიმსჭვალებოდეთ ღვთის მიმართ, რომელიც ასეთ შემოქმედებით ძალას ფლობს!

„თავისი ძალით შექმნა დედამიწა“

9, 10. როგორ მეტყველებს იეჰოვას ძალაზე მზის სისტემის, იუპიტერის, დედამიწისა და მთვარის მდებარეობა?

9 იეჰოვას შემოქმედებითი ძალა აშკარაა ჩვენს მშობლიურ დედამიწაზე. ღმერთმა სწორედ რომ ზუსტი ადგილი მიუჩინა ჩვენს პლანეტას უკიდეგანო სამყაროში. ზოგი მეცნიერის აზრით, მრავალი გალაქტიკა შესაძლოა, „არასტუმართმოყვარე“ ყოფილიყო სიცოცხლისათვის. როგორც ჩანს, არც მთელი ჩვენი გალაქტიკა იყო სასიცოცხლოდ შექმნილი. მის ცენტრში თავმოყრილია ვარსკვლავთა დიდი რაოდენობა. რადიაციის დონე მაღალია და ვარსკვლავთა შეჯახებაც ჩვეულებრივი მოვლენაა. გალაქტიკის გარე საზღვრებში სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტები ნაკლებადაა. ჩვენს მზის სისტემას კი შესანიშნავი მდებარეობა აქვს.

 10 დედამიწას დიდ სამსახურს უწევს შორეული, მაგრამ „გოლიათი მფარველი“ — პლანეტა იუპიტერი. ის დედამიწას ათასჯერ აღემატება ზომით და მასზე გაცილებით დიდი მიზიდულობის ძალა აქვს. რა არის ამის შედეგი? იგი თავისკენ იზიდავს ან მიმართულებას უცვლის სივრცეში მოძრავ უსწრაფეს სხეულებს. მეცნიერთა აზრით, რომ არა იუპიტერი, დედამიწა 10 000-ჯერ უფრო მეტი მასიური სხეულის სამიზნე გახდებოდა. ჩვენს მშობლიურ დედამიწას შედარებით ახლოს ჰყავს ერთი სასარგებლო და არაჩვეულებრივი თანამგზავრი — მთვარე. გარდა იმისა, რომ ეს მშვენიერი მნათობი „ღამის ლამპარია“, მთვარის გამოა, რომ დედამიწას დახრილობა არ ეცვლება. დახრილობა კი, თავის მხრივ, წელიწადის დროთა მონაცვლეობას უწყობს ხელს. ეს ხომ კიდევ ერთი სასიკეთო პირობაა სიცოცხლისათვის.

11. როგორ იცავს ატმოსფერო დედამიწას?

11 იმაში, თუ როგორ არის ჩაფიქრებული და მოწყობილი დედამიწა, იეჰოვას შემოქმედებითი ძალა გამოსჭვივის. განვიხილოთ ატმოსფერო, რომელიც ფარივით გვიცავს. მზე გამოსცემს როგორც სასარგებლო, ისე მომაკვდინებელ სხივებს. როცა მომაკვდინებელი სხივები დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში ხვდება, ჟანგბადს ოზონად აქცევს. ოზონის ფენა კი, თავის მხრივ, შთანთქავს ამ სხივების უმეტესობას. გამოდის, რომ ჩვენს პლანეტას თავისებური „დამცავი ქოლგა“ აქვს!

12. როგორ ვლინდება იეჰოვას შემოქმედებითი ძალა წყლის წრებრუნვაში?

12 ჩვენი ატმოსფერო, რომელიც იდეალურად უწყობს ხელს ცოცხალი არსებების სიცოცხლის შენარჩუნებას დედამიწის ზედაპირზე ან მის მახლობლად, აირების მხოლოდ რთული ნაზავი როდია. ატმოსფეროს კიდევ ერთი საოცრება წყლის წრებრუნვაა. ყოველწლიურად მზეს დედამიწის ოკეანეებიდან და ზღვებიდან 400 000 კუბურ კილომეტრზე მეტი წყალი ააქვს ზემოთ ორთქლის სახით. შედეგად წარმოიქმნება ღრუბლები, რომლებიც ატმოსფერულ ქარს გადააქვს ყველგან. შემდეგ წყალი იფილტრება, იწმინდება და, კვლავ რომ შეავსოს წყლის მარაგი, წვიმის, თოვლისა და ყინულის სახით გვევლინება. ამის შესახებ ეკლესიასტეს 1:7-ში ნათქვამია: «ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ  აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან [„მდინარეები საიდანაც მოედინებიან, ისევ იქ მიედინებიან, რათა ისევ მოედინებოდნენ“, აქ]». მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ასეთი სისტემის შექმნა.

13. როგორც დავინახეთ, როგორ მოწმობს შემოქმედის ძალაზე მიწა და მცენარეულობა?

13 საითაც უნდა გავიხედოთ, ყველგან სიცოცხლე დუღს, რაც იეჰოვას შემოქმედებით ძალაზე მოწმობს. მძლავრი, 30-სართულიან შენობაზე მაღლა ატყორცნილი მამონტის ხით დაწყებული და ოკეანეებში მიკროსკოპული მცენარეებით დამთავრებული ფლორა სასუნთქი ჟანგბადის უდიდეს მოცულობას გვაძლევს. მიწაც კი სიცოცხლით არის გაჯერებული — მატლები, სოკოები და მიკრობები რთულად ურთიერთქმედებენ ისე, რომ ხელს უწყობენ მცენარეთა ზრდას. მართლაც შესაფერისად არის ნათქვამი ბიბლიაში, რომ მიწასაც ძალა აქვს (დაბადება 4:12).

14. რა ძალაა ჩადებული ნამცეცა ატომშიც კი?

14 უდავოდ, იეჰოვამ «თავისი ძალით შექმნა ქვეყანა [„დედამიწა“, აქ]» (იერემია 10:12). ღვთის ძალა მის უმცირეს ქმნილებებშიც კი აშკარად ვლინდება. მაგალითად, მიჯრით ჩამწკრივებული მილიონობით ატომი ადამიანის თმის ღერის სისქეც კი არ არის. თუკი ატომს 14-სართულიანი შენობის ზომამდე გავზრდით, მისი ბირთვის მდებარეობა მეშვიდე სართულის სიმაღლემდე მიაღწევს, მაგრამ მარილის კრისტალისოდენა იქნება. ბირთვული აფეთქებისას კი საშინელი ძალა სწორედ ამ უსაშველოდ ნამცეცა ბირთვიდან მოდის!

„ყოველი სულდგმული“

15. რა ასწავლა იეჰოვამ იობს სხვადასხვა გარეულ ცხოველზე ყურადღების გამახვილებით?

15 იეჰოვას შემოქმედებით ძალას აშკარად ადასტურებს ისიც, რომ დედამიწაზე მრავალი ცხოველი ბინადრობს. 148-ე ფსალმუნში ჩამოთვლილია მრავალი ისეთი რამ, რაც ხოტბას ასხამს იეჰოვას, მე-10 მუხლი კი ასეთ სიტყვებს შეიცავს: „მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო“. იმის საჩვენებლად, თუ რატომ უნდა გამოავლინოს ადამიანმა შიშნარევი მოკრძალება შემოქმედისადმი, იეჰოვამ ერთხელ ისეთ ცხოველებზე გაუმახვილა იობს ყურადღება, როგორიცაა  ლომი, ზებრა, გარეული ხარი, ბეჰემოთი და ლევიათანი (როგორც ჩანს ნიანგი). რაზე გაამახვილა იეჰოვამ ყურადღება ამით? თუკი ადამიანს ამ ძლიერი და საშიში ქმნილებების წინაშე ეუფლება შიში, მათი შემოქმედისადმი როგორი გრძნობაღა უნდა დაეუფლოს?! (იობი, თავები 38—41).

16. რა გაოცებს იეჰოვას მიერ შექმნილ ფრინველებში?

16 ფსალმუნის 148:10-ში „ფრთოსანი ფრინველიც“ მოიხსენიება. წარმოიდგინე მათი მრავალფეროვნება! იეჰოვა ელაპარაკა იობს სირაქლემაზე, რომელიც „დასცინის ცხენსა და მხედარს“. მართალია, თითქმის არ დაფრინავს, მაგრამ ამ 2,5-მეტრის სიმაღლის ფრინველს შეუძლია საათში 65 კილომეტრი გაირბინოს დიდი ნაბიჯებით, თითოეული ნაბიჯის სიგრძე კი 4,5 მეტრია! (იობი 39:13, 18). მეორე მხრივ, ზღვის ზემოთ მოლივლივე ალბატროსი თავის სიცოცხლეს უმეტესად ჰაერში ატარებს. ამ ფრინველის, როგორც ბუნებრივი პლანერის, ფრთათშორისი განი 3 მეტრამდე აღწევს და გაშლილი ფრთებით საათობით შეუძლია იფრინოს. ამის საპირისპიროდ, კოლიბრი, რომლის სიგრძე, სულ რაღაც, 5 სანტიმეტრია, მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიტია. მას წამში 80-ჯერ შეუძლია ფრთების დაქნევა! პატარა, ძვირფას ქვასავით მბზინავ კოლიბრის შვეულმფრენივით შეუძლია მანევრირება და უკუფრენაც კი ეხერხება.

17. რა ზომისაა ლურჯი ვეშაპი და რა დასკვნას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მიერ შექმნილ ცხოველებს გავეცანით?

17 ფსალმუნის 148:7-ში ნათქვამია, რომ „ვეშაპნიც“ კი ქება-დიდებას შეასხამენ იეჰოვას. ვნახოთ ლურჯი ვეშაპის მაგალითი, რომელიც პლანეტაზე უდიდეს ცოცხალ არსებად ითვლება! ეს უზარმაზარი ქმნილება ოკეანის სიღრმეებში ბინადრობს და, შესაძლოა, სიგრძეში 30 მეტრამდე ან უფრო მეტსაც აღწევდეს. წონით კი 30 სრულწლოვანი სპილოს წონას უტოლდება. ჯერ მარტო სპილოს წონისა ენა აქვს. მისი გულის ზომა პატარა ავტომანქანას უტოლდება. ეს უზარმაზარი ორგანო წუთში მხოლოდ 9-ჯერ ფეთქავს, რაც კონტრასტულად განსხვავდება კოლიბრის გულისგან, რომელიც წუთში დაახლოებით 1 200-ჯერ ძგერს. ლურჯი ვეშაპის სისხლძარღვები იმსიგანეა, რომ შიგ ბავშვი თავისუფლად იცოცებდა. ყოველივე ამის შემხედვარეს მთელი გულით გვინდება, გამოვეხმაუროთ იმ მოწოდებას, რომლითაც ფსალმუნთა წიგნი  მთავრდება: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი“ (ფსალმუნი 150:6).

რას გვაგებინებს იეჰოვას შემოქმედებითი ძალა

18, 19. იეჰოვას მიერ შექმნილი რომელი სხვადასხვაგვარი ცოცხალი არსებებია დედამიწაზე, და რას ვიგებთ ამ ქმნილებებიდან მისი უზენაესობის შესახებ?

18 რას ვიგებთ იქიდან, თუ როგორ იყენებს იეჰოვა თავის შემოქმედებით ძალას? ქმნილებათა მრავალფეროვნების გამო შიშითა და მოკრძალებით ვართ გამსჭვალული. ერთ-ერთმა ფსალმუნმომღერალმა შესძახა: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! . . სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“ (ფსალმუნი 103:24). მართლაც რომ ასეა! როგორც ბიოლოგებმა დაადგინეს, მილიონზე მეტი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე; გარდა ამისა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რომ მათი რაოდენობა, შესაძლოა, იყოს 10 მილიონი, 30 მილიონი და უფრო მეტიც. ხელოვანმა დროდადრო შეიძლება თავისი შემოქმედებითი უნარის სიმწირე იგრძნოს. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას შემოქმედებითი შესაძლებლობები — მისი ძალა, რომ შექმნას მრავალი ახალი და სხვადასხვა ქმნილება — აშკარად ამოუწურავია.

19 იეჰოვას შემოქმედებითი ძალა გვაგებინებს, რომ ისაა უზენაესი. თვითონ სიტყვა „შემოქმედი“ გამოარჩევს იეჰოვას ყველაფრისგან, სამყაროს ყველა „ქმნილებისგან“. თვით იეჰოვას მხოლოდშობილი ძეც, რომელიც „ოსტატად“ მსახურობდა შემოქმედებითი დროის  განმავლობაში, ბიბლიაში არსად მოიხსენიება შემოქმედად ან თანაშემოქმედად (იგავნი 8:30; მათე 19:4). ის „პირმშოა ყოველი ქმნილებისა“ (კოლასელთა 1:15). იეჰოვა შემოქმედია და ეს, როგორც უზენაეს მმართველს, სამყაროს მართვის სრულ უფლებას ანიჭებს (რომაელთა 1:20; გამოცხადების 4:11).

20. რა იგულისხმება იეჰოვას დასვენებაში მას შემდეგ, რაც დაასრულა თავისი მიწიერი ქმნილებების შექმნა?

20 კვლავაც თუ ავლენს იეჰოვა თავის შემოქმედებით ძალას? როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, როცა იეჰოვამ მეექვსე შემოქმედებით დღეს დაასრულა თავისი შემოქმედებითი საქმიანობა, „დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა“ (დაბადება 2:2). პავლე მოციქულმა აღნიშნა, რომ მეშვიდე „დღე“ ათასობით წელს მოიცავდა, რადგან ჯერ კიდევ გრძელდებოდა მის დროში (ებრაელთა 4:3—6). მაგრამ ნიშნავს „დასვენება“ იმას, რომ იეჰოვა საერთოდ აღარაფერს აკეთებს? არა, იეჰოვას არასოდეს შეუწყვეტია შრომა (ფსალმუნი 91:5; იოანე 5:17). მაშ, მისი დასვენება, უბრალოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ღმერთი აღარ ქმნის მიწიერ ქმნილებებს. განზრახვების ბოლომდე შესასრულებლად იგი განუწყვეტლივ შრომობს. ასეთი შრომა წმინდა წერილების შთაგონებით შექმნასაც მოიცავს. მის მუშაობაში „ახალი ქმნილების“ შექმნაც შედის, რომელზეც მე-19 თავში ვიმსჯელებთ (2 კორინთელთა 5:17).

21. რა გავლენას მოახდენს იეჰოვას შემოქმედებითი ძალა ერთგულ ადამიანებზე მთელი მარადიულობის განმავლობაში?

21 როცა იეჰოვას დასვენების დღე დასასრულს მიუახლოვდება, იგი დედამიწაზე ყველა თავისი ნამოქმედარის შესახებ იტყვის: ‘ძალიან კარგია’, ისევე, როგორც ეს მეექვსე შემოქმედებითი დღის დასასრულისას თქვა (დაბადება 1:31). ამის შემდეგ როგორღა გამოავლენს უსაზღვრო შემოქმედებით ძალას? ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ კვლავაც მოვიხიბლებით იმით, თუ როგორ გამოიყენებს იეჰოვა შემოქმედებით ძალას. მთელი მარადიულობის განმავლობაში უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვაზე მისი ქმნილებების საშუალებით (ეკლესიასტე 3:11, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). რაც უფრო მეტს ვისწავლით მის შესახებ, მით უფრო გაგვიღრმავდება შიში და მოწიწება ჩვენი დიდებული შემოქმედის მიმართ და უფრო მეტად დავუახლოვდებით მას.

^ აბზ. 2 ეს ასტრონომიული ციფრები უფრო მეტის მთქმელი რომ იყოს, ასეთი შედარების მოყვანა შეიძლება: მანქანით იგივე მანძილის დაფარვას — თუნდაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში 160 კილომეტრი საათში სიჩქარით გვევლო — ას წელზე მეტს მოვანდომებდით!

^ აბზ. 6 ზოგი ვარაუდობს, რომ უძველეს ბიბლიურ დროში ტელესკოპისმაგვარ მარტივ ხელსაწყოებს იყენებდნენ. მათი აზრით, მაშინდელი ხალხი სხვაგვარად როგორ გაიგებდა, რომ ვარსკვლავთა რაოდენობა აურაცხელია? ასეთი დაუსაბუთებელი თეორიის მხარდამჭერებს ავიწყდებათ იეჰოვა, ბიბლიის ავტორი (2 ტიმოთე 3:16).

^ აბზ. 7 რამდენ დროს მოანდომებდი 100 მილიარდი ვარსკვლავის დათვლას? ყოველ წამში ერთი მათგანი რომ აღგერიცხა და ასე გემოქმედა ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, სულ 3 171 წელი დაგჭირდებოდა!