წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 4

„იეჰოვა... დიდძალოვანია“

„იეჰოვა... დიდძალოვანია“

1, 2. რომელი საოცრებები ჰქონდა უკვე ნანახი ელიას, მაგრამ რომელი შთამბეჭდავი მოვლენების შემსწრე გახდა ხორების მთაზე გამოქვაბულთან?

ელიას უკვე ნანახი ჰქონდა სხვადასხვა საოცრება; მაგალითად, როგორ კვებავდნენ ყორნები დღეში ორჯერ, სანამ სამალავს აფარებდა თავს; როგორ არ ილეოდა ჭურჭელში ფქვილი და ზეთი; როგორ გადმოეშვა ზეციდან ცეცხლი მისი ლოცვის პასუხად (მესამე მეფეთა, თავები 17, 18). მაგრამ ელიას წინ უფრო დიდი საოცრების ხილვა ელოდა.

2 ხორების მთის გამოქვაბულთან რამდენიმე შთამბეჭდავ მოვლენას შეესწრო. ჯერ ქარიშხალი ამოვარდა. გამაყრუებელი გუგუნით აიკლო იქაურობა; თანაც იმდენად ძლიერი იყო, რომ მთები დახეთქა და კლდეებს ბზარები გაუჩინა. შემდეგ ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ მიწას ლამის ნაპრალები გაუჩინა. მერე ცეცხლიც აბრიალდა და შესაძლოა ელიას გვერდით მხურვალე ჰაერის ნაკადმაც ჩაუქროლა (მესამე მეფეთა 19:8—12).

„აჰა, ჩაიარა უფალმა“.

3. ღვთის რომელი თვისების გამოვლენის მოწმე გახდა ელია და ჩვენ რომელ მოვლენებში ვხედავთ ღვთის ძლიერების გამოვლინებას?

3 ყველა ამ მოვლენას, რომლებიც ელიამ საკუთარი თვალით იხილა, ერთი რამ აერთიანებდა — ეს იყო იეჰოვა ღმერთის უდიდესი ძლიერების გამოვლინება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება სასწაულის მოშველიება იმის დასანახვებლად, რომ ღმერთი ამ თვისებას ფლობს. ეს ისედაც აშკარაა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქმნილებათა არსებობა იეჰოვას „მარადიულ ძალასა და ღვთაებრიობას“ ადასტურებს (რომაელთა 1:20). წარმოიდგინე თვალისმომჭრელი ელვა ან ჭექა-ქუხილი, წყალუხვი ჩანჩქერი, დიდებულად რომ ეშვება, ვარსკვლავებით მოჭედილი უკიდეგანო ცა! განა ღვთის ძლიერებას არ ვხედავთ ამ დიდებულ მოვლენებში? თუმცა შეიმჩნევა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არც ისე ბევრი აღიარებს ღვთის ძალას და კიდევ უფრო ცოტას აქვს მასზე სწორი წარმოდგენა. მაგრამ რაც უფრო უკეთ გავეცნობით ღვთის ამ თვისებას, მით  უფრო მოგვინდება იეჰოვასთან დაახლოება. ამ მონაკვეთში იეჰოვას უბადლო ძლიერების დაწვრილებით შესწავლას შევუდგებით.

იეჰოვას დიდმნიშვნელოვანი თვისება

4, 5. ა) როგორ უკავშირდება იეჰოვას სახელს ძლიერება ანუ ძალა? ბ) რატომ არის მართებული, რომ იეჰოვამ ხარი გამოიყენა თავისი ძალის სიმბოლოდ?

4 იეჰოვა განუმეორებელ ძალას ფლობს. იერემიას 10:6-ში ნათქვამია: „არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი“. როგორც ვხედავთ, ძლიერება ანუ ძალა იეჰოვას სახელთან არის დაკავშირებული. გავიხსენოთ, რომ ეს სახელი სავარაუდოდ ნიშნავს „აქცევინებს“. რა აძლევს იეჰოვას საშუალებას, რომ იქცეს იმად, რადაც უნდა? ცხადია, ძალა. დიახ, იეჰოვას შესწევს ძალა, ისე იმოქმედოს, რომ შეუზღუდავად განახორციელოს თავისი სურვილი. ამგვარი ძლიერება მისი ერთ-ერთი დიდმნიშვნელოვანი თვისებაა.

5 იეჰოვამ იცის, რომ შეზღუდული უნარი გვაქვს და ამიტომ მაგალითებით გვანახვებს, თუ რა ძალას ფლობს. როგორც ვიცით, თავისი ძალის სიმბოლოდ მან ხარი გამოიყენა (ეზეკიელი 1:4—10). ეს მართლაც რომ შესაფერისი შედარებაა, რადგან მოშინაურებული ხარიც კი ვეება და ძლიერია. ბიბლიური დროის პალესტინელები ხარს თითქმის ყველაზე ძლიერ ცხოველად თვლიდნენ. თუმცა მათ ისიც იცოდნენ, რომ არსებობდა კიდევ უფრო საშიში სახეობის გარეული ხარი ანუ ტური, რომელიც მერე გადაშენდა (იობი 39:9—12). რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ერთხელ აღნიშნა, რომ ამ სახეობის ხარი ლამის სპილოს უტოლდებოდა. „ის ძალიან ძლიერი და სწრაფი ცხოველია“, — წერდა იგი. წარმოიდგინე, რა პაწაწინა და უმწეო გამოჩნდებოდი ამისთანა არსების გვერდით!

6. მხოლოდ იეჰოვას რატომ ეწოდება „ყოვლისშემძლე“?

6 ადამიანი იეჰოვასთან, ძლევამოსილ ღმერთთან, შედარებითაც ასევე პატარა და უძლურია. მის წინაშე ძლევამოსილი ერებიც კი სასწორის პინებზე დაფენილი მტვერივით არიან (ესაია 40:15).  უსაზღვრო ძალა მხოლოდ იეჰოვას აქვს და ამიტომაც მხოლოდ მას ეწოდება „ყოვლისშემძლე“ * (გამოცხადება 15:3, აქ). იეჰოვა „ძალამოსილი და ყოვლადძლიერია“ (ესაია 40:26). ის ძლიერების მუდამ უხვი, უშრეტი სათავეა და არავითარ გარეშე ძალაზე არაა დამოკიდებული, რადგანაც „ღმერთისაა ძალა“ (ფსალმუნი 61:12). მაგრამ, როგორ იყენებს იეჰოვა ძალას?

როგორ იყენებს იეჰოვა ძალას

7. რა არის იეჰოვას სულიწმიდა და რას ნიშნავს ბიბლიის დედნისეულ ენებზე მოცემული სიტყვები, რომლებიც სულად ითარგმნა?

7 სულიწმიდა იეჰოვასგან უშრეტად მოედინება. ის არის ღვთის მოქმედი ძალა. მართლაც, დაბადების 1:2-ში ბიბლია გვიდასტურებს, რომ ის ღვთის „მოქმედი ძალაა“ (აქ). დედნისეულ ებრაულსა და ბერძნულ ენებზე მოცემული სიტყვები, რომლებიც „სულად“ ითარგმნა, შეიძლება სხვა კონტექსტებში ითარგმნოს როგორც „ქარი“, „სუნთქვა“ და „ქროლა“. ლექსიკოგრაფების აზრით, დედნის ენაზე ეს სიტყვები უხილავ მოქმედ ძალას უნდა ნიშნავდეს. ღვთის სული თვალისთვის ქარივით უხილავია, მაგრამ მისი მოქმედების შედეგები — რაელური და ხილული.

8. რასთანაა შედარებული ბიბლიაში ღვთის სული და რატომაა ეს შედარება მართებული?

8 ღვთის სულიწმიდა ისეთია, რომ იეჰოვას მისი გამოყენება თავისი ნებისმიერი განზრახვის შესასრულებლად შეუძლია. ამიტომ უადგილო როდია, ბიბლიაში ღვთის სული ღვთის „თითთან“, „მაგარ ხელთან“ ან „შემართულ მკლავთან“ თუ არის შედარებული (ლუკა 11:20; მეორე რჯული 5:15; ფსალმუნი 8:4). როგორც ადამიანი ასრულებს ხელით სხვადასხვა საქმეებს, იქნება ეს ნატიფი ნახელავის დამზადება თუ ისეთი საქმის გაკეთება, რომელიც მეტ ძალას მოითხოვს, ისე ღმერთი იყენებს თავის სულს ნებისმიერი განზრახვის შესასრულებლად; ავიღოთ თუნდაც თვალისთვის უხილავი ატომის შექმნის, მეწამული ზღვის გაყოფის ან პირველ საუკუნეში სხვადასხვა ენაზე ქრისტიანების ამეტყველების მაგალითი.

9. რამდენად დიდია იეჰოვას მმართავი ძალა?

 9 იეჰოვა თავის ძალას იყენებს როგორც სამყაროს ხელისუფალი, მმართველი. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ გყავს მილიონობით უნარიანი, თავისი საქმის კარგად მცოდნე ქვეშევრდომი, რომლებიც დიდი მონდომებით გისრულებენ ბრძანებებს? იეჰოვა სწორედ ასეთ ურიცხვ მსახურს მმართველობს. წმინდა წერილებში მისი მსახური ადამიანები ხშირად ლაშქართან არიან შედარებული (ფსალმუნი 68:11, აქ [67:12]; 109:3). ადამიანი კი ანგელოზთან შედარებით გაცილებით სუსტი არსებაა. მაგალითად, როცა ასურელთა ლაშქარი ღვთის ხალხს უტევდა, მარტოოდენ ერთმა ანგელოზმა 185 000 მეომარი მოსპო ერთ ღამეში! (მეოთხე მეფეთა 19:35). ღვთის ანგელოზები „ძალით ძლიერნი“ არიან (ფსალმუნი 102:19, 20).

10. ა) რატომ ეწოდება ყოვლისშემძლე ღმერთს ლაშქართა იეჰოვა? ბ) ვინ არის იეჰოვას ყველა ქმნილებათა შორის უძლიერესი?

10 საერთოდ, რამდენი ანგელოზი არსებობს? ერთხელ დანიელ წინასწარმეტყველმა ზეცა იხილა, სადაც 100 მილიონზე მეტ სულიერ ქმნილებას მოეყარა თავი იეჰოვას ტახტის წინაშე, თუმცა არაა ნახსენები, ყველა ანგელოზი იხილა თუ არა ამ დროს (დანიელი 7:10, აქ). ასე რომ, შესაძლოა, ასობით მილიონი ანგელოზი არსებობდეს. ამიტომაც ეწოდება ღმერთს ლაშქართა იეჰოვა. ეს წოდება მის, როგორც დიდებული სარდლისა და ძლიერი ანგელოზების ორგანიზებული მმართველის ძლევამოსილებაზე მიუთითებს. ამ ყველა სულიერ ქმნილებას მან ერთი ხელმძღვანელი დაუყენა — საყვარელი ძე, „პირმშო ყოველი ქმნილებისა“ (კოლასელთა 1:15). როგორც მთავარანგელოზი — ყველა ანგელოზის, სერაფიმებისა და ქერუბიმების მეთაური — იესო იეჰოვას ქმნილებათა შორის უძლიერესია.

11, 12. ა) როგორ ახდენს გავლენას ღვთის სიტყვა თავისი ძალით? ბ) როგორ ადასტურებს იესო, რომ იეჰოვა ზღვარდაუდებელ ძალას ფლობს?

11 იეჰოვა თავისი სიძლიერით მოქმედების კიდევ ერთ საშუალებას ფლობს. ებრაელთა 4:12-ში ნათქვამია: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“. იცი თუ არა, რომ ღვთის სიტყვას ანუ ღვთის სულით შთაგონებულ ცნობას, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი, საოცარი ძალა აქვს? მას შეუძლია გაგვაძლიეროს, რწმენა  განგვიმტკიცოს და დაგვეხმაროს, რომ საკუთარ თავში დიდი ძვრები მოვახდინოთ. პავლე მოციქულმა გააფრთხილა თანამორწმუნეები, მორიდებოდნენ აღვირახსნილი ცხოვრებით გატაცებულებს. შემდეგ კი უთხრა მათ: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“ (1 კორინთელთა 6:9—11). დიახ, „ღვთის სიტყვამ“ თავისი ძალით გამოასწორა ისინი.

12 იეჰოვა ზღვარდაუდებელ ძალას ფლობს და მისი საშუალებით იმდენად ეფექტურად მოქმედებს, რომ წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება. იესომ თქვა: „ღვთისაგან ყოველივე შესაძლებელია“ (მათე 19:26). რა განზრახვების შესასრულებლად იყენებს იეჰოვა ძალას?

მიზანმიმართული ძლიერება

13, 14. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა არ არის რაღაც უპიროვნო ძალა? ბ) რისთვის იყენებს იეჰოვა ძალას?

13 იეჰოვას სული ბევრად აღემატება ნებისმიერ ფიზიკურ ძალას; იეჰოვა სულაც არ არის რაღაც უპიროვნო ძალა. იგი პიროვნებაა, რომელიც სურვილისამებრ იყენებს საკუთარ ძალას. რით ხელმძღვანელობს იეჰოვა ძალის გამოყენებისას?

14 როგორც დავინახავთ, ღმერთი ძალას საიმისოდ იყენებს, რომ შექმნას, გაანადგუროს, დაიცვას, აღადგინოს — ერთი სიტყვით გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ბრწყინვალე განზრახვებს შეესაბამება (ესაია 46:10). ზოგჯერ იეჰოვა ძალას იმ მიზნითაც მიმართავს, რომ საკუთარი პიროვნებისა და ნორმების მნიშვნელოვანი მხარეები დაგვანახვოს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ძალას უშუალოდ თავისი ნების შესრულებას ახმარს — უზენაესი ხელისუფლების გამართლებასა და თავისი წმინდა სახელის განწმენდას მესიანური სამეფოს მეშვეობით. ამ განზრახვის შესრულებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება.

15. რა მიზნით იყენებს იეჰოვა საკუთარ ძალას მაშინ, როცა საქმე თავის მსახურებს ეხება, და ამ ძალის როგორი გამოვლინება იხილა ელიამ?

15 იეჰოვა ძალას თითოეული ჩვენგანის სასარგებლოდაც იყენებს. აი, რა არის ნათქვამი მეორე ნეშტთას 16:9-ში: „რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“. დასაწყისში მოხსენიებულმა ელიამ, ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. რატომ ახილვინა  იეჰოვამ მას ძალის თავზარდამცემი გამოვლინება? ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ბოროტმა დედოფალმა იზებელმა ფიცი შეუთვალა ელიას, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. წინასწარმეტყველმა გაქცევით უშველა თავს. მერე მარტოობასა და უმწეობას გრძნობდა, შეშინებული და თავგზააბნეული იყო — თითქოს ყველაფერი, რაც კი გულმოდგინედ გაეკეთებინა, ამაოებად ექცა. ეს დამწუხრებული კაცი რომ ენუგეშებინა, იეჰოვამ თავისი ძლევამოსილების შესახებ თვალსაჩინოდ შეახსენა — ქარი, მიწისძვრა და ცეცხლი მოუვლინა და დაანახვა, რომ სამყაროში უძლიერესი პიროვნება ედგა მხარში. რატომ შეუშინდა ელია იზებელს, განა ყოვლისშემძლე ღმერთი არ ეხმარებოდა? (მესამე მეფეთა 19:1—12) *.

16. რატომ ვპოვებთ ნუგეშს იეჰოვას უსაზღვრო ძლიერებაზე ფიქრში?

16 თუმცა ამჟამად სასწაულებს არ ახდენს, ელიას დროიდან მოყოლებული, იეჰოვა დღემდე არ შეცვლილა (1 კორინთელთა 13:8). მას კვლავაც ძალიან სურს, რომ ძალა თავის მოყვარულთა სასარგებლოდ მიმართოს. თუმცა სამყოფელი უმაღლეს სულიერ სამყაროში აქვს, თვითონ შორს როდია ჩვენგან; თანაც უსაზღვრო ძალას ფლობს. ასე რომ, მანძილი, რომელიც მისგან გვაშორებს, სულაც არ არის ხელის შემშლელი. რა თქმა უნდა, იეჰოვა „ახლოა. . . ყოველთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმუნი 144:18). ერთხელ, დანიელ წინასწარმეტყველი საშველად უხმობდა იეჰოვას და ლოცვაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ანგელოზი მოევლინა! (დანიელი 9:20—23). იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს თავის მოყვარულთა დახმარებასა და განმტკიცებაში (ფსალმუნი 117:6).

ძლიერება მიუწვდომელს ხდის ღმერთს?

17. როგორ შიშს გვგვრის იეჰოვას ძლიერება, მაგრმ როგორს — არა?

17 შიშს ხომ არ უნდა გვგვრიდეს ღვთის ძლიერება? ამ კითხვას ორი პასუხი აქვს: „დიახ“ და „არა“. „დიახ“ იმიტომ, რომ ეს თვისება შიშნარევი მოწიწების, დიდი მოკრძალებისა და პატივისცემის  საკმარის მიზეზს გვაძლევს, რაზეც მოკლედ უკვე ვიმსჯელეთ წინა თავში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამგვარი შიში „სიბრძნის დასაბამია“ (ფსალმუნი 110:10). „არა“ კი იმიტომ, რომ, მიუხედავად ღვთის სიძლიერისა, არ უნდა ვგრძნობდეთ მის მიმართ ავადმყოფურ, თავზარდამცემ შიშს და არ უნდა ვერიდებოდეთ მასთან დაახლოებას.

18. ა) რატომ არ ენდობა ბევრი ძალაუფლების მქონეთ? ბ) საიდან ვიცით, რომ იეჰოვაზე უარყოფითად არ მოქმედებს ძალაუფლება?

18 „ძალაუფლება ხრწნის ადამიანს; აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად ხრწნის“, — დაწერა ინგლისელმა ისტორიკოსმა ლორდ აკტონმა 1887 წელს. მისი განაცხადი არაერთხელ გამართლებულა და მას, შესაძლოა, ამიტომაც მიიჩნევს მრავალი უცილობელ ჭეშმარიტებად. არასრულყოფილი ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას და ეს ისტორიამაც დაადასტურა (ეკლესიასტე 4:1; 8:9). ამის გამო ძალაუფლების მქონეთ ბევრი არ ენდობა, ახლოსაც არ ეკარება. იეჰოვას კი ხელთ უდიდესი ძალაუფლება უპყრია. ასე თუ ისე, უარყოფითად ხომ არ იმოქმედა იეჰოვაზე ძალაუფლებამ? არავითარ შემთხვევაში! როგორც დავინახეთ, იგი წმინდა და სრულიად შეუბღალავია. იეჰოვასა და „ამა ქვეყნის ძლიერთა“ შორის განსხვავება დღესავით ნათელია. ძალაუფლება მას ბოროტად არასოდეს გამოუყენებია და არც არასოდეს გააკეთებს ამას.

19, 20. ა) სხვა რომელი თვისებები ერწყმის ჰარმონიულად იეჰოვას ძლიერებას და რატომ არის ეს დამაიმედებელი? ბ) როგორ მაგალითს მოიყვანდი იეჰოვას თავშეკავების დასახასიათებლად და რატომ მოგწონს ეს თვისება?

19 გავიხსენოთ, რომ ძლიერება არ არის იეჰოვას ერთადერთი თვისება. ჩვენ კიდევ ბევრს გავიგებთ მისი სამართლიანობის, სიბრძნისა და სიყვარულის შესახებ. მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ იეჰოვას თვისებები თითქოს მექანიკურად და ავტომატურად ვლინდება ერთიმეორის მიყოლებით. პირიქით, მომდევნო თავებში დავინახავთ, რომ იეჰოვას ძლიერება ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. გარდა ამისა, ღმერთი ისეთ თვისებასაც ფლობს, რომელსაც „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ იშვიათად ავლენენ — ეს არის თავშეკავება.

 20 წარმოიდგინე, რომ ზორბა და მკლავმაგარ კაცს გადაეყარე, რომელმაც თავზარი დაგცა თავისი აღნაგობით. მაგრამ ამჩნევ, რომ ლმობიერი ყოფილა. თანაც ყოველთვის მზად არის და მოწადინებულია, ძალა განსაკუთრებით იმ ადამიანთა დასახმარებლად და დასაცავად გამოიყენოს, რომლებიც უმწეონი არიან და რომელთაც სხვები ადვილად აყენებენ ზიანს. ძალას ბოროტად არასოდეს იყენებს. თანაც ხედავ, რომ თუმცა ცილს სრულიად უსაფუძვლოდ სწამებენ, მაინც თავშეკავებულია, მშვიდია, ღირსეულია და კეთილი. შენ კი დგახარ და ფიქრობ: ნეტავ მის ადგილას მე თუ ვიქნებოდი ასეთი ლმობიერი და თავშეკავებულიო?! თანდათან რომ ეცნობი, გიჩნდება სურვილი, დაუახლოვდე მას. და განა უფრო მეტად არ უნდა გვინდოდეს ყოვლისშემძლე ღმერთთან დაახლოება? მოდი მთლიანად წავიკითხოთ ის მუხლი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ თავის სათაურს: «სულგრძელია [„რისხვაში ნელია“, აქ] უფალი [„იეჰოვა“, აქ] და დიდძალოვანი» (ნაუმი 1:3). იეჰოვა ძალას ადამიანთა, თუნდაც ბოროტთა, საწინააღმდეგოდ დაუყოვნებლივ არ იყენებს. იგი რბილად და კეთილად ეპყრობა ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ განრისხების უამრავი მიზეზი ჰქონდა, მაინც „რისხვაში ნელი“ დარჩა (ფსალმუნი 77:37—41).

21. რატომ იკავებს თავს იეჰოვა იმისგან, რომ ადამიანებს ძალდატანებით შეასრულებინოს თავისი ნება-სურვილი და ეს რაზე მეტყველებს?

 21 მოდი სხვა კუთხით განვიხილოთ იეჰოვას თავშეკავება. უსაზღვრო ძალას რომ ფლობდე, ხანდახან მაინც ხომ არ დაუწყებდი ხალხს შენს ჭკუაზე ტარებას? თუმცა მთელი ძალა ხელთ უპყრია, იეჰოვა არავის აიძულებს, რომ ემსახურონ. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისათვის მსახურება მარადიული სიცოცხლის ერთადერთი გზაა, იეჰოვა მსახურების გასაწევად ძალას მაინც არავის ატანს. პირიქით, თითოეულ ჩვენგანს ანიჭებს არჩევნის თავისუფლებას. წინასწარ გვაფრთხილებს, რომ, თუ უგუნურ არჩევანს გავაკეთებთ, სიავეს გადავეყრებით, ხოლო კარგი არჩევნის გაკეთების შემთხვევაში სასიკეთო შედეგებს მოვიმკით. თუმცა არჩევნის უფლებას მაინც ჩვენ გვიტოვებს (მეორე რჯული 30:19, 20). იეჰოვას სულაც არ უნდა, რომ იძულებით ან მისი ძლიერების მიმართ ავადმყოფური შიშის გამო ვემსახუროთ. პირიქით, მისი სურვილია, რომ სიყვარულითა და სიხარულით ემსახურებოდნენ (2 კორინთელთა 9:7).

22, 23. ა) რა გვიჩვენებს, რომ იეჰოვა სიამოვნებით აძლევს სხვებს ძალას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?

22 ახლა კი გავიგოთ, რა არის იმის საბოლოო მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გავატაროთ ცხოვრება ყოვლისშემძლე ღვთისადმი ძრწოლაში? როგორც წესი, ძლიერი ადამიანები, ცოტა არ იყოს, შიშობენ, რომ ძალაუფლებაში არავინ შეეცილოთ. მაგრამ იეჰოვა სიამოვნებით უწილადებს ძალას თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს. ის საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ანიჭებს სხვებს, ისევე როგორც — თავის ძეს (მათე 28:18). იეჰოვა თავის მსახურებს სხვა მხრივაც აძლევს ძალას. ბიბლიაში ნათქვამია: „შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. . . შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება“ (პირველი ნეშტთა 29:11, 12).

23 დიახ, იეჰოვა სიამოვნებით მოგცემს ძალას. იგი „აღმატებულ ძლიერებასაც“ კი ანიჭებს მათ, ვისაც მისთვის მსახურება სურს (2 კორინთელთა 4:7). გრძნობ სიახლოვეს ძალამოსილ ღმერთთან, რომელიც ძალას სასიკეთოდ და მიზანდასახულად იყენებს? მომდევნო თავში ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ იყენებს იეჰოვა შემოქმედებით ძალას.

^ აბზ. 6 ბერძნული სიტყვა, რომელიც „ყოვლისშემძლედ“ არის ნათარგმნი, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ყველაფრის მმართველს; მხოლოდ მას, ვინც ყოველმხრივ ძლიერია“.

^ აბზ. 15 ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა „ქარში არ იყო. . , არც მიწისძვრაში იყო. . , არც ცეცხლში“. ბუნების მითური ღმერთების თაყვანისმცემელთაგან განსხვავებით, იეჰოვას მსახურნი არ ფიქრობენ, რომ იგი ბუნების ძალებში მკვიდრობს. ის იმდენად ძლევამოსილია მათზე, რომ ვერც ერთი მისი ქმნილება ვერ დაიტევს მას (მესამე მეფეთა 8:27).