წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 7

მფარველი ძალა — „ღმერთია ჩვენი მფარველი“

მფარველი ძალა — „ღმერთია ჩვენი მფარველი“

1, 2. რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ისრაელები ძვ. წ. 1513 წელს სინაის მიდამოებში და როგორ აიმედებდა იეჰოვა მათ?

ძვ. წ. 1513 წლის დასაწყისში ისრაელები სინაის მიდამოებში საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. წინ სახიფათო მოგზაურობა ელოდათ. უნდა გაევლოთ „დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე“ (მეორე რჯული 8:15). არც მტრულად განწყობილი ერები შეიკავებდნენ თავდასხმისაგან თავს. ამ ადგილას იეჰოვამ მოიყვანა ეს ხალხი. დაიცავდა თუ არა მათ თავიანთი ღმერთი?

2 იეჰოვა ისრაელებს მეტად დამაიმედებელ სიტყვებს ეუბნება: „თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ“ (გამოსვლა 19:4). იეჰოვამ შეახსენა თავის ხალხს, რომ იხსნა ეგვიპტიდან, თითქოსდა არწივის ფრთებით აიტაცა ისინი და უსაფრთხოდ ატარა. მაგრამ მარტო ამის გამო არ ადარებს იეჰოვა თავის მფარველობას „არწივის ფრთებს“.

3. რატომ არის მართებული ღვთის მფარველობის შედარება „არწივის ფრთებთან“?

3 არწივი თავის დიდ და ღონიერ ფრთებს მარტო ცაში სალივლივოდ როდი იყენებს. პაპანაქება სიცხეში დედა არწივი რკალავს თავის ფრთებს, რომლებიც 2 მეტრზე მეტად ეშლება და მცხუნვარე მზისგან დასაცავად საჩრდილობელს უკეთებს ნორჩ მართვეებს. ცივ ქარში კი ფრთებს ახვევს. როგორც არწივი იცავს თავის პატარებს, ისე იეჰოვა იცავდა და მფარველობდა გამოუცდელ ისრაელ ერს. ახლა ამ უდაბურ ადგილასაც კი შეეძლოთ მის ღონიერ ფრთებქვეშ თავის შეფარება, თუკი ღვთის ერთგულები დარჩებოდნენ (მეორე რჯული 32:9—11; ფსალმუნი 35:8). მაგრამ შეგვიძლია თუ არა, ჩვენც ვიქონიოთ ღვთის მფარველობის იმედი?

 ღმერთმა მფარველობა აღგვითქვა

4, 5. რატომ გვჯერა, რომ იეჰოვა თავის აღთქმას შეასრულებს და დაგვიფარავს?

4 იეჰოვას უდავოდ შესწევს თავის მსახურთა მფარველობის ძალა. ის რომ მას „ღმერთი ძლიერი“ ეწოდება, მის დაუძლეველ ძალაზე მეტყველებს (დაბადება 17:1). აზვირთებული ტალღების მსგავსად, იეჰოვას წინ ვერაფერი დაუდგება. რადგან ვიცით, რომ თავისი ნებისამებრ ყველაფრის შესრულება შეუძლია, უფრო ასეთი კითხვა წამოიჭრება: სურს თუ არა იეჰოვას საკუთარი ძალის გამოყენება თავისი ხალხის დასაფარავად?

5 მოკლედ რომ ვთქვათ, დიახ! იეჰოვა აღგვითქვამს, რომ თავისი ხალხის მფარველი იქნება. „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“, — ნათქვამია 45-ე ფსალმუნის მე-2 მუხლში. ‘ღმერთი უტყუარია’ და სწორედ ამიტომ ვართ დარწმუნებული, რომ თავის აღთქმას შეასრულებს (ტიტე 1:2). მოდი თვალი გადავავლოთ ზოგიერთ თვალსაჩინო მაგალითს, რომლებიც იეჰოვამ თავისი მფარველობისა და მზრუნველობის აღსაწერად გამოიყენა.

6, 7. ა) რას აკეთებდა მწყემსი ბიბლიურ დროში თავისი ცხვრების დასაცავად? ბ) როგორაა ბიბლიაში გაშუქებული იეჰოვას გულწრფელი წადილი, მფარველობა და მზრუნველობა გაუწიოს თავის ცხვრებს?

6 იეჰოვა მწყემსია, ჩვენ კი ვართ „ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი“ (ფსალმუნი 22:1; 99:3). ცხოველთაგან ბევრი არ არის ისეთი უმწეო, როგორიც ცხვარია. ბიბლიურ დროში მწყემსს სიმამაცე ესაჭიროებოდა, რადგან ცხვარი ლომების, მგლების, დათვებისა და ქურდებისგან უნდა დაეცვა (პირველი მეფეთა 17:34, 35; იოანე 10:12, 13). თუმცა მფარველობის მიზნით სითბოს გამოვლენაც იყო საჭირო. როცა ცხვარი ფარეხიდან შორს იგებდა, მზრუნველი მწყემსი თავს ადგა უმწეო დედა ცხვარს, შემდეგ კი ხელში იყვანდა უსუსურ ბატკანს და ფარეხში გადაჰყავდა.

‘თავისი უბით ატარებს მათ‘.

7 იეჰოვა თავის თავს მწყემსს ადარებს და ამით გვარწმუნებს,  რომ გულწრფელად სურს ჩვენთვის მფარველობის გაწევა (ეზეკიელი 34:11—16). გავიხსენოთ, როგორაა იეჰოვა აღწერილი ესაიას 40:11-ში, რაზეც წიგნის მე-2 თავში იყო საუბარი: „როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს“. როგორ ხვდება პატარა ბატკანი მწყემსის „უბეში“? ბატკანი შეიძლება მიუახლოვდეს მწყემსს და ფეხზეც კი გაეხახუნოს. მაგრამ დახრით მწყემსი იხრება, იყვანს ბატკანს ხელში და ფრთხილად ისვამს უბეში. ამ მაგალითში ნათლად ვხედავთ, რომ დიდებული მწყემსი მზად არის, დაგვიცვას და დაგვიფაროს.

8. ა) ვინ გრძნობს ღვთის მფარველობას და როგორ ცხადყოფს ამას იგავნის 18:10? ბ) რა არის იმისთვის საჭირო, რომ ღვთის სახელში ვპოვოთ თავშესაფარი?

8 ღმერთი ყველას როდი იფარავს. მის მფარველობას მხოლოდ ისინი გრძნობენ, ვინც ღმერთს უახლოვდებიან. იგავნის 18:10-ში ნათქვამია: „უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება“. ბიბლიურ დროში გოდოლს ანუ კოშკს, როგორც საიმედო თავშესაფარს, ზოგჯერ მიუვალ ადგილზე აშენებდნენ. მაგრამ ასეთი კოშკი თავშესაფარი მისთვის იქნებოდა, ვინც საშიშროების დროს გაიქცეოდა და თავს შეაფარებდა. დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება ღვთის სახელში თავშესაფრის ძებნაზეც. ღვთის სახელისთვის თავის შეფარება არ ნიშნავს მის ხშირად გამეორებას; ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჯადოსნური სიტყვა არ არის. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ, ვენდობოდეთ ამ სახელის მატარებელს და ვცხოვრობდეთ მისი სამართლიანი ნორმების შესაბამისად. რამდენად კეთილია იეჰოვა, როდესაც გვარწმუნებს, რომ, თუ რწმენით დავუახლოვდებით, კოშკივით დაგვიცავს!

‘ჩვენს ღმერთს შესწევს ჩვენი გადარჩენის ძალა’

9. როგორ გააკეთა იეჰოვამ მფარველობის დაპირებაზე მეტი?

9 იეჰოვამ მფარველობის დაპირებაზე მეტი გააკეთა. ბიბლიურ დროში არაერთხელ დაამტკიცა სასწაულებრივად, რომ შესწევს თავისი ხალხის მფარველობის ძალა. ისრაელის ისტორიის განმავლობაში იეჰოვას ძლევამოსილ „ხელს“ არაერთხელ ჩაუყრია ძლიერი  მტრები გამოუვალ მდგომარეობაში (გამოსვლა 7:4). მაგრამ, იეჰოვა თავის მფარველ ძალას თითოეული ადამიანის სასარგებლოდაც იყენებდა.

10, 11. რომელი ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, რომ იეჰოვა თავის მფარველ ძალას თითოეული ადამიანის სასარგებლოდაც იყენებდა?

10 როცა უარი თქვეს ნაბუქოდონოსორის მიერ გაკეთებული ოქროს გამოსახულებისადმი თაყვანისცემაზე, გააფთრებული მეფე სამ ახალგაზრდას — შედრაქს, მეშაქსა და ყაბედნეგოს — გავარვარებულ ღუმელში ჩაყრით დაემუქრა. „რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?“ — მასხარად აიგდო ისინი ნაბუქოდონოსორმა, იმ დროისათვის უძლიერესმა მონარქმა (დანიელი 3:15). ეს სამი ახალგაზრდა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ღმერთს უსათუოდ შესწევდა ძალა, დაეცვა ისინი, მაგრამ არ მოელოდნენ იმას, რომ მაინცდამაინც ასე მოხდებოდა. ამიტომ ასე მიუგეს მეფეს: „აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ. . . გადაგვარჩინოს“ (დანიელი 3:17). შვიდმაგად გაახურეს ღუმელი, მაგრამ ყოვლადძლიერ ღმერთს წინ ვერაფერი დაუდგა; მან დაიცვა ისინი. მეფეს კი სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ეღიარებინა: „არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა“ (დანიელი 3:96).

11 იეჰოვამ თავისი მფარველი ძალა მაშინაც დიდებულად გამოავლინა, როცა თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე ებრაელი ქალწულის, მარიამის, საშვილოსნოში გადაიტანა. ანგელოზმა უთხრა მარიამს, რომ ‘დაორსულდებოდა და შობდა ძეს’. მერე კი აუხსნა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს“ (ლუკა 1:31, 35). ალბათ, ღვთის ძე არასოდეს ყოფილა ასეთ სახიფათო მდგომარეობაში. უარყოფითად ხომ არ იმოქმედებდა დედის ცოდვიანობა და არასრულყოფილება ჩანასახის განვითარებაზე? შეძლებდა თუ არა სატანა, ზიანი მიეყენებინა ან მოეკლა ღვთის ძე ჯერ კიდევ დაბადებამდე? ეს ყოვლად შეუძლებელი იყო! იეჰოვამ, ასე ვთქვათ, დამცავი გალავანი შემოავლო მარიამს, რათა არაფერს — არც არასრულყოფილებას, არც მავნე ძალას, არც მკვლელს, არც რომელიმე დემონს —  საწყისიდანვე არ დაეშავებინა მზარდი ჩანასახი. იეჰოვა მაშინაც მფარველობდა, როცა იესო ჭაბუკი იყო (მათე 2:1—15). ღვთის მიერ დანიშნულ დრომდე მის ძვირფას ძეს არაფერი დაშავებია.

12. რატომ იცავდა იეჰოვა სასწაულებრივად ცალკეულ ადამიანებს ბიბლიურ დროში?

12 რატომ იცავდა იეჰოვა ასე სასწაულებრივად ცალკეულ ადამიანებს? უმეტეს შემთხვევაში ღმერთი მათ არა უბრალოდ დაცვის მიზნით, არამედ თავისი განზრახვის შესასრულებლად იცავდა. მაგალითად, პატარა იესოს გადარჩენა მეტად მნიშვნელოვანი იყო ღვთის იმ განზრახვის შესასრულებლად, რომელიც საბოლოოდ კურთხევებს მოუტანს მთელ კაცობრიობას. წმინდა წერილებში ღვთის მფარველი ძალის გამოვლენის მრავალი შემთხვევა ჩაიწერა, რაც „ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელთა 15:4). ამ მაგალითებით რწმენა გვიძლიერდება ყოვლადძლიერი ღვთისადმი. მაგრამ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ღმერთი დღესაც დაგვიფარავს?

რა არ იგულისხმება ღვთის მფარველობაში

13. ვალდებულია იეჰოვა, ჩვენ სასარგებლოდ სასწაულები მოახდინოს? ახსენი.

13 ღვთის აღთქმულ მფარველობაში არ იგულისხმება ის, რომ იეჰოვა ვალდებულია, სასწაულები მოახდინოს ჩვენ სასარგებლოდ. არა, ღმერთი სულაც არ აღგვითქვამს იმას, რომ დღევანდელ წუთისოფელში არ გვექნება ცხოვრებისეული თავსატეხები. იეჰოვას მრავალ ერთგულ მსახურს ისეთი სავალალო მოვლენების პირისპირ უწევს ყოფნა, როგორიცაა სიღარიბე, ომი, ავადმყოფობა და სიკვდილი. იესომ გასაგებად უთხრა თავის მოწაფეებს, რომ თითოეული მათგანი შესაძლოა სიცოცხლესაც კი გამოსალმებოდა რწმენის გულისთვის. ამიტომ გაუსვა ხაზი იმას, რომ აუცილებელი იყო მოთმინების ბოლომდე გამოვლენა (მათე 24:9, 13). იეჰოვა რომ ყველას სასწაულებრივად იხსნიდეს, სატანას შესაძლოა ესარგებლა ამით და ნიშნის მოგებით ეჭვქვეშ დაეყენებინა ღვთისადმი ჩვენი ერთგულება (იობი 1:9, 10).

14. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ყოველთვის ერთი და იმავე გზით არ იცავს თავის ყველა მსახურს?

 14 იეჰოვა ბიბლიურ დროშიც კი არ იყენებდა მფარველ ძალას თავისი ყოველი მსახურის უდროო სიკვდილისგან დასაცავად. მაგალითად, მოციქული იაკობი ჰეროდემ სიკვდილით დასაჯა ახ. წ. 44 წელს, თუმცა კი, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, პეტრე „ჰეროდეს ხელიდან“ გამოიხსნა (საქმეები 12:1—11). მაგრამ იოანემ, იაკობის ძმამ, პეტრეზე და იაკობზე უფრო დიდხანს იცოცხლა. ცხადია, ჩვენ არ მოველით, რომ ღმერთი თავის ყველა მსახურს ერთნაირად დაიფარავს. გარდა ამისა, „დრო და შემთხვევაც“ გასათვალისწინებელია (ეკლესიასტე 9:11). მაშ, დღეს როგორღა გვიცავს იეჰოვა?

იეჰოვა ფიზიკურად გვმფარველობს

15, 16. ა) რა მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს, როგორც ჯგუფს, ფიზიკური მფარველობით უზრუნველყოფს? ბ) რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა დაიფარავს თავის მსახურებს როგორც ახლა, ისე „დიდი გასაჭირის“ განმავლობაში?

15 თავდაპირველად ფიზიკური მფარველობის საკითხს შევეხოთ. ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლებს, როგორც ჯგუფს, შეგვიძლია ასეთი მფარველობის იმედი ვიქონიოთ. სხვაგვარად, სატანა ადვილად დაგვრევდა ხელს. იგი, „ამ წუთისოფლის მთავარი“, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ძირფესვიანად აღმოფხვრას ლამობს (იოანე 12:31; გამოცხადება 12:17). ზოგიერთმა მთავრობამ აკრძალა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა და ისიც კი სცადა, რომ საერთოდ მოვესპეთ. თუმცა იეჰოვას ხალხმა მაინც შეინარჩუნა სიმტკიცე და არ შეწყვიტა ქადაგება! რატომ ვერ შეაჩერეს ძლიერმა ერებმა ქრისტიანთა შედარებით მცირე და, ერთი შეხედვით, დაუცველი ჯგუფის საქმიანობა? იმიტომ რომ იეჰოვა თავის მძლავრ ფრთებქვეშ გვიფარებს (ფსალმუნი 16:7, 8).

16 რას ვიტყოდით ფიზიკურ მფარველობაზე „დიდი გასაჭირის“ განმავლობაში? ღვთის განაჩენის შესრულების არ უნდა გვეშინოდეს. ბოლოს და ბოლოს, „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“ (გამოცხადება 7:14; 2 პეტრე  2:9). მანამდე კი ყოველთვის შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ორ საკითხში: პირველი — იეჰოვა არასოდეს დაუშვებს, რომ თავისი ერთგული მსახურები საერთოდ მოსპონ. მეორეც — მისადმი უმწიკვლობის შემნარჩუნებლებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს თავის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში, და თუ საჭირო იქნება, მკვდრეთითაც აღადგენს. მათთვის, ვინც კვდება, არ არსებობს ღვთის მეხსიერებაზე უკეთესი და უსაფრთხო ადგილი (იოანე 5:28, 29, აქ).

17. როგორ გვიცავს იეჰოვა უშუალოდ თავისი სიტყვით?

17 იეჰოვა უშუალოდ ახლაც კი გვიცავს თავისი ცოცხალი „სიტყვით“, რომელსაც ადამიანთა გულების განკურნებისა და ცხოვრების წესის გამოსწორების ძალა აქვს (ებრაელთა 4:12). თუ მისი პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ფიზიკური ზიანის მოყენებისგან გარკვეულწილად დაცული ვიქნებით. „მე ვარ იეჰოვა... დამმოძღვრავი შენდა სასარგებლოდ“, — ამბობს იეჰოვა ესაიას 48:17-ში (აქ). ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრება ჯანმრთელობასაც უსათუოდ გაგვიუმჯობესებს და სიცოცხლესაც გაგვიხანგრძლივებს. მაგალითად, ბიბლიური რჩევა-დარიგებების გათვალისწინებით, მრუშობაზე უარის თქმა და ყოველგვარი სიბილწისგან განრიდება უწმინდური და მავნე ჩვევებისგან გვიცავს, რომლებიც ცხოვრებას უმახინჯებს მრავალ უღვთო ადამიანს (საქმეები 15:29; 2 კორინთელთა 7:1). რამდენად მადლიერი ვართ ღვთის მფარველი სიტყვისათვის.

იეჰოვა სულიერად გვმფარველობს

18. რა სულიერი მფარველობით უზრუნველგვყოფს იეჰოვა?

18 ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იეჰოვა სულიერად გვმფარველობს. ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც კი განსაცდელთა გადასატანად და მასთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად გვესაჭიროება. იეჰოვა ამგვარად იმიტომ მოქმედებს, რომ სიცოცხლე შეგვინარჩუნოს არა მხოლოდ რამდენიმე წლით, არამედ სამარადჟამოდ. სულიერად რომ დაგვიცვას, ვნახოთ, კონკრეტულად რით უზრუნველგვყოფს ღმერთი.

19. როგორ შეუძლია იეჰოვას სულს ნებისმიერ განსაცდელზე გაგვამარჯვებინოს?

 19 იეჰოვა ‘ლოცვის მომსმენია’ (ფსალმუნი 64:3). როცა გვეჩვენება, რომ ცხოვრებისეული საზრუნავის მარწუხებში ვართ მოქცეული, გული უნდა გადავუშალოთ ღმერთს და შვებას ვიგრძნობთ (ფილიპელთა 4:6, 7). შეიძლება მან სასწაულებრივად არ აგვაცილოს განსაცდელები, მაგრამ უპასუხოდ არ დატოვებს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს და სიბრძნეს მოგვანიჭებს განსაცდელებთან გასამკლავებლად (იაკობი 1:5, 6). უფრო მეტიც, იეჰოვა სულიწმიდას აძლევს მათ, ვინც სთხოვს (ლუკა 11:13). ამ ძლიერ სულს შეუძლია გაგვამარჯვებინოს ნებისმიერ განსაცდელსა თუ საწუხარზე. სანამ იეჰოვა მოაშთობს ყოველგვარ სატანჯველს, სულიწმიდას შეუძლია „აღმატებული ძლიერება“ მოგვცეს (2 კორინთელთა 4:7).

20. როგორ გვანახვებს იეჰოვა ჩვენი თანამორწმუნეების მეშვეობით მფარველ ძალას?

20 დროდადრო იეჰოვამ მფარველი ძალა შეიძლება ჩვენი თანამორწმუნეების მეშვეობით დაგვანახვოს. იეჰოვამ თავისი ხალხი ერთ მსოფლიო „საძმოდ“ გააერთიანა (1 პეტრე 2:17; იოანე 6:44). სწორედ ეს სიყვარულით აღსავსე საძმო ადასტურებს იმას, რომ ღვთის სულიწმიდა სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანებზე და თავისი ნაყოფი გამოაქვს — მიმზიდველი, ძვირფასი თვისებები,  სიყვარულისა და სიკეთის ჩათვლით (გალატელთა 5:22, 23). განსაცდელში როცა ვვარდებით და თანამორწმუნე გამოსავლის საპოვნელად რჩევას გვაძლევს, ან მხარში ამოსადგომად მეტად საჭირო სიტყვებით გვამხნევებს, შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას ასეთი მფარველობისა და მზრუნველობისათვის.

21. ა) რა დროულ სულიერ საზრდოს გვაძლევს იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით? ბ) პირადად შენ როგორ დაგეხმარა ის, რითაც იეჰოვამ სულიერად დაცვის მიზნით უზრუნველგვყო?

21 იეჰოვა არც დროულ სულიერ საზრდოს გვაკლებს. თავისი სიტყვის მეშვეობით რომ შეგვმატოს ძალა, იეჰოვამ „ერთგულ და გონიერ მონას“ დაავალა სულიერი საზრდოს განაწილება. „ერთგული მონა“ აქვეყნებს პუბლიკაციებს, მათ შორის ჟურნალებს — „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. აგრეთვე ორგანიზებას უწევს კრების შეხვედრებს, აწყობს კონგრესებს, რათა არ მოგვაკლოს „დროული სულიერი საზრდო“ — სწორედ ის, რაც გვჭირდება და სწორედ მაშინ, როცა გვჭირდება (მათე 24:45). თუ მოგისმენია ქრისტიანული კრების შეხვედრაზე — კომენტარში, მოხსენებაში ან თუნდაც ლოცვაში — ისეთი რამ, რასაც საჭირო სიმტკიცე შეუმატებია და გაუმხნევებიხარ? ან თუ დაგხმარებია ჩვენი ჟურნალებიდან რომელიმე კონკრეტული სტატია? გახსოვდეს, იმიტომ გვაძლევს ამ ყველაფერს იეჰოვა, რომ სულიერად დაგვიცვას.

22. რა მიზნით იყენებს იეჰოვა ყოველთვის თავის ძალას და რატომ არის ეს ჩვენთვისაც სასიკეთო?

22 იეჰოვა დიდებული ფარია „ყველასათვის, ვინც მას მიენდობა“ (ფსალმუნი 17:31). გვესმის, რომ იგი ამჟამად არ იყენებს თავის ძალას იმისათვის, რომ ყველა უბედურებისგან დაგვიცვას. მაგრამ თავისი განზრახვის ბოლომდე შესასრულებლად ყოველთვის იყენებს მფარველ ძალას. ეს კი, საბოლოოდ, მისი ხალხისთვისაც უდიდეს კურთხევებს ნიშნავს. თუ დავუახლოვდებით და ყოველთვის გვეყვარება, იეჰოვა მარადიულ სრულყოფილ სიცოცხლეს მოგვანიჭებს. ასე რომ, ნებისმიერი სატანჯველი დღევანდელ წუთისოფელში შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც „მსუბუქი და ხანმოკლე“ (2 კორინთელთა 4:17).

გაიგეთ მეტი

დარჩით იეჰოვას მფარველობის ველზე

რა არის მფარველობის ველი და როგორ იქნებიან იქ დაცული იეჰოვას თაყვანისმცემლები?