წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 6

გამანადგურებელი ძალა — „იეჰოვა მეომარია“

გამანადგურებელი ძალა — „იეჰოვა მეომარია“

1—3. ა) რა საფრთხე ემუქრებოდა ისრაელებს ეგვიპტელთა მხრიდან? ბ) როგორ იბრძოლა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის?

ისრაელები ჩიხში მოექცნენ — სინაის პირქუშ ციცაბოებსა და გაუვალ ზღვას შორის იყვნენ მომწყვდეული. ეგვიპტელთა ლაშქარი მთელი შემართებით მისდევდა მათ კვალდაკვალ *. მოსე კი მაინც ამხნევებდა ღვთის ხალხს და არწმუნებდა: „იეჰოვა თვითონ იბრძოლებს თქვენთვის“ (გამოსვლა 14:14, აქ).

2 მოსემ, როგორც ჩანს, იეჰოვას შეჰღაღადა და ღმერთმაც უპასუხა: „რას შემომბღავით? . . კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი“ (გამოსვლა 14:15, 16). იცი, რა მოხდა შემდეგ? იეჰოვამ დაუყოვნებლივ უბრძანა თავის ანგელოზს და ისრაელთა უკან ღრუბლის სვეტი გაჩნდა, რომელიც, შესაძლოა, განიერი კედელივით აღიმართა და საიერიშოდ ჩამწკრივებულ ეგვიპტელებს აბრკოლებდა (გამოსვლა 14:19, 20; ფსალმუნი 104:39). მოსემ ხელი გაიწოდა. ამოვარდა ძლიერი ქარი და ზღვა ორად გაყო. წყლები შემკვრივდა, კედლებივით აიზიდა და მათ შორის, მთელი ერის გადასასვლელად საჭირო, საკმაოდ განიერი გზა გამოჩნდა! (გამოსვლა 14:21; 15:8).

3 ასეთი ძლევამოსილების შემსწრე ფარაონს, წესით შინ გაბრუნება უნდა ებრძანებინა თავისი ხალხისთვის. ნაცვლად ამისა, ქედმაღალმა ფარაონმა ბრძანება გასცა იერიშის მისატანად (გამოსვლა 14:23). წინდაუხედავი ეგვიპტელები ელვის სისწრაფით შეჰყვნენ ისრაელებს ზღვის ფსკერზე, მაგრამ იერიში მალე არეულობაში გადაეზარდათ, რადგან ეტლებს ბორბლები სძვრებოდა. როგორც კი ისრაელები სამშვიდობოს გავიდნენ, იეჰოვამ უბრძანა მოსეს:  „დააღირე ზღვას ხელი და მიიქცევა წყალი ეგვიპტელებისკენ, მათი ეტლებისა და მხედრობისკენ“. ზღვის კედლები ჩამოიქცა და ფარაონი თავის სამხედრო ძალასთან ერთად დაასამარა! (გამოსვლა 14:24—28; ფსალმუნი 135:15).

მეწამულ ზღვასთან იეჰოვა მოქმედებდა როგორც „მეომარი“.

4. ა) რა დაამტკიცა იეჰოვამ მეწამულ ზღვასთან? ბ) რა თვალსაზრისი შეიძლება შეუქმნას ზოგიერთს იმან, რომ იეჰოვა მეომარია?

4 ისრაელი ერის გათავისუფლება მეწამულ ზღვასთან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ღვთისა და ადამიანთა ურთიერთობის ისტორიაში. იეჰოვამ თავად დაამტკიცა, რომ „მეომარია“ (გამოსვლა 15:3). მაგრამ, როცა იგებ, რომ იეჰოვა მეომარია, რა აზრი გექმნება მასზე? გულახდილად რომ ვთქვათ, ომს აუწყველი ტკივილი და ტანჯვა მოაქვს კაცობრიობისათვის. მაშ, ისე ხომ არ გამოდის, რომ ღვთის მიერ გამანადგურებელი ძალის გამოყენება უფრო დამაშინებელი იქნება, ვიდრე მასთან დასაახლოებლად აღმძვრელი?

ღვთის ომი განსხვავდება ადამიანთა ომებისგან

5, 6. ა) რატომაა ღმერთისთვის „ლაშქართა იეჰოვა“ შესაფერისი წოდება? ბ) როგორ განსხვავდება ღვთის ომი ადამიანთა ომისგან?

5 ბიბლიის დედნისეულ ენებზე, ებრაულ წერილებში თითქმის სამასჯერ, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი ორჯერ, ღმერთი „ლაშქართა იეჰოვას“ ტიტულით მოიხსენიება (პირველი მეფეთა 1:11, აქ). როგორც უზენაეს ხელისუფალს, იეჰოვას ძლიერ ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ემორჩილება (იესო ნავეს ძე 5:13—15; პირველი მეფეთა 22:19). ეს ლაშქარი საშინელ გამანადგურებელ შესაძლებლობებს ფლობს (ესაია 37:36). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა განადგურება არ არის სასიამოვნო სანახაობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ომი განსხვავდება ადამიანთა ომებისგან, რომელთაც ნაკლებად მოეძებნება გამართლება. სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები შეიძლება ცდილობენ კიდეც, კეთილშობილებით შენიღბონ თავიანთი აგრესია, მაგრამ ადამიანთა ომის მიღმა ყოველთვის სიხარბე და ეგოიზმი დგას.

 6 იეჰოვას კი ბრმა გრძნობები როდი მართავს. მეორე რჯულის 32:4-ში ნათქვამია: „კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“. ღვთის სიტყვაში დაგმობილია თავშეუკავებელი რისხვა, სისასტიკე და ძალადობა (დაბადება 49:7; ფსალმუნი 10:5). ასე რომ, იეჰოვა განუსჯელად არასოდეს მოქმედებს. თავის გამანადგურებელ ძალას გაწონასწორებულად იყენებს და მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. აი, რას ამბობს თავისი წინასწარმეტყველის, ეზეკიელის, პირით: „განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს“ (ეზეკიელი 18:23).

7, 8. ა) რა მცდარ დასკვნამდე მივიდა იობი თავის ტანჯვასთან დაკავშირებით? ბ) როგორ გამოუსწორა ამ მხრივ ელიჰუმ იობს აზროვნება? გ) რას ვსწავლობთ იობის განსაცდელიდან?

7 მაშ, რატომ იყენებს იეჰოვა გამანადგურებელ ძალას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, შეგვიძლია გავიხსენოთ იობი, მართალი კაცი. სატანის გამოწვევა მარტო იობს არ ეხებოდა. ეს, სინამდვილეში, ნებისმიერ ადამიანს ეხება, რაც განსაცდელის დროს საკუთარი უმწიკვლობის შენარჩუნებასთან არის დაკავშირებული. იეჰოვამ ნება დართო სატანას, გამოეცადა იობის უმწიკვლობა. ამის გამო იობი სნეულებით იტანჯებოდა, მთლად გაღატაკდა და შვილებიც დაეხოცა (იობი 1:1—2:8). რადგან არ იცოდა, თუ რისთვის ჩავარდა ასეთ სავალალო მდგომარეობაში, იობმა შეცდომით დაასკვნა, რომ ღმერთი უსამართლოდ სჯიდა და იმიტომაც იტანჯებოდა. იგი ეკითხებოდა ღმერთს, ‘რისთვის დამისვი სამიზნეზე’ და ‘რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრადო’ (იობი 7:20; 13:24).

8 ახალგაზრდა მამაკაცმა, სახელად ელიჰუმ, იობის აზროვნების ნაკლი დღის სინათლეზე გამოიტანა და უთხრა: „ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?“ (იობი 35:2). დიახ, არ იქნებოდა გონივრული, თუ ვიფიქრებდით, რომ ღმერთზე მეტი გვესმის; არც ის იქნებოდა სწორი, თუ უსამართლოდ მოქმედებას მივაწერდით ღმერთს. ‘შორს არის ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი — უსამართლობისგან!’ — განაცხადა ელიჰუმ. შემდეგ კი დასძინა: „ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია  ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს“ (იობი 34:10, აქ; 36:22, 23; 37:23). ამგვარად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის ბრძოლის მიზეზი სამართლიანია. ახლა, მოდი გამოვიკვლიოთ იმის ზოგი მიზეზი, თუ რატომ ასრულებს მშვიდობის ღმერთი ხანდახან მეომრის როლს (1 კორინთელთა 14:33).

რა აიძულებს მშვიდობის ღმერთს, რომ იბრძოლოს

9. რატომ იბრძვის მშვიდობის ღმერთი?

9 ხოტბის შესხმის შემდეგ ღმერთს, როგორც „მეომარს“, მოსემ განუცხადა: „ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით?“ (გამოსვლა 15:11). აბაკუმ წინასწარმეტყველიც ამას წერდა: „სუფთაა [შენი] სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა“ (აბაკუმი 1:13). თუმცა იეჰოვა სიყვარულის ღმერთია, ის სიწმინდის, სიმართლისა და სამართლიანობის ღმერთიც არის. ზოგჯერ მას გამანადგურებელი ძალის გამოსაყენებლად სწორედ ასეთი თვისებები აღძრავს (ესაია 59:15—19; ლუკა 18:7). ასე რომ, ღვთის სიწმინდე მაშინაც წუნდაუდებელია, როცა იბრძვის. უფრო მეტიც, სწორედ იმიტომ იბრძვის, რომ წმინდაა (გამოსვლა 39:30).

10. ა) როდის და როგორ წარმოიშვა პირველად იმის აუცილებლობა, რომ ღმერთს ომი წამოეწყო? ბ) როგორ მოეღებოდა დაბადების 3:15-ში ნაწინასწარმეტყველებ მტრობას ბოლო და რა კურთხევებს მოუტანდა ეს მართალ ადამიანებს?

10 ვნახოთ, როგორი მდგომარეობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანები, ადამი და ევა, ღვთის წინააღმდეგ წავიდნენ (დაბადება 3:1—6). იეჰოვა, როგორც უზენაესი ხელისუფალი, თუ მათ საქციელზე თვალს დახუჭავდა, თავის მდგომარეობას შეარყევდა. მაგრამ როგორც სამართლიანმა ღმერთმა, თავი ვალდებულად ჩათვალა, ადამისა და ევასთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა (რომაელთა 6:23). ბიბლიის პირველ წინასწარმეტყველებაში ღმერთმა წინასწარ განაცხადა, რომ მტრობა ჩამოვარდებოდა თავის მსახურთა და „გველის,“ ანუ სატანის, მომხრეთა შორის (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:15). საბოლოოდ, ეს მხოლოდ  სატანის სრული განადგურებით დასრულდებოდა (რომაელთა 16:20). აღსრულებული განაჩენი მართალ ადამიანებს დიდებულ კურთხევებს მოუტანდა; დედამიწა სატანის ზეგავლენისგან გათავისუფლდებოდა და მისი ყოველი კუთხე-კუნჭული სამოთხედ იქცეოდა (მათე 19:28). მანამდე კი სატანის მსახურები საფრთხეს შეუქმნიდნენ ღვთის ხალხის ფიზიკურ თუ სულიერ კეთილდღეობას. ამიტომ მოითხოვდა მდგომარეობა დროდადრო იეჰოვას ჩარევას.

ღმერთი უკეთურობის აღმოსაფხვრელად მოქმედებს

11. რატომ ვერ დახუჭავდა ღმერთი თვალს ბოროტებაზე და რატომ მოუვლინა ქვეყნიერებას წარღვნა?

11 ნოეს დროინდელი წარღვნა სწორედ ამგვარი ჩარევის მაგალითია. დაბადების 6:11, 12-ში ნათქვამია: „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“. ნუთუ ღმერთი დაუშვებდა იმას, რომ უკეთურობა გაბატონებულიყო და ზნეობრიობის ნიშანწყალიც კი აღარ დარჩენილიყო დედამიწაზე? არა. იეჰოვა თვალს ვერ დახუჭავდა ამაზე და ამიტომ ქვეყნიერებას წარღვნა მოუვლინა და მოსპო ისინი, ვინც თავს არ ანებებდა ძალადობასა და უზნეობას.

12. ა) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ აბრაამის „თესლზე“? ბ) რატომ განადგურდნენ ამორეველები?

12 ღმერთმა მსგავსი განაჩენი გამოუტანა ქანაანელებს. იეჰოვამ აბრაამს გაუმჟღავნა, რომ მისი „თესლის“ მეშვეობით დედამიწაზე ადამიანთა მთელი მოდგმა იკურთხებოდა. ღმერთმა ინება, რომ აბრაამის შთამომავლებისთვის დაემკვიდრებინა ქანაანელთა ქვეყანა, სადაც ამორეველებად წოდებული ხალხი სახლობდა. ცხადია, ღმერთი უსამართლოდ არ აჰყრიდა ამორეველებს თავიანთი ქვეყნიდან. იეჰოვამ წინასწარ თქვა, რომ არ გააძევებდა მათ, დაახლოებით 400 წლის განმავლობაში — სანამ არ ‘აივსებოდა ამორეველების უკეთურებათა საწყაული’ * (დაბადება 12:1—3; 13:14, 15;  15:13, 16; 22:18). ამ ხნის მანძილზე ამორეველები ზნეობრივად სულ უფრო კნინდებოდნენ. ქანაანი კერპთაყვანისმცემლობის, სისხლისღვრისა და სექსუალური აღვირახსნილობის ბუნაგად გადაიქცა (გამოსვლა 23:24; 34:12, 13; რიცხვნი 33:52). ქვეყნის მოსახლენი მსხვერპლშესაწირად ბავშვებსაც კი ხოცავდნენ და წვავდნენ. ნუთუ წმინდა ღმერთი ამგვარი ბოროტების ჩამდენ ხალხს ნებაზე მიუშვებდა? არა! მან განაცხადა: „გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი“ (ლევიანნი 18:21—25). მიუხედავად ამისა, იეჰოვას განურჩევლად არ დაუხოცავს ხალხი. ის ქანაანელები, რომელთაც სწორი განწყობილება ჰქონდათ, მაგალითად, რახაბი და გაბაონელები, დაინდო (იესო ნავეს ძე 6:25; 9:3—27).

მეომარი თავისი სახელისათვის

13, 14. ა) რატომ იყო იეჰოვა ვალდებული თავისი სახელის განსაწმენდად? ბ) როგორ მოსწმინდა იეჰოვამ თავის სახელს სირცხვილი?

13 იეჰოვა წმინდაა და ამიტომ სახელიც წმინდა აქვს (ლევიანნი 22:32). იესომ ასწავლა თავის მოწაფეებს, ასე ეთქვათ ლოცვისას: „წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9). ედემში მომხდარმა დაუმორჩილებლობამ შებღალა ღვთის სახელი, საეჭვო გახადა ღვთის რეპუტაცია და მმართველობის წესი. იეჰოვა არასოდეს შეიწყალებდა ამგვარ ცილისწამებასა და წინააღმდეგობას. იგი ვალდებული იყო, სირცხვილი მოეწმინდა თავისი სახელისთვის (ესაია 48:11).

14 მოდი ისევ ისრაელებს დავუბრუნდეთ. აღთქმა, რომელიც ღმერთმა დაუდო აბრაამს, რომ მისი თესლის მეშვეობით დედამიწაზე ადამიანთა მთელი მოდგმა იკურთხებოდა, შეუსრულებელი ჩანდა იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სანამ მონები იყვნენ ეგვიპტეში. მაგრამ იეჰოვამ ისრაელები გაათავისუფლა, ერად ჩამოაყალიბა და თავის სახელს სირცხვილი მოსწმინდა. დანიელ წინასწარმეტყველი ამას ასე იხსენიებდა ლოცვისას: „ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მაგარი ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე“ (დანიელი 9:15).

15. რატომ უნდა ეხსნა იეჰოვას ტყვე იუდაელები ბაბილონიდან?

15 საინტერესოა, რომ დანიელი მაშინ ლოცულობდა ასე,  როცა იუდაელებისთვის აუცილებელი იყო, იეჰოვა კვლავ ამოქმედებულიყო თავისი სახელის სასარგებლოდ. თვითონ ეს ურჩი იუდაელები ამ დროს ტყვეები იყვნენ ბაბილონში. მათი სატახტო ქალაქი იერუსალიმი კი ნანგრევებად ქცეულიყო. დანიელმა იცოდა, რომ იუდაელთა დაბრუნება თავიანთ სამშობლოში იეჰოვას სახელის განდიდება იქნებოდა. დანიელი ასე ლოცულობდა: „უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს“ (დანიელი 9:18, 19).

მეომარი თავისი ხალხის სასარგებლოდ

16. ახსენი, რატომ არ ნიშნავს იეჰოვას მხრიდან თავისი სახელის შემართებით დაცვა უგულობასა და თავკერძობას.

16 ნიშნავს თავისი სახელის შემართებით დაცვა იმას, რომ იეჰოვა გულცივი და თავკერძაა? არა! ვინაიდან, როდესაც სიწმინდითა და სამართლიანობის სიყვარულით მოქმედებს, იგი იცავს თავის ხალხს. ვნახოთ დაბადების მე-14 თავში მოთხრობილი ოთხი მეფის ლაშქრობის ამბავი, რომლებმაც აბრაამის ძმისწული ლოტი ოჯახიანად გაიტაცეს. ღვთის დახმარებით, აბრაამმა გამაოგნებელი დარტყმა მიაყენა ბევრად უფრო მრისხანე სამხედრო ძალას! შესაძლოა, პირველად ეს გამარჯვება ჩაიწერა „საუფლო ბრძოლების წიგნში“. როგორც ჩანს, ამ წიგნში ისეთი ბრძოლებიც იყო აღწერილი, რომელთა შესახებაც ბიბლიაში არაფერია ნათქვამი (რიცხვნი 21:14). ამ გამარჯვებას კიდევ უფრო მეტი გამარჯვება უნდა მოჰყოლოდა.

17. რა გვიჩვენებს, რომ ქანაანის მიწაზე ისრაელთა შესვლისთანავე იეჰოვა იბრძოდა მათთვის? მოიყვანე მაგალითები.

17 სანამ ქანაანის მიწაზე ფეხს დადგამდნენ, მოსე აღუთქვამდა ისრაელებს: „უფალი, თქვენი ღმერთი, წაგიძღვებათ წინ; იგი იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა“ (მეორე რჯული 1:30; 20:1). მოსესა და მისი საქმის გამგრძელებლის, იესო ნავეს ძის დროიდან დაწყებული და შემდეგ მსაჯულებისა და იუდას ერთგული მეფეების მმართველობის დროსაც იეჰოვა ნამდვილად იბრძოდა თავისი ხალხისთვის და არაერთხელ მოაპოვებინა შთამბეჭდავი გამარჯვება მტრებზე (იესო ნავეს ძე 10:1—14; მსაჯულნი 4:12—17; მეორე მეფეთა 5:17—21).

18. ა) რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი იმისათვის,რომ იეჰოვა არ შეცვლილა? ბ) რა მოხდება, როცა დაბადების 3:15-ში აღწერილი მტრობა კულმინაციას მიაღწევს?

 18 იეჰოვა არ შეცვლილა და არც იმ განზრახვის შეცვლას აპირებს, რომ ჩვენი პლანეტა მშვიდობიან სამოთხედ აქციოს (დაბადება 1:27, 28). ღმერთს კვლავინდებურად სძულს უკეთურობა, მაგრამ, ამავე დროს, უზომოდ უყვარს თავისი ხალხი და მალე იმოქმედებს კიდეც მის სასარგებლოდ (ფსალმუნი 10:7). დაბადების 3:15-ში აღწერილი მტრობა უახლოეს მომავალში დრამატულად განვითარდება და კულმინაციას მიაღწევს. თავისი სახელის განსაწმენდად და თავისი ხალხის დასაცავად იეჰოვა კვლავაც „მეომრად“ იქცევა! (ზაქარია 14:3; გამოცხადება 16:14, 16).

19. ა) მოიყვანე მაგალითი, თუ რატომ უნდა გვაახლოებდეს ღმერთთან მის მიერ გამანადგურებელი ძალის გამოყენება. ბ) რა გრძნობა უნდა დაგვეუფლოს, როცა ვხედავთ, რომ ღმერთი მზადაა საბრძოლველად?

19 განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ ოჯახს გააფთრებული მხეცი დაესხა თავს. მამა გახელებულ მხეცს შეება და განგმირა. განა იფიქრებდი, რომ ასეთი საქციელის გამო ცოლ-შვილი ზურგს შეაქცევდა მამას? პირიქით, გული აუჩუყდებოდათ მისი თავდადებული სიყვარულის გამო. შესაბამისად, არც ჩვენ უნდა შევაქციოთ ზურგი  ღმერთს იმის გამო, რომ ძალას იყენებს. მისმა მზადყოფნამ, რომ ჩვენს დასაცავად იბრძოლოს, უფრო უნდა შეგვაყვაროს იგი. უფრო მეტი პატივისცემითაც უნდა მოვეკიდოთ მის უსაზღვრო ძლიერებას. ასე შეგვიძლია ‘მოწიწებითა და მოშიშებით ვემსახუროთ ღმერთს’ (ებრაელთა 12:28).

დაუახლოვდი „მეომარს“

20. როცა ღვთის ბრძოლების შესახებ ვკითხულობთ ბიბლიაში და შეიძლება ყველაფერი ბოლომდე არც გვესმის, როგორ უნდა მოვიქცეთ და რატომ?

20 რა თქმა უნდა, ბიბლიაში ყოველთვის დაწვრილებით არ არის ახსნილი, თუ რამ გადააწყვეტინა იეჰოვას ამა თუ იმ ბრძოლის წამოწყება. მაგრამ, ერთ რამეში მუდამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ: იეჰოვა გამანადგურებელ ძალას არასოდეს იყენებს უსამართლოდ, უაზროდ ან უმოწყალოდ. ხშირად, ბიბლიური მონათხრობის კონტექსტის ან ზოგიერთი მიზეზის გათვალისწინებას მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე (იგავნი 18:13). შესაძლოა, ყველაფერი დაწვრილებით ვერც გავიგოთ, მაგრამ რაც უფრო მეტს ვისწავლით იეჰოვას შესახებ და დავფიქრდებით მის ძვირფას თვისებებზე, ეს მით უფრო გაგვიქარვებს ეჭვებს. როცა ასე ვიქცევით, ვხედავთ, რომ იეჰოვა ღმერთზე მისანდობად საკმაოდ მყარი საფუძველი გვექმნება (იობი 34:12).

21. თუმცა ზოგჯერ „მეომარია“, გულით როგორი ღმერთია იეჰოვა?

21 თუმცა იეჰოვა მდგომარეობისდა მიხედვით „მეომარია“, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის საომარი სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ეზეკიელმა ხილვაში ზეციერი ეტლი იხილა, რითაც იეჰოვა მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად მზადმყოფ მებრძოლად იყო წარმოდგენილი, მაგრამ ის ცისარტყელით იყო გარემოცული, რაც მშვიდობის სიმბოლოა (დაბადება 9:13; ეზეკიელი 1:28; გამოცხადება 4:3). უდავოა, რომ იეჰოვა მშვიდი და მშვიდობისმყოფელია. „ღმერთი სიყვარულია“, — წერდა იოანე მოციქული (1 იოანე 4:8). იეჰოვას ყველა თვისება სრულყოფილად არის გაწონასწორებული. მაშ, რამდენად დიდი ბედნიერება გვხვდა წილად, რომ შეგვიძლია დავუახლოვდეთ ასეთ ძლევამოსილ, მაგრამ მოსიყვარულე ღმერთს!

^ აბზ. 1 ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, თანახმად, ამ ებრაელებს „600 ეტლთან ერთად 50 000 მხედარი და 200 000-კაციანი კბილებამდე შეიარაღებული ქვეითი ჯარი მისდევდა“ („იუდეველთა სიძველენი“, წიგნი 2, თავი 15, 3).

^ აბზ. 12 როგორც ჩანს, „ამორეველებში“ ქანაანის ყველა ხალხი იგულისხმებოდა (მეორე რჯული 1:6—8, 19—21, 27; იესო ნავეს ძე 24:15, 18).

გაიგეთ მეტი

რა არის სასამართლოს დღე?

გაიგეთ, რა კურთხევებს მიიღებენ ერთგული ადამიანები სასამართლოს დღის განმავლობაში.