წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 8

აღმდგენი ძალა — იეჰოვა „ყოველივე ახალს ქმნის“

აღმდგენი ძალა — იეჰოვა „ყოველივე ახალს ქმნის“

1, 2. რა დანაკლისს განიცდის მრავალი და როგორ მოქმედებს ეს ჩვენზე?

ბავშვს როცა ეკარგება ან უფუჭდება საყვარელი სათამაშო, გულამომჯდარი იწყებს ტირილს. მაგრამ სახე უბრწყინავს, მშობელი რომ უპოვის ან შეუკეთებს მას. მშობლისთვის ამის გაკეთება შეიძლება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდეს, ბავშვისთვის კი დიდი ბედნიერება და სიხარულია. რაც თითქოს სამუდამოდ დაიკარგა თუ დაზიანდა, მშობელი თავდაპირველ სახეს უბრუნებს!

2 იეჰოვას, უბადლო მშობელს, ისეთი ძალა აქვს, რომ შეუძლია აღადგინოს ის, რაც მისმა მიწიერმა შვილებმა დაკარგეს და ხელახლა დაბრუნების იმედი გადაეწურათ. რა თქმა უნდა, მხედველობაში არა გვაქვს, უბრალოდ, სათამაშოები. დღევანდელ „საზარელ ჟამში“ შეიძლება გაცილებით უფრო სერიოზული დანაკლისი განვიცადოთ (2 ტიმოთე 3:1—5). დღეს სწორედ იმას ემუქრება საფრთხე, რაც ხალხის უმეტესობას ყველაზე ძვირფასად მიაჩნია — ოჯახს, სამსახურს, ჯანმრთელობას. შეიძლება სასოწარკვეთილების გრძნობაც კი გვიჩნდება, როცა ვხედავთ, თუ როგორ უარესდება გარემო პირობები. შედეგიც არ აყოვნებს — მრავალი ცოცხალი არსება გადაშენების პირასაა. იმაზე მეტად კი რამ უნდა დაგვწყვიტოს გული, თუ საყვარელი ადამიანი გვეცლება ხელიდან. დანაკლისისა და უძლურების გაუთავებელმა შეგრძნებამ შეიძლება მთლად გამოგვფიტოს (მეორე მეფეთა 19:1).

3. რა მანუგეშებელ პერსპექტივაზეა საუბარი საქმეების 3:21-ში და როგორ მიაღწევს ამას იეჰოვა?

3 ამ ყველაფრის მერე, განა არ გვანუგეშებს იმის გაგება, რომ იეჰოვა აღმდგენ ძალას ფლობს?! როგორც დავინახავთ, ღმერთს შესწევს საიმისო ძალა, რომ უამრავი რამ აღუდგინოს თავის მიწიერ შვილებს. ბიბლია იმასაც კი გვეუბნება, რომ იეჰოვას ‘ყველაფრის აღდგენა’ აქვს განზრახული (საქმეები 3:21). ამას მესიანური  სამეფოს მეშვეობით მიაღწევს, რომელსაც სათავეში მისი ძე, იესო ქრისტე, უდგას. ფაქტები ცხადყოფს, რომ სამეფომ 1914 წელს დაიწყო ზეცაში მმართველობა * (მათე 24:3—14). რა იქნება აღდგენილი? მოდი იეჰოვას დიდებული აღდგენითი საქმეებიდან ზოგიერთზე ვისაუბროთ. ერთ-ერთი უკვე ხდება ჩვენ თვალწინ. დანარჩენები კი უფრო დიდი მასშტაბით მომავალში მოხდება.

წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა

4, 5. რა დაემართა ღვთის ხალხს ძვ. წ. 607 წელს და რა იმედს უნერგავდა მათ იეჰოვა?

4 ის, რაც იეჰოვამ უკვე აღადგინა, წმინდა თაყვანისმცემლობაა. რომ გავიგოთ, ეს რას ნიშნავს, მოკლედ მიმოვიხილოთ იუდას სამეფოს ისტორია და ვნახოთ, როგორ გამოიყენა იეჰოვამ თავისი აღმდგენი ძალა (რომაელთა 15:4).

5 წარმოიდგინე, თავს როგორ იგრძნობდნენ ერთგული იუდაელები ძვ. წ. 607 წელს, როცა იერუსალიმი მტვრად და ფერფლად იქცა. მათი საყვარელი ქალაქი თავის გალავნებიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ სოლომონის აშენებული დიდებული ტაძარი, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა, ნაცარტუტად იქცა (ფსალმუნი 78:1). სიკვდილს გადარჩენილები ტყვედ წაასხეს ბაბილონში. მათი უპატრონოდ დაგდებული სამშობლო კი მხეცთა ბუნაგს დაემსგავსა (იერემია 9:10). ადამიანი იფიქრებდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო (ფსალმუნი 136:1). მაგრამ იეჰოვა, რომელსაც დიდი ხნის წინათ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები ეს გაპარტახება, იმედს უნერგავდა თავის ხალხს, რომ დადგებოდა აღდგენისა და განახლების ჟამი.

6—8. ა) რა მოიხსენიება არაერთხელ ებრაელ წინასწარმეტყველთა ნაწერებში და თავდაპირველად როგორ შესრულდა ამგვარი წინასწარმეტყველებანი? ბ) ჩვენს დროში როგორ შესრულდა აღდგენასთან დაკავშირებული არაერთი წინასწარმეტყველება ღვთის ხალხზე?

 6 ებრაელ წინასწარმეტყველთა ნაწერებში არაერთხელ მოიხსენიება აღდგენა *. მათი პირით იეჰოვა აღთქმას იძლეოდა, რომ ქვეყანას აღადგენდა და ხელახლა დაასახლებდა, გაანაყოფიერებდა, დაიცავდა მხეცებისგან და მტერთა შემოტევებისგან. მათ მიწა-წყალს ნამდვილ სამოთხედ გარდაქმნიდა! (ესაია 65:25; ეზეკიელი 34:25; 36:35). ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა კვლავ დაფუძნდებოდა და ტაძარი კვლავ აშენდებოდა (მიქა 4:1—5). ეს წინასწარმეტყველებანი ტყვედწასხმულ იუდაელებს იმედს უსახავდა და ბაბილონში 70-წლიანი ტყვეობის ატანაში ეხმარებოდა.

7 და აი, აღდგენისა და განახლების დროც დადგა. ბაბილონიდან გათავისუფლებული იუდაელები დაუბრუნდნენ იერუსალიმს და იეჰოვას ხელახლა აუგეს ტაძარი (პირველი ეზრა 1:1, 2). სანამ წმინდა თაყვანისმცემლობას უჭერდნენ მხარს, იეჰოვა თავის ხალხს კურთხევებს არ აკლებდა: ქვეყანა ნაყოფიერ და აყვავებულ მიწა-წყლად უქცია; იცავდა მტრებისა და მხეცებისგან, ათწლეულების მანძილზე რომ მომრავლებულიყვნენ. მართლაც, როგორ უნდა გახარებოდათ, რომ იეჰოვამ თავისი ძალით ყველაფერი აღუდგინა მათ! მაგრამ ეს მოვლენა აღდგენასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებათა მხოლოდ თავდაპირველი, მცირემასშტაბიანი შესრულება იყო. უფრო დიდი მასშტაბით კი „უკანასკნელ დღეებში“ უნდა შესრულებულიყო — ჩვენს დროში, როცა მეფე დავითის ძველთაგანვე აღთქმული მემკვიდრე სამეფო ტახტზე ავიდოდა (ესაია 2:2—4; 9:5, 6).

8 როგორც კი ზეციერ სამეფოში 1914 წელს სამეფო ტახტი დაიკავა, იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ღვთის ერთგულ მიწიერ თაყვანისმცემლებს სულიერი საზრდო სჭირდებოდათ; და როგორც სპარსელმა დამპყრობელმა, კიროსმა, ძვ. წ. 537 წელს ბაბილონიდან გაათავისუფლა იუდეველთა დარჩენილი ნაწილი, ისე იესომ გაათავისუფლა სულიერ იუდეველთა დარჩენილი ნაწილი — თავისი მიმდევრები — თანამედროვე ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელის, გავლენისგან (რომაელთა 2:29;  გამოცხადება 18:1—5). 1919 წლიდან, წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგენილ იქნა და ჭეშმარიტი ქრისტიანების ცხოვრებაში საკადრისი ადგილი დაიკავა (მალაქია 3:1—5). მას შემდეგ იეჰოვას თავისი ხალხი თაყვანს სცემს განწმენდილ სულიერ ტაძარში, რაც ღვთის მიერ ორგანიზებულ წმინდა თაყვანისმცემლობას ნიშნავს. რატომ ენიჭება ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა?

რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი აღდგენა

9. რა დამართეს ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა ღვთის თაყვანისმცემლობას მოციქულების ეპოქის შემდგომ, მაგრამ რა გააკეთა იეჰოვამ?

9 განვიხილოთ ისტორია. პირველი საუკუნის ქრისტიანები ღვთისგან კურთხეული ხალხი იყო. მაგრამ იესომ და მისმა მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა წაიბილწებოდა და აღარ იარსებებდა (მათე 13:24—30; საქმეები 20:29, 30). და აი, მოციქულების ეპოქის შემდეგ იჩინა კიდეც თავი განდგომილმა ქრისტიანულმა სამყარომ. მისმა სამღვდელოებამ წარმართული სწავლებები შეისისხლხორცა. ღმერთთან დასაახლოებლად ადამიანებს თითქმის ყველა გზა მოუჭრა. გამოსახა იგი რაღაც ჩაუწვდომელ სამებად და ხალხს ასწავლიდა, რომ აღსარება მღვდლებს უნდა უთხრათ, ხოლო ლოცვით იეჰოვას კი არა, მარიამსა და სხვა „წმინდანებს“ უნდა მიმართოთო. ახლა, როცა უკვე არაერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, მიიღო ზომები იეჰოვამ მდგომარეობის გამოსასწორებლად? დიახ, ის საქმეში ჩაერია და თანამედროვე წუთისოფლიდან, რომელიც სულს ღაფავს რელიგიური სიცრუით და იბილწება ცხოვრების უღვთო წესით, წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა! არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს აღდგენა თანამედროვე დროის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა რიცხვს განეკუთვნება.

10, 11. ა) რომელი ორი რამ იგულისხმება სულიერ სამოთხეში და ამ ცოდნიდან გამომდინარე, რა გრძნობა გეუფლება? ბ) როგორ ადამიანებს მოუყარა იეჰოვამ თავი სულიერ სამოთხეში და რისი ნახვის ბედნიერება ხვდებათ წილად?

10 ამიტომაც ხარობენ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები სულიერ სამოთხეში. რა იგულისხმება სულიერ სამოთხეში? უპირველესად — ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვასადმი, წმინდა თაყვანისმცემლობა. ღმერთმა გვაკურთხა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით, რომელშიც არ არის სიცრუე და არც არანაირი სიყალბე. უკეთ რომ გავეცნოთ, ვასიამოვნოთ და დავუახლოვდეთ, ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა, სულიერ  საზრდოს არ გვაკლებს (იოანე 4:24). მეორე, რაც სულიერ სამოთხეში იგულისხმება, ხალხია. როგორც ესაია წინასწარმეტყველებდა, იეჰოვამ „უკანასკნელ დღეებში“ თავისი თაყვანისმცემლები მშვიდობის გზაზე დააყენა. მან ბოლო მოუღო ყოველგვარ ბრძოლას ჩვენ შორის. მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა, ‘ახალი კაცის შემოსვაშიც’ გვეხმარება. რადგან ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, სულიწმიდასაც უხვად გვაძლევს, რომელიც საუკეთესო თვისებებს გვავითარებინებს (ეფესელთა 4:22—24; გალატელთა 5:22, 23). თუ შენს ცხოვრებას ღვთის სული წარმართავს, ესე იგი სულიერი სამოთხის ნამდვილი წევრი ხარ.

11 იეჰოვამ სულიერ სამოთხეში მხოლოდ მათ მოუყარა თავი, ვინც უყვარს. ესენი კი ისინი არიან, ვისაც უყვარს იეჰოვა, უყვარს მშვიდობა და ამავე დროს ზრუნავენ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე (მათე 5:3, აქ). ეს არის ხალხი, რომელსაც დიდი ბედნიერება ხვდება წილად, კერძოდ კი, საკუთარი თვალით იხილოს ბევრად უფრო შთამბეჭდავი აღდგენა, როგორც კაცობრიობის, ისე მთელი დედამიწის.

„აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“

12, 13. ა) რატომ უნდა შესრულდეს აღდგენასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებათა კიდევ ერთი მხარე? ბ) როგორც ედემში განაცხადა, რა განზრახვა აქვს იეჰოვას დედამიწასთან დაკავშირებით და ეს როგორი მომავლის იმედს გვისახავს?

12 აღდგენასთან დაკავშირებული მრავალი წინასწარმეტყველება სულიერი აღდგენის ფარგლებს სცდება. ესაია, მაგალითად, წერდა იმ დროის შესახებ, როცა სნეული, ხეიბარი, უსინათლო და სმენადახშული განიკურნებოდნენ და თვით სიკვდილიც კი სამუდამოდ შთაინთქმებოდა (ესაია 25:8; 35:1—7). ეს დანაპირები, პირდაპირი გაგებით, არ შესრულებულა ძველ ისრაელში. და თუმცა ჩვენს დროში ვხედავთ ამ დანაპირების სულიერი გაგებით შესრულებას, მომავალში ის პირდაპირი გაგებით უსათუოდ შესრულდება. საიდან ვიცით ეს?

13 იეჰოვამ ედემის ბაღშივე განაცხადა, რა ჰქონდა განზრახული. დედამიწა უნდა ყოფილიყო ადამიანთა ბედნიერი, ჯანმრთელი, ერთიანი ოჯახის საცხოვრებელი. პირველ მამაკაცსა და ქალს დედამიწასა და მის ყველა ქმნილებაზე უნდა ეზრუნათ, მთელი პლანეტა სამოთხედ უნდა ექციათ (დაბადება 1:28). ასეთი პირობები დღევანდელი მდგომარეობისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება,  მაგრამ იეჰოვას განზრახვების შესრულებას წინ ვერასოდეს ვერაფერი დაუდგება (ესაია 55:10, 11). ასე რომ, იესო, როგორც იეჰოვას მიერ დანიშნული მესიანური მეფე, უახლოეს მომავალში მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს (ლუკა 23:43).

14, 15. ა) როგორ შექმნის იეჰოვა „ყოველივე ახალს“? ბ) როგორი იქნება ცხოვრება სამოთხეში და რა უფრო გიზიდავს ამ ყოველივედან?

14 წარმოიდგინე, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ არის ქცეული! იეჰოვა ამ დროის შესახებ ამბობს: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“ (გამოცხადება 21:5). ვნახოთ, თუ რა იგულისხმება ამაში. როდესაც იეჰოვა თავისი გამანადგურებელი ძალით ბოლოს მოუღებს ამ უკეთურ, დრომოჭმულ წუთისოფელს, დარჩება „ახალი ცა და ახალი მიწა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზეციდან ახალი მთავრობა უხელმძღვანელებს დედამიწაზე მცხოვრებ მშვიდობიან, იეჰოვას მოყვარულ და მისი ნების შემსრულებელ ადამიანთა ახალ საზოგადოებას (2 პეტრე 3:13). სატანას, თავის დემონებთან ერთად, ყოველგვარი მოქმედების უფლება წაერთმევა (გამოცხადება 20:3). კაცობრიობა კი პირველად, ათასობით წლის განმავლობაში, გამხრწნელი, საძაგელი და საზიანო გავლენის უღელს გადაიგდებს და შვებით ამოისუნთქებს.

15 საბოლოოდ, შესაძლებლობა გვექნება, ვიზრუნოთ ამ მშვენიერ პლანეტაზე, რაც თავდაპირველი განზრახვის თანახმად ჩვენი დავალებაა. დედამიწას თვითაღმდგენი ძალა აქვს. მეტად რომ აღარ დააბინძურებენ, დაბინძურებული ტბები და მდინარეები თვითონვე დაწმინდავდება; გაჩანაგებულ ბუნებას, ასე ვთქვათ, იარები მოუშუშდება და თავდაპირველ სახეს დაიბრუნებს. რა სასიამოვნო იქნება, ჩვენ წვლილს რომ შევიტანთ მთელი პლანეტის წალკოტად, უსასრულო მრავალფეროვნების ედემად გადაქცევაში! ადამიანები ცხოველებსა და მცენარეებს აღარ გაანადგურებენ, ყველა ქმნილებასთან ერთად მშვიდობიანად იცხოვრებენ დედამიწაზე. ნადირთა მიმართ ბავშვების შიშიც კი წარსულს ჩაჰბარდება (ესაია 9:5, 6; 11:1—9).

16. რა აღდგენა მოხდება სამოთხეში, რაც თითოეულ ერთგულ ადამიანს შეეხება?

16 ყველა პირადად დავინახავთ აღდგენის შედეგებს. არმაგედონს გადარჩენილები მსოფლიო მასშტაბის სასწაულებრივი განკურნების მხილველნი იქნებიან. იესო თავის ღვთივმიმადლებულ ძალას გამოიყენებს უსინათლოთათვის მხედველობის, სმენადახშულთათვის ყურთასმენის, ხეიბართა და უძლურთათვის ჯანმრთელობის აღსადგენად,  როგორც ამას დედამიწაზე ყოფნისას აკეთებდა (მათე 15:30). ასაკოვანი ხალხი აღტაცებული იქნება ახალგაზრდული ძალების, სიცოცხლისუნარიანობისა და სიმხნევის განახლებით (იობი 33:25). ნაოჭები გაუქრებათ, სხეულის კიდურები გაუსწორდებათ და უფრო მოქნილი, ძლიერი კუნთები ექნებათ. ყველა ერთგული ადამიანი იგრძნობს, რომ ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგები თანდათანობით გაუჩინარდება, დავიწყებას მიეცემა. ო, რა მადლიერნი ვიქნებით იეჰოვა ღმერთისა მისი სასწაულებრივი აღმდგენი ძალისათვის! ახლა კი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც აღდგენის გულმხურვალე დროის დადგომისას განსაკუთრებულ სიხარულს მოგვიტანს.

მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ

17, 18. ა) რატომ უსაყვედურა იესომ სადუკეველებს? ბ) რა ვითარებაში იყო ელია, როცა მკვდრეთით აღდგომას სთხოვდა იეჰოვას?

17 ახ. წ. პირველ საუკუნეში სადუკეველებად წოდებულ ზოგიერთ რელიგიურ თავკაცს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომა. იესომ მათ უსაყვედურა: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა“ (მათე 22:29). დიახ, წმინდა წერილები გვიჩვენებს, რომ იეჰოვას აქვს ასეთი აღმდგენი ძალა. ეს როგორ?

18 გაიხსენე ის, რაც ელიას დროში მოხდა. ერთ ქვრივ ქალს ხელში ეჭირა თავისი ერთადერთი შვილი, სიცოცხლის ნიშან-წყალი რომ აღარ ეტყობოდა. ბიჭი უკვე მომკვდარიყო. ამის შემხედვარე წინასწარმეტყველ ელიას, რომელიც გარკვეული ხანი ამ ქვრივის სტუმარი იყო, თავზარი დაეცემოდა. მანამდე ხომ ელიას ბიჭი შიმშილისგან უკვე ჰყავდა გადარჩენილი, მას ეყვარებოდა კიდეც იგი. დედამისი გულმოკლული იყო. ეს ერთადერთი შვილი ჰყავდა, გარდაცვლილ ქმარს რომ აგონებდა. ალბათ, იმასაც იმედოვნებდა, რომ სიბერეში შვილი მზრუნველობას არ მოაკლებდა. უბედურებისგან სასოწარკვეთილი ქვრივი, ალბათ, შიშობდა, ვაითუ წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო ვისჯებიო. ელიამ ვეღარ გაუძლო დედის საცოდაობას. ფრთხილად გამოართვა მკვდარი ბავშვი, აიყვანა თავის ოთახში და იეჰოვა ღმერთს სთხოვა, დაებრუნებინა ბიჭისთვის სული, ანუ სიცოცხლე (მესამე მეფეთა 17:8—21).

19, 20. ა) როგორ ცხადყო აბრაამმა რწმენით, რომ იეჰოვას აღმდგენი ძალა ჰქონდა და რა იყო ასეთი რწმენის საფუძველი? ბ) როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ელიას რწმენა?

19 ელია პირველი არ იყო მათ შორის, ვისაც მკვდრეთით აღდგომა  სწამდა. მანამდე საუკუნეებით ადრე, აბრაამი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას აღმდგენი ძალა ჰქონდა. როცა აბრაამი 100-ის, სარა კი 90 წლის იყო, იეჰოვამ ჩამკვდარი შვილიერობა აღუდგინა მათ, რამაც სარას ვაჟის გაჩენის სასწაულებრივი საშუალება მისცა (დაბადება 17:17; 21:2, 3). შემდეგ, როცა მათი ვაჟი გაიზარდა, იეჰოვამ აბრაამს მისი მსხვერპლად შეწირვა სთხოვა. აბრაამს სწამდა, რომ იეჰოვას შესწევდა მისი საყვარელი ისაკისთვის სიცოცხლის დაბრუნების ძალა. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ აბრაამს რწმენა ჰქონდა (ებრაელთა 11:17—19). შეიძლება ასეთი მტკიცე რწმენის გამო იყო, აბრაამმა შვილის შესაწირავად მთაზე ასვლამდე, დარწმუნებით რომ უთხრა თავის მსახურებს, მე და ისაკი ერთად დავბრუნდებითო (დაბადება 22:5).

შეხედე, ცოცხალია შენი შვილი 

20 იეჰოვამ დაინდო ისაკი, ასე რომ, იმ დროს საჭირო არ გახდა მისი მკვდრეთით აღდგომა. მაგრამ ელიას შემთხვევაში ქვრივის ვაჟი უკვე მკვდარი იყო, თუმცა — არა დიდი ხნის. იეჰოვამ იმით დააჯილდოვა წინასწარმეტყველის რწმენა, რომ ბავშვი გააცოცხლა! მერე ელიამ მიუყვანა ბიჭი დადამისს და უთხრა: „დახედე, ცოცხალია შენი შვილი“ (მესამე მეფეთა 17:22—24).

21, 22. ა) რა იყო წმინდა წერილებში მკვდრეთით აღდგომის შესახებ ჩანაწერების მიზანი? ბ) როგორი იქნება ფართომასშტაბიანი მკვდრეთით აღდგომა სამოთხეში და ვინ გააკეთებს ამას?

21 ასე რომ, ბიბლიაში პირველად აქ ვხვდებით იმის მტკიცებას, რომ იეჰოვა ადამიანის აღსადგენადაც იყენებს ძალას. მოგვიანებით, იეჰოვამ ელისესაც, იესოსაც, პავლესაც და პეტრესაც მიანიჭა მკვდართა აღდგენის ძალა. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც აღადგინეს, საბოლოოდ, ისევ დაიხოცნენ. მიუხედავად ამისა, აღდგენის ბიბლიური მაგალითები მომავლის საოცარ იმედს გვაძლევს.

22 იესო სამოთხეში შეასრულებს თავის როლს „აღდგომასა და სიცოცხლესთან“ დაკავშირებით (იოანე 11:25). იგი მილიონობით ადამიანს აღადგენს და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემს (იოანე 5:28, 29). წარმოიდგინე, რა სიხარულით შეხვდებიან და გადაეხვევიან ერთმანეთს სიკვდილის გამო დიდი ხნის უნახავი საყვარელი მეგობრები და ნათესავები! მთელი კაცობრიობა ხოტბას შეასხამს იეჰოვას მისი აღმდგენი ძალისათვის.

23. რა იყო იეჰოვას ძალის ყველაზე დიდებული გამოვლენა და რა მტკიცე იმედს გვაძლევს ეს სამომავლოდ?

 23 იეჰოვამ მკვდრეთით აღდგომის უმტკიცესი იმედი მოგვცა, როცა უდიდესი ძალა გამოავლინა და აღადგინა თავისი ძე, იესო, როგორც ძლევამოსილი სულიერი პიროვნება, რომელსაც იეჰოვას შემდეგ უდიდესი მდგომარეობა უკავია. აღმდგარი იესო ასობით ადამიანმა იხილა (1 კორინთელთა 15:5, 6). მათთვისაც კი, ვინც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, სავსებით საკმარისია ასეთი მოწმობა. დიახ, იეჰოვა სიცოცხლის აღდგენის ძალას ფლობს.

24. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს მკვდრებს და რა იმედი უნდა მიგვქონდეს გულთან უფრო და უფრო ახლოს?

24 იეჰოვას მკვდართა აღსადგენად არა მხოლოდ ძალა, არამედ სურვილიც აქვს. ერთგულმა მამაკაცმა იობმა ღვთის შთაგონებით თქვა, რომ იეჰოვას ნამდვილად ენატრება ის დრო, როცა მკვდრებს აღადგენს (იობი 14:15). ნუთუ არ გინდა დაუახლოვდე ღმერთს, რომელსაც აღმდგენი ძალის ამგვარი სიყვარულით გამოყენების დიდი სურვილი აქვს? მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მკვდრეთით აღდგენა იეჰოვას უდიდესი აღდგენითი საქმიანობის მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. რაც უფრო უახლოვდები იეჰოვას, მით უფრო ახლოს მიიტანე გულთან იმის ნახვის ძვირფასი იმედი, თუ როგორ შექმნის იეჰოვა „ყოველივე ახალს“ (გამოცხადება 21:5).

^ აბზ. 3 ‘ყველაფრის აღდგენის დრო’ მაშინ დაიწყო, როცა მესიანური სამეფო დამყარდა და ერთგული მეფის, დავითის, მემკვიდრე ავიდა სამეფო ტახტზე. იეჰოვამ აღუთქვა დავითს, რომ მისი მემკვიდრე მარადიული ხელისუფალი იქნებოდა (ფსალმუნი 88:36—38). მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბაბილონელებმა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, დავითის არც ერთი მემკვიდრე არ ასულა ღვთის სამეფო ტახტზე. იესო, რომელიც დედამიწაზე დავითის მემკვიდრედ დაიბადა, ძველთაგანვე აღთქმული მეფე გახდა, როცა ზეცაში გამეფდა.

^ აბზ. 6 მაგალითად, მოსე, ესაია, იერემია, ეზეკიელი, ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, მიქა და სოფონია — ყველა წინასწარმეტყველებდა აღდგენის შესახებ.

გაიგეთ მეტი

რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?

ნამდვილად გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ ღვთის განზრახვის თანახმად? თუ ასეა, როდის?