წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

დაუახლოვდი იეჰოვას

 თავი 10

მიჰბაძე ღმერთს ძალის გამოყენებაში

მიჰბაძე ღმერთს ძალის გამოყენებაში

1. რის მახეში ებმებიან არასრულყოფილი ადამიანები?

„ძალის პატრონი მახეს ვერ ასცდება“. ეს სიტყვები, რომელიც მე-19 საუკუნის პოეტს ეკუთვნის, ძალის ბოროტად გამოყენების საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას. სამწუხაროდ, არასრულყოფილი ადამიანები ასეთ მახეში საკმაოდ ადვილად ებმებიან. მთელი ისტორიის მანძილზე „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ძალას დღესაც უსიყვარულოდ იყენებენ და შედეგიც არ აყოვნებს; უამრავი ადამიანი ენით აუწერლად იტანჯება.

2, 3. ა) რა არის გასაოცარი იეჰოვას მიერ თავისი ძალის გამოყენებაში? ბ) რა ძალა გვაქვს ჩვენ და როგორ უნდა ვიყენებდეთ მას?

2 განა გასაოცარი არ არის, რომ იეჰოვა, თუმცა ბადალი არა ჰყავს, ძალას ბოროტად არასოდეს იყენებს? როგორც წინა თავებიდან გავიგეთ, იგი ძალას თავისი განზრახვების შესაბამისად ყოველთვის სიყვარულით იყენებს — შემოქმედებისა თუ განადგურების, დაცვისა თუ აღდგენის მიზნით — ამიტომაც სურვილი გვიჩნდება, დავუახლოვდეთ მას. ეს კი, თავის მხრივ, სურვილს გვიჩენს, ‘მივბაძოთ ღმერთს’ და მის მსგავსად გამოვიყენოთ ძალა (ეფესელთა 5:1). მაგრამ, განა ისეთი რა ძალა გვაქვს ჩვენ, უმნიშვნელო ადამიანებს?

3 გავიხსენოთ, რომ ადამიანი ‘ღვთის ხატად’ და მსგავსად იქნა შექმნილი (დაბადება 1:26, 27). მაშასადამე, ჩვენც გვაქვს ძალა, მაგრამ ბევრად უფრო მცირე. მაგალითად, გვაქვს იმის უნარი, რომ ვიმუშაოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ; შეგვიძლია ვიყოთ სხვების ზედამხედველები ან გვქონდეს ვინმეზე უფლებამოსილება; გავლენა გვქონდეს სხვებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ვუყვარვართ; ვფლობდეთ ფიზიკურ ძალ-ღონეს და მატერიალურ სახსრებს. იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „შენთან არის წყარო სიცოცხლისა“ (ფსალმუნი 35:10). ამიტომ, პირდაპირ თუ  არაპირდაპირ, ღმერთია ჩვენი ნებისმიერი კანონიერი ძალის სათავე. ამიტომაც გვინდა, ის ისე გამოვიყენოთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ. რა უნდა ვაკეთოთ საამისოდ?

სიყვარული ქვაკუთხედია

4, 5. ა) რა არის ძალის მართებულად გამოყენების ქვაკუთხედი და ამასთან დაკავშირებით რა მაგალითს გვაძლევს ღმერთი? ბ) როგორ დაგვეხმარება სიყვარული საკუთარი ძალის მართებულად გამოყენებაში?

4 ჩვენი ძალის მართებულად გამოყენების ქვაკუთხედი სიყვარულია. განა ღმერთი თავად არ გვარწმუნებს ამაში? გავიხსენოთ ღვთის ოთხი მთავარი თვისება: ძლიერება, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული, რომლებიც პირველ თავში განვიხილეთ. ამ ოთხი თვისებიდან რომელია უმთავრესი? სიყვარული. „ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია 1-ლი იოანეს 4:8-ში. დიახ, იეჰოვას თითოეული ნამოქმედარის საფუძველი სიყვარულია. ძალასაც ყოველთვის სიყვარულის გამო ავლენს, რაც, საბოლოოდ, თავის მოყვარულთა კეთილდღეობისკენაა მიმართული.

5 სიყვარული ჩვენც დაგვეხმარება, რომ საკუთარი ძალა მართებულად გამოვიყენოთ. ბიბლიაში ხომ ნათქვამია, რომ სიყვარული „ქველმოქმედია“ და „თავისას არ ეძიებს“ (1 კორინთელთა 13:4, 5). აქედან გამომდინარე, სიყვარული არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უხეშად ან სასტიკად მოვექცეთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები ძალაუფლება აქვს. პირიქით, პატივისცემით მოვეპყრობით და მათ მოთხოვნილებებსა და გრძნობებს ჩვენსაზე უფრო მეტად გავითვალისწინებთ (ფილიპელთა 2:3, 4).

6, 7. ა) რა არის ღვთის შიში და როგორ გვეხმარება ეს თვისება, რომ ვერიდოთ ძალის უმართებულოდ გამოყენებას? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ღვთისადმი სიყვარული და შიში იმისა, რომ არ გავანაწყენოთ ღმერთი.

6 არის კიდევ ერთი თვისება — ღვთის შიში, რომელსაც ბევრი საერთო აქვს სიყვარულთან და ძალის უმართებულოდ გამოყენებისგანაც გვიცავს. რა პრაქტიკული ფასეულობა აქვს ამ თვისებას? „უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი“, — ნათქვამია იგავნის 16:6-ში. ძალის უმართებულოდ გამოყენება იმ ბოროტ  საქმეთა შორის მოიხსენიება, რომელთაც ახლოს არ უნდა გავეკაროთ. ღვთის შიში ცუდს არ გაგვაკეთებინებს მათ მიმართ, ვისზეც ძალაუფლება გვაქვს. რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ რომ, როგორც ვიცით, ღვთის წინაშე ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ ხალხს როგორ ვეპყრობით (ნეემია 5:1—7, 15). მაგრამ ღვთის შიში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. დედნისეულ ენაზე სიტყვა „შიში“ ხშირად ღვთისადმი შიშნარევი მოწიწებისა და მოკრძალების ღრმა გრძნობის მნიშვნელობით გამოიყენება. ამიტომ ბიბლიაში ერთმანეთთან არის შერწყმული ღვთისადმი შიში და სიყვარული (მეორე რჯული 10:12, 13). შიშნარევი მოკრძალება იმ საღ შიშს შეიცავს, რომ ღვთის უკმაყოფილება არ გამოვიწვიოთ — არა იმიტომ, რომ არასასურველი შედეგების გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ უზომოდ გვიყვარს იგი.

7 მაგალითად, წარმოვიდგინოთ მამა-შვილის კარგი ურთიერთობა. შვილი მამის სითბოსა და სიყვარულს გრძნობს. მაგრამ არც მამის მოთხოვნებს ივიწყებს და იცის, რომ თუ ცუდად მოიქცევა, დაისჯება. ამ შემთხვევაში ბავშვი მამისადმი ავადმყოფურ შიშს კი არა გრძნობს, გულით უყვარს იგი და ყოველთვის სიხარულით აკეთებს იმას, რასაც მამა უწონებს. ასევეა ღვთის შიშის შემთხვევაშიც. იეჰოვა რომ გვიყვარს, ამიტომ ვშიშობთ იმის კეთებას, რითაც გულს ვატკენდით (დაბადება 6:6, აქ). გვინდა, ყოველთვის გული გავუხაროთ მას (იგავნი 27:11). ამიტომაც გვსურს ძალის მართებულად გამოყენება. მოდი უკეთ გავიგოთ, რა მოითხოვება საამისოდ.

ოჯახში

8. ა) რა ძალაუფლება აქვს ქმარს ოჯახში და როგორ უნდა იყენებდეს მას? ბ) როგორ უნდა ცხადყოფდეს ქმარი, რომ პატივისცემით ექცევა ცოლს?

8 თავდაპირველად ოჯახურ წრეზე ვისაუბროთ. „ქმარი არის ცოლის თავი“, — ნათქვამია ეფესელთა 5:23-ში. როგორ უნდა იყენებდეს ქმარი ღვთისგან ბოძებულ ძალაუფლებას? ბიბლიური რჩევის მიხედვით ქმრები პატივისცემით უნდა მოეპყრონ „ცოლებს, როგორც უუძლურეს ჭურჭელს“ (1 პეტრე 3:7). ბერძნული არსებითი სახელი, რომელიც „პატივისცემად“ ითარგმნება, „ფასის, ღირებულების“ გაგებით გამოიყენება. ამ სიტყვის რამდენიმე ფორმა  ითარგმნება, როგორც „საჩუქარი“ და რაღაც „ძვირფასი“ (საქმეები 28:10, აქ; 1 პეტრე 2:7). ქმარი, რომელიც პატივისცემით ეპყრობა ცოლს, არასოდეს მიაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას; არ დაამცირებს, არც უგულებელყოფს და არც უღირსად აგრძნობინებს თავს. პირიქით, დააფასებს და პატივისცემით მოექცევა. თავისი სიტყვითა და საქციელით — მარტო იქნებიან თუ ხალხში — ცხადყოფს, რომ ცოლი მისთვის ძვირფასია (იგავნი 31:28). ასეთი ქმარი არა მარტო თავისი ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას მოიპოვებს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღვთის მოწონებას დაიმსახურებს.

ცოლ-ქმარი მათთვის მინიჭებულ ძალაუფლებას მაშინ იყენებენ მართებულად, როცა ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით ექცევიან.

9. ა) რა ძალაუფლება აქვს ცოლს ოჯახში? ბ) რა დაეხმარება ცოლს, თავისი უნარიანობა ქმრის მხარდასაჭერად გამოიყენოს და რა შედეგს მოიტანს ეს?

9 ერთგვარი ძალაუფლება ცოლსაც აქვს ოჯახში. ბიბლიაში მოთხრობილია ღვთისმოსავი ქალების შესახებ, რომლებიც მეთაურობის პრინციპის ფარგლებში ინიციატივას ავლენდნენ ქმრებზე სასიკეთო გავლენის მოსახდენად ან საღი აზროვნების შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ (დაბადება 21:9—12; 27:46—28:2). ცოლი შეიძლება ქმარზე გონებამახვილი და ზოგიერთ საქმეში უფრო მოხერხებული იყოს, მაგრამ მაინც უნდა ჰქონდეს ქმრისადმი „ღრმა პატივისცემა“ და უნდა ‘ემორჩილებოდეს მას, როგორც უფალს’ (ეფესელთა 5:22, 33, აქ). როცა იმაზე ფიქრობს, როგორ ასიამოვნოს ღმერთს, ცოლი თავის უნარიანობას ქმრის მხარდასაჭერად გამოიყენებს და არა დასამცირებლად ან თავის ჭკუაზე სატარებლად. ასეთი „ბრძენი დედაკაცი“ ქმრის გულმოდგინე თანამშრომელია ოჯახის საკეთილდღეოდ. იგი ამით ღმერთთან მშვიდობასაც ინარჩუნებს (იგავნი 14:1).

10. ა) რა ძალაუფლება უბოძა ღმერთმა მშობლებს? ბ) რას ნიშნავს „შეგონებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა და რა შედის ბავშვის შეგონებაში? (იხილე აგრეთვე სქოლიო).

10 მშობლებსაც აქვთ ძალაუფლება ოჯახში. ბიბლიაში ასეთი რჩევაა ჩაწერილი: „მამებო, ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით“ (ეფესელთა 6:4, სსგ). აქ და ბიბლიის სხვა მუხლებში „შეგონებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება „აღზრდას, წვრთნასა და სწავლებასაც“  ნიშნავდეს. ბავშვებს შეგონება ესაჭიროებათ; მათზე სასიკეთოდ მოქმედებს, თუ გასაგებად აუხსნიან, რის გაკეთება შეიძლება და რის — არა. ბიბლიაში ამგვარი შეგონება სიყვარულთან არის დაკავშირებული (იგავნი 13:24). მაშასადამე, „შეგონების კვერთხი“ არასოდეს უნდა იყოს ემოციურად ან ფიზიკურად შეურაცხმყოფელი * (იგავნი 22:15; 29:15). მკაცრი ან უხეში აღზრდა, რომელიც სიყვარულით არ არის ნაკარნახები, მშობლის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, რაც შეიძლება შვილისთვის სულიერად გამანადგურებელი იყოს (კოლასელთა 3:21, სსგ). მეორე მხრივ, მართებული შეგონება შვილებს მშობლების სიყვარულში დაარწმუნებს და აგრძნობინებს, რომ მშობლები მათი პიროვნებებად ჩამოყალიბების საკითხს უდარდელად არ ეკიდებიან.

11. როგორ შეუძლიათ შვილებს თავიანთი ძალის მართებულად გამოყენება?

11 რა შეიძლება ითქვას შვილებზე? მათ როგორღა შეუძლიათ თავიანთი ძალის მართებულად გამოყენება? „ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია“, — ნათქვამია იგავნის 20:29-ში. იმაზე უკეთესი მართლა რა უნდა იყოს, ახალგაზრდები თავიანთ ძალასა და მხნეობას ჩვენი „დიდებული შემოქმედის“ სამსახურში თუ გამოიყენებენ (ეკლესიასტე 12:1, აქ). შვილებს არ უნდა გამოეპაროთ მხედველობიდან, რომ თავიანთი ყოფაქცევით მშობლების გრძნობებზე ახდენენ გავლენას (იგავნი 23:24, 25). ასე რომ, როცა შვილები ღვთისმოშიშ მშობლებს ემორჩილებიან, გულს უხარებენ (ეფესელთა 6:1). ასეთი ქცევა „მოსაწონია უფლისათვის“ (კოლასელთა 3:20).

კრებაში

12, 13. ა) როგორი შეხედულება უნდა ჰქონდეთ უხუცესებს თავიანთ უფლებამოსილებაზე კრებაში? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ რატომ უნდა ეპყრობოდნენ უხუცესები სათუთად სამწყსოს.

12 იეჰოვამ ქრისტიანულ კრებას ხელმძღვანელებად ზედამხედველები დაუყენა (ებრაელთა 13:17). ამ გამოცდილმა მამაკაცებმა  ღვთისგან ბოძებული ძალაუფლება ისე უნდა გამოიყენონ, რომ თავიანთი სამწყსო საჭირო დახმარებითაც უზრუნველყონ და სულიერადაც აღაშენონ. აძლევს ასეთი მოვალეობები უხუცესებს თანამორწმუნეებზე ბატონობის უფლებას? რა თქმა უნდა, არა! უხუცესები ზომიერად და თავმდაბლად უნდა უყურებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას კრებაში (1 პეტრე 5:2, 3). ზედამხედველებს ასეთი ბიბლიური რჩევა ეძლევათ: «მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას [„კრებას“, აქ], რომელიც მან საკუთარი [„ძის“, აქ] სისხლით შეიძინა» (საქმეები 20:28). ზედამხედველები სწორედ ამიტომ უნდა მოექცნენ სათუთად სამწყსოს ყოველ წევრს.

13 მაგალითად, ახლო მეგობარს თავისი ძვირფასი ქონების მოვლა-პატრონობა რომ მოენდო შენთვის, განა თვალის ჩინივით არ გაუფრთხილდებოდი? ღმერთმაც ასეთი პასუხისმგებლობა მიანდო უხუცესებს, რომ თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ფასდაუდებელ ქონებას ანუ კრებას, რომლის წევრებიც ცხვართან არიან შედარებული (იოანე 21:16, 17). იეჰოვასთვის თავისი ცხვრები დიდად ღირებულია — იმდენად ღირებული, რომ მათ შესაძენად თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს, ძვირფასი სისხლი გაიღო. ამაზე მეტი ღმერთს რა უნდა გაემეტებინა? თავმდაბალი უხუცესები ღვთის ასეთ დამოკიდებულებას წამითაც არ ივიწყებენ და ისე უვლიან იეჰოვას ცხვრებს.

ენის ძალა

14. რის ძალა აქვს ენას?

14 „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავნი 18:21). ენას მართლაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. რომელი ჩვენგანი არ გაუმწარებია დაუფიქრებელ ან თუნდაც დამამცირებელ შენიშვნას? თუმცა ენას გამოჯანსაღების ძალაც შესწევს. „ბრძენკაცის ენა... მკურნალია“, — ვკითხულობთ იგავნის 12:18-ში. დიახ, გამამხნევებელი, სასიკეთო სიტყვები გულს მალამოსავით ედება. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.

15, 16. როგორ შეგვიძლია ენის ძალით ხალხი გავამხნევოთ?

15 «ანუგეშეთ სულმოკლენი [„გულდამძიმებულები“, აქ]», — ასეთ შეგონებას ვნახულობთ 1-ლი თესალონიკელთა 5:14-ში. დიახ, იეჰოვას ერთგული მსახურებიც კი შეიძლება დროდადრო თავს  დათრგუნულად გრძნობდნენ დეპრესიასთან ჭიდილის გამო. როგორ დავეხმაროთ ასეთებს? გულწრფელად შევაქოთ და დავანახვოთ, რომ ძვირფასნი არიან იეჰოვას თვალში. ამოვუკითხოთ ბიბლიის მუხლების გამაძლიერებელი სიტყვები იმის საჩვენებლად, რომ იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს მათზე და უყვარს ისინი, ვინც „გულგატეხილი და სულგამწარებულია“ (ფსალმუნი 34:18, აქ [33:19]). როცა საკუთარი ენის ძალას სხვების სანუგეშებლად ვიყენებთ, ესე იგი ჩვენს თანამგრძნობ ღმერთს ვბაძავთ, რომელიც „დეპრესირებულთა ნუგეშისმცემელია“ (2 კორინთელთა 7:6, „ბიბლიის ახალი ამერიკული თარგმანი“).

16 ენის ძალით ხალხის გამხნევებაც შეგვიძლია. ვთქვათ, ახალგაზრდა თანამორწმუნეს საყვარელი ადამიანი მოუკვდა. თუ თანამგრძნობი სიტყვებით მზრუნველობასა და წუხილს გამოვხატავთ, ვანუგეშებთ მგლოვიარეს. თუ ხნიერი, სულიერი ძმა ან და თავს ზედმეტ ადამიანად თვლის, გულისხმიერი სიტყვებით შეგვიძლია გულნაკლულობის გრძნობა შევუვსოთ და თავი ღირებულ და ყველასგან დაფასებულ ადამიანად ვაგრძნობინოთ. თუ ვინმეს ქრონიკული სნეულება აწუხებს, შეიძლება ტელეფონით ან პირისპირ თბილად საუბრით გავამხნევოთ. როგორ გაიხარებს ჩვენი შემოქმედი,  თუ მეტყველების უნარს, როგორც ეფესელთა 4:29-შია ნათქვამი, ‘მხოლოდ აღსაშენებლად’ გამოვიყენებთ.

სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობით საუკეთესოდ ვიყენებთ საკუთარ ძალას.

17. რას ვაკეთებთ ენის ძალით, რითაც ხალხისთვის სიკეთე მოგვაქვს და რატომ უნდა განვაგრძოთ ასე მოქმედება?

17 ენა ის ძალაა, რომლითაც ყველაზე საკეთილდღეო, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ. „ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება“, — ნათქვამია იგავნის 3:27-ში. ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის გაზიარება ხომ ჩვენი ვალდებულებაა. არასწორი იქნებოდა, საიდუმლოდ შეგვენახა ჰაერივით საჭირო ცნობა, რომლის ქადაგების უფლებაც იეჰოვამ დიდსულოვნად მოგვანიჭა (1 კორინთელთა 9:16, 22). მაგრამ, როგორ მსახურებას მოელის ჩვენგან იეჰოვა?

 ემსახურე იეჰოვას „ყოვლითა ძალითა შენითა“

18. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?

18 ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად იეჰოვასადმი სიყვარული აღგვძრავს. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? იმას, რისი კეთებაც, ცხოვრებისეული მდგომარეობის მიუხედავად, ყოველ ჩვენგანს შეუძლია: „ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ სულით. როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის“ (კოლასელთა 3:23). იესომ ყველაზე დიდებულ მცნებაშიც ამაზე გაამახვილა ყურადღება: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენით, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ (მარკოზი 12:30). დიახ, იეჰოვა თითოეული ჩვენგანისგან მოელის მთელი სულით სიყვარულსა და მსახურებას.

19, 20. ა) თუკი სული მოიცავს გულს, გონებასა და ძალას, რატომღა მოიხსენიება ისინი მარკოზის 12:30-ში? ბ) რას ნიშნავს იეჰოვასთვის მთელი სულით მსახურება?

19 რას ნიშნავს ღვთისათვის მთელი სულით მსახურება? სულში იგულისხმება ადამიანი თავისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. თუკი სული თავისთავად მოიცავს გულს, გონებასა და ძალას, რისთვისღა მოიხსენიება მარკოზის 12:30-ში ერთად? მაგალითად, ბიბლიურ დროში ადამიანს შეეძლო მონად გაეყიდა საკუთარი თავი (თავისი სული). ეს იმის აუცილებელ წინაპირობას როდი წარმოადგენდა, რომ იგი ბატონს მთელი გულით მოემსახურებოდა; შეიძლებოდა პატრონის ნება-სურვილის შესასრულებლად მთელი ძალითა და გონებით არ ემსახურა (კოლასელთა 3:22). ასე რომ, იესომ ალბათ გულიც, გონებაც და ძალაც იმის ხაზგასასმელად მოიხსენია, რომ ღვთისათვის მსახურებაში არაფერი დავიშუროთ. ესე იგი, ღვთისათვის მთელი სულით მსახურება იმას ნიშნავს, რომ მუხლჩაუხრელად, საკუთარი ძალ-ღონის დაუშურვებლად ვემსახუროთ ღმერთს.

20 მაგრამ ხომ არ ნიშნავს მთელი სულით მსახურება იმას, რომ ყველა თანაბარ დროსა და ენერგიას უნდა ვუძღვნიდეთ მსახურებას? ასეთი რამ შეუძლებელია. ადამიანები თავიანთი მდგომარეობითა და უნარიანობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.  მაგალითად, ჯანმრთელი და ამტანი ახალგაზრდა ქადაგებას მეტ დროს დაუთმობს, ვიდრე ფიზიკურად დასუსტებული ხანდაზმული; დაუქორწინებელს უფრო მეტი დროის გამოყოფა შეუძლია, ვიდრე დაოჯახებულს. და თუ ჩვენი ძალ-ღონე და პირობები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ბევრი ვიმსახუროთ, რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ იეჰოვასი! ჩვენი მიზანი არ არის, სხვებს შევადაროთ საკუთარი თავი ან ვაკრიტიკოთ ისინი (რომაელთა 14:10—12). პირიქით, ძალის გამოყენება სხვების გასამხნევებლად გვსურს.

21. რა არის ძალის გამოყენების საუკეთესო და მნიშვნელოვანი საშუალება?

21 იეჰოვა საკუთარი ძალის მართებულად გამოყენების სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს და მიუხედავად არასრულყოფილებისა, გვინდა, რომ შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ მივბაძოთ. პატივისცემით მოვეკიდოთ ადამიანთა გრძნობებს, რომლებსაც ჩვენზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ. გარდა ამისა, მთელი სულით გვსურს ღვთივმომადლებულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება (რომაელთა 10:13, 14). გახსოვდეს, იეჰოვა კმაყოფილია, როცა მთელი სულით საუკეთესოდ გასცემ. განა გულიც იმას არ გკარნახობს, რომ ემსახურო ასეთ თანამგრძნობ და მოსიყვარულე ღმერთს?! განა არსებობს საკუთარი ძალის ამაზე უკეთ გამოყენების შესაძლებლობა?!

^ აბზ. 10 ბიბლიურ დროში სიტყვა, რომელიც „კვერთხად“ არის ნათარგმნი, ისეთ ჯოხს ან კომბალს ნიშნავდა, რომელსაც მწყემსი თავისი ცხვრების სამწყემსად იყენებდა (ფსალმუნი 22:4). ამგვარად, მშობლის ძალაუფლების „კვერთხი“ სიყვარულით ნაკარნახები ხელმძღვანელობის აზრს ატარებს და არა — მკაცრი ან სასტიკი დასჯის.

გაიგეთ მეტი

გაიღებთ მსხვერპლს სამეფოსთვის?

გაეცანით, როგორ შეგვიძლია დროის, ფულის, ენერგიისა და უნარის გამოყენება სამეფოს მხარდასაჭერად.